Facebook Twitter

¹ბს-33-32(კ-07) 26 მარტი, 2007 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.11.06წ განჩინების გაუქმებაზე სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

03.02.06წ. ლ. მ-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა სამტრედიის რაიონულ სასამართლოს სამტრედიის რაიონის გამგეობის მიმართ და მოითხოვა სამტრედიის რაიონის გამგეობისთვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულება და მისი დაზარალებულთა დახმარების სიაში შეყვანა.

09.02.06წ. ა. ჩ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა სამტრედიის რაიონულ სასამართლოს სამტრედიის რაიონის გამგეობის მიმართ და მოითხოვა სამტრედიის რაიონის გამგეობისთვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულება და მისი დაზარალებულთა დახმარების სიაში შეყვანა.

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 24.03.06წ. განჩინებით ლ. მ-ის და ა. ჩ-ის სარჩელები გაერთიანდა ერთ წარმოებად.

მოსარჩელეები აღნიშნავდნენ, რომ არიან 1993 წლის საომარი მოქმედების დროს დაზარალებულები, რომელთათვისაც მაშინდელმა მთავრობამ გამოყო თანხა დასახმარებლად. მითითებული თანხები პერიოდულად ირიცხებოდა და დღესაც ირიცხება სამტრედიის რაიონულ ბანკში. ჩამორიცხულ თანხას ღებულობენ სხვა დაზარალებულები, რომელთაც მათნაირი დოკუმენტაცია გააჩნიათ.

მოსარჩელეთა განმარტებით სამტრედიის რაიონის გამგეობა ჰპირდებოდათ, რომ შეიყვანდა დაზარალებულთა სიაში, მაგრამ ეს დღემდე არ მოუხდენია.

მოსარჩელეთა მითითებით, მათ შპს “.. ..” ჩაატარებინეს ხარჯთაღრიცხვა, რომლის მიხედვითაც ა. ჩ-ისთვის მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 1780 ლარი, ხოლო ლ. მ-ისთვის მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 2993 ლარი. სამტრედიის რაიონის გამგეობის 26.02.02წ. ¹39 განკარგულების საფუძველზე შექმნილი კომისიის დასკვნით მოსარჩელეები ცნობილ იქნენ დაზარალებულებად 1992-93წწ. საომარი მოქმედებების შედეგად. მიუხედავად ამისა სამტრედიის გამგეობა უარს ეუბნება მოსარჩელეებს დაზარალებულთა სიაში შეყვანაზე.

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 18.04.06წ. გადაწყვეტილებით ა. ჩ-ის და ლ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, სამტრედიის რაიონის გამგეობას დაევალა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ლ. მ-ის და ა. ჩ-ის ომით დაზარალებულთა სიაში შეყვანის მიზნით.

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 16.04.06წ. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გასაჩივრდა სამტრედიის რაიონის გამგეობის მიერ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 17.11.06წ. განჩინებით სამტრედიის რაიონის გამგეობის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა სამტრედიის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადაგენილად მიიჩნია, რომ ლ. მ-ე არის 1992-1993 წლების ომის დაზარალებული, რაც დასტურდება ხარჯთაღრიცხვით. დაზარალებული არის შ. ხ-ი, ლ. მ-ე არის აწ. გარდაცვლილი შ. ხ-ის მეუღლე. ომის შედეგად დაზარალების ფაქტი ასევე დასტურდება სამტრედიის რაიონის გამგეობის 26.02.02წ. ¹39 განკარგულებით შექმნილი კომისიის აქტით.

ხარჯთაღრიცხვით დასტურდება, რომ ა. ჩ-ე არის საომარი მოქმედების შედეგად დაზარალებული პირი. ომის შედეგად დაზარალების ფაქტი დასტურდება სამტრედიის რაიონის გამგეობის 26.02.02წ. ¹39 განკარგულებით შექმნილი კომისიის აქტით.

სამტრედიის რაიონის გამგეობის 26.02.02წ. ¹39 განკარგულების თანახმად, იმის გამო, რომ 30.12.01წ. სახელმწიფო ტრანსფერით 1993 წლის ომისგან დაზარალებულთა საცხოვრებელი სახლების აღსადგენად შემოსული 104 000 ლარით განაწილებისას შეიქმნა გაუგებრობა და შემოსულია განცხადებები საჩივრების სახით, რომ აღნიშნული თანხის განაწილებაში დაშვებულია უზუსტობა ზარალის შეფასებიდან გამომდინარე, შეიქმნა დღეისათვის არსებული ზარალის აქტებისა და შესაბამისად ხარჯთაღრიცხვების გადამამოწმებელი სპეციალისტებით დაკომპლექტებული მუშა კომისია. აღნიშნულ კომისიას დაევალა 1993 წელს სამტრედიის რაიონში ომისაგან დაზარალებულ მოსახლეობაზე მიყენებული ზარალის შესახებ არსებული აქტების გადამოწმება და შესაბამისად თითოეული ხარჯთაღრიცხვის დაზუსტება. ხსენებული განკარგულებიდან გამომდინარე ზემოთაღნიშნული კომისიის აქტების საფუძველზე მოსარჩელეები 1993 წლის ომის შედეგად დაზარალებულებად იქნენ მიჩნეულნი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 17.11.06წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

კასატორის განმარტებით სამტრედიის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ა. ჩ-ისა და ლ. მ-ის სარჩელი და სამტრედიის რაიონის გამგეობას დაევალა გამოეცა ადმინისტაციულ-სამართლებრივი აქტები ა. ჩ-ისა და ლ. მ-ის ომით დაზარალებულთა სიაში შეყვანის მიზნით. აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრდა შემდეგი მოტივებით: სასარცელო მოთხოვნა ხანდაზმულია, მოსარჩელეებმა თავის დროზე არ შექმნეს ომით დაზარალების დამადასტურებელი სათანადო დოკუმენტაცია და შესაბამისად არ მიმართეს ადგილობრივ ხელისუფლებას და ამჟამად სამტრედიაში არ არსებობს სამოქალაქო ომით დაზარალებულთა მდგომარეობის შემსწავლელი კომისია, რის გამოც შეუძლებელია ამ ეტაპზე მოსარჩელეების ზიანის ზუსტი ოდენობის განსაზღვრა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა მითითებული გარემოებები და არ დააკმაყოფილა მათი საააპელაციო საჩივარი. კასატორის მოსაზრებით სააპელაციო სასამართლოს განჩინება იურიდიულად არ არის დასაბუთებული, რადგან სასამართლოს არ უმსჯელია ხანდაზმულობის ვადებთან დაკავშირებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ პირობებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე და განაპირობა არასწორი განჩინების გამოტანა. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.