Facebook Twitter

ბს-345-327(3კ-07) 4 ივლისი, 2007 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ლალი ლაზარაშვილი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა შპს ,,პ...ის” დირექტორის ზ. ქ-ის განცხადება სარჩელზე უარის თქმის შესახებ.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოში სარჩელი აღძრა შპს ,,პ...მა” მოპასუხეების საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის, რეგიონალური საბაჟოO ,,აღმოსავლეთის” და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დაცვით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალურ საბაჟო “აღმოსავლეთს” დავალებოდა გამოეცა ადმინისტრაციული აქტი შპს “პ...ის” მიერ იმპორტირებული საქონლის საბაჟო ღირებულების დადგენის თაობაზე; იმპორტირებული საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრისას მოპასუხეს უპირატესობა მიენიჭებინა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004წ. ¹736 ბრძანებით დამტკიცებული წესების მე-2 თავით დადგენილი უპირველესი მეთოდისათვის და ნაცვლად შპს “... ექსპერტიზის” სპეციალისტის ცნობაში მითითებულისა, საქონლის საბაჟო ღირებულებად დადგენილი ყოფილიყო შპს “პ...ის” მიერ დეკლარირებული 27 461.77 ლარი; მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის ადმინისტრაციული აქტის კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გამოუცემლობით და საქონლის შეფერხებით გამოწვეული ქონებრივი ზიანის ანაზღაურების დაკისრება 21 500 ლარის ოდენობით(ს.ფ. 3-7). 15.03.05წ. მოსარჩელემ დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს, რომლითაც გაზარდა მოთხოვნა და დამატებით მოითხოვა შპს “პ...ისათვის” ადმინისტრაციული აქტის კანონმდებლობით დადგენილ ვადებში გამოუცემლობით და საქონლის შეფერხებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება 30 382.93 ლარის ოდენობით და დამატებით, პროცესის მიმდინარეობის ყოველ სამ თვეზე 10 262.33 ლარის დაკისრება.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 02.10.04წ. შპს ,,პ...მა” ჩინეთის რესპუბლიკიდან მიიღო ტვირთი, რომელიც შეადგენდა 1 კონტეინერს, 20 დასახელების სათამაშოებით, 12 074,88 აშშ დოლარის საინვოისო ღირებულებით. საქონელი ატარებდა ,,ცჰიცცო-ს” საყოველთაოდ ცნობილ სასაქონლო ნიშანს და საქართველოში მისი შემოტანა ხორციელდებოდა შპს ,,პ...სა” და იტალიურ კორპორაცია ,,A...-ს” შორის არსებული ექსკლუზიური დისტრიბუციის ხელშეკრულების საფუძველზე. მოსარჩელის განმარტებით, მათ მიერ წარდგენილი საბაჟო დეკლარაციის მიხედვით, იმპორტირებული საქონლის საბაჟო ღირებულებად დეკლარირებული იქნა 27 461,77 ლარი, რომელიც ემყარებოდა საქონლის საინვოსო ღირებულებასა და ტრანსპორტირებისას გაწეულ ხარჯებს. საბაჟო გაფორმებისას მოსარჩელესა და საბაჟო ,,აღმოსავლეთს” შორის წარმოიშვა დავა საქონლის საბაჟო ღირებულებასთან დაკავშირებით, კერძოდ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის 03.12.04წ. ¹0515/22919 წერილით მოსარჩელეს განემარტა, რომ ჩინური წარმოშობის საქონლის იმპორტის დროს ადგილი აქვს საბაჟო ღირებულების ხელოვნური შემცირების ფაქტს, რის გამოც იგი განეკუთვნება ე.წ. ,,რისკის ჯგუფს”. ამ საფუძვლით საბაჯო ორგანო უფლებამოსილია ეჭვი შეიტანოს საქონლის დეკლარირებული საბაჟო ღირებულების სისწორეში და დეკლარანტს მოსთხოვოს დამატებითი მტკიცებულების წარმოდგენა მის მიერ დეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულების უტყუარობის დასამტკიცებლად, აგრთვე მიიღოს გადაწყვეტილება საბაჟო ღირებულების დადგენის თაობაზე ან მოახდინოს საბაჟო ღირებულების განსაზღვრის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების გადავადება. ამდენად, ეჭვი საბაჟო ღირებულების სისწორეში არ წარმოადგენს საქონლის შეფერხების აბსოლუტურ საფუძველს. აღნიშნული ეჭვი სათანადო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველი იყო, რისი საბოლოო შედეგიც უნდა გამხდარიყო ამ ეჭვის დადასტურება ან გაქარწყლება, რაც თავის მხრივ საბაჟო ორგანოს შესაბამის გადაწყვეტილებაში უნდა ასახულიყო. 15.11.04წ. მოპასუხემ მიმართა შპს ,,... ექსპერტიზას” ტვირთის სახეობის, რაოდენობის, წონისა და საბაჟო ღირებულების დასადგენად. შპს ,,... ექსპერიზის” სპეციალისტების 18.11.04წ. ¹901-04 ცნობის თანახმად, იმპორტირებული საქონლის საბაჟო ღირებულებად მითითებულია 32 949 ლარი. მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი იქნა საქონლის საბაჟო ღირებულების დამადასტურებელი შესაბამისი მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებდა იმპორტიორის მიერ დეკლარირებული საბაჟო ღირებულების სისწორეს, მოპასუხის მიერ დღემდე არ განხორციელებულა შპს ,,პ...ის” მიერ იმპორტირებული საქონლის საბაჟო ღირებულების დადგენის თაობაზე ადმინისტრაციული აქტი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 08.02.06წ. გადაწყვეტილებით მოსარჩელე შპს ,,პ...ის” სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო ,,აღმოსავლეთს” დაევალა ინდივიდუალურ ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გამოცემა შპს ,,პ...ის” მიმართ საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის თაობაზე ერთი თვის ვადაში. შპს ,,პ...ის” მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა უსაფუძლობის გამო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 08.02.06წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა შპს ,,პ...ის”, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო ,,აღმოსავლეთის” და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის მიერ.

აპელანტმა შპს ,,პ...მა” მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე და ამ ნაწილში მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება.

აპელანტებმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტმა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო ,,აღმოსავლეთმა” სააპელაციო საჩივრით მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც დაკმაყოფილდა სარჩელი და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისთვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 20.12.06წ. განჩინებით შპს ,,პ...ის”, საქართველოს ფინასთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო ,,აღმოსავლეთის” და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 23.03.06წ. გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 20.12.06წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა შპს ,,პ...ის”, საქართველოს ფინასთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო ,,აღმოსავლეთის” და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის მიერ.

შპს ,,პ...მა” მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც აპელანტს უარი ეთქვა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება.

კასატორებმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტმა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალურმა საბაჟო ,,აღმოსავლეთმა” საკასაციო საჩივრით მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და შპს “პ...ისთვის” სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 30.04.07წ. განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო ,,აღმოსავლეთის” საკასაციო საჩივრები წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო კასატორის შპს ,,პ...ს” 30.04.07წ. განჩინებით განესაზღვრა ვადა საკასაციო საჩივრის ხარვეზის შესავსებად.

27.06.07წ. საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას განცხადებით მომართა შპს ,,პ...ის” დირექტორმა ზ. ქ-მ. კასატორმა უარი განაცხადა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე და მოითხოვა საქმის წარმოების შეწყვეტა.

10.07.07წ. შპს ,,პ...ის” დირექტორმა განცხადება წარმოადგინა საკასაციო პალატაში. კასატორი უარს აცხადებს სარჩელზე და ითხოვს საქმის წარმოების შეწყვეტას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ განიხილა შპს ,,პ...ის” დირექტორის ზ. ქ-ის შუამდგომლობა სარჩელზე უარის თქმის შესახებ და მიიჩნევს, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს და საქმის წარმოება შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ წარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რომლის შესაბამისად სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია დისპოზიციურობის პრინციპზე, რის შესაბამისადაც მხარე უფლებამოსილია თავისი შეხედულებისამებრ განკარგოს თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. ამდენად, მოსარჩელემ, შპს ,,პ...მა” განაცხადა რა უარი სარჩელზე, გამოხატა ნება თავისი საპროცესო უფლების განსაკარგავად, რაც სავალდებულოა სასამართლოსათვის.

სამოქალქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, საქმის წარმოება წყდება, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე, ვინაიდან სასკ-ის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა ვრცელდება ადმინისტრაციული ორგანოს და არა ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ სარჩელზე უარის თქმის განცხადებაზე.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის წარმოების საფუძველს წარმოადგენს სასარჩელო მოთხოვნის არსებობა. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე შპს ,,პ...მა” უარი განაცხადა სარჩელზე. მოწინააღმდეგე მხარეს შეგებებული მოთხოვნა მოსარჩელის მიმართ არ გააჩნია. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს კასატორების საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის და რეგიონალური საბაჟო ,,აღმოსავლეთის” საკასაციო საჩივრებზე საქმის წარმოების გაგრძელების და მათი განხილვის სამართლებრივი საფუძველი.

საკასაციო სასამართლო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მხარეებს განუმარტავს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შედეგად სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ დაიშვება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 და 272-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს ,,პ...ის” განცხადება სარჩელზე უარის თქმისა და საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.12.06წ. განჩინება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარატამენტს (ამჟამად მისი უფლებამონაცვლე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური), რეგიონალური საბაჟო ,,აღმოსავლეთს” და შპს ,,პ...ს” შორის არსებულ დავაზე და საქმის წარმოება შეწყდეს შპს ,,პ...ის” მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო;

3. შეწყდეს საქმის წარმოება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის და რეგიონალური საბაჟო ,,აღმოსავლეთის” საკასაციო საჩივრებზე;

4. მხარეებს განემარტოთ, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა სარჩელით იმავე დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ დაიშვება;

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.