¹ბს-33-33(კ-08) 13 მარტი, 2008 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მიხეილ ჩინჩალაძე
მარიამ ცისკაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2006 წლის 10 აპრილს გ. კ.-მ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელემ განმარტა, რომ შეიარაღებული ძალების რიგებში მსახურობდა 1990 წლის 1 აგვისტოდან. ჰქონდა უფროსი ოფიცრის სამხედრო წოდება “მაიორი” და შეიარაღებული ძალების რიგებში სამსახურის 15 წელზე მეტი სტაჟი, იყო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებული საბრძოლო მოქმედებების მონაწილე, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი. შეიარაღებული ძალების რიგებში მსახურობდა სხვადასხვა თანამდებობაზე. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 19 დეკემბრის ¹3264 ბრძანებით დათხოვნილ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეზერვში.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მის მიმართ გააჩნდა სახელფასო, სამივლინებო, ბინის ქირისა და სანივთე ქონების საკომპენსაციო თანხების დავალიანება, რომელთა დაფარვას დაჰპირდნენ სათანადო თანხების გამოყოფის შემთხვევაში.
მოსარჩელემ განმარტა, რომ 2006 წლის 9 მარტს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ გამოცემულ იქნა ¹82 ბრძანება გასული პერიოდის დავალიანების დაფარვის შესახებ, რომელშიც აღინიშნა მხოლოდ იმ პირთა დავალიანებების დაფარვის პირობები, რომლებიც იმ დროისათვის მსახურობდნენ შეიარაღებული ძალების რიგებში. სამსახურიდან დათხოვნილ პირთა დავალიანებების დაფარვის საკითხი კვლავ გაურკვეველი ვადით გადაიდო, რითაც შეილახა მოსარჩელის უფლებები.
მოსარჩელის განმარტებით, მან არაერთხელ მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, რათა გაეცათ 2004-2005წ. ცნობა, საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულების მე-8 მუხლით დამტკიცებული, სამხედრო მოსამსახურეთა სანივთე ქონებით უზრუნველყოფის შესახებ და ამავე ბრძანებულების მე-5 მუხლით განსაზღვრული ფორმის ტანსაცმლის ფულადი კომპენსაციის მისაღებად, რაც ყოველთვის უპასუხოდ რჩებოდა. საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 24 იანვრის ¹47 ბრძანებულების თანახმად, 2005 წლის 1 იანვრიდან სამხედრო მოსამსახურეთა ფულად სარგოში შევიდა დანამატი, რომელსაც მოსარჩელის აშშ-ში სასწავლო მივლინებაში ყოფნის დროს ფულად სარგოზე, გაურკვეველი მიზეზის გამო, არ არიცხავდნენ. დანამატის დაურიცხველობისა და აშშ-ში სასწავლო მივლინებაში გამგზავრებიდან შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნამდე დარიცხული თანხის ოდენობის გარკვევის მიზნით მოსარჩელემ არაერთხელ მიმართა მოპასუხეს, რაც ასევე იქნა უპასუხოდ დატოვებული. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ მოსარჩელეზე არ გასცა სხვადასხვა დავალიანების შესახებ ცნობები, რის გამოც მოსარჩელემ სარჩელში ვერ შეძლო დავის საგნის ღირებულების ზუსტად განსაზღვრა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის მოსარჩელის წინაშე არსებული დავალიანებების შესახებ ცნობების წარმოდგენისა და აღნიშნული დავალიანებების ანაზღაურების დაკისრება.
2007 წლის 14 მაისს მოპასუხემ საქალაქო სასამართლოს მთავარ სხდომაზე წარადგინა შესაგებელი და განმარტა, რომ 1998-2000 წლების სახელფასო დავალიანების შესახებ მოთხოვნის ნაწილში, რაც ასახული იყო შეიარაღებული ძალების ...-ის ბატალიონის 2006 წლის 21 ნოემბრის ¹1/2093 ცნობაში, არ ცნობდა სარჩელს, ვინაიდან მოპასუხე იმყოფებოდა სახელმწიფო ბიუჯეტის სრულ კმაყოფაზე და მისი დაფინანსება ხდებოდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ამავე დროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2007 წლის ბიუჯეტში არ იყო გათვალისწინებული თანხები აღნიშნული სახის დავალიანების დასაფარად. რაც შეეხებოდა დასახელებულ ცნობაში განსაზღვრულ კვარტალურ ჯილდოს, კვების კომპენსაციისა და ბინის ქირის თანხების ანაზღაურებას, ამასთან დაკავშირებით, შესაგებლის ავტორმა განმარტა, რომ აღნიშნული წარმოადგენდა პერიოდულად გასაცემ თანხებს, რის გამოც სარჩელის ამ მოთხოვნაზე უნდა გავრცელებულიყო საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული მოთხოვნის ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა.
მოპასუხის განმარტებით, ასევე უსაფუძვლო იყო მოსარჩელის მოთხოვნა ბინის ქირის ანაზღაურების შესახებ, იმ მოტივით, რომ მოსარჩელეს არც საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის და არც სასამართლოსათვის არ წარუდგენია ბინის ქირავნობის ხელშეკრულება და სხვა დოკუმენტები.
შესაგებლის ავტორმა ასევე არ ცნო სარჩელი მივლინებაში ყოფნის დროისათვის 2005 წლის 24 იანვრის ¹47 ბრძანებულებით განსაზღვრული დანამატის 1 800 ლარის ანაზღაურების ნაწილში, ვინაიდან საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულების 41-ე მუხლის თანახმად, სასწავლებლად (გრძელვადიანი მივლინებით) სხვა სახელმწიფოში წარგზავნილ სამხედრო მოსამსახურეებს შესაძლებელი იყო მისცემოდათ თანამდებობრივი სარგო როგორც ამ ქვეყნის, აგრეთვე საქართველოს ეროვნული ვალუტით, თუ ანაზღაურების სხვა პირობები არ იყო გათვალისწინებული. შესაბამისი ქვეყნის ვალუტით ანაზღაურების ოდენობას განსაზღვრავდა საქართველოს თავდაცვის მინისტრი. ამდენად, საუბარი იყო მხოლოდ თანამდებობრივ სარგოზე და არა სხვა რაიმე დანამატზე.
შესაგებლის ავტორის განმარტებით, უსაფუძვლო იყო მოსარჩელის მოთხოვნა 2002-2004 წლებში სამივლინებო თანხებისა და 2004-2005 წლების სანივთე ქონების საკომპენსაციო თანხის ანაზღაურების შესახებ, რადგან თავდაცვის სამინისტროში გ. კ.-ის მიმართ ამ სახის დავალიანება არ დაფიქსირებულა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებით გ. კ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა მოსარჩელე გ. კ.-ის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების _ 1 260,32 ლარის, სანივთე ქონების _ 1 236,94 ლარის, ბინის ქირის კომპენსაციის _ 2 306,10 ლარის, ხელფასზე დანამატის სახით _ 1 800 ლარის, სამივლინებო თანხის _ 411,12 ლარისა და სასამართლო ხარჯების _ 50 ლარის გადახდა.
საქალაქო სასამართლომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ...-ის შტაბის ... სამმართველოს უფროსის 2004 წლის 15 აპრილის ¹905 ცნობით დადგენილად მიიჩნია, რომ გ. კ.-ე 1998 წლის 17 აპრილიდან მსახურობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში, სხვადასხვა თანამდებობაზე.
საქალაქო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 18 მაისის ¹1/123 ბრძანებით, ...-ის შტაბის ... ოპერატიული სამმართველოს სამხედრო მოსამსახურე გ. კ.-ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დაინიშნა ამავე სამმართველოში (¹8/... შტატი), საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 19 დეკემბრის ¹3264 ბრძანებით ... შტაბის ... პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის განკარგულებაში მყოფი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ყოფილი ...-ის ოპერატიული სამმართველოს უფროსის ინსპექტორი, მაიორი გ. კ.-ე დათხოვნილ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეზერვში, 2005 წლის 14 დეკემბრიდან (საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პირადი შემადგენლობის სიებიდან ამორიცხვით და ყველა სახის კმაყოფიდან მოხსნით) “სამხედრო მოსამსახურეთა სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 თავის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის “გ” ქვეპუნქტის თანახმად.
საქალაქო სასამართლომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2004 წლის 9 აგვისტოს ¹189 ცნობით დადგენილად მიიჩნია, რომ ს/ნ 04117-ის შტაბის უფროსის, გ. კ.-ის სარგო სამხედრო წოდებისათვის შეადგენდა 4,53 ლარს, თანამდებობისათვის _ 40,22 ლარს, პროცენტული დანამატი ნამსახურობისათვის _ 8,95 ლარს, კვება _ 59,00 ლარს, სულ 112,70 ლარს. მოსარჩელე სამხედრო ნაწილიდან ფულადი დანამატით დაკმაყოფილებული იყო 2001 წლის 30 აპრილის ჩათვლით.
საქმეში წარმოდგენილი სახელფასო უწყისებით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 1998-1999 წლებში გ. კ.-თვის უწყისით გასაცემი ერთჯერადი მატერიალური დახმარება შეადგენდა 83,54 ლარს, 1998 წლის ოქტომბრის და დეკემბრის, 1999 წლის ივლისის და ოქტომბრის, 2000 წლის აპრილის კვარტალური ჯილდო _ 177,08 ლარს, 1999 წლის აგვისტო-ნოემბრის და 2000 წლის 4 თვის _ აპრილის, მაისის, ივნისის, ოქტომბრის ხელფასი _ 434,66 ლარს, 1999 წლის ივნისი-ოქტომბრის და 2000 წლის მარტი-მაისისა და სექტემბრის კვების კომპენსაცია _ 475,54 ლარს.
სასამართლომ საქართველოს შეიარაღებული ძალების ... შტაბის ... ბატალიონის ¹... სამხედრო ნაწილის მეთაურის მოვალეობის შემსრულებლის მიერ 2006 წლის 28 მაისს გაცემული ¹1/500 ცნობით ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ გ. კ.-ის 1998-2000 წლების დავალიანება შეადგენდა: 1998 წ. ბინის ქირა _ 41,16 ლარს, კვარტალური ჯილდო _ 65,42 ლარს, 1999 წ. ხელფასი _ 161,10 ლარს, კვების კომპენსაცია _ 354 ლარს, კვარტალური ჯილდო _ 89,50 ლარს, 2000 წლის ხელფასი _ 214,80 ლარს, სულ დარიცხული იყო 1 181,98 ლარი. საქმეში წარმოდგენილი ცნობით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ...-ის შტაბის ს/ნ ¹... მაიორ გ. კ.-ის ნორმით გათვალისწინებული სანივთე ქონების კომპენსაცია შეადგენდა 1236,94 ლარს. მოსარჩელე გ. კ.-ე საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2004 წლის 19 ივლისის ¹1/473 ბრძანებით გათავისუფლებულ იქნა დაკავებული თანამდებობიდან და მივლინებულ იქნა აშშ-ში, ინგლისური ენის კურსზე, 2004 წლის 14 ივლისიდან 2005 წლის 14 აგვისტომდე ბალტიის თავდაცვის კოლეჯში, თანამდებობრივი სარგოს შენარჩუნებით.
საქალაქო სასამართლომ საქართველოს შეიარაღებული ძალების ...-ის უფროსის 2005 წლის 11 აგვისტოს ¹107 პ/შ ბრძანებით დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე გ. კ.-ს სასწავლო მივლინებიდან დაბრუნების შემდეგ 2005 წლის 29 ივნისიდან მიეცა ორმოცდახუთდღიანი შვებულება. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ...-ის შტაბის 2004 წლის 16 აპრილის ¹929 ცნობით დადგენილი იყო, რომ გ. კ.-ის ოჯახი იმ დროისათვის შედგებოდა ხუთი სულისაგან.
საქმეში ასევე წარმოდგენილი იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ...-ის შტაბის ... ოპერატიული სამმართველოს ....-ის ჯგუფის ოფიცრის _ გ. კ.-ის პატაკი ბინის რიგში აყვანის მოთხოვნით, საიდანაც დგინდებოდა, რომ 1990 წლიდან მისი ოჯახი შედგებოდა ხუთი წევრისაგან (მათ შორის სამი ბავშვი), მოსარჩელე ოჯახთან ერთად ცხოვრობდა ნაქირავებ ბინაში. თბილისის მერიის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის 2004 წლის 6 ივნისს გაცემული ¹132 ცნობით დგინდებოდა, რომ გ. კ.-ს, მცხოვრებს გლდანის II მ/რ., კორპ. 34, ბინა 11-ში, ბიუროში არსებული ჩანაწერებით, პირად საკუთრებაში სახლი არ ერიცხებოდა.
საქმეში არსებული განცხადებებით მოპასუხისადმი, საფოსტო გზავნილების ჩაბარების დასტურებით და მასზე გაცემული პასუხებით საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე გ. კ.-მ არაერთხელ მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მასზე რიცხული დავალიანებების თაობაზე ცნობების გაცემის მოთხოვნით, რაც მოპასუხის მიერ არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე გ. კ.-ს სამხედრო სამსახურიდან დათხოვნისას მიუღებელი დარჩა კუთვნილი თანხები, რაც არ იყო ანაზღაურებული, კერძოდ, მას 1998-2000 წლების სახელფასო დავალიანება მიუღებელი ჰქონდა, რასაც ასევე არ უარყოფდა მოპასუხე მხარე. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის განმარტება იმის შესახებ, რომ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა ის გარემოება, რომ სახელფასო დავალიანების ანაზღაურება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2007 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული არ იყო.
საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი ნაწილით, საჯარო მოსამსახურეს უფლება ჰქონდა, სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიეღო შრომითი გასამრჯელი (ხელფასი). მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავდა თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს. საქართველოს შრომის კანონის 31-ე მუხლი ადგენდა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ზოგად წესს, რომლის თანახმადაც, დამსაქმებელი ვალდებული იყო დასაქმებულთან მოეხდინა საბოლოო ანგარიშსწორება, არა უგვიანეს 7 კალენდარული დღისა. საქმეში წარმოდგენილი 1998-2000 წლების გ. კ.-თვის გასაცემი თანხების (ხელფასი, ერთჯერადი მატერიალური დახმარება, კვების ჯილდო) უწყისებზე დაყრდნობით, მოსარჩელის მოთხოვნა სახელფასო დავალიანების _ 1260,32 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია საფუძვლიანად.
საქალაქო სასამართლომ ასევე საფუძვლიანად მიიჩნია სარჩელის მოთხოვნა თანამდებობრივი სარგოს _ ხელფასის დანამატის 1 800 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში, იმ მოტივით, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულებაში 2005 წლის 24 იანვრის ¹47 ბრძანებულებით შეტანილი ცვლილებებით 2005 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა ¹1 დანართი. სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა ყოველთვიური ფულადი სარგო განისაზღვრა სამხედრო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს, წოდებრივი სარგოსა და დანამატების კატეგორიებით. ამასთან, ამავე ბრძანებულებას 2006 წლის 22 აგვისტოს შეტანილი ¹500 ბრძანებულებით დაემატა მე-51 პუნქტი, რომლის თანახმადაც, სამხედრო მოსამსახურეთა ფულადი სარგო განისაზღვრა თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოებით. საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულებით დადგენილი იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობები. აღნიშნული ბრძანებულების მე-40 მუხლის შესაბამისად, სასწავლებლად წარგზავნილ სამხედრო მოსამსახურეს, რომელიც გათავისუფლებული იყო დაკავებული თანამდებობიდან და წარგზავნილი იყო მსმენელად სხვადასხვა სასწავლებელში, სწავლის მთელი პერიოდის განმავლობაში უნარჩუნდებოდა ფულადი სარგოები, წელთა ნამსახურობის პროცენტული დანამატი, სასურსათო ულუფისა და ფორმის ტანსაცმლის ნაცვლად დაწესებული ფულადი კომპენსაციები.
საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე მხარის წარმომადგენლის მითითება ამავე ბრძანებულების 41-ე მუხლზე, ვინაიდან ზემოაღნიშნული მე-40 მუხლი ადგენდა სასწავლებლად წარგზავნილი სამხედრო მოსამსახურის მატერიალური უზრუნველყოფის წესს, ხოლო მის მიერ მითითებული 41-ე მუხლი მხოლოდ განსაზღვრავდა სხვა სახელმწიფოში მივლინებულ პირთათვის (სამხედრო მოსამსახურე, სამოქალაქო პირი) ეროვნული ან ამ სახელმწიფოს ვალუტით თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურების შესაძლებლობას, თუ ანაზღაურების სხვა პირობები არ იყო დადგენილი. მოპასუხე მხარის მიერ ბრძანებულების 41-ე მუხლზე აპელირება სასამართლომ მიიჩნია უსაფუძვლოდ, ვინაიდან აღნიშნული ნორმა მხოლოდ აკონკრეტებდა ასანაზღაურებელი თანხის გაცემის წესს მივლინების სპეციფიკურობიდან (სხვა სახელმწიფო) გამომდინარე.
საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელის საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან შრომით ურთიერთობაში ყოფნის პერიოდში, განსხვავებით იმჟამად მოქმედი ბრძანებულებით განსაზღვრული ფულადი სარგოებისა, სამხედრო მოსამსახურის ფულადი სარგო შედგებოდა სამი კომპონენტისაგან. გ. კ.-ე 2004 წლის 19 ივლისიდან 2005 წლის 28 ივნისამდე იმყოფებოდა აშშ-ში სასწავლო მივლინებით, აყვანილი იყო კადრების განკარგულებაში, ამასთან, დადგენილი იყო, რომ აღნიშნულ პერიოდში კაპიტნის წოდებისათვის დამატებითი კატეგორიის დანამატი, გარდა თანამდებობრივი და ფულადი სარგოებისა, შეადგენდა 180 ლარს. სასწავლო მივლინებაში ყოფნის პერიოდში მას უნარჩუნდებოდა და შესაბამისად, უნდა ანაზღაურებოდა ფულადი სარგოს სამივე შემადგენელი ნაწილით გათვალისწინებული თანხა.
საქალაქო სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება იმის შესახებ, რომ მასზე არ უნდა გავრცელებულიყო ის სამართლებრივი ნორმა, რამაც სხვაგვარად მოაწესრიგა მხარეთა სამართლებრივი ურთიერთობა და, რაც მიღებულ იქნა მისი დასრულების შემდეგ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ასევე უნდა დაკისრებოდა გ. კ.-თვის სასწავლო მივლინებაში ყოფნისას 10 თვის მიუღებელი სახელფასო დანამატის, 1 800 ლარის, ანაზღაურება.
საქალაქო სასამართლომ დადასტურებულად მიაჩნია, რომ მოსარჩელე გ. კ.-ე 2002-2004 წლებში იმყოფებოდა მივლინებებში, კერძოდ: 18.06.2002წ. _ 01.07.2007წ. ¹114 და ¹125 ბრძანებებით მივლინებით იმყოფებოდა ქ. ქუთაისში, 20.02.2002წ. _ 01.03.2002წ. ¹25 და ¹31 ბრძანებებით _ კოდორში, 16.04.2003წ. _ 20.04.2003წ. ¹31 და ¹34 ბრძანებებით _ გორში, 24.06.2003წ. _ 11.07.2003წ. ¹59 და ¹70 ბრძანებებით ...-ის ბატალიონში, 16.09.2003 _ 13.10.2003 წ. ¹104 და ¹117 ბრძანებებით _ ახალციხეში, 26.02.2004 _ 01.04.2004 წ. ¹71 ბრძანებით ვაზიანში, 21.04.2004 _ 29.04.2004 წ. ¹60 ბრძანებით ვაზიანში, 05.05.2004 _ 05.07.2004 წ. ¹68 და ¹99 ბრძანებებით _ ვაზიანში, 03.05.2004წ. ¹75 ბრძანებით _ ასევე ვაზიანში. “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამსახურებრივი მივლინების პერიოდში მოსამსახურეს უნარჩუნდებობა მოხელის ან დამხმარე მოსამსახურის დაკავებული თანამდებობა და შესაბამისი შრომითი გასამრჯელო (ხელფასი, დანამატი). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ სადავოდ არ მიიჩნია მოსარჩელისათვის ასანაზღაურებელი თანხის _ 411,12 ლარის ოდენობა და მოპასუხეს დააკისრა მისი ანაზღაურება.
საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმით, სახელმწიფოს ხარჯზე ეძლეოდა სასურსათო ულუფა და ფორმის ტანსაცმელი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია. კანონის აღნიშნულ მოთხოვნასთან შესაბამისობაში იყო საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულების ის პუნქტები, რომლებიც ითვალისწინებდა სამხედრო მოსამსახურეთათვის დადგენილი ნორმით, სახელმწიფოს ხარჯზე სასურსათო ულუფის და ფორმის ტანსაცმლის ან შესაბამისი ფულადი კომპენსაციის გაცემას, კერძოდ, დასახელებული ბრძანებულების მე-5 მუხლით სამხედრო მოსამსახურეებს დადგენილი ნორმით, სახელმწიფოს ხარჯზე ეძლეოდათ სასურსათო ულუფა და ფორმის ტანსაცმელი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაციები, ამავე ბრძანებულების მე-8 მუხლით დამტკიცებული იყო ბრძანებულების ¹3 დანართი, რომლითაც დადგინდა სამხედრო მოსამსახურეთა სანივთე ქონებით უზრუნველყოფის ნორმები.
საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ საქმის განხილვისას წარმოდგენილი იყო ცნობა _ სანივთე ატესტატი, რომელშიც ასახული იყო გ. კ.-თვის ნორმით გათვალისწინებული მიუღებელი სანივთე ქონების რაოდენობა, სახეობა, თანხობრივი რაოდენობა. აღნიშნული ცნობით საქალაქო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ გ. კ.-ს 2004-2005 წლებში მიუღებელი ჰქონდა მასზე ნორმით გათვალისწინებული სანივთე ქონება, რომლის კომპენსაცია შეადგენდა 1236,94 ლარს. სასამართლომ მიიჩნია, რომ მითითებული ფაქტობრივი გარემოება, დასახელებულ სამართლებრივ ნორმებზე დაყრდნობით, ქმნიდა სარჩელის მოთხოვნის ამ ნაწილის დაკმაყოფილების საფუძველს. გ. კ.-ს უნდა ანაზღაურებოდა ფორმის ტანსაცმლის შესაბამისი ფულადი კომპენსაცია.
საქალაქო სასამართლომ ასევე დადასტურებულად მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა ბინის ქირის ანაზღაურების შესახებ. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება იმის შესახებ, რომ აღნიშნულ ნაწილში მოსარჩელეს არც საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის და არც სასამართლოში არ წარუდგენია ბინის ქირავნობის ხელშეკრულება და სხვა დოკუმენტები. ბინის ქირის კომპენსაცია გაიცემოდა “საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, უშიშროების სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარის, სამთავრობო დაცვის სამსახურის, სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის, სამხედრო პროკურატურისა და სამხედრო სასამართლოების სამხედრო და მუშა-მოსამსახურეთა ფულად ანაზღაურებაზე დანამატებისა და სხვა სოციალური შეღავათების დაწესების შესახებ” საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 14 ნოემბრის ¹796-44 დადგენილების შესაბამისად. ამასთან, საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულების 46-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფომ იკისრა ვალდებულება, სამხედრო მოსამსახურეების საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფის შესახებ. 1998 წელს მოსარჩელის მიერ წარდგენილ იქნა ის დოკუმენტაცია, რაც აღნიშნული სამსახურის მიერ ბინის ქირის თანხის კანონმდებლობით დადგენილი წესით ანაზღაურებისათვის იყო საჭირი, კერძოდ, საქმეში წარმოდგენილი მასალებით სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ გ. კ.-მ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესაბამის სამსახურში წარადგინა ცნობა ოჯახის შემადგენლობის, ასევე მისი პატაკი ბინით დაკმაყოფილების მოთხოვნით და ტექნიკური აღრიცხვის ბიუროს ცნობა, რომ თავდაცვის სამინისტროსთან შრომითი ურთიერთობის პერიოდში, პირად საკუთრებაში არ გააჩნდა საცხოვრებელი ბინა.
საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ გ. კ.-თვის ბინის ქირის ოდენობა შეადგენდა თვეში 32 ლარს. მოპასუხის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება იმის შესახებ, რომ მოსარჩელე გ. კ.-ს შრომითი ურთიერთობის პერიოდში აუნაზღაურდა კანონმდებლობით დადგენილი შეღავათი _ ბინის ქირის კომპენსაცია. ამდენად, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. კ.-ს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან შრომითი ურთიერთობისას მიუღებელი ჰქონდა ბინის ქირის კომპენსაცია შემდეგი პერიოდისათვის: 1998 წლის 4 თვე _ 131,72 ლარი, 1999 წლის 12 თვე _ 395,16 ლარი, 2000 წლის 12 თვე _ 395,16 ლარი, 2001 წლის 12 თვე _ 395,16 ლარი, 2002 წლის 12 თვე _ 395,16 ლარი, 2003 წლის 12 თვე _ 395,16 ლარი, 2004 წლის 12 თვე _ 198,53 ლარი, სულ გასაცემმა თანხამ შეადგინა 2 306,10 ლარი. საქალაქო სასამართლომ სარჩელის აღნიშნული მოთხოვნა მიიჩნია დასაბუთებულად და საფუძვლიანად.
რაც შეეხებოდა მოპასუხის მითითებას კვარტალური ჯილდოს, კვების კომპენსაციის და ბინის ქირის თანხების ანაზღაურების ნაწილში ხანდაზმულობის სამწლიან ვადაზე, როგორც პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულების გამო მოთხოვნის უფლებაზე, საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ეს სამართლებრივი ინსტიტუტები შემოღებული იყო კერძო სამართლის საკანონმდებლო აქტით _ საქართველოს სამოქალაქო კოდექსით (მუხლი 129) და მოქმედებდა კერძო სამართლებრივი ურთიერთობების სფეროში. მოსარჩელე გ. კ.-ე, როგორც სამხედრო მოსამსახურე, შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან და ეს ურთიერთობები რეგულირდებოდა საჯარო სამართლის საკანონმდებლო აქტით _ “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა შეეხებოდა ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნებს; მოსარჩელე გ. კ.-სა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის დადებული არ ყოფილა რაიმე სახის ხელშეკრულება, მათ შორის ურთიერთობა დაიწყო და დასრულდა საჯარო სამართლებრივ ნორმებზე დაყრდნობით. ამდენად, სასარჩელო მოთხოვნაზე არ უნდა გავრცელებულიყო ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა. ამასთან, “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონით რეგულირებულ მოთხოვნათა უფლების რეალიზების შესაძლებლობა ასევე არ იყო შეზღუდული დროის კონკრეტული პერიოდით.
საქალაქო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ მოსარჩელემ წარმოადგინა მისი კუთვნილი თანხების მისაღებად წარმოებული მიმოწერისას გაწეული ხარჯების დამადასტურებელი მტკიცებულებები. აღნიშნული სასამართლომ მიაჩნია საკმარის მტკიცებულებად, სასარჩელო მოთხოვნის _ ადმინისტრაციული დავისას გაწეული ხარჯის _ 50 ლარის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძვლიანობისათვის.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 28 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 28 მაისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც მოპასუხეს დაეკისრა სასამართლო ხარჯების სახით 50 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ, შეიცვალა და სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული ახალი გადაწყვეტილებითს გ. კ.-ის სარჩელი მოპასუხისათვის სასამართლო ხარჯების _ 50 ლარის დაკისრების შესახებ, არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით უსაფუძვლო იყო აპელანტის მოსაზრება იმის შესახებ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა ის გარემოება, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2007 წლის ბიუჯეტში 1998-2000 წლების სახელფასო დავალიანების დასაფარად განსაზღვრული არ იყო შესაბამისი თანხები და თავდაცვის სამინისტრო მოკლებული იყო ამ სახის თანხების გაცემის შესაძლებლობას. აღნიშნული მოსაზრება, სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, იყო უსაფუძვლო, რადგან მხოლოდ ის გარემოება, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით არ იყო გათვალისწინებული სახელფასო დავალიანებების ანაზღაურება, როდესაც თავად დავალიანების არსებობა სადავო არ იყო (საქართველოს შეიარაღებული ძალების ... შტაბის ...-ის ბატალიონი ს/ნ ... 2006 წლის 28 მარტით და 21 ნოემბრით დათარიღებული ცნობებით პირდაპირ იყო მითითებული გ. კ.-ის მიმართ 1998-2000 წლებში არსებული “სახელფასო დავალიანების შესახებ”), ვერ გახდებოდა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითება “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველ პუნქტზე და აღნიშნა, რომ მოსამსახურეს უფლება ჰქონდა, სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე, მიეღო შრომითი გასამრჯელი (ხელფასი).
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, უსაფუძვლო იყო აპელანტის მოსაზრება იმის შესახებ, რომ კვარტალური ჯილდო, კვების კომპენსაცია და ბინის ქირის თანხები იყო პერიოდულად გასაცემი და არ შედიოდა სახელფასო თანხებში, რის გამოც სასამართლოს უნდა ემსჯელა სამოქალაქო კოდექსით პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებისათვის განსაზღვრული მოთხოვნის ხანდაზმულობის სამწლიან ვადაზე. აღნიშნულ მოსაზრებასთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითება იმის შესახებ, რომ მოსარჩელე, როგორც სამხედრო მოსამსახურე, შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან და ეს ურთიერთობები რეგულირდებოდა საჯარო სამართლის კანონმდებლობით, კერძოდ, “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადები შეეხებოდა ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნებს. მოსარჩელესა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის კი დადებული არ ყოფილა რაიმე სახის ხელშეკრულება, მათ შორის ურთიერთობა დაიწყო და დასრულდა საჯარო სამართლებრივ ნორმებზე დაყრდნობით. იმ შემთხვევაში, თუ მოცემულ სამართალურთიერთობაზე მაინც უნდა გავრცელებულიყო საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ინსტიტუტი, მაშინ გამოყენებული უნდა ყოფილიყო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საერთო ხანდაზმულობის ვადა _ 10 წელი.
სააპელაციო სასამართლოს აღნიშვნით, უსაფუძვლო იყო აპელანტის მოსაზრება იმის შესახებ, რომ სასამართლომ უკანონოდ იმსჯელა მოსარჩელის სასარგებლოდ დარჩენილი პერიოდის ბინის ქირის დაკისრების ნაწილში, ვინაიდან მას არ ჰქონდა წარმოდგენილი ბინის ქირავნობის ხელშეკრულება და სხვა დოკუმენტები, რომლებიც სამართლებრივად მოაწესრიგებდა ამ საკითხს. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად აღნიშნა, რომ ბინის ქირის კომპენსაცია გაიცემოდა “საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, უშიშროების სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარის, სამთავრობო დაცვის სამსახურის, სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის, სამხედრო პროკურატურისა და სამხედრო სასამართლოების სამხედრო და მუშა-მოსამსახურეთა ფულად ანაზღაურებაზე დანამატებისა და სხვა სოციალური შეღავათების დაწესების შესახებ” საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 14 ნოემბრის ¹796-44 დადგენილების შესაბამისად, ამასთან, საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულების 46-ე პუნქტის თანახმად, სახელმწიფომ იკისრა სამხედრო მოსამსახურეების საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფის ვალდებულება. საქმის მასალებით დადგენილი იყო, რომ 1998 წელს მოსარჩელემ წარადგინა ის დოკუმენტაცია, რაც კანონმდებლობით იყო დაწესებული. საქმეში წარმოდგენილი იყო გ. კ.-თვის ბინის ქირის კომპენსაციის გაწერის უწყისი 1998 წლის სექტემბრის მდგომარეობით. მოპასუხის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ მოსარჩელეს სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში ან შემდეგ, მთლიანად აუნაზღაურდა კანონმდებლობით მინიჭებული შეღავათი _ ბინის ქირა.
სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია აპელანტის მოსაზრება იმის შესახებ, რომ მოსარჩელეს მივლინებაში ყოფნის დროისათვის დანამატის სახით 1 800 ლარი არ უნდა ანაზღაურებოდა იმ მოტივით, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულების 41-ე მუხლის შესაბამისად სხვა სახელმწიფოში წარგზავნილ სამხედრო მოსამსახურეებს უნდა მისცემოდათ თანამდებობრივი სარგო, როგორც ამ ქვეყნის, აგრეთვე საქართველოს ეროვნული ვალუტით, თუ ანაზღაურების სხვა პირობები გათვალისწინებული არ იყო. მოცემულ შემთხვევაში, გამოყენებული უნდა ყოფილიყო არა საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულების 41-ე მუხლი, როგორც ამას აპელანტი უთითებდა, არამედ ხსენებული ბრძანებულების მე-40 მუხლი, რომლის შესაბამისად, სასწავლებლად წარგზავნილ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც გათავისუფლებულნი იყვნენ დაკავებული თანამდებობიდან და წარგზავნილნი იყვნენ მსმენელებად სხვადასხვა სასწავლებლებში, სწავლის მთელი პერიოდის განმავლობაში უნარჩუნდებოდათ ფულადი სარგოები, წელთა ნამსახურობის პროცენტული დანამატი, სასურსათო ულუფისა და ფორმის ტანსაცმლის ნაცვლად დაწესებული ფულადი კომპენსაციები.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, უსაფუძვლო იყო აპელანტის მოსაზრება იმის შესახებ, რომ 2002-2004 წლებში მოპასუხეს გ. კ.-ის მიმართ არ გააჩნდა სამივლინებო თანხების დავალიანება. აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა.
სააპელაციო სასამართლომ ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნია აპელანტის მოსაზრება იმის შესახებ, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2004-2005 წლებში არ ჰქონდა მოსარჩელის მიმართ სანივთე ქონების საკომპენსაციო დავალიანება. აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები მოპასუხის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი. უფრო მეტიც, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ნაწილი 43401-ის მიერ 2006 წლის 1 იანვარს გაცემული ცნობის მიხედვით, მოსარჩელეს მისაღები ჰქონდა ფორმა-ტანსაცმლის კომპენსაცია 1 236,94 ლარის ოდენობით.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე” პუნქტზე და განმარტა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ ადმინისტრაციული დავისას გაწეული ხარჯის _ 50 ლარის ანაზღაურება, იურიდიულად არ იყო საკმარისად დასაბუთებული, რაც მისი გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენდა. გ. კ.-ის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადასტურდებოდა, რომ მისი მხრიდან რეალური იყო ხსენებული ხარჯები გაწეული.
Yთბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინსიტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა _ სახელფასო დავალიანების _ 1 260,32 ლარის, ხელფასზე დანამატის სახით _ 1 800 ლარის, ბინის ქირის კომპენსაციის _ 2 306,10 ლარის, სამივლინებო თანხის _ 411,12 ლარის და ფორმა-ტანსაცმლის კომპენსაციის _ 1 236,94 ლარის მოპასუხისათვის დაკისრებაზე არ დაკმაყოფილდებოდა.
კასატორი განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად იმსჯელა მოსარჩელის სასარგებლოდ ხელფასის დაკმაყოფილებაზე და არასწორად განმარტა კანონი. დადგენილია, რომ მოსარჩელე გ. კ.-მ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ 1998-2000 წლების მიუღებელი სახელფასო თანხის დაკისრების თაობაზე. გ. კ.-ს სამსახურიდან დათხოვნისას მიუღებელი დარჩა 1998-2000 წლების მდგომარეობით ხელფასი _ 1 260,32 ლარი.
კასატორის განმარტებით, ხელფასის გაცემა შრომითი სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე ვალდებულებაა და შესაბამისად, მასზე უნდა გავრცელდეს “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 127-ე მუხლით ან სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სახელშეკრულებო ხანდაზმულობის ვადები.
კასატორი აღნიშნავს, რომ გ. კ.-სა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის შრომითი სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობას ადასტურებს გ. კ.-ის მიერ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან შრომითი ურთიერთობის დამყარებისას წერილობითი ნების გამომჟღავნება _ სამსახურში მიღების განცხადების სახით და მისი საპასუხო წერილობითი აქცეფტი, ბრძანება _ მისი ოფერტის დაკმაყოფილების შესახებ. კანონმდებლობა არ ავალდებულებს მხარეებს, ხელშეკრულების დადებისას კონკრეტული შინაარსისა და სტილის მქონე დოკუმენტი იქნეს გაფორმებული. ხელშეკრულებათა ფორმები და სტილი შეიძლება იყოს განსხვავებული და შესაბამისად, წერილობითი განცხადება და ბრძანება თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ ერთობლიობაში წარმოადგენს წერილობით შრომითი ხელშეკრულების არსებობის დამადასტურებელ დოკუმენტებს.
კასატორის განმარტებით, “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, თანამდებობაზე დანიშვნის ბრძანების აუცილებელი რეკვიზიტია თანამდებობრივი სარგოს განაკვეთი და დანამატები (ანუ ხელფასი). ამდენად, უდავოა, რომ ხელფასი საჯარო მოსამსახურესთან მიმართებაში წარმოადგენს იმ წერილობითი დოკუმენტის განუყოფელ ნაწილს, რომელიც ადასტურებს წერილობითი შრომითი ხელშეკრულების არსებობას. ასეც რომ არ იყოს, შრომის კანონმდებლობა არ ავალდებულებს ადმინისტრაციას, შრომითი ხელშეკრულების გაფორმებისას აუცილებლად დაიცვას გარიგების წერილობითი ფორმა, ხოლო 2000 წლამდე არც ადმინისტრაციული გარიგებისადმი არსებული მოთხოვნები არსებობდა (სარჩელი შეეხება 1998-2000 წლების ხელფასს, ანუ შრომითი ხელშეკრულებაც 2000 წლამდე წარმოიშვა).
კასატორის განმარტებით, ის ფაქტი, რომ საჯარო სამსახურზე ვრცელდება შრომითი კანონმდებლობა, უდავოა. უფრო მეტიც, “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტით საჯარო სამსახურთან დაკავშირებული ის ურთიერთობა, რაც “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით არ წესრიგდება, რეგულირდება შესაბამისი კანონმდებლობით. ამდენად, სახელფასო დავალიანებების ხანდაზმულობის საკითხზე, რომელიც არ წესრიგდება მითითებული კანონით, უნდა გავრცელდეს შესაბამისი კანონმდებლობა.
კასატორი აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ხელფასის გაცემის ვალდებულებას მიეცემა სახელშეკრულებო ვალდებულების კვალიფიკაცია, ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ხელფასის გაცემის ვალდებულებას მიეცემა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სამსახურებრივ საკითხზე მოქმედების განხორციელების ვალდებულების კვალიფიკაცია, ვრცელდება “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 127-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ერთთვიანი ხანდაზმულობის ვადა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ სარჩელი ხელფასის მოთხოვნის ნაწილში სასამართლოში უნდა წარდგენილიყო “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 127-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ ვადაში იმ დღიდან, როდესაც მოსარჩელეს არ მიეცა ხელფასი, ხოლო უკიდურეს შეთხვევაში, სამი წლის ვადაში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის თანახმად, რომლის ვადა აითვლება ყოველი თვის ხელფასის გაცემისათვის დადგენილი ვადის გასვლამდე.
კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად იმსჯელა მოსარჩელის სასარგებლოდ მივლინებაში ყოფნის დროისათვის ხელფასზე დანამატის 1 800 ლარის დაკმაყოფილების ნაწილში და არასწორად განმარტა კანონი. დადგენილია, რომ გ. კ.-ე თავდაცვის მინისტრის 2004 წლის 19 ივლისის ¹1/473 ბრძანებით იმყოფებოდა აშშ-ში, ინგლისური ენის კურსზე, გრძელვადიან სასწავლო მივლინებაში, ფულადი სარგოს შენარჩუნებით.
საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულების 41-ე მუხლის თანახმად, სასწავლებლად (გრძელვადიანი მივლინებით) სხვა სახელმწიფოში წარგზავნილ სამხედრო მოსამსახურეებს შეიძლება მიეცეთ თანამდებობრივი სარგო, როგორც ამ ქვეყნის, აგრეთვე საქართველოს ეროვნული ვალუტით, თუ ანაზღაურების სხვა პირობები არ არის გათვალისწინებული. შესაბამისი ქვეყნის ვალუტით ანაზღაურების ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის მინისტრი. მითითებულ ნორმაში კი საუბარია მხოლოდ თანამდებობრივ სარგოზე და არა სხვა რაიმე დანამატზე.
დადგენილია, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2004 წლის 19 ივლისის ¹1/473 ბრძანებით გ. კ.-ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და წარგზავნილ იქნა მივლინებაში. ამავე ბრძანებით მივლინებაში ყოფნის დროისათვის განესაზღვრა ანაზღაურება თანამდებობრივი ფულადი სარგოს შენარჩუნებით. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ გ. კ.-ის მიერ გასაჩივრებული არ არის საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2004 წლის 19 ივლისის ¹1/473 ბრძანება, რომლითაც მას შეუნარჩუნდა მხოლოდ თანამდებობრივი სარგო.
კასატორი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 24 იანვრის ¹47 ბრძანებულებით განსაზღვრული დანამატები, იმ სამხედრო მოსამსახურეთა მიმართ, რომლებიც გათავისუფლებული არიან თანამდებობიდან და სხვა ქვეყანაში სასწავლებლად მივლინებაში იმყოფებიან, არ ვრცელდება.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად იმსჯელა მოსარჩელის სასარგებლოდ ბინის ქირის და სამივლინებო თანხის დაკმაყოფილების ნაწილში, სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, რითაც დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 105-ე და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლები.
კასატორი აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მიერ სასამართლოში ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა ბინის ქირის თანხის მოთხოვნის ნაწილში მისი სარჩელის საფუძვლიანობას. საქმეში არ არსებობს ბინის ქირავნობის ხელშეკრულება (ქირავნობის ფაქტის დასადასტურებალდ), არ არსებობს მონაცემი თუ რა ოდენობის თანხას იხდიდა მოსარჩელე ბინის ქირისათვის და სხვა მტკიცებულებები.
კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია 2002-2004 წლების სამივლინებო თანხის დაკისრების ნაწილშიც. საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც ამ მოთხოვნას კანონიერს გახდის, უფრო მეტიც, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილია (2007 წლის 1 მაისის ¹552 წერილი) მტკიცებულება, რომელშიც მითითებულია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელის მიმართ არანაირი სამივლინებო დავალიანებები არ გააჩნია.
კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ ასევე არასწორად იმსჯელა მოსარჩელის სასარგებლოდ სანივთე ქონების კომპენსაციის დაკმაყოფილების ნაწილში და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა.
კასატორის განმარტებით, დადგენილია, რომ გ. კ.-ე შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნილია 2005 წლის 19 დეკემბერს, სარჩელი სასამართლოში შეტანილია 2006 წლის 10 აპრილს, სასარჩელო მოთხოვნა კი ეხება 2004-2005 წლების სანივთე კომპენსაციას. მოსარჩელეს უფლება არ ჰქონდა, მოეთხოვა 2004-2005 წლების სანივთე ქონების კომპენსაციის ანაზღაურება, რადგან მოსარჩელე სარჩელის შეტანის დროისათვის სამხედრო მოსამსახურეს აღარ წარმოადგენდა, ხოლო “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტით სანივთე ქონება ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია ეძლევათ მოქმედ სამხედრო მოსამსახურეებს. სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტი 2007 წლის 11 მაისის ცვლილებამდე. დასახელებული ნორმით კომპენსაციის მიღების უფლება ჰქონდათ სამხედრო მოსამსახურეებს. სარჩელის შეტანის დროისათვის მოსარჩელე გ. კ.-ე აღარ იყო სამხედრო მოსამსახურე, შესაბამისად, მოსარჩელეს სარჩელის შეტანის დროს არ ჰქონდა სანივთე ქონების ფულადი კომპენსაციის მოთხოვნის უფლება. უფრო მეტიც, მოსარჩელე გათავისუფლებული იყო თანამდებობიდან და მას მხოლოდ შენარჩუნებული ჰქონდა თანამდებობრივი სარგო, ხოლო გათავისუფლებული პირი კი არ შეიძლება იმყოფებოდეს სანივთე კმაყოფაზე და ამას ადასტურებს ასევე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ საქმეში წარმოდგენილი 2007 წლის 8 მაისის ¹3-11/2681 წერილობითი მტკიცებულება, რომლიდანაც ირკვევა, რომ გ. კ.-ის მიმართ 2004-2005 წლებში მიუღებელი სანივთე ქონების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს, ანუ მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ რაიმე სახის დავალიანება არ გააჩნია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 25 იანვრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2008 წლის 25 იანვრის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2008 წლის 13 მარტამდე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი სახელფასო დავალიანებისა და სინივთე ქონების (ფორმა-ტანსაცმლის) კომპენსაციის ანაზღაურების ნაწილში არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი აღნიშნულ ნაწილში არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ ამ ნაწილში საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რაც არსებითად იმოქმედებდა საქმის განხილვის შედეგზე და განაპირობებდა ამ ნაწილში არასწორი გადაწყვეტილების მიღებას. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივარი დასახელებულ ნაწილში არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის ამ ნაწილში განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი ბინის ქირის კომპენსაციის _ 2 306,10 ლარის, ხელფასზე დანამატის სახით _ 1 800 ლარისა და სამივლინებო თანხის _ 411, 12 ლარის ანაზღაურების ნაწილში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მიჩნეულ უნდა იქნეს დასაშვებად შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით განსაზღვრული საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძველი, ვინაიდან მოცემული საქმე მნიშვნელოვანია ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი ბინის ქირის კომპენსაციის, ხელფასზე დანამატისა და სამივლინებო თანხის ანაზღაურების გასაჩივრების ნაწილში განსახილველად უნდა იქნეს დაშვებული და განხილულ იქნეს მხარეთა დასწრების გარეშე, 2008 წლის 8 მაისს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი სახელფასო დავალიანებისა და სანივთე ქონების (ფორმა-ტანსაცმლის) კომპენსაციის ანაზღაურების ნაწილში მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება გ. კ.-თვის სახელფასო დავალიანების _ 1260,32 ლარისა და სანივთე ქონების (ფორმა-ტანსაცმლის) კომპენსაციის _ 1236,94 ლარის ანაზღაურების ნაწილში;
3. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი ბინის ქირის კომპენსაციის _ 2306,10 ლარის, ხელფასზე დანამატის სახით _ 1800 ლარისა და სამივლინებო თანხის _ 411,12 ლარის ანაზღაურების ნაწილში მიჩნეულ იქნეს დასაშვებად და ამ ნაწილში საკასაციო საჩივარი განხილულ იქნეს 2008 წლის 8 მაისს, მხარეთა დასწრების გარეშე;
4. მოწინააღმდეგე მხარეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარზე წერილობითი პასუხის გასაცემად მიეცეს 14 დღის ვადა ამ განჩინების ჩაბარებიდან;
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.