¹ბს-334-318(კ-06) 12 ივნისი, 2007წ.
თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლალი ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ თ. ჯ.-ე, ა. ჯ.-ე (მოსარჩელეები)
თანამოსარჩელე _ მ. გ.-ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილება
დავის საგანი _ სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2005 წლის 27 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სასარჩელო განცხადებით მიმართეს თ. ჯ.-მ, ა. ჯ.-მ და მ. გ.-მ მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის მიმართ. მოსარჩელეებმა მოითხოვეს სამუშაოდან მათი გათავისუფლების შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის 2005 წლის 28 აპრილის ¹108-კ ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
მოსარჩელეთა მითითებით, ისინი მუშაობდნენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო “...-ის” საბაჟო-გამშვები პუნქტი “...-ის” ინსპექტორების თანამდებობებზე. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2005 წლის 28 აპრილის ¹108-კ ბრძანებით მოსარჩელეები გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობებიდან “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 99-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სამსახურებრივი მოვალეობის უხეში დარღვევისათვის, რაც არ შეესაბამებოდა სინამდვილეს. მათი მხრიდან ადგილი არ ჰქონია სამსახურებრივ მოვალეობათა უხეშ დარღვევას ან სხვა სახის დისციპლინურ გადაცდომას. სადავო ბრძანებაში არ იყო მითითებული დისციპლინური გადაცდომის შინაარსი და ამდენად, გაუგებარი იყო, თუ რა მიიჩნია მოპასუხემ მოსარჩელეთა მხრიდან სამსახურებრივი მოვალეობების უხეშ დარღვევად. მოპასუხეს უფლება არ ჰქონდა, ერთი თანამშრომლის მიერ დაშვებული დისციპლინური გადაცდომისათვის გაეთავისუფლებინა საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო “...-ის” საბაჟო-გამშვები პუნქტი “...-ის” ყველა თანამშრომელი, ვინაიდან “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 99-ე მუხლის მე-3 ნაწილი გამოყენებული უნდა ყოფილიყო იმ კონკრეტული პირის მიმართ, ვინც უშუალოდ ჩაიდინა აღნიშნული გადაცდომა და არა შრომითი კოლექტივის ყველა წევრის მიმართ (ს.ფ. 1).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 9 აგვისტოს გადაწყვეტილებით სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის 2005 წლის 28 აპრილის ¹108-კ ბრძანება მოსარჩელეების _ თ. ჯ.-ის, ა. ჯ.-ის, მ. გ.-ის ნაწილში და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა.
საქალაქო სასამართლოს მითითებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის 2005 წლის 28 აპრილის ¹108-კ ბრძანება არ შეიცავდა კონკრეტულ მითითებას მოსარჩელეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობის დარღვევის თაობაზე. აქედან გამომდინარე, დარღვეული იყო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნა, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო არ არის უფლებამოსილი, თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, არგუმენტებზე, რომლებიც არ არის სათანადოდ გამოკვლეული და შესწავლილი. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რის გარეშეც, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია ადმინისტრაციული აქტის გამოცემა. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილი სასამართლოს ანიჭებს უფლებამოსილებას, ბათილად ცნოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველის ნაწილის მოთხოვნათა დარღვევით გამოცემული აქტი, საკითხის გადაუწყვეტლად. ასეთი გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლო ვალდებულია, სადავო აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალოს ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ადმინისტრაციული აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციული აქტი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, ვინაიდან ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მოსარჩელის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი (ს.ფ. 83-89).
საქალაქო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (ს.ფ. 92-97).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 9 აგვისტოს გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 9 აგვისტოს გადაწყვეტილება მ. გ.-ის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის 2005 წლის 28 აპრილის ¹108-კ ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, მ. გ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს დასკვნას იმის თაობაზე, რომ საბაჟო დეპარტამენტის 2005 წლის 28 აპრილის ¹108-კ ბრძანება ზოგადია და მასში არ არის კონკრეტულად დასახელებული თ. ჯ.-ისა და ა. ჯ.-ის მიერ სამსახურებრივი მოვალეობების უხეში დარღვევის ფაქტი. ამით კი დარღვეულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 პუნქტითა და 96-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ადმინისტრაციული ორგანოს მოვალეობა, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების სრულყოფილად გამოკვლევისა და შეჯერების შემდგომ თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს ისეთ გარემოებებს, რომლებიც სათანადოდ გამოკვლეული და შესწავლილია. სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე აპელანტის მიერ წარდგენილ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო “...-ის” საბაჟო გამშვები პუნქტი “...-ის” შემოწმების შედეგებთან დაკავშირებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის 2005 წლის 8 სექტემბრის ¹48/01 დასკვნაში სამსახურებრივი გადაცდომის ჩამდენ საბაჟოს მოხელეთა შორის თ. ჯ.-ე და ა. ჯ.-ე არ ფიგურირებენ. იგივე არ ითქმის მ. გ.-ზე: დასკვნაში მითითებულია მის მიერ ჩადენილი სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტები. სწორედ ამ გარემოებათა გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ შესაძლებლად მიიჩნია მოსარჩელეთა მიხედვით სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე მოთხოვნათა დიფერენცირება (ს.ფ. 137-140).
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება ა. ჯ.-ისა და თ. ჯ.-ის ნაწილში და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით ა. ჯ.-ისა და თ. ჯ.-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
კასატორის მოსაზრებით, ძირითადი შეცდომა, რომელიც დამახასიათებელია მოსარჩელეთა მსჯელობისათვის, მდგომარეობს იმაში, რომ ისინი სამსახურიდან თავიანთ გათავისუფლებას უკავშირებენ ...-ის პროკურატურის წერილს, რაც არ შეეფერება სინამდვილეს. აღნიშნული წერილი მხოლოდ საფუძვლად დაედო საბაჟო გამშვები პუნქტი “...-ის” საქმიანობის გადამოწმებას და შესწავლას. ამასთან დაკავშირებით გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ...-ის რაიონული პროკურატურის წერილში მითითებული თანამშრომლები დაკავებულ იქნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ, ხოლო 2005 წლის 18 აპრილს ცნობილ იქნენ ეჭვმიტანილებად სისხლის სამართლის საქმეზე. მომხდარი ფაქტი, იქვე გამოვლენილი სხვა დარღვევების ფონზე, პირდაპირ მიანიშნებდა საბაჟო-გამშვებ პუნქტზე შექმნილი მდგომარეობის სირთულესა და შესაბამისი ღონისძიებების გატარების აუცილებლობაზე. მოსარჩელეთა მუშაობის პერიოდში საბაჟო-გამშვებ პუნქტ “...-ზე” გამოვლენილი საბაჟო კანონმდებლობის დარღვევისა და საბიუჯეტო შემოსავლების შემცირების მაჩვენებლები პირდაპირ მიუთითებს გათავისუფლებულ თანამშრომელთა სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვან შესრულებასა და შესაბამისად დათხოვნის მიზეზებზე (ს.ფ. 148-152).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა საქმეთა პალატის 2006 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მსჯელობას, რომ მოსარჩელეთა მუშაობის პერიოდში საბაჟო-გამშვებ პუნქტ “...-ზე” გამოვლენილი საბაჟო კანონმდებლობის დარღვევისა და საბიუჯეტო შემოსავლების შემცირების მაჩვენებლები პირდაპირ მიუთითებს მოსარჩელეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვან შესრულებასა და, შესაბამისად, დათხოვნის მიზეზებზე. აღნიშნულ დარღვევებთან დაკავშირებული სამსახურებრივი შემოწმების მასალებში, რომლებიც საქმის მასალებშია წარმოდგენილი, მოსარჩელეები თ. ჯავახიძე და ა. ჯ.-ე არ ფიგურირებენ როგორც რაიმე დარღვევის ჩამდენი პირები. “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 99-ე მუხლის კე-3 პუნქტი, რომელიც მოსარჩელეთა სამუშაოდან გათავისუფლების საფუძველია, ითვალისწინებს: “მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების გარეშეც, თუ იგი უხეშად დაარღვევს სამსახურებრივ მოვალეობებს”. ამდენად, მოსარჩელეები სამუშაოდან გათავისუფლებული არიან სამსახურებრივი მოვალეობების უხეშად დარღვევის გამო, იმ ვითარებაში, როდესაც კასატორი ვერ ასახელებს, თუ, კონკრეტულად რაში მდგომარეობს თითოეულის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის არათუ უხეშად, არამედ საერთოდ დარღვევის ფაქტი.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 99-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა მოხელის მიმართ გამოიყენება კონკრეტულად ამ მოხელის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის შემთხვევაში. პასუხისმგებლობის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, ყოველ პირს პასუხისმგებლობა შეერაცხება მხოლოდ მის მიერ ჩადენილი კანონდარღვევის გამო. დაუშვებელია, პასუხისმგებლობის დაკისრება მოხდეს იმ დარღვევისათვის, რომელშიც კონკრეტული პირის ბრალი და არამართლზომიერი ქმედება არ არის გამოკვეთილი. ამასთან, მოხელის სამუშაოდან გათავისუფლების ბრძანება, რომელიც “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 127-ე მუხლის თანახმად ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს წარმოადგენს, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ექვემდებარება დასაბუთებას. როდესაც გათავისუფლების ბრძანების საფუძველია “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 99-ე მუხლის მე-3 ნაწილი, როგორც ეს მოცემულ შემთხვევაშია, ჩადენილი დარღვევისა და შესაბამისი ზომის _ სამუშაოდან გათავისუფლების გამოყენების ადეკვატურობის დასადგენად განსაკუთებით მნიშვნელოვანი სწორედ ბრძანების დასაბუთებაა, რომელმაც უნდა ახსნას ადმინისტრაციის პოზიცია მოხელის მიმართ ესოდენ მკაცრი დისციპლინური სასჯელის გამოყენების მიმართ.
საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს, რომ მოსარჩელეთა სამუშაოდან გათავისუფლების ბრძანებები სრულიად დაუსაბუთებელია. კასატორი კი საკასაციო საჩივარში მოსარჩელეთა გათავისუფლებას ასაბუთებს საბაჟო-გამშვებ პუნქტ “...-ზე” მოსარჩელეთა გათავისუფლების დროისათვის ზოგადად არსებულ არასასურველ მდგომარეობას კანონის დაცვასთან მიმართებით, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის სათქმელად სრულიად არასაკმარისია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.