Facebook Twitter

ბს-336-318(კ-07) 14 ივნისი, 2007 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლალი ლაზარაშვილი, ნინო ქადაგიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.02.07წ. განჩინების გაუქმებაზე საქართველოს კონტროლის პალატის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

რ. გ.-მ სარჩელი აღძრა ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე საქართველოს კონტროლის პალატის მიმართ და მოითხოვა კონტროლის პალატისთვის მის მიმართ არსებული სახელფასო დავალიანების _ 858.18 ლარის დაკისრება.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ საქართველოს კონტროლის პალატის 07.11.05წ. ¹გან631 ბრძანების საფუძველზე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, გათავისუფლების მომენტისათვის მისი დავალიანება შეადგენდა 858.18 ლარს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 01.11.06წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, საქრთველოს კონტოლის პალატას რ. გ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების ანაზღაურება 858.18 ლარის ოდენობით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს კონტროლის პალატის მიერ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც სახელფასო დავალიანების ანაზღაურება დაეკისრებოდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 12.02.07წ. განჩინებით საქართველოს კონტროლის პალატის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 01.11.06წ. გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ რ. გ.-ი საქართველოს კონტროლის პალატის 07.11.05წ. ¹გან-631 ბრძანების საფუძველზე გათავისუფლდა ... სექტორის დეპარტამენტის ...-ის თანამდებობიდან ატესტაციის შედეგების საფუძველზე დაკავებულ თანამდებობასთან შეუსაბამობის გამო, ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 98-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად. საქართველოს კონტროლის პალატის 30.06.06წ. ¹743/17 ცნობით დგინდება, რომ რ. გ.-ის მიმართ გაუცემელი სახელფასო დავალიანება შეადგენს 1037.5 ლარს, აქედან ხელზე მისაღები აქვს 858.18 ლარი.

სააპელაციო პალატის მითითებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი ადგენს საქართველოში ორგანიზაციის სამართლებრივ საფუძვლებს, აწესრიგებს საჯარო სამსახურის განხორცილებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს მოსამსახურის სამართლებრივ მდგომარეობას. ამასთან, ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 და 37-ე მუხლების თანახმად, მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი). მოსამასახურეთა შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) ფონდის ფორმირების წყაროა შესაბამისი ბიუჯეტი. საბიუჯეტო ასიგნებათა შემცირება არ შეიძლება იყოს შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) და ამ კანონით გათვალისწინებული სხვა გარანტიების დაფინანსების შემცირების საფუძველი. საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, მოსამსახურეს მისი დათხოვნისას დაწესებულებიდან კუთვნილი მთელი თანხა ეძლევა დათხოვნის Dდღეს.

სააპელაციო პალატის განმარტებით, საქართველოს კონტროლის პალატის 30.06.06წ. ¹743/17 წერილით, რაც, სსკ-ის 131-ე მუხლის თანახმად, წარმოადგენს მტკიცებულებას, დასტურდება რ. გ.-ის მიმართ დავალიანების არსებობა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 12.02.07წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს კონტროლის პალატის მიერ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სახელფასო დავალიანების საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის დაკისრება.

კასატორმა აღნიშნა, რომ მოსარჩელის მიმართ სახლფასო დავალიანება გამოიწვია 1998-2003 წლებში ქვეყანაში შექმნილმა მძიმე ეკონომიკურმა მდგომარეობამ, რის გამოც არ მოხდა კონტროლის პალატის შენახვის ხარჯებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული, დაცული მუხლების სრულად დაფინანსება. არც შემდგომ პერიოდში არ იქნა გათვალისწინებული ,,სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონში საქართველოს კონტროლის პალატისთვის თანხის გამოყოფა გაუცემელი ხელფასებისა და სამივლინებო დავალიანებათა დასაფარავად.

კასატორის მითითებით, ,,საქართველოს კონტროლის პალატის” საქართველოს კანონის 78-ე მუხლის თანახმად, საქართველოს კონტროლის პალატა წარმოადგენს საბიუჯეტო დაწესებულებას და დაფინანსების სხვა წყარო არ გააჩნია. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, რომელიც გამოდის სახელმწიფოს სახელით, წარმოადგენს სოლიდარულ მოვალეს კონტროლის პალატასთან ერთად და სსკ-ს 464-ე მუხლის თანახმად, მისი სოლიდარული ვალდებულება წარმოშობილია ფინანსთა სამინისტროსთან ერთად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს კონტროლის პალატის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ პირობებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე და განაპირობა არასწორი განჩინების გამოტანა. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს კონტროლის პალატის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.