Facebook Twitter

ბს-344-331(კ-08) 10 ივლისი, 2008წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის

საქმეთა პალატამ

შემადგენლობით:

მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ვ. დ-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ სოციალური სუბსიდიების სააგენტოს საჩხერის ფილიალი (მოპასუხე)

დავის საგანი – პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარება

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 24 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვის მიზნით სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ვალერიან დვალმა 2007 წლის 8 ოქტომბერს სასარჩელო განცხადებით მიმართა საჩხერის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე სოციალური სუბსიდიების სააგენტოს მიმართ და მოითხოვა მამის _ გ. დ-ის პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარება.

სარჩელის საფუძვლები მდგომარეობდა შემდეგში:

მოსარჩელემ განმარტა, რომ მისი მშობლები იყვნენ ქ. დ-ი და გ. დ-ი. მამა _ გ. დ-ი დაბადებული იყო 1918 წელს სოფელ ...... სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვეული იყო 1938 წლის ოქტომბერში ჭიათურის რაიონის სამხედრო კომისარიატის მიერ. მეორე მსოფლიო ომში მსახურობდა წითელი არმიის უკრაინის მე-.... ფრონტის .....-ე მსროლელი პოლკის რიგებში. 1942 წლის იანვრიდან 1944 წლის ოქტომბრამდე გ. დ-ი იმყოფებოდა გერმანიის ტყვეთა ბანაკში. 1944 წლის ოქტომბრიდან 1946 წლის ივნისამდე მსახურობდა წითელი არმიის ....-ე ცალკეულ მენაღმეთა ბატალიონის რიგებში. სამხედრო კომისარატში სამხედრო აღრიცხვაზე აყვანილია 1948 წლის 14 თებერვალს. სსრ კავშირის სახელმწიფო თავდაცვის კომიტეტის 1945 წელს 18 აგვისტოს ¹9871 დადგენილების საფუძველზე, სახელმწიფიო საფილტრაციო შემოწმების გავლის შემდეგ გაგზავნილ იქნა სხვადასხვა იძულებით სამუშაოებზე. „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად, მოსარჩელე თვლის, რომ მამა გ. დ-ი არის პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლი, რის გამოც მას დაენიშნება პენსია თუ სასამართლო მამას _ გ. დ-ს აღიარებს პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად.

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ვ. დ-ის აღიარებითი სარჩელი სოციალური სუბსიდიების სააგენტოს საჩხერის განყოფილების მიმართ მამის პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარების შესახებ.

რაიონულმა სასამართლომ განმარტა, რომ გ. (გ.) დ-ი, რომელიც მითითებულია საქართველოს შს სამინისტროს ცნობარში არის განმცხადებლის მამა, რაც დასტურდება საჩხერის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილებით. სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ გ. (გ.) დ-ი გარდაიცვალა 1989 წელს, რაც დასტურდება გარდაცვალების მოწმობით.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული დოკუმენტით დასტურდება, რომ გ. დ-ი ნამდვილად იმყოფებოდა 1942 წლის ივნისიდან 1944 წლის ოქტომბრამდე გერმანიის ტყვეთა ბანაკებში, ხოლო 1944 წლის ოქტომბრიდან 1946 წლის ივნისამდე მსახურობდა წითელი არმიის ....-ე ცალკეულ მენაღმეთა ბატალიონის რიგებში.

სასამართლომ ვერ გაიზიარა ის გარემოება, რადგან გ. დ-ი იმყოფებოდა ტყვედ, მან ამიტომ გაიარა ფილტრაცია და შესაბამისად, გაიგზავნა იძულებით სამუშაოებზე. აღნიშნულის თაობაზე საქართველოს შს სამინისტრო საარქივო ცნობარში მხოლოდ ვარაუდია მითითებული ხსენებულის თაობაზე. ფილტრაციის და იძულებით სამუშაოებზე გაგზავნის (თუ სად, როდის, რა სამუშაოებზე) თაობაზე მოსარჩელეს არ წარმოუდგენია სასამართლოში ისეთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მითითებულ ფაქტს. ე.ი. საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ ვ. დ-ის მამა – გ. დ-ი გადიოდა სახელმწიფო საფილტაციო შემოწმებას, რის შემდგომაც იგი გაგზავნილ იქნა სხვადასხვა იძულებით სამუშაოებზე.

რაიონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად, პოლიტიკურ რეპრესიად მიიჩნევა იძულების სხვადასხვა ფორმა _ სიცოცხლის ხელყოფა, გადასახლება, შრომაში იძულებით ჩაბმა.

მოსარჩელე სარჩელით ითხოვს მის მიერ წარმოდგენილი საბუთების საფუძველზე მამის გ. დ-ის შრომაში იძულებით ჩაბმის გამო პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად ცნობას. ამდენად არ არსებობს ვ. დ-ის მამის გ. დ-ის პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების საფუძველი.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. დ-მა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 24 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა საჩხერის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატა დაეთანხმა და გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: საჩხერის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ვ. დ-ის განცხადება და დადგენილ იქნა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი იმის შესახებ, რომ აწგარდაცვლილი გ. დ-ი, გ. დ-ი და გ. დ-ი, დაბადებული 1918 წელს საჩხერის რაიონის სოფელ ...., არის ერთი და იგივე პიროვნება და ვ. დ-ის მამა. გ. (გ.) დ-ი გარდაიცვალა 1989 წელს. საქართველოს შს სამინისტროს მიერ გაცემული ცნობით გ. დ-ი 1942 წლის ივნისიდან 1944 წლის ოქტომბრამდე იმყოფებოდა გერმანიის ტყვეთა ბანაკებში, ხოლო 1944 წლის ოქტომბრიდან 1946 წლის ივნისამდე მსახურობდა წითელი არმიის რიგებში.

სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით პოლიტიკურ რეპრესიად მიიჩნევა იძულების სხვადასხვა ფორმა _ სიცოცხლის ხელყოფა, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების აღკვეთა, გადასახლება, გასახლება, სახელმწიფოდან გაძევება, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იძულებით მოთავსება, მოქალაქეობის ჩამორთმევა, შრომაში იძულებით ჩაბმა, ქონების ჩამორთმევა და განადგურება, თანამდებობიდან ან სხვა სამუშაო ადგილებიდან უკანონო დათხოვნა, საცხოვრებლად გამწესება სპეციალური დასახლების ადგილებში, საცხოვრებელი სადგომიდან გამოსახლება, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გარანტირებული ადამიანის უფლებების ან თავისუფლებების სხვაგვარი შეზღუდვა, რომელიც სახელმწიფომ განახორციელა პოლიტიკური მოტივით სასამართლოს ან სხვა სახელმწიფო ორგანოს გადაწყვეტილებით და დაკავშირებული იყო დანაშაულის ჩადენაში ყალბ ბრალდებასთან, პირის პოლიტიკურ შეხედულებასთან ან არსებული პოლიტიკური რეჟიმის უკანონო ქმედების მიმართ წინააღმდეგობის გაწევასთან მშვიდობიანი საშუალებებით, სოციალურ, წოდებრივ ან რელიგიურ კუთვნილებასთან, აგერთვე ამ კანონის მე-4 მუხლში ჩამოთვლილი სახელმწიფოს მიერ განხორციელებული იძულების ფორმები.

ვ. დ-ი მამას პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად მიიჩნევს შრომაში იძულებით ჩაბმის საფუძვლით.

სასამართლომ არ გაიზიარა ვ. დ-ის მითითება იმის თაობაზე, რადგან მისი მამა იმყოფებოდა ტყვედ, მან ამიტომ გაიარა ფილტრაცია და გაიგზავნა იძულებით სამუშაოებზე, ვინაიდან საქართველოს შს სამინისტროს მიერ გაცემული ცნობების თანახმად, სავარაუდოა გ. დ-ის სახელმწიფო-საფილტრაციო შემოწმების გავლის შემდეგ სხვადასხვა იძულებით სამუშაოზე გაგზავნა. კონკრეტული ინფორმაცია შს სამინისტროს გ. დ-ის თაობაზე არ გააჩნია და შესაბამისად, არც მოსარჩელეს (აპელანტს) წარუდგენია სასამართლოსათვის.

ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი შესაგებელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები.

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ მოპოვებული საქართველოს შს სამინისტროს ცნობით არ დასტურდება რა გ. დ-ის მიმართ განხორციელებული იძულების ისეთი ფორმა, როგორიცაა მისი შრომაში იძულებით ჩაბმა, არ არსებობს ვ. დ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები. აღნიშნული კანონიერად მიიჩნია პირველი ინსტანციის სასამართლომ სარჩელის უარყოფის საფუძვლად, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 24 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ვალერიან დვალმა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვის მიზნით სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება. კასატორმა აღნიშნა, რომ ,,საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის საფუძველზე მოითხოვა მან გ. დ-ი ეღიარებინათ პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად. კასატორს აღნიშნული მოთხოვნის ფაქტობრივ საფუძვლად მიაჩნია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო სამმართველოს 2007 წლის 24 სექტემბერს გაცემული განმეორებითი ცნობა, სადაც ნათლად წერია, რომ სსრკ თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის 1945 წ. 18 აგვისტოს ¹9871 დადგენილების თანახმად, უკლებრივ ყველა ტყვედნამყოფი მე-2 მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ გადიოდა „საფილტრაციო შემოწმებას“, რომლის შემდეგ იგზავნებოდნენ სხვადასხვა იძულებით სამუშაოებზე ყოფილი სსრკ-ის სხვადასხვა ტერიტორიებზე.

კასატორის განმარტებით ქ. თბილისში 1991-1992 წწ. ცნობილი მოვლენების დროს საქართველოს ყოფილ სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში ხანძრის შედეგად განადგურდა ყოფილ საბჭოთა ტყვეთა სახელმწიფო შემოწმების და „ე.წ. „ფილტრაციის“ მასალები, რის გამოც საარქივო სამმართველოს არ გააჩნია მონაცემები, თუ კონკრეტულად სად გადიოდა გ. დ-ი საფილტრაციო შემოწმებას. აღნიშნულიდან გამომდინარე კასატორს უკანონოდ მიაჩნია საჩხერის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილება და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 24 იანვრის განჩინება, რომლებმაც იგნორირება გაუკეთა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო სამმართველოს მიერ 2007 წლის 24 სექტემბრის განმეორებით ცნობას, სადაც ხაზგასმით წერია, რომ ყველა ტყვედნამყოფი ომის დამთავრების შემდეგ გადიოდა ე.წ. საფილტაციო შემოწმებას და იგზავნებოდნენ ყოფილ სსრ კავშირის სხვადასხვა ტერიტორიაზე იძულებითი სამუშაოების შესასრულებლად. სასამართლომ არ გაიზიარა ის გარემოება, რომ სსრ კავშირის სახელმწიფო თავდაცვის კომიტეტის 1945 წლის 18 აგვისტოს ¹9871 დადგენილების საფუძველზე სხვა ტყვედნამყოფებთან ერთად გიორგი დვალზეც გავრცელდა ეს კანონი. მით უმეტეს იგი 1946 წ. ივნისიდან 1948 წ. თებერვლამდე სამხედრო კომისარიატის მიერ სამხედრო აღრიცხვაზე არ იქნა

აყვანილი. კასატორის განმარტებით სასამართლომ არც ის გაიზიარა, რომ ქალაქ თბილისში 1991-1992 წ. ცნობილი მოვლენების დროს ყოფილ სახელმწიფო უშიშროების ადმინისტრაციულ შენობაში ხანძრის შედეგად განადგურდა ყოფილი საბჭოთა ტყვეთა სახელმწიფო შემოწმების და ე.წ. „ფილტრაციის“ მასალები, რის გამოც საქართველოს შსს არ გააჩნია საარქივო სამმართველოს ინფორმაცია თუ კონკრეტულად სად გადიოდა გ. დ-ი იძულებით სამუშაოებს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ვ. დ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ არის დასაშვები, შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ პირობებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთმითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე და განაპირობა არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ვ. დ-ის საკასაციო საჩივარი არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს მიჩნეული ვ. დ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 24 იანვრის განჩინებაზე;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.