Facebook Twitter

¹ბს-333-315(კ-07) 25 სექტემბერი, 2007 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა შპს “ე.-ის” საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 13 თებერვლის განჩინებაზე.

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

შპს “ელ”-ის წარმომადგენელმა ი. კ.-მ სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში, მოპასუხის – აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიმართ, რომლითაც მოითხოვა მოპასუხისათვის თანხის დაკისრება /იხ. ს.ფ. 2-4/.

საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 22 ივნისის განჩინებით საქმეში მოპასუხედ ჩაერთო ბათუმის საგადასახადო ინსპექცია /იხ.ს.ფ. 76-77/.

საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილებით შპს “ელ”-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა /იხ. ს.ფ. 120-124/.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს “ელ”-მა, რომლითაც მოითხოვა საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება /იხ. ს.ფ. 127-128/.

სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 13 თებერვლის განჩინებით შპს “ელ”-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად უცვლელად დარჩა საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება /იხ. ს.ფ. 173-178/.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს “ე.-მ”, რომლითაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება /იხ. ს.ფ. 187-188/.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 16 მაისის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული შპს “ე.-ის” საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად, მხარეებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღე.

საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში მხარეთა მიერ მოსაზრებები საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, წარმოდგენილი არ იქნა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შპს “ე.-ის” საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო განმარტავს, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის თანახმად საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 16 მაისის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შპს “ე.-ის” საკასაციო საჩივარი; მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ, საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.

მოცემულ შემთხვევაში კასატორის _ შპს “ე.-ის” მიერ საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში არ იქნა რეალიზებული მისი საპროცესო უფლება, კერძოდ, არ იქნა მითითებული იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული. ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორის _ შპს “ე.-ის” საკასაციო საჩივარში აღნიშნული კასაციის მოტივები (კასაციის მიზეზი) არ შეიცავს მოტივაციას ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების თაობაზე, რომელსაც შეეძლო ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს შპს “ე.-ის” საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც შპს “ე.-ის” საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსსკ-ის 401.3. მუხლის შესაბამისად კასატორს შპს “ე.-ის” სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 7543 ლარიდან უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის 70% პროცენტი _ 5280 ლარი და 10 თეთრი, ხოლო დარჩენილი 2262 ლარი და 90 თეთრი ჩაითვალოს გადახდილად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს “ე.-ის” საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. კასატორს შპს “ე.-ს” სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 7543 ლარიდან უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის 70% პროცენტი _ 5280 ლარი და 10 თეთრი, ხოლო დარჩენილი 2262 ლარი და 90 თეთრი ჩაითვალოს გადახდილად.

3. წინამდებარე განჩინების ასლი გადაეგზავნოს მხარეებს;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.