Facebook Twitter

ბს-343-325(კ-07) 10 ოქტომბერი, 2007 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე

ნუგზარ სხირტლაძე

.

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) _ ე. ლ-ე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ 2002 წლის 25 აპრილს ქ. თბილისში მომხდარი მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო სპეციალური ფონდი

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 19 დეკემბრის განჩინება

სარჩელის საგანი _ დესტინატერის სტატუსის მინიჭება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2005 წლის 5 აპრილს ე. ლ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხის _ 2002 წლის 25 აპრილს ქ. თბილისში მომხდარი მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო სპეციალური ფონდის მიმართ.

სარჩელში აღნიშნული იყო, რომ 2002 წლის 25 აპრილს ქ. თბილისში მომხდარი მიწისძვრის შედეგად ე. ლ-ეს დაენგრა სახლი .... დასახლების მე-..... ქუჩის ¹17-ში, რის შედეგადაც ხსენებული სახლი საცხოვრებლად გახდა უვარგისი და მოსარჩელე ღია ცის ქვეშ დარჩა. მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით, 2002 წლის 4 მაისს დაფუძნდა მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო სპეციალური ფონდი, რომელსაც დაევალა მიწისძვრით დაზარალებულ პირთათვის ბინების შეძენა და მათი იქ შესახლება.

მოსარჩელის განმარტებით, ე. ლ-ეს სპეციალურად შექმნილმა კომისიამ გამოუყო ბინა და შეასახლა .... დასახლების მე-.... მ/რ-ის მე-5 კვარტლის ¹13 კორპუსის ¹28 ბინაში.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ქ. თბილისის მთავრობის 2003 წლის 5 ივნისის ¹08.28.176 დადგენილებით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლითაც მიწისძვრით დაზარალებულ მოქალაქეებს ის ბინები, რომლებშიც იყვნენ შესახლებულები, გადაეცემოდათ საკუთრების უფლებით. აღნიშნული დადგენილებით დამტკიცდა საკუთრების გადაცემის წესი. სპეციალური კომისიის მიერ ე. ლ-ე შესახლებულ იქნა ზემოხსენებულ ბინაში. აღნიშნული ფონდის ხელმძღვანელობამ მას გარკვეული ვადა მისცა შესაბამისი დოკუმენტების წარმოსადგენად, დროებით სარგებლობაში გადაცემული ბინის საკუთრების უფლებით გაფორმებისთვის.

მოსარჩელის განმარტებით, როგორც მარტოხელა და ავადმყოფმა პენსიონერმა, ვერ შეძლო ზემოხსენებული დოკუმენტების შეგროვება, თუმცა ზემოაღნიშნულ ფონდს მისთვის რაიმე ვადა იმავე დოკუმენტების წარდგენისთვის არ განუსაზღვრია, ხოლო ამ დოკუმენტების ერთობლიობაში წარდგენის შემთხვევაში, ფონდი მათ წარმდგენ პირს ანიჭებდა დესტინატერის სტატუსს.

მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ 2005 წლის 9 მარტს განცხადება და ყველა დოკუმენტი წარადგინა ფონდში და მოითხოვა დესტინატერის სტატუსის მინიჭება, თუმცა უშედეგოდ, ამასთან, დასახელებულ ფონდს სარჩელი ჰქონდა აღძრული მის მიმართ და მოითხოვდა ბინიდან ე. ლ-ის გამოსახლებას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ე. ლ-ემ მოითხოვა მოპასუხის დავალდებულება, მისთვის დესტინატერის სტატუსის მინიჭების თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილებით ე. ლ-ეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

აღნიშნული გადაწყვეტილება ე. ლ-ემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 19 დეკემბრის განჩინებით ე. ლ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ქ. თბილისის მთავრობის 2003 წლის 5 ივნისის ¹08.28.176 დადგენილების მე-3 მუხლის თანახმად, დესტინატერად ცნობისათვის დადგენილ მოთხოვნას წარმოადგენდა ის პირობა, რომ დაინტერესებულ პირს, სხვა რეკვიზიტებთან ერთად, ფონდში უნდა წარედგინა დანგრეულ და დანგრევას დაქვემდებარებულ სახლზე (ბინაზე) მისი საკუთრების დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი _ ცნობა საჯარო რეესტრიდან ან ტექნიკური აღრიცხვის ბიუროდან. ამ დოკუმენტების წარდგენის შემდეგ ფონდის მიერ აღნიშნული პირისათვის მინიჭებული იქნებოდა დესტინატერის სტატუსი.

სააპელაციო სასამართლოს აღნიშვნით, საქმის მასალებით არ დასტურდებოდა, რომ ე. ლ-ის მიერ ფონდში წარდგენილ იქნა ზემოთ მითითებული დადგენილებით განსაზღვრული, დესტინატერის სტატუსის მინიჭებისათვის აუცილებელი დოკუმენტაცია.

სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად არ მიიჩნია ის ფაქტი, რომ ე. ლ-ეს ნება დაერთო, დროებითი თავშესაფრის სახით, შესულიყო სადავო ბინაში, ხოლო ე. ლ-ის მიერ 2004 წელს .... დასახლების მე-..... ქუჩის ¹17-ში მდებარე სახლის საკუთრების უფლებით აღრიცხვა (ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე), ქ. თბილისის მთავრობის 2003 წლის 5 ივნისის ¹08.28.176 დადგენილების თანახმად, არ წარმოადგენდა დესტინატერად მისი ცნობის საფუძველს.

სააპელაციო სასამართლომ, ამასთან, აღნიშნა, რომ არსებობდა კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება სადავო ბინიდან ე. ლ-ის გამოსახლების თაობაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 19 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ე. ლ-ემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.

კასატორი აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონის დარღვევითაა მიღებული და სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა «2002 წლის 25 აპრილს ქ. თბილისში მომხდარი მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციოდ, დროებითი თავშესაფრის სახით შეძენილი ბინების, მიწისძვრის შედეგად დანგრეულ ან დანგრევას დაქვემდებარებული საცხოვრებელი სახლების მქონე მოსახლეობისათვის საკუთრებაში გადაცემის წესი», როდესაც მიუთითა, რომ პირს სხვა რეკვიზიტებთან ერთად, ფონდში უნდა წარედგინა დანგრეულ ან დანგრევას დაქვემდებარებულ საცხოვრებელ სახლზე მისი საკუთრების დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი _ ცნობა საჯარო რეესტრიდან ან ტექნიკური აღრიცხვის ბიუროდან.

კასატორის განმარტებით, ზემოაღნიშნული წესის მე-2 მუხლის თანახმად, დესტინატერს წარმოადგენს მობინადრე, რომელსაც გააჩნია მიწისძვრის შედეგად დანგრეული ან დანგრევას დაქვემდებარებული საცხოვრებელი სახლი ქ. თბილისში და აკმაყოფილებს ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს, ხოლო დესტინატერს არ მიეკუთვნება მობინადრე, რომელსაც გააჩნია მიწიძვრის შედეგად დანგრეული ან დანგრევას დაქვემდებარებული სახლი, მაგრამ წარმოადგენს ამ სახლის: ა) მესაკუთრეს, რომელიც აღნიშნულ სახლს თვითონ არ იყენებს საცხოვრებლად და ცხოვრობს სხვა მისამართზე და ბ) დროებით დამქირავებელს, რომელსაც შეუძლია იქირავოს სხვა სახლი ქალაქ თბილისში.

კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა ზემოხსენებული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის «ე» ქვეპუნქტის შესახებ, რომელიც შესაძლებლად მიიჩნევდა ზემოთ მითითებული დოკუმენტების წარუდგენლობის შემთხვევაშიც, პირზე დესტინატერის სტატუსის გავრცელებას, თუ დანგრეული ან დანგრევას დაქვემდებარებული სახლი წარმოადგენდა კონკრეტული დესტინატერის ერთადერთ საცხოვრებელ ადგილს ქალაქ თბილისში.

კასატორი აღნიშნავს, რომ ქ. თბილისის მთავრობის 2003 წლის 5 ივნისის ¹08.28.176 დადგენილების მიღებამდე, პირველ ეტაპზე დროებითი თავშესაფრის სახით გადაეცა ბინა შესაბამისი კომისიის გადაწყვეტილებით. ე. ლ-ე 2004 წელს აღირიცხა მესაკუთრედ საჯარო რეესტრში და «საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ» საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, მას საკუთრების უფლება ჰქონდა მის მიერ დაკავებულ საცხოვრებელ სადგომზე, რომელიც მის ერთადერთ საცხოვრებელს წარმოადგენდა ქ. თბილისში, ამასთან, ფაქტობრივად ფლობდა საცხოვრებელ სადგომს მესაკუთრესთან სანოტარო ფორმის დაცვის გარეშე დადებული წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე და იმავდროულად იგი რეგისტრირებული იყო იმავე მისამართზე.

კასატორის განმარტებით, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იგი აკმაყოფილებს დესტინატერის სტატუსის მისაღებად დადგენილ მოთხოვნებს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 30 აპრილის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ე. ლ-ის საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2007 წლის 30 აპრილის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2007 წლის 27 ივნისამდე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 27 ივნისის განჩინებით ე. ლ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით და მისი განხილვა მხარეთა დასწრებით დაინიშნა 2007 წლის 26 სექტემბერს, 11.00 საათზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ ე. ლ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საკასაციო სასამართლოს მოცემული საქმის მასალების მიხედვით, დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს მიერ გაცემული 2002 წლის 3 ივნისის გამოკვლევის შესახებ ¹2886 ბარათის თანახმად, საცხოვრებელი ბინა, მდებარე ქ. თბილისში, .... დასახლების მე-.... ქუჩის ¹17-ში, მწვავე ავარიული და საცხოვრებლად უვარგისია (ს.ფ. 5). ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონის გამგეობის შპს «....» ფილიალის _ ¹.... «მომსახურების სერვისული ცენტრის» 2002 წლის 4 ივლისის ¹706 ცნობის მიხედვით, ე. ლ-ე დაბადებულია 19.... წელს და არის პენსიონერი (ს.ფ. 8). საინფორმაციო-სამისამართო განყოფილების მონაცემების შესახებ 2004 წლის 1 ოქტომბრის ცნობის თანახმად, ე. ლ-ე რეგისტრირებულია შემდეგ მისამართზე _ ქ. თბილისი, .... დასახლების მე-.... ქუჩა, ¹17-ში (ს.ფ. 9). მოქალაქის პირადობის მოწმობის მიხედვით, ე. ლ-ის მისამართია _ ქ. თბილისი, .... დასახლების მე-.... ქუჩის ¹17 (ს.ფ. 10). მიწის (უძრავი ქონების) შესახებ საჯარო რეესტრის 2004 წლის 5 ოქტომბრის ამონაწერის მიხედვით, ქ. თბილისში, .... დასახლების მე-.... ქუჩის ¹17-სა და ¹20-ში არსებული შენობა-ნაგებობანი და მიწის ნაკვეთი წარმოადგენს გ. ა-ისა და ე. ლ-ის საერთო საკუთრებას, რის საფუძველსაც წარმოადგენს სანოტარო წესით დამოწმებული 2004 წლის 22 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 6). ისანი-სამგორის რაიონის მიწისძვრის ფონდის რაიონული კომისიის სხდომის 2002 წლის 13 ივლისის ¹2 ოქმით დამტკიცდა დაზარალებულ მოქალაქეთაგან პირველ რიგში დასაკმაყოფილებელი 50-ოჯახიანი სია, დამტკიცებული სიიდან გამოიყო და დამტკიცდა 11-ოჯახიანი სია, რომელთაც უპირველესად უნდა მისცემოდათ დროებითი ბინები, ხოლო აღნიშნულ 11-ოჯახიან სიაში შეყვანილ იქნა ე. ლ-ე (ს.ფ. 48-49). 2002 წლის 25 აპრილს ქ. თბილისში მომხდარი მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო სპეციალურმა ფონდმა 2005 წლის 23 მარტს ე. ლ-ეს აცნობა, რომ ხსენებული ფონდი მის მიერ დაკავებულ ფონდის კუთვნილ ბინაზე ე. ლ-ის დესტინატერად ცნობის თაობაზე განცხადების განხილვას დაუბრუნდებოდა სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ (ს.ფ. 11).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქ. თბილისის მთავრობის 2003 წლის 5 ივნისის ¹08.28.176 დადგენილებით (დანართი ¹1) დამტკიცდა «2002 წლის 25 აპრილს ქ. თბილისში მომხდარი მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციოდ, დროებითი თავშესაფრის სახით შეძენილი ბინების, მიწისძვრის შედეგად დანგრეულ ან დანგრევას დაქვემდებარებული საცხოვრებელი სახლების მქონე მოსახლეობისათვის საკუთრებაში გადაცემის წესი». აღნიშნული წესის პირველი მუხლის მიხედვით, იგი არეგულირებს მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციოდ, ფონდის მიერ შეძენილი ბინების მიწისძვრის შედეგად დანგრეულ ან დანგრევას დაქვემდებარებული საცხოვრებელი სახლების (ბინების) მქონე მოსახლეობისათვის (დესტინატერი) საკუთრებაში გადაცემის პირობებს, პროცედურებსა და მასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. იმავე წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულია პირის დესტინატერად ცნობის პირობები, კერძოდ, მასში მითითებულია, რომ ამ წესის მიზნებისათვის დესტინატერს წარმოადგენს მობინადრე (ოჯახი), რომელსაც გააჩნია მიწისძვრის შედეგად დანგრეული ან დანგრევას დაქვემდებარებული საცხოვრებელი სახლი (ბინა) ქალაქ თბილისში და აკმაყოფილებს ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მიწისძვრის შედეგად დანგრეულ ან დანგრევას დაქვემდებარებული საცხოვრებელი სახლების (ბინების) მქონე პირისათვის ფონდის მიერ შეძენილი ბინის საკუთრებაში გადაცემისათვის აუცილებელია, რომ პირი აკმაყოფილებდეს «2002 წლის 25 აპრილს ქ. თბილისში მომხდარი მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციოდ, დროებითი თავშესაფრის სახით შეძენილი ბინების, მიწისძვრის შედეგად დანგრეულ ან დანგრევას დაქვემდებარებული საცხოვრებელი სახლების მქონე მოსახლეობისათვის საკუთრებაში გადაცემის წესის» მე-2 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს და მას მინიჭებული ჰქონდეს დესტინატერის სტატუსი.

ზემოაღნიშნული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ფონდის პირველი რიგის განსახორციელებელ ღონისძიებას განეკუთვნება დესტინატერზე დროებითი თავშესაფრის სახით, ფონდის მიერ შეძენილი ბინის სარგებლობის უფლებით გადაცემა და ამის დამადასტურებელი ხელშეკრულების, მიღება-გადაცემის აქტის გაფორმება, თუ დაინტერესებული პირი ფონდში წარმოადგენს: განცხადებას; საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს ოფიციალურად დამოწმებულ დასკვნას, რომლითაც მის კუთვნილ საცხოვრებელ სახლს (ბინას) მინიჭებული ექნება _ დანგრეული ან დანგრევას დაქვემდებარებული კატეგორია; დანგრეულ ან დანგრევას დაქვემდებარებულ სახლზე (ბინაზე) მისი საკუთრების დამადასტურებელ ოფიციალურ დოკუმენტს (ცნობა საჯარო რეესტრიდან ან ტექნიკური აღრიცხვის ბიუროდან) და სულადობის განმსაზღვრელ ფორმა ¹1-ს. იმავე პუნქტის «ე» ქვეპუნქტის თანახმად, ამ პუნქტის «გ» ქვეპუნქტში მითითებული დოკუმენტის წარმოდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში _ სასამართლო წესით დადასტურებულ ფაქტს, რომ დანგრეული ან დანგრევას დაქვემდებარებული სახლი (ბინა) წარმოადგენს ამ კონკრეტული დესტინატერის ერთადერთ საცხოვრებელ ადგილს ქალაქ თბილისში. ხსენებული მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების მიხედვით კი, ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული დოკუმენტები ფონდში წარმოდგენილ უნდა იქნეს ერთობლიობაში (პაკეტში), რომლის საფუძველზეც ფონდი აღნიშნულ პირს ანიჭებს დესტინატერის სტატუსს, ხოლო ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული დოკუმენტებიდან ერთ-ერთის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, პირი ვერ იძენს დესტინატერის სტატუსს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო სპეციალურმა ფონდმა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოში აღძრა სამოქალაქო სარჩელი ე. ლ-ის მიმართ და მიუთითა, რომ ქ. თბილისში, .... დასახლების მე-.... მ/რ-ის მე-5 კვარტალში, ¹13 კორპუსის ¹28 ბინა მიწისძვრით დაზარალებულთათვის დროებითი თავშესაფრის მიზნით, შეისყიდა სალიკვიდაციო ფონდმა, რომელშიც თვითნებურად შეიჭრა ე. ლ-ე. იგი არ წარმოადგენდა ფონდის დესტინატერს, ხოლო ფონდი ახორციელებდა ფონდის დესტინატერებისათვის დროებით სარგებლობაში ბინის გადაცემა-რეგისტრაციას, ე. ლ-ის ბინაში შეჭრით კი ვერ ხერხდებოდა სადავო ბინის დესტინატერისათვის გადაცემა. მოსარჩელემ მოითხოვა ე. ლ-ის გამოსახლება სადავო ბინიდან. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005 წლის 14 სექტემბრის განჩინებით ე. ლ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 4 თებერვლის განჩინება, რომლითაც, თავის მხრივ, ე. ლ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო სპეციალური ფონდის სარჩელი დაკმაყოფილდა და ე. ლ-ე გამოსახლდა სადავო _ ქ. თბილისში, .... დასახლების მე-.... მ/რ-ის მე-5 კვარტალში, ¹13 კორპუსის ¹28 ბინიდან, ხოლო აღნიშნული გადაწყვეტილება დაექვემდებარა დაუყოვნებლივ აღსრულებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005 წლის 14 სექტემბრის განჩინებით საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ დესტინატერის სტატუსის მოსაპოვებლად მან წარადგინა ის საბუთები, რაც მითითებულია ქალაქ თბილისის მთავრობის 2003 წლის 5 ივნისის ¹08.28.176 დადგენილებით დამტკიცებული «2002 წლის 25 აპრილს ქ. თბილისში მომხდარი მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციოდ დროებითი თავშესაფრის სახით შეძენილი ბინების, მიწისძვრის შედეგად დანგრეულ ან დანგრევას დაქვემდებარებული საცხოვრებელი სახლების მქონე მოსახლეობისათვის საკუთრებაში გადაცემის წესის” მე-3 მუხლში, იყო უსაფუძვლო, რადგან საქმეში არსებული მასალებით არ დასტურდებოდა, რომ ე. ლ-ემ ფონდში წარადგინა აღნიშნული წესის მე-3 მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი დოკუმენტები, კერძოდ: განცხადება, საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს ოფიციალურად დამოწმებული დასკვნა, რომლითაც მის კუთვნილ საცხოვრებელ სახლს (ბინას) მინიჭებული ექნებოდა _ დანგრეული ან დანგრევას დაქვემდებარებული კატეგორია, დანგრეულ ან დანგრევას დაქვემდებარებულ სახლზე (ბინაზე) მისი საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი და სულადობის განმსაზღვრელი ფორმა ¹1.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005 წლის 14 სექტემბრის კანონიერ ძალაში შესული განჩინებით უდავოდ დადგენილად არის მიჩნეული, რომ ე. ლ-ეს ზემოხსენებულ ფონდში არ წარუდგენია ზემოთ დასახელებული წესის მე-3 მუხლის პირველ პუნქტში მითითებული დოკუმენტები.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის (ფაქტები, რომლებიც არ საჭიროებენ მტკიცებას) «ბ» ქვეპუნქტის თანახმად, მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც თუმცა ემყარება მათი მოთხოვნები, თუ შესაგებელი, მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებენ. ესენია _ ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ. იმავე კოდექსის 266-ე მუხლის მიხედვით, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე, მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი.

აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, ვინაიდან მოცემულ საქმეში იგივე მხარეები მონაწილეობენ, რომლებიც ზემოაღნიშნულ სამოქალაქო საქმეშიც იღებდნენ მონაწილეობას, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005 წლის 14 სექტემბრის განჩინებას ამავე განჩინებით დადგენილი ფაქტებისა და სამართლებრივი ურთიერთობების კუთხით გააჩნია პრეიუდიციული მნიშვნელობა მოცემულ საქმესთან მიმართებაში.

«2002 წლის 25 აპრილს ქ. თბილისში მომხდარი მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციოდ, დროებითი თავშესაფრის სახით შეძენილი ბინების, მიწისძვრის შედეგად დანგრეულ ან დანგრევას დაქვემდებარებული საცხოვრებელი სახლების მქონე მოსახლეობისათვის საკუთრებაში გადაცემის წესის» მე-5 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, თუ ამ წესის ძალაში შესვლამდე, ფონდის მიერ შეძენილ ბინაში ცხოვრობს პირი (ოჯახი) და ის ფონდში წარმოადგენს ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებს, ის შეიძენს დესტინატერის სტატუსს და ამ ბინასთან მიმართებაში მასზე გავრცელდება ამ წესის მე-4 მუხლით (საკუთრების უფლების შეძენა ფონდის მიერ გადაცემულ ბინაზე) დადგენილი პირობები. იმავე წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, თუ ამ წესის ძალაში შესვლამდე, ფონდის მიერ შეძენილ ბინაში ცხოვრობს პირი (ოჯახი) და ის ფონდში ვერ წარმოადგენს ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებს, ფონდი აღნიშნულ პირთან აფორმებს ამ ბინით ექვსი თვით სარგებლობის ხელშეკრულებას, რომლის გასვლის შემდეგაც, აღნიშნული პირი ფონდს, როგორც მესაკუთრეს, სავალდებულო წესით უთავისუფლებს ამ ბინას, წინააღმდეგ შემთხვევაში ბინის გამოთავისუფლება მოხდება სასამართლო წესით.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონის დარღვევითაა მიღებული და სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა «2002 წლის 25 აპრილს ქ. თბილისში მომხდარი მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციოდ, დროებით თავშესაფრის სახით შეძენილი ბინების, მიწისძვრის შედეგად დანგრეულ ან დანგრევას დაქვემდებარებული საცხოვრებელი სახლების მქონე მოსახლეობისათვის საკუთრებაში გადაცემის წესი».

სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიუთითა, რომ ზემოხსენებული წესის მე-3 მუხლის თანახმად, დესტინატერად ცნობისათვის დადგენილ მოთხოვნას წარმოადგენდა ის პირობა, რომ დაინტერესებულ პირს ფონდში აუცილებლად უნდა წარედგინა დანგრეულ და დანგრევას დაქვემდებარებულ სახლზე (ბინაზე) მისი საკუთრების დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი _ ცნობა საჯარო რეესტრიდან ან ტექნიკური აღრიცხვის ბიუროდან, ხოლო ამ დოკუმენტების წარდგენის შემდეგ ფონდის მიერ აღნიშნული პირისათვის მინიჭებული იქნებოდა დესტინატერის სტატუსი.

საკასაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ 2002 წლის 23 აპრილის მდგომარეობით ქ. თბილისში, .... დასახლების მე-.... ქუჩის ¹17-ში მდებარე ბინა ე. ლ-ის სახელზე საკუთრების უფლებით არ ირიცხებოდა და ხსენებული ბინა მის სახელზე საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით აღირიცხა 2004 წლის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე.

კასატორი საკასაციო საჩივრის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა ზემოხსენებული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის «ე» ქვეპუნქტზე, რომელიც შესაძლებლად მიიჩნევს ზემოთ მითითებული დოკუმენტების წარუდგენლობის შემთხვევაშიც, პირზე დესტინატერის სტატუსის გავრცელებას, თუ დანგრეული ან დანგრევას დაქვემდებარებული სახლი წარმოადგენს კონკრეტული დესტინატერის ერთადერთ საცხოვრებელ ადგილს ქალაქ თბილისში.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ «2002 წლის 25 აპრილს ქ. თბილისში მომხდარი მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციოდ, დროებითი თავშესაფრის სახით შეძენილი ბინების, მიწისძვრის შედეგად დანგრეულ ან დანგრევას დაქვემდებარებული საცხოვრებელი სახლების მქონე მოსახლეობისათვის საკუთრებაში გადაცემის წესის» მე-3 მუხლის პირველი პუნქტის «ე» ქვეპუნქტის რეალიზებისათვის არ არის საკმარისი მხოლოდ მოსარჩელის განცხადება, რომ დანგრეული ან დანგრევას დაქვემდებარებული სახლი წარმოადგენდეს პირის ერთადერთ საცხოვრებელს ქ. თბილისში, არამედ, ამისათვის აუცილებელია აღნიშნულის თაობაზე სასამართლო წესით დადასტურებული ფაქტი. მოცემული საქმის მასალებით კი არ დასტურდება ე. ლ-ის სახელზე ამის შესახებ სასამართლო წესით დადასტურებული ფაქტის არსებობა. შესაბამისად, ე. ლ-ე ვერ აკმაყოფილებს დესტინატერის სტატუსის მისაღებად დადგენილ მოთხოვნებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, რის გამოც გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ე. ლ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 19 დეკემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.