ბს-346-330(კ-06) 18 ოქტომბერი, 2007წ.
თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლალი ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი _ მ. დ-ე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ლ. კ-ვა (მოსარჩელე); ქ. ბათუმის მერიის ქალაქგეგმარებისა და სივრცითი მოწყობის სამსახური (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 20 მარტის განჩინება
დავის საგანი _ მშენებლობის ნებართვის გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2004 წლის 8 ოქტომბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ლ. კ-ამ მოპასუხეების _ ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის სამმართველოსა და მ. დ-ის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის სამმართველოს მიერ მ. დ-ზე გაცემული მშენებლობის ნებართვის გაუქმება, აგრეთვე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურისათვის ავტოფარეხის ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთის მის საკუთრებაში აღრიცხვა და გაეცა მასზე, როგორც ავტოფარეხის კანონიერ მფლობელზე, მშენებლობის ნებართვის გაცემის დავალება.
მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლები მდგომარეობდა შემდეგში:
ლ. კ-ა ცხოვრობდა ბათუმში, ..... ქ. ¹16-ში. მისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენებული იყო ავტოფარეხები. იქვე იყო მშენებარე ავტოფარეხი, რომლის მშენებლობაშიც იგი მონაწილეობდა და რომლითაც იგი სარგებლობდა წლების მანძილზე. მ. დ-ე მას არ აძლევდა თავის მფლობელობაში არსებული ავტოფარეხის მშენებლობის საშუალებას. ეს უკანასკნელი უკანონოდ აცხადებდა, რომ ავტოფარეხი იყო მისი საკუთრება და გააჩნდა მშენებლობის ნებართვა აღნიშნულ ობიექტზე. ბათუმის ¹... მიკრორაიონის გამგებლის 2004 წლის 15 მაისის მოხსენებითი ბარათით ირკვეოდა, რომ მოპასუხეზე გაცემული მშენებლობის ნებართვა შემდგომში გაუქმდა. ამასთან, მშენებლობის ნებართვის გაცემა რეგულირდებოდა «მშენებლობის ნებართვის შესახებ» საქართველოს კანონით და სხვა საკანონმდებლო აქტებით. სადავო ავტოფარეხი წლების განმავლობაში მოსარჩელის მფლობელობაში იყო და არავის არ ჰქონდა უფლება, თვითნებურად ესარგებლა მისით. ქ. ბათუმის მერიის იურიდიული განყოფილების დასკვნით, აღნიშნულმა სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ მ. დ-ეს დაესრულებინა ავტოფარეხის მშენებლობა, რაც უსაფუძვლო იყო, რადგან მ. დ-ეს აღნიშნული ავტოფარეხის მშენებლობა არ დაუწყია, იგი დაიწყო მოსარჩელემ და წლების მანძილზე ფლობდა მას. მოპასუხეს არ ჰქონდა კანონიერი უფლება სადავო ავტოფარეხზე (ს.ფ. 2-3).
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილებით ლ. კ-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქ. ბათუმის არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის სამმართველოს მიერ 2004 წლის 30 აპრილს მ. დ-ზე გაცემული მშენებლობის ნებართვა, მოსარჩელის მოთხოვნა საჯარო რეესტრში სადავო ავტოფარეხის მიწის ნაკვეთის საკუთრებაში აღრიცხვასა და მის სახელზე მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს განმარტებით, «მშენებლობის ნებართვის შესახებ» კანონის მე-5 მუხლის მიხედვით, დამკვეთს მშენებლობის ნებართვის მისაღებად შესაბამის ორგანოში განცხადებასთან და სანებართვო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელ საბუთთან ერთად უნდა წარედგინა ადგილობრივი მმართველობის სამსახურთან შეთანხმებული არქიტექტურული პროექტი და საპროექტო დოკუმენტაცია, მათ შორის, არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალება, დავალება დაპროექტებაზე, მიწის ნაკვეთის საკადასტრო დოკუმენტაცია, საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნა, ტიპოგრაფიული საფუძველი, გარემოსდაცვითი ნებართვა, რომელიც შეთანხმებული იქნებოდა ტექნიკურ პირობებთან, სათანადო საექსპერტო დასკვნა და სხვა დოკუმენტაცია. ამავე კანონის მე-8 მუხლი მშენებლობის ნებართვის გაცემისას მოითხოვდა საჯაროობას. სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია, რომ მშენებლობის ნებართვის გაცემის დროს არ იქნა გათვალისწინებული მშენებლობის ნებართვის მიღებისათვის კანონით დადგენილი დოკუმენტების მიღება და განხილვა, კერძოდ, არ იქნა გაცემული არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალება, მიწის ნაკვეთის საკადასტრო დოკუმენტაცია, არ მომზადდა საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნა, ასევე დაცული არ ყოფილა მშენებლობის ნებართვის გაცემის საჯაროობა. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის «დ» ქვეპუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად უნდა გამოცხადებულიყო, თუ იგი ეწინააღმდეგებოდა კანონს ან არსებითად დარღვეული იყო მისი მომზადების ან გამოცემის კანონით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ითვლებოდა ადმინისტრაციული აქტის გამოცემა კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. სასამართლომ მიიჩნია, რომ მშენებლობის ნებართვის გაცემის დროს არსებითად დაირღვა მისი მომზადების წესი, რაც იმაში გამოიხატებოდა, რომ არ იქნა გათვალისწინებული მიწის საკადასტრო დოკუმენტაცია, არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალება, საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნა და არ იქნა უზრუნველყოფილი მშენებლობის ნებართვის გაცემის საჯაროობა. რაც შეეხებოდა მოსარჩელის მოთხოვნას საჯარო რეესტრში სადავო ავტოფარეხის მის საკუთრებაში აღრიცხვის თაობაზე, ამასთან დაკავშირებით სასამართლომ მიუთითა, რომ საქმეში მოსარჩელის მიერ არ იყო წარდგენილი ისეთი დოკუმენტები, რაც დაასაბუთებდა ავტოფარეხის მის საკუთრებაში აღრიცხვის მოთხოვნის საფუძვლიანობას. ამასთან, აღნიშნული მოთხოვნით მას არ მიუმართავს საჯარო რეესტრისათვის და არც მისი რომელიმე უფლება დარღვეულა (ს.ფ. 146-148).
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მშენებლობის ნებართვის გაუქმების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. დ-ემ. აპელანტმა მოითხოვა მითითებულ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება.
აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლი, კერძოდ, სათანადოდ არ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ მოსარჩელე მშენებლობის ნებართვის გაუქმებას მოითხოვდა სულ სხვა საფუძვლებით, ვიდრე ეს გადაწყვეტილებაში იქნა მითითებული. მოსარჩელეს ადმინისტრაციული აქტის მომზადებისა და გამოცემის პროცედურებზე პრეტენზია არ გააჩნდა, სასამართლომ კი თავისი ინიციატივით იმსჯელა ნებართვის, როგორც ადმინისტრაციული აქტის მომზადებისა და გამოცემის კანონთან შესაბამისობაზე. ამით სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის მოთხოვნა, რადგან მხარეს მიაკუთვნა ის, რაც მას არ მოუთხოვია.
აპელანტის მითითებით, სასამართლოს მიერ დანიშნული ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ სადავო მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენდა საცხოვრებელი სახლის საერთო საკუთრებას. აქედან გამომდინარე, გასარკვევი იყო, რამდენად წარმოადგენდა ლ. კოზაევა სადავო საკითხში დაინტერესებულ პირს, ხომ არ იყო იგი არასათანადო მოსარჩელე და ხომ არ არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 84-ე მუხლის თანახმად არასათანადო მოსარჩელის სათანადო მოსარჩელით შეცვლის საფუძველი. ამასთან, მოსარჩელეს საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე გამოყოფილი ჰქონდა მიწის ნაკვეთი და გააჩნდა კაპიტალური სავაჭრო ობიექტი (ს.ფ. 152-154).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 20 მარტის განჩინებით მ. დ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების მოტივები მდგომარეობს შემდეგში:
ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის სამმართველოს 2003 წლის 18 ივლისის ცნობით, გაუქმდა მ. დ-ზე გაცემული მშენებლობის ნებართვა. ბათუმის მერიის იურიდიული განყოფილების დასკვნით, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული რომ მ. დ-ეს მისცემოდა მშენებლობის ნებართვა და ავტოფარეხის მშენებლობის დასრულების უფლება. მ. დ-ის სახელზე არსებობდა ავტოფარეხის პროექტი. ექსპერტიზის დასკვნით, სადავო ავტოფარეხი კედლიდან დაცილებული იყო 8 მეტრით. ფასადის მხარეს მდებარე ავტოფარეხზე ნებართვა არ გააჩნდათ. ავტოფარეხების მშენებლობისათვის ქალაქის მერიას ტერიტორია გამოყოფილი არ ჰქონდა. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, «მშენებლობის ნებართვის შესახებ» კანონის მე-5 მუხლის მიხედვით, დამკვეთს მშენებლობის ნებართვის მისაღებად «სამშენებლო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ» კანონით განსაზღვრულ ორგანოში განცხადებასთან და სანებართვო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელ საბუთთან ერთად უნდა წარედგინა ადგილობრივი მმართველობის შესაბამის სამმართველოსთან შეთანხმებული არქიტექტურული პროექტი და საპროექტო დოკუმენტაცია, მათ შორის, არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალება, დავალება დაპროექტებაზე, მიწის ნაკვეთის საკადასტრო დოკუმენტაცია, საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნა, ტოპოგრაფიული საფუძველი, გარემოსდაცვითი ნებართვა, შეთანხმებული ტექნიკური პირობები, სათანადო საექსპერტო დასკვნა და სხვა დოკუმენტაცია. ამ შემთხვევაში არ ყოფილა გაცემული არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალება, მიწის ნაკვეთის საკადასტრო დოკუმენტაცია, არ მომზადებულა საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნა, არ ყოფილა დაცული მშენებლობის ნებართვის გაცემის საჯაროობა «მშენებლობის ნებართვების შესახებ» კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად (ს.ფ. 140-145).
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. დ-ემ. კასატორი ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნებას.
კასატორის განმარტებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, იმ ფარგლებში, რაც სააპელაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. ამ მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო ვალდებულია საჩივრის განხილვისას ყურადღება მიაქციოს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ არგუმენტებს, რაც მხარეს ჩამოყალიბებული აქვს სააპელაციო საჩივარში და სათანადო მოტივაციით უარყოს ან მხედველობაში მიიღოს საჩივრის მოთხოვნა. ამ შემთხვევაში გასაჩივრებული განჩინება ვერ იძლევა იმის საპირისპირო მტკიცებას, რაც აპელანტს სააპელაციო საჩივარში ჰქონდა ჩამოყალიბებული. სასამართლომ მშენებლობის ნებართვა გააუქმა იმ მოტივით, რომ დარღვეული იყო მისი გამოცემისა და მომზადების წესები, ამასთან, ეწინააღმდეგებოდა «მშენებლობის ნებართვების შესახებ» კანონს, იმის მიუხედავად, რომ მოსარჩელე ამ მოტივით მის გაუქმებას არ მოითხოვდა.
კასატორი მიიჩნევს, რომ მშენებლობის დარგში არსებული ნორმატივების დარღვევებზე მოსარჩელეს კიდეც რომ მიეთითებინა, იგი ამ ნაწილშიც არასათანადო მხარე იქნებოდა, რადგან ზემოხსენებულ დარღვევებზე ზედამხედველობას ახორციელებს არა ფიზიკური პირი, არამედ არქიტექტურულ-სამშენებლო ინსპექცია.
გარდა ზემოაღნიშნული დარღვევებისა, კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ ასევე დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლები, კერძოდ, სასამართლო სხდომის შესახებ არ შეატყობინა კასატორის წარმომადგენელს (ს.ფ. 186-188).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ მ. დ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 20 მარტის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მსჯელობას, რომ სააპელაციო სასამართლო არ იყო უფლებამოსილი, შეემოწმებინა სადავო ნებართვის გაცემის კანონიერება. სადავო მშენებლობის ნებართვის მართლზომიერების საკითხზე მსჯელობისას სასამართლო არ იყო შეზღუდული, გამოერკვია აღნიშნული ნებართვის გაცემის კანონიერება, დაედგინა, დამკვეთის (მ. დ-ის) მიერ იყო თუ არა წარდგენილი ნებართვის მისაღებად საჭირო დოკუმენტაცია, რაც «მშენებლობის ნებართვის შესახებ» საქართველოს კანონის მე-5 მუხლიდან გამომდინარე, მის მისაღებად აუცილებელ პირობას წარმოადგენდა, ასევე ემსჯელა იმის თაობაზე, თუ რამდენად იყო დაცული მოცემულ შემთხვევაში მშენებლობის ნებართვის გაცემის საჯაროობა.
სააპელაციო სასამართლომ მ. დ-ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოტივად მიუთითა სადავო შემთხვევაში «მშენებლობის ნებართვის შესახებ» კანონის მე-5 და მე-8 მუხლების დარღვევაზე. კანონის აღნიშნული ნორმების თანახმად, დამკვეთი მშენებლობის ნებართვის მისაღებად «სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ» საქართველოს კანონით განსაზღვრულ ორგანოში განცხადებასთან და სანებართვო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელ საბუთთან ერთად წარადგენს ადგილობრივი მმართველობის შესაბამის სამმართველოსთან შეთანხმებულ არქიტექტურულ პროექტსა და საპროექტო დოკუმენტაციას, მათ შორის, არქიტექტურულ-გეგმარებით დავალებას, დავალებას დაპროექტებაზე, მიწის ნაკვეთის საკადასტრო დოკუმენტაციას, საინჟინრო გეოლოგიურ დასკვნას და ტოპოგრაფიულ საფუძველს, გარემოსდაცვით ნებართვას, შეთანხმებულ ტექნიკურ პირობებს, სათანადო საექსპერტო დასკვნას და სხვა დოკუმენტაციას. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ ყოფილა გაცემული არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალება, მიწის ნაკვეთის საკადასტრო დოკუმენტაცია, არ მოზადებულა საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნა, ასევე არ ყოფილა დაცული მშენებლობის ნებართვის გაცემის საჯაროობა «მშენებლობის ნებართვის შესახებ» კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად. საკასაციო საჩივარი არ შეიცავს სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული დასკვნის გამაქარწყლებელ რაიმე მსჯელობას და არ არის წარმოდგენილი დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რაც სააპელაციო სასამართლოს მიერ აღნიშნული გარემოებების არასწორად დადგენას დაასაბუთებდა.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს საკასაციო საჩივრის მოტივს აღნიშნულ დავაში მ. დ-ის არასათანადო მოსარჩელედ მიჩნევის თაობაზე და რომ აღნიშნული სარჩელის აღძვრა «არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ» საქართველოს კანონიდან გამომდინარე არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს უფლებამოსილებას წარმოადგენდა. ლ. კოზაევა სარჩელის შეტანაზე არაუფლებამოსილ პირად ვერ ჩაითვლება, რადგან საქმის მასალებით დასტურდება, რომ ლ. კ-ა და მ. დ-ე ცხოვრობენ ერთ კორპუსში, რომლის ეზოშიც სადავო ავტოფარეხი მდებარეობს. ამასთან, საქმის მასალებიდან იმდენად ცხადია, რომ ლ. კ-ასა და მ. დ-ეს წლების მანძილზე აქვთ დავა აღნიშნული ავტოფარეხის თაობაზე, რომ აღნიშნულ საკითხში ეჭვის შეტანის საფუძველი სასამართლოებს ვერ ექნებოდათ.
საკასაციო სასამართლო ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნევს კასატორის მტკიცებას სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნებით დარღვევის თაობაზე, კერძოდ, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მისი წარმომადგენლის _ დ. დ-ის დაუსწრებლად და პროცესის ჩატარების თარიღის შესახებ არ აცნობა კანონით დადგენილი წესით. საქმის მასალების თანახმად, დ. დ-ე გაცემული რწმუნებულება ძალაში იყო 2005 წლის 26 ნოემბრის ჩათვლით (ს.ფ. 26). შესაბამისად, მხარეებისა და მათი წარმომადგენლებისათვის სასამართლო უწყების გაგზავნის დროს (2006 წლის 2 მარტის მდგომარეობით) დ. დ-ე კასატორის რწმუნებულს აღარ წარმოადგენდა და სასამართლოს მისი სხდომაზე მოწვევა არ ევალებოდა. საგულისხმოა, რომ სააპელაციო სასამართლოში კასატორის წარმომადგენლად გამოდიოდა თ. დ-ე, რომელიც ინფორმირებული იყო სასამართლო სხდომის დროისა და ადგილის შესახებ (ს.ფ. 172).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს და უცვლელად ტოვებს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას.
რამდენადაც მ. დ-ის საკასაციო საჩივარი შეტანილია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლში 2006 წლის 13 ივლისის საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებამდე, მას სახელმწიფო ბაჟის სახით უნდა დაეკისროს 50 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. დ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 20 მარტის განჩინება;
3. მ. დ-ეს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 50 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.