Facebook Twitter

¹ბს-346-328(კ-07) 20 ივნისი, 2007 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა შსს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 13 დეკემბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2004 წლის 8 დეკემბერს ნ. გ.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების: თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის შინაგან საქმეთა სამმართველოსა და თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს მიმართ იძულებითი განაცდურისა და მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე.

მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ 1993 წლიდან მუშაობდა ქ. თბილისის ნაძალადევის რაიონის შს სამმართველოს მე-... ქვეგანყოფილების, ადმინისტრაციული პოლიციის ...-ად.

ნაძალადევის რაიონის შს სამმართველოს უფროსის 1998 წლის 12 მაისის ¹19პ/შ ბრძანებით გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, შტატების შემცირების მოტივით.

მოსარჩელის განმარტებით, მან სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოს სამსახურში აღდგენის თაობაზე.

ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებით ნ. გ.-ის მოთხოვნა სამსახურში აღდგენის ნაწილში დაკმაყოფილდა. მიუხედავად აღნიშული გადაწყვეტილებისა, ნ. გ.-ე არ იქნა აღდგენილი სამსახურში.

ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება გასაჩივრდა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატაში. აღნიშნული პალატის 1999 წლის 28 ივნისის განჩინებით განუხილველად დარჩა თბილისის ნაძალადევის რაიონის შს სამმართველოს სააპელაციო საჩივარი, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1999 წლის 27 აგვისტოს განჩინებით საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა თბილისის საოლქო სასამართლოს იმავე პალატას, რომელმაც 1999 წლის 17 დეკემბრის განჩინებით უცვლელად დატოვა გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება, უზენაესი სასამართლოს 2000 წლის 28 აპრილის განჩინებით კი, ასევე ძალაში დარჩა საოლქო სასამართლოს 1999 წლის 17 დეკემბრის განჩინება.

მოსარჩელის მითითებით, საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 208.1 მუხლის შესაბამისად, თუ ადმინისტრაციამ დააყოვნა გადაწყვეტილების აღსრულება: “მუშაკს დაყოვნების დროისათვის ეძლევა საშუალო ხელფასი ან ხელფასის სხვაობა გადაწყვეტილების გამოტანის დღიდან მისი აღსრულების დღემდე".

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა მოპასუხეს მის სასარგებლოდ დაკისრებოდა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 1998 წლის 6 აპრილიდან 6996.00 ლარის და მორალური ზიანის ანაზღაურება 25000 ლარის ოდენობით.

თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 26 ივნისის განჩინებით მოპასუხეთა სიიდან ამოირიცხა ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის შს სამმართველო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ. გ.-ის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს შს სამინისტროს ქ. თბილისის შინაგან საქმეთა მთავარ სამმართველოს ნ. გ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა 1998 წლის აპრილიდან 2004 წლის 15 ნოემბრის ჩათვლით იძულებითი განაცდურის _ 3734,29 ლარის ანაზღაურება.

საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებდა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებები, აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულო იყო საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულებულიყო.

საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 208.1 ნაწილის შესაბამისად, შრომითი დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ან დადგენილება უკანონოდ დათხოვნილი ან გადაყვანილი მუშაკის სამუშაოზე აღდგენის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აღასრულებულიყო, ხოლო თუ ადმინისტრაცია დააყოვნებდა ასეთი გადაწყვეტილების ან დადგენილების აღსრულებას, მუშაკს დაყოვნების დროისათვის უნდა მისცემოდა საშუალო ხელფასი ან ხელფასის სხვაობა გადაწყვეტილების ან დადგენილების გამოტანიდან _ მის აღსრულებამდე.

მოსარჩელის მოთხოვნა იმის შესახებ, რომ მოპასუხეს უნდა დაკისრებოდა ხელფასის განაცდური 1999 წლის აპრილიდან 2004 წლის 15 ნოემბრამდე პერიოდისათვის, საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა, ვინაიდან “პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონის 31.1 მუხლის “ა" ქვეპუნქტში შეტანილ იქნა ცვლილება 2000 წლის 28 ივნისს და ცალკე ქვეპუნქტად გამოიკვეთა ხელფასის დეფინიცია, რომლის შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ნ. გ.-ს უნდა ანაზღაურებოდა ცვლილებამდე, ანუ 2000 წლის 28 ივნისამდე არსებული განაცდური ხელფასი, ხოლო 2002 წლის დეკემბრიდან 2004 წლის 15 ნოემბრამდე ძირითადი ხელფასი.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის შინაგან საქმეთა მთავარმა სამმართველომ.

აპელანტი სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილებით მოსარჩელე აღდგენილ იქნა გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე, ამავე გადაწყვეტილებით შსს თბილისის მთავარ სამმართველოს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდური დროის ხელფასის – 12 თვის ანაზღაურება, შკკ-ის 207-ე მუხლის თანახმად. აღნიშნული გადაწყვეტილება შესულ იქნა კანონიერ ძალაში. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 266-ე მუხლის შესაბამისად კი, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ ხელახლა განეცხადებინათ მიმართონ სასამართლოს იმავე სასარჩელო მოთხოვნებითა და იმავე საფუძვლით.

აპელანტის მითითებით, შრომის კანონთა კოდექსის 208-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად: ,,შრომითი დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება აღდგენის შესახებ, დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს, ხოლო თუ ადმინისტრაციამ დააყოვნა ასეთი გადაწყვეტილების ან დადგენილების აღსრულება, მუშაკს დაყოვნების დროისთვის ეძლევა საშუალო ხელფასი ან ხელფასის სხვაობა გადაწყვეტილების ან დადგენილების გამოტანის დღიდან მისი აღსრულების დღემდე”. აღნიშნული ნორმის მიხედვით, მუშაკს უნდა აუნაზღაურდეს არა იძულებითი გაცდენილი დროის, არამედ უკვე გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნების დროის პერიოდის ხელფასი, რაც მოსარჩელის მიერ არ ყოფილა ფორმულირებული.

აპელანტის განმარტებით, სასამართლოს მიერ მხედველობაში არ იქნა მიღებული მოპასუხის მიერ წარდგენილი ცნობა მოსარჩელის თანამდებობრივი სარგოს შესახებ, რომლის შესაბამისადაც მოსარჩელის ხელფასი შეადგენდა 22.59 ლარს.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

ქ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 20 იანვრის განჩინებით ქ. თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად. მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ქ. თბილისის შინაგან საქმეთა მთავარმა სამმართველომ, რომელმაც მოითხოვა ქ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 20 იანვრის განჩინების გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 17 მაისის განჩინებით თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და იგი საქმის მასალებთან ერთად გადაიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 13 სექტემბრის განჩინებით თბილისის შს მთავარი სამმართველოს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 20 იანვრისა და 17 მაისის განჩინებები ქ. თბილისის შს მთავარი სამმართველოს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებისა და შუამდგომლობის დაუკმაყოფილებლობის თაობაზე და ქ. თბილისის შს მთავარი სამმართველოს სააპელაციო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად დაუბრუნდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 13 დეკემბრის განჩინებით ქ. თბილისის შს მთავარი სამმართველოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლო განჩინებაში მიუთითებდა, რომ უსაფუძვლოა აპელანტის მოსაზრება იმის შესახებ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანისას არ უნდა გამოეყენებინა შრომის კანონთა კოდექსის 208-ე მუხლის 1-ლი პუნქტი, ვინაიდან, აღნიშნულს მოსარჩელე არ ითხოვდა, სარჩელში კი, მოსარჩელეს ნათლად აქვს მითითებული, რომ მისი მოთხოვნის ერთ-ერთ სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს სწორედ შრომის კანონთა კოდექსის 208.1 მუხლი.

სასამართლოს განმარტებით, მოცემული სარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს არა ადრე დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენა, რაც წინა სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა, არამედ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების აღუსრულებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.

მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შსს ქ. თბილისის მთავარმა სამმართველომ.

კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 13 დეკემბრის განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 26 აპრილის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შსს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2007 წლის 26 აპრილის განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად შსს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით.

მხარეებს მითითებულ ვადაში საკასაციო სასამართლოში თავიანთი მოსაზრებები არ წარმოუდგენიათ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ განჩინებას, შსს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ შსს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.

საკასაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან და სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა პროცესუალური დარღვევის გარეშე.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს შსს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც აღნიშნულ საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. უარი ეთქვას შსს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.