Facebook Twitter

ბს-331-319(კ-08) 29 მაისი, 2008 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ლევან მურუსიძე

მარიამ ცისკაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ზ. ბ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 7 თებერვლის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2006 წლის 2 აგვისტოს ზ. ბ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს გენერალური პროკურატურის მიმართ.

სარჩელში აღნიშნული იყო, რომ მოსარჩელე 1974 წლის 17 დეკემბრიდან მუშაობდა ¹..... საგამოძიებო იზოლატორში კონტროლიორად, შემდეგ უფროს კონტროლიორად, 1977 წლიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ..... დაწესებულებაში _ ინსპექტორ-ცენზორად, სადაც 1979 წლის 10 სექტემბრამდე იმუშავა. 1982 წლის 10 მაისიდან მოსარჩელემ მუშაობა განაგრძო ....... ტრანსპორტის პროკურატურაში უფროს გამომძიებლად, 1984 წლის 20 მაისიდან შრომა-გასწორების დაწესებულებებში კანონთა დაცვაზე ზედამხედველობის ...... პროკურორის თანაშემწედ, 1987 წლის 20 აგვისტოდან კი იმავე პროკურატურაში პროკურორად. 1993 წლის 1 ივნისიდან მოსარჩელე მუშაობდა სასჯელთა აღსრულებისას კანონთა დაცვაზე ზედამხედველობის ....... პროკურორის უფროს თანაშემწედ, 2003 წლის 10 ივლისს კი აღნიშნული სამსახურის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით, მოსარჩელე გადაყვანილ იქნა კადრების განკარგულებაში, ხოლო 2003 წლის 10 ოქტომბერს დათხოვნილ იქნა სისტემიდან, რის თაობაზეც ბრძანება არ ჩაჰბარებია.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 2005 წლის 2 ნოემბერს, 7 დეკემბერს და 2006 წლის 15 მაისს მიმართა საქართველოს გენერალურ პროკურატურას და პენსიის დანიშვნა მოითხოვა, თუმცა პასუხი არ მიუღია. 2006 წლის 6 ივნისის განცხადებაზე კი დაუსაბუთებელი პასუხი მიიღო იმის თაობაზე, რომ მას არ ჩაუთვალეს შინაგან საქმეთა ორგანოებში მუშაობის პერიოდი 1974 წლის დეკემბრიდან 1979 წლის აგვისტომდე, იმ მოტივით, რომ აღნიშნულ პერიოდში იგი სპეციალობით მუშაობდა, რის საფუძველზეც იგი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უკონკურსოდ მიიღეს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ ზემომითითებული პერიოდის სპეციალობით მუშაობის სტაჟად ჩათვლა და წელთა ნამსახურობით ხელფასიდან 60% პენსიით დაკმაყოფილება მოითხოვა.

საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვისას მოსარჩელემ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა პენსიის დანიშვნის ნაწილში და შინაგან საქმეთა ორგანოებში მუშაობის 1974 წლის დეკემბრიდან 1979 წლის აგვისტომდე პერიოდის სპეციალობით მუშაობის სტაჟად ჩათვლა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 21 აგვისტოს საოქმო განჩინებით მოსარჩელის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და შეწყდა საქმის წარმოება ზ. ბ-ის სარჩელზე მოპასუხე საქართველოს გენერალური პროკურატურის მიმართ პენსიის დანიშვნის დაკისრების ნაწილში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით ზ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 1974 წლის 17 დეკემბრიდან 1977 წლის 10 აგვისტომდე მოსარჩელე მუშაობდა საქართველოს სსრ სასჯელაღსრულებითი დაწესებულებების სამმართველოს ..... საგამოძიებო იზოლატორში კონტროლიორად. 1977 წლის 10 აგვისტოდან იმავე სამმართველოში საქონელმცოდნის თანამდებობაზე, 1977 წლის 28 სექტემბრიდან 1979 წლის 1 სექტემბრამდე კი სისტემათა შემოწმების ინსპექტორის თანამდებობაზე. საქალაქო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, სამართლისმცოდნეობის სპეციალობაზე მიღებულ იქნა როგორც პროფილით მომუშავე.

საქალაქო სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მოსარჩელის დიპლომის ასლის საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე 1975 წელს შევიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და 1981 წელს დაამთავრა აღიშნული უნივერსიტეტის სრული კურსი სამართლისმცოდნეობის სპეციალობით. სახელმწიფო საგამოცდო კომისიის 1981 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებით კი ზ. ბ-ეს მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია.

საქალაქო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ მოსარჩელემ შრომითი საქმიანობა საქართველოს პროკურატურაში დაიწყო 1982 წლის 20 მაისს, ....... სატრანსპორტო პროკურატურის უფროსი გამომძიებლის ვაკანტურ თანამდებობაზე, სტაჟიორად.

საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს გენერალური პროკურორის 2004 წლის 8 ოქტომბრის ¹438 ბრძანებით, ,,პროკურატურის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტისა და იმავე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე კადრების განკარგულებაში მყოფი, ....... მრჩეველი ზ. ბ-ე დათხოვნილ იქნა პროკურატურიდან.

საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ 2005 წლის 3 ივნისს ,,პროკურატურის შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილების შედეგად, აღნიშნული კანონის მე-40 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, პროკურატურის მუშაკს, თუ მას გააჩნდა პროკურატურის, შინაგან საქმეთა, იუსტიციის, სახელმწიფო უშიშროებისა და სასამართლო ხელისუფლების ორგანოებში სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 25 წლის (ქალებისათვის – 20 წლის) სტაჟი (მათ შორის, 15 წელი მაინც პროკურატურის სისტემაში სპეციალობით მუშაობის) და არ მიუღწევია საპენსიო ასაკისათვის, ამ კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა”, ,,ვ”, ან ,,თ” ქვეპუნქტის საფუძველზე პროკურატურიდან დათხოვნის შემთხვევაში, უფლება ჰქონდა პენსია მიეღო ხელფასის 60 პროცენტის ოდენობით, რაც იცვლებოდა მოქმედი პროკურორისა და გამომძიებლის ხელფასის შეცვლასთან ერთად, ხოლო საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ, მას ენიშნებოდა პენსია ამ მუხლის მე-10 პუნქტით დადგენილი წესით. მოსარჩელის მოთხოვნაზე, ზემოაღნიშნული ნორმის საფუძველზე პენსიის დანიშვნის შესახებ, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ უარი განაცხადა იმ მოტივით, რომ ზ. ბ-ეს არ ჰქონდა კანონით განსაზღვრულ ორგანოებში სპეციალობით მუშაობის 25 წლის სტაჟი.

საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ საქმეში წარმოდგენილი ზ. ბ-ის საქართველოს პროკურატურაში ნამსახურობის ნუსხის თანახმად, მისი სპეციალობით მუშაობის სტაჟი შეადგენდა 22 წელს, 4 თვესა და 18 დღეს.

საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის განმარტება იმის თაობაზე, რომ 1974 წლის 17 დეკემბრიდან 1979 წლის 1 სექტემბრის ჩათვლით იგი მუშაოდა საქართველოს სსრ სასჯელაღსრულებითი დაწესებულებების სისტემაში, რაც წარმოადგენდა სპეციალობით მუშაობის სტაჟს. საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ იმ პერიოდის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის კანონის ,,სსრკ პროკურატურის შესახებ” მე-20 მუხლის შესაბამისად, ის პირები, რომელთაც დამთავრებული ჰქონდათ უმაღლესი იურიდიული სასწავლო დაწესებულებები და არ ჰქონდათ პრაქტიკული მუშაობის გამოცდილება სპეციალობის მიხედვით, პროკურატურის ორგანოებში ერთი წლის განმავლობაში გადიოდნენ სტაჟირებას. ვინაიდან, მოსარჩელე დანიშნულ იქნა ვაკანტურ თანამდებობაზე სტაჟიორად, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ შს ორგანოებში მუშაობა მას არ ჩაეთვალა სპეციალობით მუშაობის სტაჟად.

საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ, ვინაიდან მოსარჩელემ უნივერსიტეტის სრული კურსი სამართლისმცოდნეობის სპეციალობით დაამთავრა 1981 წელს და იმავე წელს მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია, 1974-1979 წლებში საქართველოს სსრ სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოსარჩელის შრომითი საქმიანობის სპეციალობით მუშაობის სტაჟად ჩათვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა.

საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება, რომ, ვინაიდან იგი უმაღლეს სასწავლებელში, როგორც პროფილით მომუშავე, უკონკურსოდ იქნა მიღებული, იგულისხმებოდა რომ იგი სპეციალობით მუშაობდა. სპეციალისტს კი წარმოადგენდა პირი უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ. საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ “პროფილისა” და “სპეციალობის” გაიგივების შემთხვევაში, ზ. ბ-ეს სამართლისმცოდნეობის სპეციალობა მიენიჭა არა 1981 წელს _ სახელმწიფო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, არამედ 1974 წლის 17 დეკემბერს, საქართველოს სსრ სასჯელაღსრულებითი დაწესებულებების სამმართველოს ..... საგამოძიებო იზოლატორში კონტროლიორის თანამდებობაზე დანიშვნისას. ამდენად, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს სახელმწიფო უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტზე ჩარიცხვამდე არ შეიძლებოდა ემუშავა სამართლისმცოდნის სპეციალობით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება ზ. ბ-ემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 7 თებერვლის განჩინებით ზ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს სასარჩელო მოთხოვნის უსაფუძვლობის თაობაზე.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მიერ, მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლად “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 121-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტზე მითითება და განმარტა, რომ აღნიშნული ნორმით რეგლამენტირებული იყო სამსახურის სტაჟის გამოანგარიშების წესი და იგი ვერ გავრცელდებოდა სპეციალობით მუშაობის სტაჟის განსაზღვრაზე. მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს არ წარმოადგენდა ის გარემოება, ეთვლებოდა თუ არა მოსარჩელეს საერთო მუშაობის სტაჟში უნივერსიტეტში ჩაბარებამდე, ან სწავლის პერიოდში ნამუშევარი წლები, არამედ სადავო იყო საერთო სტაჟიდან რა პერიოდი უნდა ყოფილიყო ჩათვლილი სპეციალობით მუშაობის სტაჟად. აღნიშნული საკითხი კი მითითებული ნორმით არ რეგულირდებოდა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა, აპელანტის მიერ კი ვერ იქნა გაბათილებული საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოებები და სამართლებრივი დასკვნები, რის გამოც არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 7 თებერვლის განჩინება ზ. ბ-ემ საკასაციო წესით გაასაჩივრა. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას გამოიყენა საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის კანონი “სსრკ პროკურატურის შესახებ” და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. ამასთან, კასატორი ¹..... საგამოძიებო ოზოლატორსა და ¹...... დაწესებულებაში მუშაობის პერიოდის სპეციალობით მუშაობის სტაჟად ჩათვლას ითხოვდა “პროკუტრატურის შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში 2005 წლის 3 ივნისს განხორციელებული ცვლილების საფუძველზე, რომელიც სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა და მიუთითა, რომ მოსარჩელე ¹....... საგამოძიებო იზოლატორში კონტროლიორად მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე მოწყობამდე. ამდენად, ამ პერიოდში მას სპეციალობით მუშაობის უფლება არ ჰქონდა.

კასატორი მიუთითებს, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 121-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სწავლის პერიოდი, თუ პირი გაგზავნილი იყო სასწავლებლად ან სასწავლებელში მოწყობამდე ჰქონდა სამუშაო სტაჟი, ეთვლებოდა საჯარო სამსახურის სტაჟად. ზ. ბ-ე სწავლამდეც მუშაობდა და სწავლის პერიოდშიც პროფილით _ სპეციალობით, რაც სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა და შესაბამისად არასწორად განმარტა ზემოხსენებული მუხლი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 2 მაისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ზ. ბ-ის საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2008 წლის 2 მაისის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2008 წლის 29 მაისამდე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ზ. ბ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 7 თებერვლის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.