Facebook Twitter

ბს-337-319(კ-07) 20 ივნისი, 2007 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა მ. გ.-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2005 წლის 26 იანვარს მოსარჩელე მ. გ.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს შს სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის დეპარტამენტის ...-ის სამმართველოს მიმართ და მოითხობა საქართველოს შს სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაცვის დეპარტამენტის ...-ის სამმართველოს უფროსის 2005 წლის 7 ივლისის ¹27 პ/შ ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურისა და მორალური ზიანის ანაზღაურება.

სარჩელში აღნიშნული იყო, რომ 2000 წლის მარტიდან იგი მუშაობდა მოლარედდ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის დეპარტამენტის ...-ის სამმართველოში. 2005 წლის 7 ივლისის ¹27 პ/შ ბრძანებით ადმინისტრაციის მხრიდან ნდობის დაკარგვის მოტივით, უფროსის ნებართვის გარეშე ბეჭდით დაუმოწმებელი საბუთით სალაროში თანხის მიღებისა და შენახვისათვის, იგი გაათავისუფლეს სამსახურიდან საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლის ,,თ” პუნქტის საფუძველზე. აღნიშნულის შესახებ მოსარჩელე არ გაუფრთხილებიათ არც წერილობით და არც ზეპირი ფორმით. 2005 წლის 7 ივლისს მას კატეგორიულად მოსთხოვეს განცხადების დაწერა სამსახურიდან წასვლის თაობაზე, რასაც არ დაეთანხმა.

მოსარჩელის განმარტებით, მისი მხრიდან რაიმე მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის შესახებ დოკუმენტი არ არსებობს. ასეთის შემთხვევაში ადმინისტრაცია ვალდებული იყო საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 136-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ჩამოერთვა ახსნა-განმარტება, რასაც ადგილი არ ჰქონია.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მისი სამსახურიდან გათავისუფლება მოხდა უკანონოდ, საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 136-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა საქართველოს შს სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის დეპარტამენტის ...-ის სამმართველოს 2005 წლის 7 ივლისის ¹27 პ/შ ბრძანების ბათილად ცნობას, სამსახურში აღდგენას, იძულებითი განაცდურისა და მორალური ზიანის ანაზღაურებას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილებით მ. გ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შს სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის დეპარტამენტის ...-ის სამმართველოს 2005 წლის 7 ივლისის ¹27 პ/შ ბრძანება და დაევალა მოპასუხეს ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ. გ.-მ და საქართველოს შს სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის დეპარტამენტის ...-ის სამმართველომ.

აპელანტი – მ. გ.-ე ითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას.

აპელანტი - საქართველოს შს სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის დეპარტამენტის ...-ის სამმართველო ითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნებას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილებით მ. გ.-ისა და საქართველოს შს სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის დეპარტამენტის ...-ის სამმართველოს სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილება მ. გ.-სათვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მ. გ.-ის სარჩელი იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდა; მოპასუხეს დაევალა მ. გ.-სათვის განაცდური ხელფასის ანაზღაურება გათავისუფლების დღიდან ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემამდე; დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. გ.-ე მუშაობდა საქართველოს შს სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის დეპარტამენტის ...-ის სამმართველოში მოლარედ, საიდანაც სამმართველოს უფროსის 2005 წლის 7 ივლისის ¹27 პ/შ ბრძანებით გათავისუფლდა სამსახურიდან საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლის ,,თ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციის მხრიდან ნდობის დაკარგვის მოტივით, რაც გამოიხატა სამმართველოს უფროსის ნებართვის გარეშე, ბეჭდით დაუმოწმებელი საბუთით სალაროში თანხის მიღებასა და შენახვაში.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლის თანახმად, საწარმოს, დაწესებულების და ორგანიზაციის ადმინისტრაციას, ამავე მუხლის ,,თ” ქვეპუნქტის საფუძველზე შეუძლია ვადამდე მოითხოვოს შრომის ხელშეკრულების შეწყვეტა, იმ მუშაკის ბრალეული ქმედების გამო, რომელიც პასუხისმგებელია ფულად ან სასაქონლო ფასეულობებზე, თუ ეს ქმედება ადმინისტრაციის მხრიდან ქმნის მის მიმართ ნდობის დაკარგვის საფუძველს, ან სამუშაო ადგილზე ქონების დატაცებისას, რაც დადგენილია კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენით ან იმ ორგანოს გადაწყვეტილებით, რომლის კომპეტენციაში შედის ადმინისტრაციული სახდელის დადება.

საქმეში არსებული მტკიცებულებით, სააპელაციო სასამართლოს აღნიშვნით, არ დასტურდება ნ. გ.-ის მიერ ბეჭდით დაუმოწმებელი საბუთით სალაროში თანხის მიღებისა და შენახვის ფაქტი, რაც საფუძვლად დაედო მოსარჩელის გათავისუფლებას. ასევე, საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 136-ე მუხლით რეგლამენტირებულია ადმინისტრაციის ვალდებულება, დისციპლინური სასჯელის დადებამდე, დისციპლინის დამრღვევისათვის წერილობითი ასხნა-განმარტების ჩამორთმევის სავალდებულობის თაობაზე, რაც ადმინისტრაციის მიერ არ განხორციელებულა.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა მოსაზრება მ. გ.-ის მიმართ დისციპლინური გადაცდომის თაობაზე ფაქტობრივი გარემოებების არასრულყოფილად გამოკვლევის თაობაზე და ჩათვალა, რომ აღნიშნული ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, გასაჩივრებული ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველია.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად დაავალა მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს მ. გ.-ის შრომითი მოწყობის საკითხებთან დაკავშირებული ყველა გარემოებების სათანადო გამოკვლევისა და შეფასების შედეგად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, იმ მოტივით, რომ აღნიშნულ საკითხებზე მსჯელობა სცილდება სასამართლოს კომპეტენციას და იგი ადმინისტრაციის დისკრეციულ უფლებას განეკუთვნება.

სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ მ. გ.-ს უნდა აუნაზღაურდეს იძულებითი განაცდური ხელფასი გათავისუფლების დღიდან ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე, იმ მოტივით, რომ ხელფასის გაცემის შეწყვეტის საფუძველი შეიძლება იყოს მხოლოდ მუშაკის სამსახურიდან გათავისუფლება. ვინაიდან მოსარჩელის გათავისუფლების ბრძანება ბათილად არის ცნობილი, შესაბამისად, არ არსებობს ხელფასის გაუცემლობის საფუძველი.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მ. გ.-მ და საქართველოს შს სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის დეპარტამენტის ...-ის სამმართველომ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 28 მაისის განჩინებით განუხილველად იქნა დატოვებული საქართველოს შს სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის დეპარტამენტის ...-ის სამმართველოს საკასაციო საჩივარი იმ მოტივით, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 20 აპრილის განჩინებით დადგენილი ხარვეზი კასატორის - საქართველოს შს სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის დეპარტამენტის ...-ის სამმართველოს მიერ გამოსწორებული არ იქნა სასამართლოს მიერ მითითებულ ვადაში. კერძოდ, საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი არ იქნა დასაბუთებული საკასაციო საჩივარი და მინდობილობა ან წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

მ. გ.-მ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც ძალაში დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და სამუშაოზე აღდგენა იმ მოტივით, რომ საქართველოს შს სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის ...-ის სამმართველოს მიერ ვერც ერთი ინსტანციის სასამართლოში ვერ იქნა წარდგენილი საქმისათვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები და შესაბამისად, მ. გ.-ის განმარტებით, სააპელაციო სასამართლო ვალდებული იყო, გასაჩივრებული ბრძანების ბათილად ცნობასთან ერთად, აღედგინა იგი სამსახურში. სასამართლოს მიერ ასევე არ იქნა გათვალისწინებული ორი წლის მანძილზე მოსარჩელის ყოველგვარი შემოსავლის გარეშე ყოფნა, მისი მატერიალური და მორალური ზიანი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 20 აპრილის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული მ. გ.-ის საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2007 წლის 20 აპრილის განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად მ. გ.-ის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით.

მხარეთა მიერ მოსაზრებები წარმოდგენილი არ იქნა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას, მ. გ.-ის საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ მ. გ.-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან და ამდენად, სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა პროცესუალური დარღვევის გარეშე.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს მ. გ.-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც აღნიშნულ საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. უარი ეთქვას მ. გ.-ს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.