Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

ბს-342-329(კ-08) 19 მაისი, 2008 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ:

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)

მარიამ ცისკაძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ვ. კ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.01.08წ. განჩინებაზე.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 395-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი უნდა პასუხობდეს ამ კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილ მოთხოვნებს. ამავე კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელი (საკასაციო საჩივარი) შედგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით, როგორც წესი, ნაბეჭდი სახით და უნდა უპასუხებდეს ამ კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშს. ამასთან, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ერთ-ერთ პირობას წარმოადგენს სახელმწიფო ბაჟის გადახდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 24.04.08წ. განჩინებით ვ. კ-ის დაევალა ხარვეზის შესახებ მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 177-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი საკასაციო საჩივარი იმდენ ასლად, რამდენი მხარეცაა საქმეში და სახელმწიფო ბაჟის 300 (სამასი) ლარის გადახდის ქვითარი ან უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ მის მიერ სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობას. აღნიშნული განჩინების კასატორისთვის ჩაბარების შესახებ უზენაეს სასამართლოში შემოსული დასტურიდან ირკვევა, რომ კასატორს ხსენებული განჩინება ჩაბარდა 29.04.08წ. მიუხედავად ამისა, ვ. კ-ის მიერ ხარვეზი არ იქნა გამოსწორებული სასამართლოს მიერ დადგენილი ფორმით, ვინაიდან ვ. კ-ის მიერ უზენაეს სასამართლოში 03.05.08წ. გამოგზავნილი იქნა განცხადება, რომლის თანახმად კასატორმა ხარვეზის გომოსწორების მიზნით წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის გადახდის ქვითარი, ხოლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 177-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი საკასაციო საჩივარი იმდენ ასლად, რამდენი მხარეცაა საქმეში არ იქნა წარმოდგენილი კასატორის მიერ, რაც მისი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენს. საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 395-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი უნდა უპასუხებდეს ამ კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილ მოთხოვნებს. აღნიშნული ნორმა წარმოადგენს იმპერატიულ დანაწესს და სასამართლოს არ აძლევს შესაძლებლობას გადაწყვიტოს საქართველოს იუსტიციის საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშის დაუცველად შეტანილი საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 395-ე მუხლით, 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ვ. კ-ის საკასაციო საჩივარი დატოვებული იქნეს განუხილველად;

2. ვ. კ-ის დაუბრუნდეს 03.05.08წ. (საიდენტ. კოდი 61001011367) გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 (სამასი) ლარის ოდენობით;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.