ბს-34-34(კ-08) 17 აპრილი, 2008 წ.
ქ.თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე (მოსამართლეები)
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ი. მ-ი (მოსარჩელე)
დავის საგანი – ერთჯერადი გასასვლელი დახმარების გაცემა, სანივთე ქონების ანაზღაურება
გასაჩივრებული სასამართლოს გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებეზე უარის თქმა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ი. მ-მა 2006 წლის თებერვალში სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ და მოითხოვა სამსახურიდან განთავისუფლების გამო ერთჯერადი დახმარების, ფულადი სარგოს რვამაგი ოდენობის - 1440 ლარის და ფორმის ტანსაცმლის შესაბამისი ფულადი კომპენსაციის - 506.36 ლარის, სულ - 1946.35 ლარის საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის დაკისრება. მან სასარჩელო განცხადება იმით დაასაბუთა, რომ 1994 წლის 29 აგვისტოს დაინიშნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს .... განყოფილებაში .... ჯგუფის ინჟინერ-ქიმიკოსად. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 19 დეკემბრის ¹3263 ბრძანებით რეორგანიზაციისა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით დათხოვნილი იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან. სამხედრო სამსახურის პერიოდში საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ვალდებული იყო, უზრუნველეყო სამხედრო მოსამსახურე სამხედრო ფორმის ტანსაცმლით ან შესაბამისი კომპენსაციით, რაც არ განხორციელებულა. თავდაცვის სამინისტრო ვალდებული იყო, სამსახურიდან განთავისუფლებისას აენაზღაურებინა მისთვის ერთჯერადი გამოსასვლელი დახმარება ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ბრძანებულების 33-ე და 331 პუნქტების შესაბამისად, თუმცა იმ მოტივით, რომ დახმარების გაცემა შეჩერებული იყო 2006 წლამდე, მოპასუხე ორგანიზაციამ თანხის გაცემაზე უარი განუცხადა. მოსარჩელის მითითებით, პრეზიდენტის ზემოხსენებულ ბრძანებულებაში არ იყო მითითებული, გასასვლელი დახმარება უნდა გაცემულიყო თუ არა 2004-2005 წლებში სამსახურიდან დათხოვნილ პირებზე. ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის ის ნორმა, რომელიც ანალოგიურად კრძალავდა გასასვლელი ერთჯერადი კომპენსაციის გაცემას დათხოვნილ საჯარო მოსამსახურეებზე, შრომითი უფლებების დარღვევისა და საქართველოს კონსტიტუციასთან შეუსაბამობის გამო, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2005 წლის 23 მარტის გადაწყვეტილებით ძალადაკარგულად იქნა ცნობილი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით ი. მ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ი. მ-ის სასარგებლოდ დაეკისრა კუთვნილი ერთჯერადი გასასვლელი დახმარების ანაზღაურება ფულადი სარგოს რვამაგი ოდენობით და სანივთე ქონების ფულადი კომპენსაცია 404 ლარისა და 96 თეთრის ოდენობით. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი. მ-ნი 1994 წლის 29 აგვისტოს ¹865 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ქიმიურ განყოფილებაში ანალიტიკური და გამოთვლითი ჯგუფის ინჟინერ-ქიმიკოსად, ხოლო 2005 წლის 19 დეკემბრის მინისტრის ¹3263 ბრძანებით რეორგანიზაციისა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით დაითხოვეს საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან. სასამართლომ მიიჩნია, რომ ი. მ-ნი შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდა ადმინისტრაციულ ორგანოსთან _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან და “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის თანახმად წარმოადგენდა მოხელეს, ხოლო “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად სამხედრო მოსამსახურეს. სასამართლომ მიუთითა, რომ ვინაიდან მოსარჩელეს აქვს სამხედრო სამსახურში წელთა ნასახურობის 11 წლის სტაჟი, მას “საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულების 33-ე პუნქტის “გ” ქვეპუნქტის საფუძველზე ეკუთვნის ფულადი სარგოს რვამაგი ოდენობა. სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს იურიდიული სამმართველოს უარი ქმედების განხორციელების შესახებ უკანონოა, ვინაიდან ერთჯერადიу(გამოსასვლელი) დახმარების გაცემის უფლების დამდგენი ნორმა კი არ გაუქმებულა, არამედ ხსენებული დახმარების ვადის მოქმედება შეჩერებულ იქნა 2006 წლის 1 იანვრამდე, ხოლო 2005 წლის სამსახურიდან დათხოვნილებზე ასეთი დახმარების აკრძალვის შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტის ¹640 ბრძანებულების 331-ე პუნქტის მოქმედება კი არ უნდა შეჩერებულიყო, არამედ მისი ძალაში შესვლის თარიღად დადგენლი უნდა ყოფილიყო 2006 წლის 1 იანვარი, რაც არ განხორციელებულა. საქართველოს პრეზიდენტის ზემოაღნიშნული ბრძანებულების 611-ე პუნქტით სამსახურიდან დათხოვნილ სამხედრო მოსამსახურეებზე გასაცემი ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარების გაცემის ნორმა 2005 წელში გაუქმებული კი არ იყო, არამედ ამ დახმარების გაცემა იყო შეჩერებული და იგი უპირობოდ უნდა განახლებულიყო 2006 წლის 1 იანვრიდან. ამასთან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2005 წლის 23 მარტის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლისა და 109-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად სამსახურიდან დათხოვნილ მოსამსახურეებზე შესაბამისი დახმარების გაცემის 2006 წლის 1 იანვრამდე შეჩერება. სასამართლომ მიიჩნია, რომ ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარების მიღების უფლება სამხედრო მოსამსახურეებმა ჯერ კიდევ 1993/1994 წლებში მოიპოვეს, ხოლო მოპოვებული უფლებების გაუარესება და მითუმეტეს მისი გაუქმება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და ადამიანთა საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და გარანტიების დაცვის თაობაზე მიღებული საერთაშორისო ნორმატიულ აქტებს, რომელთაც მიერთებულია საქართველო და რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის მიერ. სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების ს/ნაწილიш 06328 2006 წლის 21 ივნისის ¹1444 ცნობის თანახმად მოსარჩელემ ნორმით გათვალისწინებული 2002-2005 წლების სანივთე ქონების კომპენსაცია ლარებში მიუღებელი აქვს 506 ლარი და 35 თეთრი. ამდენად, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეს არ მიუღია სანივთე ქონების კომპენსაცია ლარებში, რის გამოც მოსარჩელის მოთხოვნა სანივთე ქონების კომპენსაციის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ, 2003-2005 წლებში წარმოშობილი დავალიანების 404 ლარისა და 96 თეთრის ოდენობით, ხოლო 2002 წლის გაუცემელ სანივთე ქონების კომპენსაციის ანაზღაურების ნაწილში უარი უნდა ეთქვას მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო. სასამართლომ მიიჩნია, რომ ფორმის ტანსაცმელი არ შედის ხელფასის შემადგენლობაში და სოციალური დახმარების სახით განისაზღვრა, რის გამოც იგი წარმოადგენს პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას, ხოლო მოსარჩელის მოთხოვნა 2002 წელს გათვალისწინებული სანივთე ქონების ფულადი კომპენსაციის შესახებ სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ხანდაზმულია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; ი. მ-ის სარჩელი ფულადი სარგოს რვამაგი ოდენობის ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარების ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდა; გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელი.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ; შეგებებული საკასაციო საჩივარი შეიტანა ი. მ-აც.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 14 ივნისის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ი. მ-ის შეგებებული საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ი. მ-ის სარჩელი ფულადი სარგოს რვამაგი ოდენობის ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარების ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდა. ამ ნაწილში საქმე ხელახალი განხილვისათვის გადაეცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას; გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილების ფულადი სარგოს რვამაგი ოდენობის ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარების ანაზღაურების ნაწილში (გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი) შეცვლით ამ ნაწილში სააპელაციო პალატის მიერ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელე ი. მ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარების, ფულადი სარგოს რვამაგი ოდენობის 952 (ცხრაასორმოცდათორმეტი) ლარის გადახდა. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 1994 წლის 29 აგვისტოს ¹865 ბრძანებით ი. მ-ნი საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების რიგებში დაინიშნა თავდაცვის სამინისტროს .... განყოფილებაში .... ჯგუფის ინჟინერ ქიმიკოსად. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 19 დეკემბრის№¹3263 ბრძანებით იგი, როგორც გენერალური შტაბის ჯ-1 პირადი შემადგენლობის განკარგულებაში მყოფი, დათხოვნილი იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეზერვში 2005 წლის 15 ნოემბრიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პირადი შემადგენლობის სიებიდან ამორიცხვით და ყველა სახის კმაყოფიდან მოხსნით “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების გამო. სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად ჩათვალა, რომ ი. მ-ნს გააჩნია სამხედრო სსამსახურში წელთა ნამსახურება 10 წელზე მეტი ვადით. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელეს მოპასუხის 2006 წლის 3 თებერვლის ¹6/172 წერილით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულების 331-ე პუნქტის საფუძველზე ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარების გაცემაზე უარი ეთქვა იმ მოტივით, რომ ვინაიდან საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან მისი დათხოვნა 2005 წელს მოხდა, მასზე ბრძანებულების 331-ე პუნქტი ვერ გავრცელდება, აღნიშნული პუნქტის მოქმედება ამავე ბრძანებულების 611-ე პუნქტით შეჩერებული იყო 2006 წლის 1 იანვრამდე. აღნიშნულის გამო მოსარჩელემ მიმართა სასამართლოს და მითითებული ბრძანებულების 331-ე პუნქტის საფუძველზე მოითხოვა მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარების გაცემა, რაც პირველი ინსტანციის სასამართლომ დააკმაყოფილა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელე ი. მ-ის სასარგებლოდ დაეკისრა კუთვნილი ერთჯერადი გასასვლელი დახმარების ანაზღაურება ფულადი სარგოს რვამაგი ოდენობით, რასაც სააპელაციო პალატა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე მთლიანად დაეთანხმა “საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულების 331-ე პუნქტიდან გამომდინარე. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქართველოს თავადაცვის სამინისტროდან გამოთხოვილი ცნობით ი. მ-ის ფულადი სარგოების თაობაზე დასტურდება, რომ ი. მ-ის ფულადი სარგოები შეადგენდა 119 ლარს, საიდანაც თანამდებობრივი სარგოა 115, ხოლო წოდებრივი სარგო 4 ლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე 119 ლარის რვამაგი ოდენობა იქნება 952 ლარი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ი. მ-ის სასარგებლოდ ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარების სახით უნდა გადახდეს 952 ლარი. აღნიშნულის გამო კი გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში შეტანილ უნდა იქნას ცვლილება, რითაც სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არასრული და დაუსაბუთებელია. კასატორმა მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის პირველი ნაწილი და ამავე მუხლის მეორე ნაწილის “ბ” და “გ” ქვეპუნქტები, ასევე ამავე კოდექსის 394-ე მუხლის “ე” და “ე1” ქვეპუნქტები. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად იმსჯელა მოსარჩელის სასარგებლოდ 952 ლარის ერთჯერადი დახმარების დაკმაყოფილების ნაწილში და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა. კასატორმა მიუთითა, რომ დადგენილია, რომ სასარჩელო განცხადება სასამართლოში შესულია 2006 წლის 22 თებერვალს. ი. მ-ნი რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების გამო სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ იქნა 2005 წლის 19 დეკემბერს. კასატორის მიერ ყურადღება გამახვილებულია იმ გარემოებაზე, რომ 2005 წელს საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულების 331-ე მუხლის მოქმედება, რომელმაც განსაზღვრა, რომ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც დათხოვნილნი არიან შეარაღებული ძალების რიგებიდან ზღვრული ასაკის მიღწევის, რეორგანიზაციისა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, ნამსახურები წლების მიხედვით ეძლევათ ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარება, ამავე ბრძანებულების 611-ე მუხლით შეჩერებული იყო. შესაბამისად, ბრძანებულების 331-ე მუხლით გათვალისწინებული უფლება ერთჯერადი (გასასვლელი) დახმარების მიღებაზე, ვრცელდება მხოლოდ 2006 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. კასატორმა მიუთითა, რომ ზემოაღნიშნული მუხლის შეჩერება გამოწვეული იყო ბიუჯეტში შესაბამისი თანხის გაუთვალისწინებლობთ. კასატორის მითითებით, 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულების 331-ე მუხლის მოქმედების შეჩერებით ფაქტობრივად შეაჩერა ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულების შესრულება, რაც თავისთავად გამორიცხავს ნორმის შეჩერების პერიოდში მოსარჩელის უფლების რეალიზაციას. კასატორის მოსაზრებით, გაუმართლებელია მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილება 331-ე მუხლის ამოქმედების შემდგომ ახალი საბიუჯეტო წლის განმავლობაში, რადგან სამინისტროს ვალდებულება გარკვეული ფულადი თანხის ანაზღაურების შესახებ პირდაპირ უკავშირდება საბიუჯეტო წლის განმავლობაში შესაბამისი წლის ბიუჯეტში ასახულ ასიგნებებს, მით უმეტეს, როდესაც მომდევნო წლების ბიუჯეტის კანონს ეს თანხები გათვალისწინებული არ აქვს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში. შესაბამისად, ნორმის მოქმედების შეჩერება თავისთავად გულისხმობს ურთიერთობის მხარეების ამ ნორმით გარანტირებული უფლება-ვალდებულებების რეალიზაციის შეწყვეტას და არ არსებობას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 28 იანვრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი; მხარეებს ამ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში მიეცათ მოსაზრების წარმოდგენის უფლება, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დამკვიდრებული პრაქტიკა გაზიარებულია სააპელაციო სასამართლოს მიერ.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლით დასაშვები არ არის.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საკასაციო პალატის პრაქტიკა “საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულების 331-ე პუნქტის გამოყენების თაობაზე; საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ამ ბრძანებულების 331-ე პუნქტი ამოღებულ იქნა საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 21 სექტემბრის ¹531 ბრძანებულებით “საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომელიც ამოქმედდა 2007 წლის 27 სექტემბრიდან. მოსარჩელე ი. მ-მა კი სასამართლოს სარჩელით მიმართა 2006 წლის 22 თებერვალს, ე.ი. ზემოაღნიშნული პუნქტის ძალადაკარგულად გამოცხადებამდე.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.