Facebook Twitter

ბს-334-322(კ-08) 5 ივნისი, 2008წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის

საქმეთა პალატამ

შემადგენლობით:

მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ლევან მურუსიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ რ. ა.-ი (მოსარჩელე)

დავის საგანი – სახელფასო დავალიანების ანაზღაურება

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 12 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

რ. ა.-მ 2007 წლის 2 აგვისტოს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ და მოითხოვა სახელფასო დავალიანების სულ _ 393.22 ლარის ანაზღაურება.

მოსარჩელემ განმარტა, რომ მსახურობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ... ჰოსპიტალში. სამსახურიდან გათავისუფლებულია 2006 წლის 20 ნოემბრიდან. სამსახურში მუშაობის დროს მიუღებელი დარჩა ხელზე გასაცემი დავალიანება, რომელიც შეადგენს 393,22 ლარს, მათ შორის: ხელფასი _ 142,85 ლარი, კვება _ 171,5 ლარი, ჯილდო _ 78,84 ლარი. მოსარჩელემ მიუთითა, რომ "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან, სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო, რაც მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას ან კანონით გათვალისწინებულ შეღავათებს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა სახელფასო დავალიანების 393.22 ლარის გადახდა მოსარჩელე რ. ა.-ის სასარგებლოდ.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დასაბუთებულია იმით, რომ რ. ა.-ი 2006 წლის 20 ნოემბრამდე მსახურობდა საქართველოს თავდაცვის სისტემაში. მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელის მიმართ აქვს სახელფასო დავალიანება 393,22 ლარის ოდენობით. აღნიშნული გარემოება დადასტურებულია საქმეში არსებული საქართველოს შეიარაღებული ძალების ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის მიერ 2007 წლის 23 ივლისს გაცემული ¹3-11/5064 ცნობით. სასამართლომ გამოიყენა "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 37-ე მუხლის I პუნქტი.

სასამართლომ ვერ გაიზიარა მოპასუხის განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია, რადგან ზემოთმითითებული კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის "ბ" ქვეპუნქტის თანახმად, მოსამსახურეს აქვს უფლებები და გარანტიები მიიღოს თანამდებობრივი ფუნქციების შესასრულებლად საჭირო ორგანიზაციულ-ტექნიკური საშუალებები და პირობები, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს კანონმდებლობით მოსამსახურეთათვის შეიძლება გათვალისწინებული იქნეს სხვა დამატებითი უფლებები და გარანტიები; ასეთი ხასიათის დამატებით უფლებები და გარანტიები სამხედრო მოსამსახურეთათვის მოცემულია სპეციალური ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმებით; კერძოდ, "სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად.

სასამართლომ გამოიყენა იმავე კანონის მე-12 მუხლი და მიუთითა, რომ სამხედრო მოსამსახურე სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე იმყოფება, ამასთან სამხედრო მოსამსახურეს სამსახურეობრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულების, სანიმუშო დისციპლინისა და საბრძოლო მომზადებაში წარჩინებული მაჩვენებლებისათვის წლის განმავლობაში შეიძლება მიეცეს ფულადი ჯილდო და/ან მატერიალური დახმარება. სასამართლომ ჩათვალა, რომ აღნიშნული ნორმა იმპერატიული ხასიათისაა, შრომითი გასამრჯელოს _ ხელფასის, ფულადი ჯილდოს, მატერიალური დახმარებისა და სასურსათო ულუფის გაცემის ვალდებულება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს აკისრია კანონმდებლობის საფუძველზე, ანუ იგი ადმინისტრაციული ორგანოს კანონისმიერი ვალდებულებაა, უფრო მეტიც, სამხედრო მოსამსახურეს მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი ნორმის ფარგლებში უნდა მიეცეს ზემოთმითითებული დანამატები და ამ დანამატების გაცემა ხორციელდება ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში. სასამართლომ მიიჩნია, რომ ეს სამართლებრივი ნორმა მოსარჩელეს ანიჭებს შესაძლებლობას, მოითხოვოს სახელმწიფოსგან მიუღებელი შრომითი გასამრჯელო _ ხელფასი, ფულადი ჯილდო, მატერიალური დახმარება და სასურსათე ულუფა, რადგან ამ მოთხოვნის უფლების რეალიზების შესაძლებლობა არ არის შეზღუდული დროის კონკრეტული პერიოდით.

სასამართლომ მიუთითა, რომ ხანდაზმულობის სამართლებრივი ინსტიტუტი შემოღებულია კერძო სამართლის საკანონმდებლო აქტით _ საქართველოს სამოქალაქო კოდექსით და მოქმედებს კერძო სამართლებრივი ურთიერთობების სფეროში; მოსარჩელე კი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდა როგორც სამხედრო მოსამსახურე და ეს ურთიერთობები რეგულირდება საჯარო სამართლის საკანონმდებლო აქტებით _ "სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" და "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონებით, აგრეთვე "საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულებით და "სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ" დებულებით, რომელიც დამტკიცებულია საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის ¹609 ბრძანებულების შესაბამისად. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადები შეეხება ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნებს; მოსარჩელე რ. ა.-ს და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის დადებული არ ყოფილა რაიმე სახის ხელშეკრულება, მათ შორის ურთიერთობა რეგულირდება საჯარო კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების _ ბრძანების მეშვეობით.

სასამართლომ ასევე ვერ გაიზიარა მოპასუხის არგუმენტი იმის თაობაზე, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელი ხელფასის მოთხოვნის ნაწილში წარდგენილი უნდა ყოფილიყო "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 127.1 მუხლით დადგენილ ვადაში, იმ დღიდან როდესაც ის გათავისუფლდა სამსახურიდან, ე.ი. გათავისუფლებიდან ერთი თვის ვადაში. სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული კანონით მოწესრიგებულია საჯარო სამსახურის განხორციელებასთან დაკავშირებული ურთიერთობები, მოსამსახურის სამართლებრივი მდგომარეობა, სწორედ ამ კანონის 37-ე მუხლით დაეკისრა ადმინისტრაციულ ორგანოს ვალდებულება გასცეს შრომითი გასამრჯელო მოსამსახურეზე, რათა შესრულებული სამუშაოსათვის მიიღოს ანაზღაურება, სწორედ ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად განისაზღვრა, რომ მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) ფონდის ფორმირების წყაროა შესაბამისი ბიუჯეტი და საბიუჯეტო ასიგნებათა შემცირება არ შეიძლება იყოს მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს დაფინანსების შემცირების საფუძველი.

საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ 2006 წლის 29 დეკემბერს მიღებულ იქნა საქართველოს კანონი "საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ", რომლის მე-9 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ასევე აღიარებს წინა წლებში წარმოქმნილ ფაქტობრივ დავალიანებებს და სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს შესაძლებლობა მიეცათ ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით გამოიყენონ ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის შესაბამისი მუხლით დამტკიცებული ასიგნებები არსებული დავალიანებების დასაფარავად. სასამართლომ ჩათვალა, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ დაწესებულებას და რომლისთვისაც კარგადაა ცნობილი და შესაბამისად დადასტურებული მოსარჩელის მიმართ არსებული სახელფასო დავალიანების არსებობა, მის ანაზღაურებაზე უარი არსებული სახელმწიფო პოლიტიკის საწინააღმდეგო და შესაბამისად კანონშეუსაბამოა.

ამასთან სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმულადაც რომ იქნეს მიჩნეული, მოპასუხის მიერ გაცემული 2007 წლის 23 ივლისის ცნობით აღიარებულია დავალიანება მოსარჩელის მიმართ, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის შესაბამისად ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტის საფუძველია.

სასამართლომ გამოიყენა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331-ე მუხლი, რომლის თანახმად თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება, ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინიტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 12 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

ამასთან, სააპელაციო პალატა სრულად დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 12 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. კასატორს მიაჩინია, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონის დარღვევითაა მიღებული; სააპელაციო სასამართლომ არასწორად იმსჯელა მოსარჩელის სასარგებლოდ ხელფასის, კვების კომპენსაციის და ჯილდოს დაკისრების ნაწილში და არასწორად განმარტა კანონი. ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-11.2 ,,თ” მუხლით სამხედრო მოსამსახურეებზე ამ კანონის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევებში, თუ საქართველოს კონსტიტუციით, სპეციალური კანონმდებლობით ან მათ საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი. ამდენად, ხელფასის არსზე და მის შემადგენელ კომპონენტებზე მსჯელობისას უპირატესად გათვალისწინებული უნდა იქნას 1998-2000 წლებში მოქმედი ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” კანონის მოთხოვნები, ხოლო ამ კანონმდებლობაში განსხვავებული დებულებების არარსებობის შემთხვევაში, სადაო ურთიერთობა მოგვარებული უნდა იქნას ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის დებულებებით, კერძოდ, მისი 37-ე მუხლით (1998-2000 წლების რედაქციით).

კასატორმა მიიჩნია, რომ ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქარველოს კანონის მე-12 მუხლის მეოთხე პუნქტიდან ირკვევა ,,დანამატის” სტატუსი მინიჭებული აქვს მხოლოდ ფულად თანხებს, რომელიც გაიანგარიშება ნამსახურების წლების მიხედვით; რაც შეეხება ჯილდოს ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მეორე და მესამე პუნქტიდან გამომდინარე, ,,დანამატის” სტატუსი არ აქვს მინიჭებული. აქედან გამომდინარე კასატორი თვლის, რომ ცალსახაა, ჯილდოს და კვების კომპენსაციის თანხები არ წარმოადგენენ ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37.1 მუხლით გათვალისწინებულ ხელფასში შემავალ დანამატს და ის ხელფასისაგან დამოუკიდებელ ფულად გასაცემელს წარმოადგენს. კასატორმა ასევე განმარტა, რომ სასარჩელო მოთხოვნა ჯილდოს და მატერიალური დახმარების ნაწილში ხანდაზმულია, რადგან ამგვარ მოთხოვნებზე ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა. კასატორმა ასევე აღნიშნა, რომ მოსარჩელესა და თავდაცვის სამინისტროს შორის არსებული ურთიერთობა სახელშეკრულებო ურთიერთობაა.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის მიხედვით, როგორც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით გათვალისწინებული სამწლიანი ხანდაზმულობის, ისე ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 127-ე მუხლით გათვალისწინებული ერთთვიანი ხანდაზმულობის ვადის ათვლა დაიწყო იმ დღიდან, როდესაც მოსარჩელეს უნდა მიეღო თითოეული თვის ან პერიოდის ჯილდო ან მატერიალური დახმარება. კასატორი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სარჩელი სასამართლოში შეტანილია 2007 წლის 12 ივნისს, ამდენად, სარჩელის შეტანის დროს მოსარჩელეს გაშვებული ჰქონდა როგორც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით გათვალისწინებული სამწლიანი ხანდაზმულობის, ისე ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 127-ე მუხლით გათვალისწინებული ერთთვიანი ხანდაზმულობის ვადები. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე და 377.1 მუხლები, ასევე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლები, კერძოდ, არასწორად იქნა შეფასებული საქმეში არსებული საქართველოს შეიარაღებული ძალების ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის მიერ 2007 წლის 23 ივლისს გაცემული ¹3-11/5064 ცნობა, რომელიც არ ითვლება ვალის აღიარებად, რადგან მასში არ არის მითითებული მოპასუხის მხრიდან ხელფასის, კვების კომპენსაციისა და ჯილდოს დავალიანებად აღიარებისა და მისი გადახდის დაპირებაზე, არამედ მას მხოლოდ ინფორმაციული ხასიათი აქვს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი რ. ა.-ის ხელფასისა და ჯილდოს თანხების ანაზღაურების ნაწილში არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი რ. ა.-თვის ხელფასისა და ჯილდოს თანხების ანაზღაურების ნაწილში არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ ამ ნაწილში საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რაც არსებითად იმოქმედებდა საქმის განხილვის შედეგზე და განაპირობებდა ამავე ნაწილში არასწორი განჩინების მიღებას. კასატორი საკასაციო საჩივარში ამ ნაწილში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი დასახელებულ ნაწილში არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ამ ნაწილში არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის ამავე ნაწილში განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო ასევე მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი რ. ა.-თვის კვების კომპენსაციის _ 171,53 ლარის ანაზღაურების ნაწილში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მიჩნეულ უნდა იქნეს დასაშვებად შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში არსებობს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძველი, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს განჩინება ამავე ნაწილში განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი რ. ა.-თვის კვების კომპენსაციის _ 171,53 ლარის ანაზღაურების ნაწილში განსახილველად უნდა იქნეს დაშვებული და განხილულ იქნეს მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი რ. ა.-თვის ხელფასისა და ჯილდოს ანაზღაურების ნაწილში მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 12 თებერვლის განჩინება, რომლითაც უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება რ. ა.-თვის ხელფასისა და ჯილდოს თანხების ანაზღაურების ნაწილში;

3. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი რ. ა.-თვის კვების კომპენსაციის _ 171,53 ლარის ანაზღაურების ნაწილში მიჩნეულ იქნეს დასაშვებად;

4. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაშვებულ ნაწილში განხილულ იქნეს ზეპირი მოსმენის გარეშე;

5. მოწინააღმდეგე მხარეებს საკასაციო საჩივარზე დაშვებულ ნაწილში წერილობითი პასუხის გასაცემად მიეცეთ 10 დღის ვადა ამ განჩინების ჩაბარებიდან;

6. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.