¹ბს-330-314(კ-06) 30 იანვარი, 2007წ.
თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე),
ლალი ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე
სხდომის მდივანი _ ლანა ჭანტურია
კასატორი _ ც. ფ-ია (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ .... სახელობის ზუგდიდის ¹.... საჯარო სკოლა, დირექტორი ნ. ჭ-ე (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 16 მარტის გადაწყვეტილება
დავის საგანი _ სამუშაოზე აღდგენა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2005 წლის 6 დეკემბერს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ც. ფ-ამ მოპასუხე ..... სახელობის ზუგდიდის ¹.... სკოლის დირექციის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სამუშაოდან მისი გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა და სამუშაოზე აღდგენა.
მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლები მდგომარეობდა შემდეგში:
ც. ფ-ია 1989 წლიდან მუშაობდა .... სახელობის ზუგდიდის ¹... საშუალო სკოლაში .... მასწავლებლად. სკოლაში მუშაობის პერიოდში იგი აქტიურად მონაწილეობდა სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის ნორმალურად წარმართვაში. არ მიუღია არც ერთი დისციპლინური სახდელი. მოსარჩელეს სკოლის დირექტორთან პირველი კონფლიქტი წარმოეშვა მას შემდეგ, რაც დეკრეტულ შვებულებაში მყოფი ც. ფ-ია დაიბარა სკოლის დირექტორმა და სიტყვიერად გააფრთხილა შესაძლო შემცირების შესახებ. მოსარჩელე დირექტორს არ დაეთანხმა და აღნიშნა, რომ დეკრეტულ შვებულებაში მყოფს ვერ დაითხოვდნენ. დეკრეტული შვებულებიდან სამსახურში გამოცხადების შემდეგ მას სკოლის დირექტორის მხრიდან მუდმივად ხელი ეშლებოდა სამუშაო პროცესის ნორმალურად წარმართვაში. 2004 წლის 21 ოქტომბერს სკოლის დირექტორმა მიიღო ბრძანება ც. ფ-ას სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე, რომელიც ამ უკანასკნელისთვის ცნობილი გახდა 2005 წლის 14 ნოემბერს. მოსარჩელის მოსაზრებით, აღნიშნული ბრძანება არ შეესაბამებოდა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-53-ე მუხლების მოთხოვნებს, კერძოდ, არ შეიცავდა მითითებას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სახის თაობაზე, აქტის გამომცემი ორგანოს უფლებამოსილი თანამდებობის პირის გვარს, სახელსა და ხელმოწერას, გამოცემის დროსა და ადგილს, არ ჰქონდა მინიჭებული სარეგისტრაციო ნომერი, არ შეიცავდა მითითებას გასაჩივრების თაობაზე. გარდა ამისა, სადავო ბრძანება მიღებული იყო შრომის კანონთა კოდექსის მოთხოვნათა დარღვევით. აღნიშნული კოდექსის 135-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის მიხედვით, ორგანიზაციის ადმინისტრაციას უფლება ჰქონდა, დაეთხოვა მუშაკი შრომის დისციპლინის დარღვევისათვის, მაგრამ მხოლოდ შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლის შესაბამისი ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ბრძანებაში არ იყო მითითებული, რომელი ქვეპუნქტის საფუძველზე მოხდა ც. ფ-ას სამსახურიდან გათავისუფლება. იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე გათავისუფლდა შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლის ,,გ” ქვეპუნქტის საფუძველზე, აღნიშნული ნორმა მუშაკის სამუშაოდან დათხოვნას ითვალისწინებდა ამ უკანასკნელის მიერ შრომის ხელშეკრულების (კონტრაქტის) ან შრომის შინაგანაწესის სისტემატური შეუსრულებლობის, ან მის მიერ სამუშაოს არასაპატიო მიზეზით გაცდენის გამო, თუ მუშაკის მიმართ ადრე გამოყენებული იყო დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიება, რაც მოსარჩელის შემთხვევაში არ დასტურდება (ს.ფ. 3-9).
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილებით ც. ფ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი .... სახელობის ზუგდიდის ¹.... სკოლის დირექტორის 2004 წლის 21 ოქტომბრის ¹47 ბრძანება, ც. ფ-ია აღდგენილ იქნა .... სახელობის ზუგდიდის ¹.... სკოლის .... მასწავლებლად, გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად (ს.ფ. 69-72).
რაიონული სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ..... სახელობის ზუგდიდის ¹..... სკოლის დირექტორმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (ს.ფ. 74-76).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 16 მარტის გადაწყვეტილებით .... სახელობის ზუგდიდის ¹.... სკოლის დირექტორის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილება, ც. ფ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მოტივები მდგომარეობს შემდეგში:
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია, რომ ც. ფ-ია 2004 წლის 21 ოქტომბრის ¹47 ბრძანებით გათავისუფლდა სამუშაოდან შრომითი დისციპლინის დარღვევისათვის. აღნიშნულ გათავისუფლებას წინ უძღოდა ... სახელობის ზუგდიდის ¹.... სკოლის ყოფილი დირექტორის _ მ. ქ-ას მიერ ც. ფ-ას მიმართ გამოყენებული დისციპლინური სახდელები, კერძოდ, 2003 წლის 20 სექტემბრის ¹40 ბრძანებით გაფრთხილება, 2004 წლის 28 ივნისის ¹30 ბრძანებით საყვედური და 2004 წლის 17 სექტემბრის ¹35 ბრძანებით სასტიკი საყვედური. ზემო აღნიშნული ბრძანებები ც. ფ-ას სადავოდ არ გაუხდია და სასამართლო მათ კანონიერებაზე ვერ იმსჯელებდა. საქმეში არსებული ... სახელობის ზუგდიდის ¹.... სკოლის პროფკომიტეტის 2004 წლის 12 ოქტომბრის ¹2 ოქმით დასტურდებოდა, რომ სხდომაზე განხილულ იქნა მ. ქ-ას განცხადება, რომელიც შეეხებოდა ც. ფ-ას სამსახურში სისტემატური გამოუცხადებლობის გამო მის სამუშაოდან დათხოვნაზე თანხმობის მიღებას. კომიტეტის სხდომაზე ერთხმად დაუჭირეს მხარი ც. ფ-ას გათავისუფლებას და სკოლის ადმინისტრაციისათვის მიცემულ იქნა თანხმობა. ამავე ოქმით დგინდებოდა, რომ სხდომას არ ესწრებოდა თვით ც. ფ-ია, თუმცა საქმეზე წარმოდგენილი წერილები ადასტურებდა პროფკომიტეტის სხდომის ჩატარების დროს განსახილველი საკითხების შესახებ ინფორმაციის მიწოდებისა და სხდომაზე მისი მოწვევის ფაქტს. ზემოთქმულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციის მიერ არ დარღვეულა შრომის კანონთა კოდექსის 37-ე მუხლის მოთხოვნები. საქმის მასალებით დგინდებოდა და ამას არც ც. ფ-ია უარყოფდა, რომ მას, ფაქტობრივად, სკოლაში არ უმუშავია და თავისი სამსახურებრივი მოვალეობა არ შეუსრულებია 2003 წლის ივლისიდან 2004 წლის 21 ოქტომბრამდე _ გათავისუფლებამდე. აღნიშნულს ც. ფ-ია ხსნიდა იმ გარემოებით, რომ იგი იდევნებოდა სკოლის ყოფილი დირექტორის მიერ, თუმცა ამის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმის მასალებში არ არსებობდა. ამდენად, საქმის მასალებით დასტურდებოდა ც. ფ-ას მიერ შრომის შინაგანაწესის შეუსრულებლობის, მის მიერ სამუშაოს არასაპატიო მიზეზით გაცდენის ფაქტი. შესაბამისად, ადმინისტრაციას გააჩნდა შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული, მუშაკის სამუშაოდან გათავისუფლების საფუძველი, მასთან შრომის ხელშეკრულების (კონტრაქტის) შეწყვეტის გზით. გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ც. ფ-ას სარჩელი ხანდაზმული იყო. საქმის მასალებით დასტურდებოდა, რომ სადავო ბრძანება და შრომის წიგნაკი სკოლის თანამშრომელმა 2004 წლის 27 ოქტომბერს მიიტანა ც. ფ-ას ბინის მისამართზე, ქალაქ ზუგდიდში, .... ქ. ¹7-ში, თუმცა არც ც. ფ-ამ და არც მისმა ოჯახის წევრებმა ეს დოკუმენტები არ ჩაიბარეს. აღნიშნულზე შედგა აქტი. სასამართლოს მოსაზრებით, ასეთ პირობებში ბრძანება უნდა ჩათვლილიყო ჩაბარებულად, რისი გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადა მოსარჩელეს დარღვეული ჰქონდა (ს.ფ. 124-129).
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელში მითითებული საფუძვლებით საკასაციო წესით გაასაჩივრა ც. ფ-ამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს სხვა მოსამართლისათვის დაბრუნება.
კასატორი მიიჩნევს, რომ სადავო ბრძანება არ შეესაბამება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-53-ე მუხლების მოთხოვნებს, არ შეიცავს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სახეს, აქტის გამომცემი ორგანოს უფლებამოსილი თანამდებობის პირის გვარს, სახელსა და ხელმოწერას, გამოცემის დროსა და ადგილს, სარეგისტრაციო ნომერს, მითითებას გასაჩივრების თაობაზე. გარდა ამისა, სადავო ბრძანება მიღებულია შრომის კანონთა კოდექსის მოთხოვნათა დარღვევით. ბრძანებაში არ იყო მითითებული, შრომის კანონთა კოდექსის რომელი ნორმის საფუძველზე მოხდა ც. ფ-ას სამსახურიდან გათავისუფლება. იმ შემთხვევაში, თუკი მოსარჩელე გათავისუფლდა შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლის ,,გ” ქვეპუნქტის საფუძველზე, აღნიშნული ნორმა მუშაკის სამუშაოდან დათხოვნას ითვალისწინებდა ამ უკანასკნელის მიერ შრომის ხელშეკრულების (კონტრაქტის) ან შრომის შინაგანაწესის სისტემატური შეუსრულებლობის, ან მის მიერ სამუშაოს არასაპატიო მიზეზით გაცდენის გამო, თუ მუშაკის მიმართ ადრე გამოყენებული იყო დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიება, რაც მოსარჩელის შემთხვევაში არ არსებობდა (ს.ფ. 132-138).
საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მხარეებს მიეცათ ვადა დავის მორიგებით დასრულებისათვის.
საკასაციო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ..... სახელობის ზუგდიდის ¹.... საჯარო სკოლის დირექტორმა ნ. ჭ-ემ საქმეზე წარმოების შეწყვეტის მოთხოვნით, იმის გათვალისწინებით, რომ ცნობდნენ ც. ფ-ას სასარჩელო მოთხოვნასა და საკასაციო საჩივარს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ ც. ფ-ას საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 16 მარტის გადაწყვეტილება და საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, ც. ფ-ას სარჩელი დაკმაყოფილდეს, ბათილად იქნეს ცნობილი .... სახელობის ზუგდიდის ¹1 სკოლის დირექტორის 2004 წლის 21 ოქტომბრის ¹47 ბრძანება, ც. ფ-ია აღდგენილ იქნეს .... სახელობის ზუგდიდის ¹.... საჯარო სკოლის ..... მასწავლებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარები სარგებლობენ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რაც გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას, შეხედულებისამებრ განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მონაწილე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია, საქმე მორიგებით დაამთავროს, უარი თქვას სარჩელზე ან ცნოს სარჩელი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. კანონის აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანო სარჩელზე უარის თქმის, სარჩელის ცნობის ან საქმის მორიგებით დამთავრების გადაწყვეტილების მიღებაში შეზღუდულია ასეთი გადაწყვეტილების მართლზომიერების აუცილებლობის პირობით.
მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე _ ზუგდიდის .... სახელობის ¹.... საჯარო სკოლის დირექტორი ცნობს ც. ფ-ას სასარჩელო მოთხოვნას. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული სარჩელის ცნობა არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას.
საქმის მასალების თანახმად, მოსარჩელე სამუშაოდან გათავისუფლებულია შრომის დისციპლინის დარღვევისათვის, რასაც ითვალისწინებს შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტი. საგულისხმოა, რომ აღნიშნული ნორმით რეგლამენტირებული მუშაკის სამუშაოდან გათავისუფლების საფუძველი _ მუშაკის მიერ შრომის ხელშეკრულების ან შრომის შინაგანაწესის სისტემატური შეუსრულებლობის, ან მის მიერ სამუშაოს არასაპატიო მიზეზით გაცდენის გამო მუშაკისათვის ვადამდე ხელშეკრულების შეწყვეტა _ წარმოადგენს მუშაკის სამუშაოდან გათავისუფლების არასავალდებულო საფუძველს, რომლის გამოყენება ადმინისტრაციას შეუძლია საკუთარი შეხედულებით, დისკრეციული უფლებამოსილების საფუძველზე. ამასთან, აღნიშნული დისციპლინური სასჯელის დადებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს ჩადენილი გადაცდომის სიმძიმე, მისი ჩადენის გარემოებები, მუშაკის მუშაობა და ყოფაქცევა. ადმინისტრაცია უფლებამოსილია, ასეთ შემთხვევაში არ გაათავისუფლოს თანამშრომელი და მისცეს შესაძლებლობა, გამოასწოროს მის შრომით საქმიანობაში არსებული ხარვეზი.
საქმის მასალების საფუძველზე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ც. ფ-ას სამუშაოდან გათავისუფლების საფუძველი არ განეკუთვნება ისეთი სახის დარღვევას, რის გამოც მიზანშეუწონელია მისი სკოლაში მუშაობა და რაც აღნიშნული დარღვევის სიმძიმის გამო, გამორიცხავდა სკოლის ადმინისტრაციის მიერ სკოლაში მოსარჩელის დატოვების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებას, ნაცვლად სადავო ბრძანების გამოცემისა. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს იმ ვითარებასაც, რომ მოსარჩელე ც. ფ-ია ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების გზით აღდგენილია და მუშაობს .... სახელობის ზუგდიდის ¹.... სკოლის .... მასწავლებლად, ამასთან, იგი, როგორც პედაგოგი, მოპასუხე სკოლის დირექტორის მხრიდან ხასიათდება დადებითად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე სკოლის ადმინისტაციის მიერ საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული უფლების _ სარჩელის ცნობის უფლების განკარგვას არ მოსდევს არამართლზომიერი შედეგი და სასამართლოს მიერ მისი გაზიარება შესაძლებელია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის საპროცესო-სამართლებრივი შედეგია სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში ც. ფ-ას სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, ბათილად იქნეს ცნობილი .... სახელობის ზუგდიდის ¹... სკოლის დირექტორის 2004 წლის 21 ოქტომბრის ¹47 ბრძანება და ც. ფ-ია აღდგენილ იქნეს ზუგდიდის .... სახელობის ¹.... საჯარო სკოლის .... მასწავლებლად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო აუქმებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და იღებს ახალ გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ც. ფ-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 16 მარტის გადაწყვეტილება და საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ც. ფ-ას სარჩელი დაკმაყოფილდეს:
ა. ბათილად იქნეს ცნობილი ზუგდიდის ..... სახელობის ¹.... სკოლის დირექტორის 2004 წლის 21 ოქტომბრის ¹47 ბრძანება;
ბ. ც. ფ-ია აღდგენილ იქნეს ზუგდიდის აკაკი წერეთლის სახელობის ¹1 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად;
4. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.