Facebook Twitter

¹ბს-343-330(კ-08) 15 ოქტომბერი, 2008 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა – მხარეთა დასწრების გარშე

კასატორი - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე – მ. მ-ე

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 17 იანვრის განჩინება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2006 წლის 28 ივნისს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას, მოპასუხე მ. მ-ის მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე.

Mმოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ მ. მ-ემ 2005 წლის 30 მარტს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან გააფორმა კონტრაქტი 4 წლის ვადით. Mმხარეებს კონტრაქტით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის ეკისრებოდათ პასუხისმგებლობა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

Gგაწეული საქმიანობის გასამრჯელო, კონტრაქტის მოქმედების ვადა და მისი ვადამდე შეწყვეტის პირობები განისაზღვრა კონტრაქტის ძალაში შესვლის დღიდან. Kკონტრაქტის 7.3 მუხლის შესაბამისად, თუ ,,სამხედრო მოსამსახურე” მომზადების პერიოდში ან მისი დასრულების შემდეგ ან ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში თავისი სურვილითა და სამინისტროსთან შეთანხმებით დატოვებს სამხედრო ძალებს, ან შექმნის პირობებს იმისათვის, რომ სამინისტრო იძულებული გახდეს შეუწყვიტოს ოთხწლიანი კონტრაქტი, ,,სამხედრო მოსამსახურე” უპირობოდ ხდება ვალდებული, ხელშეკრულების შეწყეტიდან 10 დღის ვადაში, ჯარიმის სახით აუნაზღაუროს სამინისტროს კონტრაქტით მასზე დახარჯული ფულადი თანხები.

მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხე მ. მ-ემ დაარღვია რა კონტრაქტის პირობები, იგი ვალდებულია, ხელშეკრულების 7.3 მუხლის თანახმად, აუნაზღაუროს თვადაცვის სამინისტროს მასზე დაკისრებული თანხა, რომელიც შეადგენს 3160,07 ლარსა და 19,30 აშშ დოლარს.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა მოპასუხეს დაკისრებოდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ 3160.07 ლარისა და 19,30 აშშ დოლარის ანაზღაურება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი მოპასუხე მ. მ-ის თანხის დაკისრების თაობაზე განსახილელად გადაეგზავნა უფლებამოსილ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით საქმე განსჯადობით განსახილელად გადაეგზავნა ბათუმის გაერთიანებულ საქალაქო სასამართლოს.

Mმოპასუხე მ. მ-ემ სარჩელი ცნო 19,30 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში, ხოლო 3160,07 ლარის დაკისრების ნაწილში სასარჩელო განცხადება არ ცნო და მოითხოვა მოსარჩელისათვის სარჩელის ამ ნაწილში დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 2 მაისის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მ. მ-ეს დაეკისრა 19,30 აშშ დოლარის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ გადახდა.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.

აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 2 მაისის გადაწყვეტილების გაუქმებას სარჩელის უარყოფის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადების სრულად დაკმაყოფილებას.

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მ. მ-ემ და მისმა ადვოკატმა მოითხოვეს ადვოკატის მომსახურებისა და მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება საქმეში წარმოდგენილი ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტების საფუძველზე.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 17 იანვრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 2 მაისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებდა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ აღძრულია სარჩელი ადმინისტრაციული ხელშეკრულების შეუსრულებლობის თაობაზე, რომლის საფუძველზეც საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ითხოვს დავალიანების გადახდას, კერძოდ, სარჩელი ეფუძნება მხარეთა შორის სამხედრო სამსახურის თაობაზე დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შეუსრულებლობას სამხედრო მოსამსახურის მიერ.

მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველს წარმოადგენს მოპასუხის მიერ ხელშეკრულების (კონტრაქტის) 7.3 მუხლის არაჯეროვანი შესრულება. მითითებული კონტრაქტის 7.3 მუხლით კი სამხედრო მოსამსახურეს თანხის გადახდა ეკისრება ერთი წლის სამხედრო სამსახურის გავლის შემდეგ. შესაბამისად, ერთი წლის გასვლამდე სამხედრო მოსამსახურეს არ შეიძლება დაეკისროს ხელშეკრულებით გათვალისწინებული საჯარიმო თანხის გადახდა.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მ. მ-ეს შორის ხელშეკრულება შეწყდა ერთი წლის გასვლამდე (ხელშეკრულება დაიდო 2005 წლის 30 მარტს, ხოლო მ. მ-ე სამსახურიდან დათხოვნილ იქნა 2005 წლის 10 ნოემბერს).

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მ. მ-ეს შორის დადებული 2005 წლის 30 მარტის ხელშეკრულება თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ქვედანაყოფში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ, არ ითვალისწინებს მოსამსახურის მიერ სამხედრო სამსახურის ერთი წლის გასვლამდე კონტრაქტის მოშლისას პასუხისმგებლობას, რაც პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიიჩნია სარჩელის უარყოფის სამართლებრივ საფუძვლად.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოწინააღმდე მხარის მოთხოვნა ადვოკატის მომსახურებისა და მგზავრობის ხარჯების ანაზღაურების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 381-ე მუხლით დავის საგნის შეცვლა ან გადიდება, შეგებებული სარჩელის შეტანა და ხარჯების განსაზღვრა სააპელაციო სასამართლოში დაუშვებელია.

მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.

კასატორი საკასაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ არც პირველმა და არც სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსაზრებასთან დაკავშირებით, სადაც სამინისტრო მიუთითებს, რომ მოთხოვნილი თანხა არის ზიანი, რომელიც კონტრაქტის (ხელშეკრულების) დარღვევიდან გამომდინარე წარმოიშვა და რომლის მოთხოვნის შესაძლებლობას იძლევა საქართველოს სამოქალაქო კოდექსი და მოქმედი კანონმდებლობა.

რის გამოც კასატორი ითხოვდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 17 იანვრის განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 17 იანვრის განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის სწორი სამართლებრივი კვალიფიკაციისათვის საკასაციო სასამართლო არსებითად მიიჩნევს სარჩელის საფუძვლების ანალიზს და თვლის, რომ დავის გადაწყვეტისათვის განმსაზღვრელია – სარჩელის საფუძველს წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ხელშეკრულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება, რომელზე მითითებასაც შეიცავს სააპელაციო საჩივარი თუ მოთხოვნა ემყარება მხარეთა შორის 2005 წლის 30 მარტს დადებული ხელშეკრულების შესაბამის ნორმებს, რომელზე მითითებასაც ასევე შეიცავს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი.

მოთხოვნის საფუძვლის განსაზღვრა, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მნიშვნელოვნად ცვლის საქმის არსს, რამეთუ სარჩელის საფუძველი განაპირობებს მოთხოვნის საფუძვლიანობას და უკავშირდება სამართალურთიერთობათა სუბიექტის უფლება-მოვალეობების წარმოშობას, შეცვლას და შეწყვეტას.

საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების შეფასების ნაწილში და თვლის, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მაია მაკარაძეს შორის 2005 წლის 30 მარტს დადებული ხელშეკრულება მიეკუთვნება ადმინსტრაციულ ხელშეკრულებათა კატეგორიას. თუ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი ეფუძნება მითითებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას, საკასაციო სასამართლო სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარს მიიჩნევს კანონშესაბამისად და ადასტურებს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების საფუძველს არ ქმნის ხელშეკრულების 7.3 მუხლი. ხელშეკრულების აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს თავდაცვის სამინისტროს მიერ ხელშეკრულების მოშლის საფუძვლებსა და სამხედრო მოსამსახურის პასუხისმგებლობის ფარგლებს იმ შემთხვევაში, თუ სამხედრო მოსამსახურე მომზადების პერიოდში ან მისი დასრულების შემდეგ, ან ხელშეკრულების მოქმედების ვადის განმავლობაში თავისი სურვილით და ,,სამინისტროსთან შეთანხმებით დატოვებს სამხედრო ძალებს ან შექმნის პირობებს იმისათვის, რომ სამინისტრო იძულებული გახდეს შეწყვიტოს 4 წლიანი კონტრაქტი, ასეთ შემთხვევაში სამხედრო მოსამსახურე უპირობოდ ხდება ვალდებული, ხელშეკრულების შეწყვეტიდან 10 დღის ვადაში ჯარიმის სახით აუნაზღაუროს სამინისტროს მასზე კონტრაქტით გათვალისწინებული დარჩენილი ვადის ფულადი თანხა, შემდეგი წესით: ა) 1 წლის სამსახურის გავლის შემდეგ, მომდევნო სამი წლის ხელფასის სახით, საშუალოდ 14000 ლარის ოდენობით; ბ) ორი წლის სამსახურის გავლის შემდეგ, მომდევნო ორი წლის ხელფასის სახით, საშუალოდ 10000 ლარის ოდენობით; გ) სამი წლის სამსახურის გავლის შემდეგ, მომდევნო 1 წლის ხელფასის სახით, საშუალოდ 5000 ლარის ოდენობით.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ზემოაღნიშნული ნორმის კონსტრუქციას და თვლის, რომ ანაზღაურების წესი განსაზღვრულია ბოლო აბზაცით, რაც, თავის მხრივ, გამორიცხავს სამხედრო მოსამსახურის პასუხისმგებლობას ერთ წლამდე სამხედრო სამსახურის შეწყვეტის შემთხვევაში. შესაბამისად, კონტრაქტით გათვალისწინებული საჯარიმო თანხის მოთხოვნის უფლება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმოეშობა ხელშეკრულების დადებიდან 1 წლის შემდეგ. დადგენილია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და პროცესუალურ მოწინააღმდეგეს შორის ხელშეკრულება შეწყდა 1 წლის გასვლამდე – ხელშეკრულება დადებულია 2005 წლის 30 მარტს და შეწყდა 2005 წლის 2 დეკემბერს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ქვედანაყოფში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ ხელშეკრულება არ განსაზღვრავს პასუხისმგებლობას მოსამსახურის მხრიდან ერთი წლის გასვლამდე კონტრაქტის შეწყვეტის პირობებში, რისი გათვალისწინებითაც, საკასაციო სასამართლო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას მიიჩნევს უსაფუძვლოდ და თვლის, რომ არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი წანამძღვრები.

რაც შეეხება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნას სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ხელშეკრულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების თაობაზე, საკასაციო სასამართლო მოკლებულია ამ თვალსაზრისით მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლების კანონიერების შემოწმებას, ვინაიდან აღნიშნული არ ქცეულა სააპელაციო სასამართლოს მსჯელობისა და შეფასების საგნად.

საკასაციო სასამართლო კვლავ მიუთითებს მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლების დაზუსტების აუცილებლობაზე და თვლის: თუ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნა ცალსახად ემყარება სამოქალაქო კოდექსის შესაბამის ნორმებს, ამ შემთხვევაში სასამართლო მსჯელობის საგნად უნდა იქცეს მითითებული ნორმების არსებულ პირობებში შეფარდების შესაძლებლობა. კერძოდ, ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტა იძლევა თუ არა სამართალდარღვევის შემადგენლობის ყველა იმ მახასიათებელ აუცილებელ ელემენტს, როგორიცაა მართლსაწინააღმდეგობა, ზიანი და მიზეზობრივი კავშირი. საგულისხმოა, რომ თუ სახეზე არ არის ზიანი, არ შეიძლება დადგეს ქონებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, ხოლო ამასთან, ანაზღაურდება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ კასაციის ძირითად საფუძველს წარმოადგენს სწორედ ის გარემება, რომ სააპელაციო სასამართლომ არ განსაზღვრა და არ იმსჯელა მოთხოვნის სამათლებრივ საფუძველზე, კერძოდ მოთხოვნის სამოქალაქო კოდექსის ნორმებთან შესაბამისობის თაობაზე, საკასაციო სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს საქმე ხელახალი განხილვისათვის დააბრუნოს იმავე სასამართლოში. აქვე საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სარჩელის საფუძველი მნიშვნელოვანწილად განაპირობებს დავის განსჯადობას, რაც ასევე უნდა იქცეს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგნად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I მუხლის II ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 17 იანვრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.