ბს-34-33(კ-07) 4 აპრილი, 2007 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე),
ნინო ქადაგიძე (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ა. ს-ის წარმომადგენელ ა. ა-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 17 ნოემბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2006 წლის 9 ივლისს ალ. ს-ის წარმომადგენელმა ტ. ა-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. წყალტუბოს რაიონულ სასამართლოს მოპასუხე საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის წყალტუბოს რაიონული ფილიალის მიმართ მიუღებელი პენსიისა და მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე.
მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ ალ. ს-ე არის პენსიონერი, II ჯგუფის ინვალიდი, შრომის ვეტერანი, საქართველოს მოქალაქე, რომელიც დრობით იმყოფება ქ. ..... (ყირგიზეთი), ვინაიდან მძიმე დაავადების გამო, არ შეუძლია მგზავრობა.
2001 წლის ივნისიდან ალ. ს-ეს სოციალური ფონდის განყოფილებამ შეუჩერა პენსიის გაცემა რეგისტრაციის გაუვლელობის საფუძველზე.
2004 წლის სექტემბერში ,,პენსიონერთა საკონტროლო რეგისტრაციის გატარების წესის შესახებ” (პუნქტი 16,,ზ”, III ნაწილი) საქართველოს მთავრობის 2004 წლის 18 აგვისტოს ¹96 დადგენილების შესაბამისად, კომისიამ ა. ს-ე გაატარა რეგისტრაციაში და მისი დოკუმენტები გადასცა სოციალური ფონდის ადგილობრივ განყოფილებას.
მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხემ იგი თვითნებურად არ ჩართო პენსიის დანიშვნისათვის რეგისტრირებული პენსიონერების სიაში. ამის გამო ა. ს-ეს არ მიუღია პენსია 2004 წლის სექტემბრიდან 2005 წლამდე, კერძოდ: 1. 1998-2000 წწ. (18 თვის) გაყინული პენსია 218 ლარის ოდენობით; 2. 2001 წლის ივნისიდან 2004 წლის აგვისტომდე (39 თვის) შეჩერებული პენსია 609 ლარი, მაშინ როდესაც აღნიშნული პენსიის გაცემა გათვალისწინებული იყო ,,პენსიის შესახებ” 1990 წლის 15 მაისის საქართველოს კანონის 111-ე მუხლით, რომელიც ძალაში იყო 01.01.2006 წლამდე.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა მოპასუხე ორგანიზაციას მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრებოდა მიუღებელი პენსია 985 ლარის, მორალური ზიანის სახით 10000 ლარისა და თარგმანისთვის გაწეული ხარჯების - 40 ლარის ანაზღაურება.
მოპასუხე საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის წყალტუბოს ფილიალის წარმომადგენელმა სასარჩელო განცხადება არ ცნო და მოითხოვა მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2006 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით ალ. ს-ის წარმომადგენლის - ტ. ა-ის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის წყალტუბოს ფილიალს ალ. ს-ის სასარგებლოდ დაეკისრა 546, 40 ლარის გადახდა, ხოლო დანარჩენ ნაწილში სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. ს-ის წარმომადგენელმა ტ. ა-ამ.
აპელანტი სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ მოპასუხემ არაკანონიერად შეაჩერა ა. ს-ის პენსიის გაცემა 2001 წლის ივნისში, მაშინ როდესაც ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ” 2006 წლის 1 იანვრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, პენსია შეიძლება შეჩერებულ იქნეს, თუ ის მიუღებელია ექვსი თვის განმავლობაში უწყვეტად. მოპასუხემ კი, დაარღვია მოსარჩელის უფლება, რაც დასტურდება 2001 წლის სააღრიცხვო ბარათით და ¹პ-2 ფორმით.
სასამართლომ იხელმძღვანელა რა აღნიშნული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტით, მოსარჩელეს მიაკუთვნა 168 ლარი, რაც სასამართლოს აშკარა შეცდომაა.
აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2006 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებასა და მისი სასარჩელო განცხადების სრულად დაკმაყოფილებას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 17 ნოემბრის განჩინებით ტ. ა-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2006 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლო განჩინებაში მიუთითებდა, რომ ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტით, პენსიის გაცემა შეჩერდება საქართველოს მოქალაქის მიერ პენსიის ზედიზედ 6 თვის განმავლობაში მიუღებლობისას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად კი, შეჩერებული პენსიის განახლება ხდება პენსიონერის მიერ კომპეტენტურ ორგანოში პენსიის გაცემის განცხადების შეტანიდან მომდევნო თვეს და ანაზღაურდება მის მიერ მიუღებელი თანხა წარსული დროისათვის, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა, პენსიის გაცემის შეჩერების დღიდან.
მოსარჩელეს პენიის გაცემა შეუჩერდა 2001 წლის ივნისიდან. ამ პერიოდში ყოველთვიური პენსია იყო 14 ლარი, რაც ერთი წლის განმავლობაში შეადგენდა 168 ლარს.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ,,სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონების შესაბამისად, 1998-2000 წლებში მიუღებელი პენსია უნდა ანაზღაურდეს, რაც შეადგენს 194,40 ლარს.
ასევე, ა. ს-ეს ეკუთვნის 2004 წლის სექტემბრიდან 4 თვისა და 2005 წლის იანვრიდან 4 თვის პენსია, რაც შეადგენს 184 ლარს. მთლიანობაში კი მას ეკუთვნის 546, 40 თეთრი.
სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევაში. პენსიის შეჩერებისა და რეგისტრაციის დროზე გაუვლელობისათვის კი, სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მორალური ზიანის ანაზღაურებას კანონი არ ითვალისწინებს.
სააპელაციო პალატის განმარტებით, ვინაიდან გარკვეულ პერიოდში არ იყო რეგისტრირებული ა. ს-ე, ამიტომ შეუჩერდა მას პენსია, 1998-2000 წლების გაყინული პენსია კი ბიუჯეტის კანონიდან გამომდინარე, მას ეკუთვნის მიუღებელი ვადის გათვალისწინებით.
მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. ს-ის წარმომადგენელმა ტ. ა-ამ.
კასატორი საკასაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონი, რომელიც მოქმედებდა 2006 წლის 1 იანვრიდან და მოპასუხეს დააკისრა მხოლოდ ერთი წლის შეჩერებული პენსიის ანაზღაურება, მაიშინ როდესაც მოპასუხის ქმედებაში იკვეთება დანაშაულის ნიშნები, რომლებიც მიმართულია ა. ს-ის წინააღმდეგ გასული დროის პენსიის გაცემის თაობაზე, რაც ხორციელდებოდა 2004-2005 წლებში, ე.ი. ,,პენსიის შესახებ” 15.05.1990 წ. კანონის მოქმედების პერიოდში, რომლის შესაბამისადაც გათვალისიწინებულია დარიცხული მოუთხოვნელი სამი წლის საპენიო თანხის გაცემა (111 მუხლი).
კასატორის განმარტებით, სასამართლოებმა არ მისცეს შეფასება მოპასუხის ქმედებებს, რამაც გამოიწვია დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება.
სააპელაციო სასამართლო განჩინების მიღებისას აპელირებდა იმაზე, რომ რეგისტრაციაში გაუტარებლობისათვის პენსიის შეჩერების დროს არ არის გათვალისწინებული კომპენსაციების მიცემა, რაც არამართებულია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 17 ნოემბრის განჩინების გაუქმებას და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 26 იანვრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ა. ს-ის წარმომადგენლის - ტ. ა-ას საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2007 წლის 26 იანვრის განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად ზემოაღნიშნული საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით.
2007 წლის 16 თებერვალს საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის წყალტუბოს ფილიალმა წარმოადგინა Dშესაგებელი, რომლითაც მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 17 ნოემბრის განჩინების უცვლელად დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ განჩინებას, ა. ს-ის წარმომადგენლის - ტ. ა-ას საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ ა. ს-ის წარმომადგენლის - ტ. ა-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან და სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა პროცესუალური დარღვევის გარეშე.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს ა. ს-ის წარმომადგენლის - ტ. ა-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც აღნიშნულ საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. უარი ეთქვას ა. ს-ის წარმომადგენელ - ტ. ა-ას საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.