Facebook Twitter

ბს-347-329(კ-07) 23 ოქტომბერი, 2007 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, მაია ვაჩაძე

კასატორი (მოპასუხე) _ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, წარმომადგენელი რ. პ-ა, ნ. ხ-ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელეები): საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის .... კათედრის თანამშრომლები _ ნ. მ-ე, გ. ბ-ია, ლ. ჯ-ე, მ. ვ-ი, რ. ს-ე, ზ. ც-ი, მ. მ-ი, მ. ლ-ე, წარმომადგენელი ლ. ა-ი

მესამე პირები _ 1. ტ. კ-ი; 2. გ. მ-ე; 3. ნ. შ-ე; 4. გ. ყ-ი; 5. ი. გ-ე; 6. თ. გ-ე; 7. მ. გ-ე

დავის საგანი _ კონკურსის შედეგების ბათილად ცნობა

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 26 იანვრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2006 წლის 9 ივნისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის თეორიული ... თანამშრომლებმა _ ნ. მ-ემ, გ. ბ-ამ, ლ. ჯ-ემ, მ. ვ-მა, რ. ს-ემ, ზ. ც-მა, მ. მ-მა და მ. ლ-ემ სარჩელი აღძრეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიმართ და მოითხოვეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის თეორიული მექანიკის კათედრაზე 2006 წლის 15 მაისს ჩატარებული კონკურსის შედეგების ბათილად ცნობა შემდეგი საფუძვლით:

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2006 წლის 6 მარტის ¹65/03 ბრძანებით დამტკიცებული «საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის შესახებ» დებულების შესაბამისად, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარდა კონკურსი აკადემიურ თანამდებობათა დასაკავებლად.

მოსარჩელეთა მითითებით, კონკურსი ჩატარდა ზემოთ აღნიშნული დებულების მოთხოვნათა დარღვევით, კერძოდ, დაირღვა «საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის შესახებ» დებულების2.2 პუნქტი, რომლის მიხედვით, საკონკურსო კომისიის შემადგენლობისათვის კანდიდატურებს დეკანი წარუდგენს რექტორს და ეს უკანასკნელი ამტკიცებს მათ. კონკრეტულ შემთხვევაში კი, რექტორმა საკონკურსო კომისიის შემადგენლობის შედგენა დაავალა იმ პირებს – დეკანებს, რომლებიც თავად მონაწილეობდნენ კონკურსში და პირადად იყვნენ დაინტერესებულნი კონკურსის შედეგებით, რაც, მოსარჩელეთა მოსაზრებით, გამორიცხავდა მათ ობიექტურ და ნეიტრალურ დამოკიდებულებას კონკურსის შემადგენლობის მიმართ.

მოსარჩელეთა მითითებით, დებულების თანახმად, რექტორი კომისიის შემადგენლობას ამტკიცებს მხოლოდ 15 კაცის რაოდენობით, სამშენებლო ფაკულტეტზე კი კომისია მუშაობდა 14 კაცის შემადგენლობით. კომისიის მე-15 წევრი დ. ზ-ი არ დასწრებია კომისიის არც პირველ _ 2006 წლის 8 მაისის შეკრებას და არც კენჭისყრაში მიუღია მონაწილეობა, რაც, მოსარჩელეთა მოსაზრებით, დებულების მოთხოვნისა და კომისიის მუშაობის პროცედურის დარღვევას წარმოადგენდა.

მოსარჩელეთა მითითებით, ასევე დაირღვა დებულების 4.2 პუნქტი, რომლის შესაბამისად, საფაკულტეტო საკონკურსო კომისიის პირველი სხდომა უნდა გაიმართოს კონკურსანტების განცხადების მიღების შემდეგ, ხოლო დებულების 4.6 პუნქტის მიხედვით _ განცხადების მიღების დამთავრებისთანავე. კონკურსანტების განცხადებების მიღება დამთავრდა 2006 წლის 10 აპრილს, ხოლო ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის ბრძანებით საფაკულტეტო საკონკურსო კომისიები დამტკიცდა 3 მაისს. 2006 წლის 8 მაისს გაიმართა საკონკურსო კომისიის პირველი სხდომა, ანუ არა განცხადებების მიღების დამთავრებისთანავე, არამედ თითქმის ერთი თვის დაგვიანებით, რის გამოც კომისიის წევრებს სამუშაოდ მხოლოდ 4 დღე დარჩათ.

მოსარჩელეთა მითითებით, ფაკულტეტის დეკანმა პროცედურის დარღვევით გახსნა სხდომა და კომისიის წევრებს წარუდგინა დასამტკიცებლად საკონკურსო კომისიის წინასწარ შერჩეული თავმჯდომარე, რითაც ფაკულტეტის დეკანმა გადააჭარბა თავის უფლებამოსილებას, რადგან დებულების თანახმად, დეკანს არ ევალება წევრებისათვის კომისიის თავმჯდომარის წარდგენა, ამ უკანასკნელს კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელების უფლებაც არ ჰქონდა, რადგან იგი კომისიის წევრიც არ ყოფილა და თავმჯდომარის არჩევაში მონაწილეობას ვერ მიიღებდა.

მოსარჩელეთა მითითებით, ასევე დაირღვა დებულების 4.4 და 4.5 პუნქტები, ვინაიდან სხდომის ოქმები შედგენილი არ იყო წარმოებისათვის დამახასიათებელი წესით. ოქმს ხელს აწერს კომისიის წევრები და არა კომისიის თავმჯდომარე და მდივანი, რომლებსაც უშუალოდ ეკისრებოდათ პასუხისმგებლობა ოქმების წარმოებაზე.

მოსარჩელეთა მითითებით, უხეშად დაირღვა დებულების 4.8, 4.9, 4.10, 4.11, 4.13 პუნქტების მოთხოვნები, რომელთა თანახმად, უნდა შედგენილიყო ოქმი, რომლის დადგენილებით ნაწილში ასახული იქნებოდა ვისი განცხადება აკმაყოფილებდა საკონკურსო მოთხოვნებს, ასევე წერილობით აისახებოდა, რატომ ეთქვა უარი ამა თუ იმ კანდიდატს კონკურსში მონაწილეობაზე.

მოსარჩელეთა მითითებით, მათ მიერ ვერ იქნა მოძიებული დებულების 4.20 პუნქტით გათვალისწინებული საკონკურსო კომისიის დასკვნით სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების ოქმი კონკურსის შედეგებით, რომელიც სხდომის დამთავრებისთანავე უნდა გადასცემოდა რექტორს დასამტკიცებლად.

მოსარჩელეთა მითითებით, კომისიამ შეადგინა სამი ოქმი, რომლებიც დათარიღებულია 8, 13 და 15 მაისით. არც ერთი ოქმი არ არის თავმჯდომარისა და მდივნის მიერ ხელმოწერილი. ოქმებს ხელს აწერენ კომისიის წევრები. კომისიის პირველი სხდომა ჩატარდა 8 მაისს, დებულებით გათვალისწინებული ვადის დარღვევით. სხდომის ოქმი ¹1-ით გათვალისწინებული განრიგის თანახმად, კომისიამ, რომელსაც უნდა შეესწავლა სხვადასხვა კათედრაზე მოღვაწე და სხვადასხვა სპეციალობის 151 კონკურსანტის განაცხადში შეტანილი მასალები და უნდა მომზადებულიყვნენ კენჭისყრისათვის, სამშენებლო ფაკულტეტზე იმუშავა მხოლოდ ორი დღე-ნახევარი. მოსარჩელეთა მოსაზრებით, აღნიშნული ვადა არ იყო საკმარისი მითითებულის განსახორციელებლად.

ამდენად, მოსარჩელეებმა მიიჩნიეს, რომ ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის თეორიული მექანიკის კათედრაზე კონკურსი ჩატარდა დარღვევებით, რის გამოც მოითხოვეს კონკურსის შედეგების ბათილად ცნობა (იხ. ს.ფ. 1-10).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 26 ივლისის საოქმო განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის შესაბამისად, საქმეში მესამე პირებად ჩაერთვნენ ტ. კ-ი, გ. მ-ე, ნ. შ-ე, გ. ყ-ი, ი. გ-ე, თ. გ-ე, ვ. ფ-ა და მ. გ-ე (იხ. ს.ფ. 60).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 11 აგვისტოს გადაწყვეტილებით ნ. მ-ის, გ. ბ-ას, ლ. ჯ-ის, მ. ვ-ის, რ. ს-ის, ზ. ც-ის, მ. მ-ისა და მ. ლ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ძალაში შესვლის დღიდან ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 2006 წლის 17 მაისის ¹179/03 ბრძანება სამშენებლო ფაკულტეტზე .... მიმართულებით აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ჩატარებული ღია კონკურსის შედეგები, რაც საქალაქო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის .... კათედრაზე აკადემიურ თანამდებობაზე ჩატარდა კონკურსი, რომლის შედეგები დამტკიცდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2006 წლის 17 მაისის ¹179/03 ბრძანებით.

საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა მოსარჩელეთა არგუმენტები კონკურსის მიმდინარეობისას პროცედურული და სამართლებრივი დარღვევების არსებობის შესახებ. აღნიშნულთან დაკავშირებით, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კონკურსის პროცესში დარღვეულ იქნა 2006 წლის 6 მარტის ¹65/03 ბრძანებით დამტკიცებული «საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის შესახებ» დებულების მთელი რიგი მოთხოვნები, მათ შორის, დებულების 4.6 პუნქტი, რომლის მიხედვით, საკონკურსო კომისიის სხდომის ჩატარება აუცილებელია განცხადების მიღების დამთავრებისთანავე, მაშინ როდესაც განსახილველ შემთხვევაში საკონკურსო კომისიის პირველი სხდომა გაიმართა განცხადებების დამთავრებიდან ერთი თვის შემდეგ, 2006 წლის 8 მაისს, რასაც ადასტურებს საქმის მასალებში წარმოდგენილი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის აკადემიურ თანამდებობებზე გადასაყვანი საკონკურსო კომისიის 2006 წლის 8 მაისის ¹1 სხდომის ოქმი და მოწმის სახით სასამართლო სხდომაზე დაკითხული საკონკურსო კომისიის ერთ-ერთი წევრი როლანდ გაჩეჩილაძე.

საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ საკონკურსო კომისიის მუშაობისას ასევე უხეშად დაირღვა დებულების 4.11 პუნქტის მოთხოვნები, რომლის თანახმად, საფაკულტეტო საკონკურსო კომისიის დასკვნით სხდომაზე განიხილება კონკურსის შედეგები და ხდება შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება, კერძოდ, ანკეტა-განცხადებაში ყველა კომისიის წევრთაგან გამოყოფილი მუშა ჯგუფების მიერ წარმოდგენილი მასალების შემთხვევაში რეალურად ადგილი არ ჰქონია, მეტიც არ არსებობს ასევე დებულების 4.13 პუნქტით განსაზღვრული, თითოეულ კონკურსანტზე შევსებული ინდივიდუალური ოქმი, რომელიც კონკურსანტის პირად საქმეზე თანდართულ დოკუმენტაციას წარმოადგენს და რომლის საფუძველზეც არჩევნების შემდეგ მასთან გაფორმდება საუნივერსიტეტო შრომითი ხელშეკრულება. მითითებული საკონკურსო დოკუმენტაციის არარსებობის ფაქტს ადასტურებს ის გარემოება, რომ სასამართლოს 2006 წლის 4 აგვისტოს განჩინებით მოთხოვნილი განსაზღვრული მტკიცებულებების წარმოდგენა მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ _ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენელმა ვერ უზრუნველყო, მეტიც, აღნიშნული დოკუმენტაციის არარსებობას ადასტურებს საკონკურსო კომისიის წევრი როლანდ გაჩეჩილაძე.

საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის .... კათედრაზე აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსი რეალურად არ ჩატარებულა, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც საქმის მასალებში წარმოდგენილი სხდომის ოქმების დადგენილებით ნაწილში არ არის ასახული თუ ვისი განცხადებები აკმაყოფილებდა საკონკურსო კომისიის მიერ განსაზღვრულ მოთხოვნებს ან ვის და რატომ ეთქვა უარი კონკურსში მონაწილეობაზე, რაც ცალსახად არის განსაზღვრული დებულების 4.10 პუნქტში. საკონკურსო კომისიამ 4 დღის განმავლობაში იმუშავა 14 წევრის შემადგენლობით, მაშინ როდესაც საკონკურსო კომისია დებულების 2.2 პუნქტის შესაბამისად, შედგებოდა 15 წევრისაგან. ამდენად, გაუგებარია, კომისიის სხდომაზე ამა თუ იმ გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ხმათა რაოდენობის თანაბრად განაწილების შემთხვევაში, გადაწყვეტილებას რა ფორმით ან რა პროცედურის დაცვით მიიღებდა საკონკურსო კომისია.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, კერძოდ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 2006 წლის 17 მაისის ¹179/03 ბრძანება თეორიული მექანიკის კათედრაზე დამტკიცების ნაწილში კანონსაწინააღმდეგოა (იხ. ს.ფ. 115-119).

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 11 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმება შემდეგი მოტივით:

აპელანტმა არ გაიზიარა მოსარჩელეთა მითითება დებულების 2.2 პუნქტის დარღვევის თაობაზე და აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 8 ივნისის ¹473 ბრძანებულების მე-2 მუხლის «დ» ქვეპუნქტი და «საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის შესახებ» დებულების 2.2 მუხლი პირდაპირ უთითებს, რომ აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული საკონკურსო კომისიის შემადგენლობას დეკანის წარდგინება-რეკომენდაციის საფუძველზე, საუნივერსიტეტო ბრძანებით ამტკიცებს რექტორი. ამავე დებულების 4.1 მუხლი ავალებს დეკანს ორგანიზება გაუკეთოს საკონკურსო კომისიის პირველ სხდომას, ხოლო 4.2 მუხლი _ გახსნას საკონკურსო კომისიის პირველი სხდომა, გააცნოს კომისიის წევრებს კომისიის დამტკიცებული შემადგენლობა და კომისიის თავმჯდომარის არჩევის შემდეგ დასტოვოს სხდომა. ამდენად, აპელანტის მითითებით, ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის პირდაპირ მოვალეობას წარმოადგენდა ამგვარი შეზღუდული ფორმით ორგანიზაციული საქმიანობა და მას სრული უფლება ჰქონდა, მონაწილეობა მიეღო აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში.

აპელანტმა არ გაიზიარა ასევე მოსაზრება იმის თაობაზე, რომ კომისიას აუცილებლად უნდა ემუშავა 15 წევრის შემადგენლობით და მიუთითა, რომ რექტორმა კომისია დაამტკიცა 15 წევრის შემადგენლობით, რომელიც უფლებამოსილი იყო ემუშავა შემადგენლობის 2/3-ით, ანუ 10 წევრითაც, კომისია კი მუშაობდა 14 წევრის შემადგენლობით, ერთი წევრის გამოუცხადებლობის გამო.

აპელანტი არ დაეთანხმა მითითებას იმის თაობაზე, რომ სხდომის ოქმებს ხელს არ აწერდნენ კომისიის თავმჯდომარე და მდივანი. კომისიის ყველა სხდომას ესწრებოდა 14 წევრი, რაც დასტურდება კომისიის სხდომის ოქმებზე 14-ვე წევრის ხელმოწერით.

აპელანტის მითითებით, არასწორია იმის მტკიცება, რომ კონკურსანტებს არ ეცნობათ მათი კონკურსიდან მოხსნის შესახებ, რადგან საჯაროდ იყო გამოქვეყნებული დებულება, რომელშიც დაფიქსირებულია რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს ესა თუ ის კონკურსანტი, ასევე კომისიის 2006 წლის 13 მაისის ¹2 სხდომის ოქმით დასტურდება თუ რატომ ეთქვათ კონკურსში მონაწილეობაზე უარი კონკურსანტებს ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე რექტორის ბრძანების საფუძველზე.

აპელანტმა ასევე არ გაიზიარა მოსაზრება დებულების 4.20 პუნქტის დარღვევის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს დასკვნითი სხდომის ჩატარებას. აპელანტის მითითებით, დასკვნითი ¹3 სხდომა ჩატარდა 2006 წლის 15 მაისს, რომელზეც მოეწყო კენჭისყრა, დამტკიცდა კონკურსის შედეგები და შედგა ოქმები თითოეულ კონკურსანტზე.

აპელანტის მითითებით, არასწორია მითითება იმის თაობაზე, რომ რომელიმე კონკურსანტის მიერ წარმოდგენილი ნაშრომები არ შეესაბამებოდა მის სამეცნიერო და პედაგოგიურ საქმიანობას ან არ იყო შედარებული წარმოდგენილი ქსეროასლი ნაბეჭდ დედანთან.

აპელანტმა არ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მითითება დებულების 4.6 მუხლის დარღვევის შესახებ და აღნიშნა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით, ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომლების სარჩელის საფუძველზე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29.1 მუხლის შესაბამისად, შეჩერებულ იქნა ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2006 წლის 10 მარტის ¹65/03 ბრძანებისა და მისი ¹1 დანართის მოქმედება, რის გამოც შეუძლებელი იყო რაიმე მოქმედების განხორციელება კონკურსის მიმდინარეობის გაგრძელების თვალსაზრისით და მით უფრო, სავალდებულოდ აუცილებელი სხდომის მოწვევა. ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის შუამდგომლობის საფუძველზე 2006 წლის 19 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით გაუქმდა ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2006 წლის 10 მარტის ¹65/03 ბრძანებისა და მისი ¹1 დანართის მოქმედების შეჩერების თაობაზე განჩინება. 2006 წლის 20 აპრილს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის ¹142/03 ბრძანებით ცვლილება შევიდა 2006 წლის 10 მარტის ¹65/03 ბრძანებაში და საკონკურსო კომისიებს დაევალათ კონკურსის შედეგების დასამტკიცებლად წარდგენა 2006 წლის 17 მაისისათვის. ამდენად, აპელანტმა მიიჩნია, რომ არ დარღვეულა დებულების 4.11 პუნქტი.

აპელანტის მითითებით, ასევე არ დარღვეულა დებულების 4.13 პუნქტი და თითოეულ კონკურსანტზე შედგა ოქმი, რაც გახდა მათთან კონტრაქტის გაფორმების საფუძველი. ასეთივე ოქმები შედგა იმ კონკურსანტებზეც, რომლებმაც ვერ გაიმარჯვეს კონკურსში.

აპელანტმა ასევე არ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მითითება, რომ კომისიამ იმუშავა მხოლოდ 2,5 დღე და მიუთითა, რომ კომისიამ იმუშავა 8 დღის განმავლობაში, რაც საკმარისი იყო საკონკურსოდ წარმოდგენილი დოკუმენტების შესასწავლად (იხ. ს.ფ. 140-145).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 26 იანვრის განჩინებით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 11 აგვისტოს გადაწყვეტილება, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2006 წლის მარტში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გამოცხადდა ღია კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად სამი წლის ვადით, მათ შორის, სამშენებლო ფაკულტეტის .... მიმართულებით _ პროფესორის 3,5, ასოცირებული პროფესორის 3,5 და ასისტენტ-პროფესორის 1 ერთეულზე. სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებზე დაყრდნობით, დადასტურებულად მიიჩნია, რომ კონკურსი ერთნაირად გამოცხადდა როგორც მთლიან, ასევე 0,5 ერთეულზე. ფაქტობრივად კი, კონკურსი ჩატარდა 0,5 ერთეულზე ცალკე, რაც სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია დებულების 1.1 მუხლის დარღვევად.

სააპელაციო სასამართლომ ასევე დარღვეულად მიიჩნია დებულების 2.2 მუხლი და დადასტურებულად მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ საკონკურსო კომისია დამტკიცდა 15 წევრის შემადგენლობით, კომისიის ერთ-ერთ წევრს კომისიის მუშაობაში მონაწილეობა საერთოდ არ მიუღია. აღნიშნულის მიუხედავად, არ მომხდარა 20-კაციანი სიის დარჩენილი 5 პირიდან ერთ-ერთის კომისიის წევრად დამტკიცება, რითაც დებულების მოთხოვნა კომისიის შემადგენლობის 15 კაცის ოდენობით დამტკიცების შესახებ მხოლოდ ფორმალურად შესრულდა და დაირღვა მითითებული ნორმის მოთხოვნა, იმის მიუხედავად, რომ დებულებით კომისია უფლებამოსილი იყო, მისი შემადგენლობის 2/3-ით ემუშავა.

სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითება, რომ კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილების მიღებისას ხმათა რაოდენობის თანაბრად განაწილების შემთხვევაში კომისია გადაუწყვეტი პრობლემის წინაშე აღმოჩნდებოდა.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ასევე დაირღვა დებულების 4.2 მუხლი, რადგან აკადემიურ თანამდებობაზე გადასაყვანი საკონკურსო კომისიის 2006 წლის 8 მაისის ¹1 სხდომის ოქმის თანახმად, საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურა სხდომას წარუდგინა სამშენებლო ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელმა. დებულების 4.2 მუხლის თანახმად, კომისიის წევრებს უნდა აერჩიათ რა კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის კანდიდატურაც სწორედ კომისიის წევრებს უნდა დაესახელებინათ. ვინაიდან დეკანის მოვალეობის შემსრულებელი არ იყო კომისიის წევრი, მას არც კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელების უფლებამოსილება გააჩნდა. მის უფლებამოსილებას წარმოადგენდა მხოლოდ კომისიის პირველი სხდომის დაწყების ორგანიზება და არა თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელება.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, არ იქნა შესრულებული დებულების 4.5 მუხლის მოთხოვნა, რადგან მხარემ ვერ წარმოადგინა ხელნაწერი ოქმები. წარმოდგენილი ოქმები ხელმოწერილია კომისიის დამსწრე წევრთა და არა თავმჯდომარისა და სხდომის მდივნის მიერ. საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა დებულებაში 4.5 ნორმის არსებობა ზედმეტ ფორმალობად მიიჩნია და დებულების მითითებულ მუხლში ცვლილების შეტანა განახორციელა.

სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საკონკურსო კომისიის პირველი სხდომა გაიმართა განცხადებების მიღების დამთავრებიდან თითქმის ერთი თვის შემდეგ, 2006 წლის 8 მაისს, რითაც დაირღვა დებულების 4.6 მუხლი.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მითითება, რომ არ დარღვეულა დებულების 4.6 მუხლი, რადგან აღნიშნულ ნორმაში საუბარია საკონკურსო კომისიის პირველ სხდომაზე, რომელიც 8 მაისს გაიმართა და რომელიც რეალურად განცხადებების მიღების დამთავრებისთანავე უნდა გამართულიყო, მაგრამ, ვინაიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 6 აპრილის განჩინებით შეჩერდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2006 წლის 10 მარტის ¹54/03 ბრძანებისა და მისი ¹1 დანართის მოქმედება 2006 წლის 20 აპრილამდე, შესაბამისად, 20 აპრილს დამთავრდა 2006 წლის 10 მარტის ¹65/03 ბრძანებისა და მისი ¹1 დანართის მოქმედების შეჩერება, პირველი სხდომის ჩატარება ამ დროიდან უნდა მომხდარიყო და არა 8 მაისს.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, დებულების 4.8, 4.9, 4.10 მუხლების თანახმად, კომისიის მუშაობის პროცესში თავმჯდომარე კომისიის წევრებს ავალებს მის მიერ გადანაწილებული განცხადებისა და თანდართული საბუთების განხილვას რექტორის ბრძანებით დამტკიცებული მოთხოვნების ჩამონათვალთან წარმოდგენილი საკონკურსო მასალების შესაბამისობის გარკვევის მიზნით. განცხადების განხილვის შედეგები შესაბამისი კომენტარებით აისახება ოქმში. საჭიროების შემთხვევაში, მდივანს ეძლევა დავალება, კონკურსანტების მიერ ორი დღის ვადაში დამატებითი ან შესწორებული საბუთების წარმოსადგენად, იმის გათვალისწინებით, რომ უკვე არსებული საბუთების შეცვლა დაუშვებელია. დამატებით საბუთს იღებს პირადად კომისიის მდივანი და ხელმოწერით ადასტურებს, რომ იგი უკვე არსებული საბუთების დამატებაა და კომისიის მიერ არის აუცილებლად მიჩნეული, როგორც უფრო სრულყოფილი. დამატებითი საბუთის წარმოდგენის თაობაზე ჩანაწერი კეთდება სარეგისტრაციო ჟურნალში. ოქმში წერილობით უნდა აისახოს, თუ ვის რატომ ეთქვა უარი კონკურსში მონაწილეობაზე. დებულების მითითებული ნორმის მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეზე წარმოდგენილი არ ყოფილა (იხ. ს.ფ. 334-346).

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 26 იანვრის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი მოტივით:

კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული.

კასატორის მოსაზრებით, უსაფუძვლოა სააპელაციო სასამართლოს მითითება დებულების 1.1 მუხლის დარღვევის შესახებ და ემყარება მითითებული ნორმის არასწორ განმარტებასა და გამოყენებას. დებულების 1.1 მუხლის თანახმად, ბრძანებაში კონკურსის ჩატარების შესახებ მითითებული უნდა იყოს საკონკურსო ადგილების რაოდენობა. რექტორის მოვალეობის შემსრულებლის ბრძანებით თითოეული ფაკულტეტის და მიმართულების მიხედვით განისაზღვრა კიდეც საკონკურსო ადგილების რაოდენობა. მოცემულ შემთხვევაში 3,5 ადგილი სრული პროფესორის, 3,5 – ასოცირებული პროფესორის და 1 ადგილი _ ასისტენტ-პრიფესორისა. საკონკურსო ადგილების ამგვარი განსაზღვრა სრულიადაც არ ნიშნავს, რომ ყველა მითითებულ ადგილზე საერთო კონკურსი უნდა ჩატარებულიყო. კონკურსის ჩატარების ამგვარი წესი არც დებულებით იყო გათვალისწინებული. შესაბამისად, კომისიამ იმსჯელა იმ კონკურსანტებზე, რომლებიც ითხოვდნენ სრულ განაკვეთზე არჩევას და ცალკე იმ პირების მიმართ, რომელთაც განცხადება შეტანილი ჰქონდათ 0,5 ადგილის დასაკავებლად. აღნიშნული გარემოების არსებობისას კონკურსის ამ წესით ჩატარება არ შეიძლება ჩაითვალოს დებულების მოთხოვნის დარღვევად. მით უფრო, რომ დებულების 4.7 მუხლით ცალსახად არის დადგენილი, რომ კონკურსის ცალ-ცალკე ჩატარება სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ პროფესორის აკადემიურ თანამდებობებზე. დაუშვებელია აკადემიურ თანამდებობაზე მონაწილე კონკურსანტის გადაყვანა. შეუვსებელი ვაკანსიები შეიძლება დაკავებულ იქნეს მხოლოდ განმეორებით გამოცხადებული ღია კონკურსის წესით.

კასატორის მოსაზრებით, უსაფუძვლოა სააპელაციო სასამართლოს არგუმენტი დებულების 2.2 მუხლის დარღვევის შესახებ. კასატორის მითითებით, აღნიშნული ნორმა ითვალისწინებს მხოლოდ რექტორისათვის კომისიის წევრობის 20 კანდიდატურის წარდგენასა და ამ 20 პიროვნებიდან კომისიის წევრად 15 ადამიანის დამტკიცებას. შემდგომში კომისიის მუშაობაში რომელიმე წევრის არმონაწილეობის მოტივით კომისიის ამ წევრის გამოყვანას კომისიიდან და მისი დარჩენილი 5 კანდიდატიდან შევსებას დებულება არ ითვალისწინებს. უფრო მეტიც, დებულების 4.1 და 4.14 მუხლები უშვებს კომისიის სხდომის ჩატარებას ბრძანებით დამტკიცებული შემადგენლობის 2/3-ით. შესაბამისად, კომისიის ერთი წევრის გამოუცხადებლობა დარღვევად არ ითვლება.

კასატორმა ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნია სააპელაციო სასამართლოს მითითება დებულების 4.2 მუხლის დარღვევაზე. მითითებული ნორმა სავალდებულოდ არ მიიჩნევს თავმჯდომარის კანდიდატურის მხოლოდ წევრთა მიერ დასახელებას. თავმჯდომარის არჩევის აუცილებელ პირობად მიჩნეულია ის, რომ თავმჯდომარე აუცილებლად უნდა იყოს კომისიის წევრი. ასეთ ვითარებაში, თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელება ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის მიერ არ შეიძლება ჩაითვალოს დარღვევად, მით უფრო, რომ თავმჯდომარის კანდიდატურას ხმა მისცა ყველა წევრმა და მათ ეს საკითხი სადავოდ არ გაუხდიათ.

კასატორის მოსაზრებით, სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი არ შეიძლებოდა გამხდარიყო სააპელაციო სასამართლოს მითითება დებულების 4.5 მუხლის დარღვევაზე. საქმის მასალებით, მოწმე თ. შალიკაძისა და სხვათა ჩვენებებით დასტურდება, რომ კომისიის სხდომაზე ოქმი პირდაპირ იბეჭდებოდა კომპიუტერზე და ოქმებს მათი წაკითხვის შემდეგ ხელს აწერდნენ კომისიის წევრები. აღნიშნული გარემოების საწინააღმდეგო მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის. ასეთ ვითარებაში, კასატორის მოსაზრებით, კომპიუტერზე ნაბეჭდი და კომისიის წევრთა მიერ ხელმოწერილი ოქმის მიუღებლობისათვის საფუძველი მხოლოდ იმ მოტივით, რომ არ არის ოქმის ხელნაწერი ვარიანტი, არ არსებობს.

კასატორმა არასწორად მიიჩნია სააპელაციო სასამართლოს მითითება დებულების 4.6 მუხლის დარღვევაზე. კასატორის მითითებით, აღნიშნული ნორმა ზოგადად უთითებს კომისიის ჩატარების თაობაზე განცხადებების მიღების დამთავრებისთანავე და არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, კონკრეტულად რამდენ დღეში უნდა ჩატარდეს სხდომა. უფრო მეტიც, 4.1 მუხლი პირველი სხდომის მოწყობას განცხადებების მიღების დამთავრების შემდეგ ითვალისწინებს. ამასთან, ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 6 აპრილის განჩინებით შეჩერდა 2006 წლის 10 მარტის ¹65/03 ბრძანების, ისე ამ ბრძანებით დამტკიცებული დებულების მოქმედება. ასეთ ვითარებაში, მოპასუხე, არც ერთ შემთხვევაში არ შეეძლო სხდომა ჩაეტარებია 2006 წლის 10 აპრილის გასვლისთანავე.

კასატორმა არ გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს მითითება დებულების 4.8, 4.9 და 4.10 ნორმების დარღვევის შესახებ, ასევე არ დაეთანხმა სააპელაციო სასამართლოს იმის შესახებ, რომ კომისიამ მხოლოდ 4 დღის განმავლობაში იმუშავა და მიუთითა, რომ კომისიის წევრები კონკურსანტების განცხადებებზე გაცილებით მეტ ხანს მუშაობდნენ. ამასთან, დებულებით არ არის რაიმე შეზღუდვა კომისიის მუშაობის ვადასთან დაკავშირებით და არ არის დადგენილი რაიმე კონკრეტული დრო, რომლის განმავლობაშიც უნდა იმუშავოს კომისიამ (იხ. ს.ფ. 367-371).

საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 10 ივლისის განჩინებით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის «გ» ქვეპუნქტის შესაბამისად, დასაშვებად იქნა მიჩნეული (იხ. ს.ფ. ).

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საკასაციო საჩივარი არ ცნეს მოწინააღმდეგე მხარეებმა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის თეორიული მექანიკის კათედრის თანამშრომლებმა _ ნ. მ-ემ, გ. ბ-ამ, ლ. ჯ-ემ, მ. ვ-მა, რ. ს-ემ, ზ. ც-მა, მ. მ-მა და მ. ლ-ემ და მოითხოვეს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. ).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობა საქმის მასალების შესწავლის, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 26 იანვრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, კასატორის მიერ წამოყენებული საკასაციო პრეტენზიები დასაბუთებულია, საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები საჭიროებს დადგენასა და სათანადო შეფასებას, რის გამოც საკასაციო სასამართლოს კოლეგიურ უმრავლესობას მიაჩნია, რომ იგი ექვემდებარება ხელახლა განხილვას.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2006 წლის 6 მარტის ¹65/03 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის ჩატარების შესახებ დებულების 1.1 პუნქტის დარღვევაზე, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ მითითებული ნორმის დარღვევად მიიჩნია ის გარემოება, რომ კონკურსი გამოცხადდა პროფესორის 3,5, ასოცირებული პროფესორის 3,5 და ასისტენტ-პროფესორის 1 ერთეულზე, კონკურსი გამოცხადდა ერთნაირად როგორც მთლიან, ისე 0,5 ერთეულზე, ფაქტობრივად კი კონკურსი 0,5 ერთეულებზე ჩატარდა ცალკე. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო დასაბუთებულად მიიჩნევს კასატორის საკასაციო პრეტენზიას, რომ საკონკურსო ადგილების რაოდენობის ზემოთ მითითებული განსაზღვრა არ ნიშნავს, რომ ყველა აღნიშნულ ადგილზე საერთო კონკურსი უნდა ჩატარებულიყო. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ კონკურსი გამოცხადდა ერთიანად და 0,5 ერთეულებზე ცალკე არ უნდა ჩატარებულიყო, იმპერატიულად არ გამომდინარეობს დებულების 1.1 პუნქტის შინაარსიდან და სააპელაციო სასამართლოს არ დაუსაბუთებია რის საფუძველზე მივიდა ამგვარ დასკვნამდე.

საკასაციო სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას დებულების 2.2 პუნქტის დარღვევის შესახებ. კერძოდ, დებულების მითითებული ნორმის თანახმად, საფაკულტეტო საკონკურსო კომისიების შემადგენლობებს და თითოეულ ფაკულტეტზე კონკურსის ჩატარების თარიღს, ფაკულტეტის დეკანის წარდგინება-რეკომენდაციების საფუძველზე, საუნივერსიტეტო ბრძანებით ამტკიცებს რექტორი. დეკანი რექტორს საკონკურსო კომისიის შემადგენლობისათვის წარუდგენს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში ცნობილი და დამსახურებული არანაკლებ 20 პიროვნების კანდიდატურის რეკომენდაციას. რექტორი კომისიის შემადგენლობას ამტკიცებს 15 კაცის ოდენობით. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას იმის თაობაზე, რომ ვინაიდან კომისიის ერთ-ერთ წევრს მონაწილეობა არ მიუღია კომისიის მუშაობაში, არ მომხდარა 20-კაციანი სიის დარჩენილი 5 პირიდან ერთ-ერთის კომისიის წევრად დამტკიცება, რითაც ფორმალურად შესრულდა დებულების მოთხოვნა. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს დასკვნა დაუსაბუთებელია, გაურკვეველია რის საფუძველზე მივიდა ამგვარ დასკვნამდე, რადგან სადავო არ არის ის გარემოება, რომ რექტორის ბრძანებით კომისიის შემადგენლობა დამტკიცდა 15 წევრით, ხოლო დებულების 2.2 პუნქტი არ ადგენს იმ წესს, რომ თუ ერთ-ერთი წევრი არ მიიღებს მონაწილეობას კომისიის მუშაობაში, დარჩენილი 5 პირიდან უნდა მოხდეს ერთ-ერთის დამტკიცება კომისიის წევრად. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ასეთი წესის დადგენის აუცილებლობაც არ არსებობდა, რადგან დებულების 4.1 პუნქტის შესაბამისად, საკონკურსო კომისია უფლებამოსილი იყო შესდგომოდა მუშაობას შემადგენლობის 2/3-ის _ 10 კაცის დასწრების შემთხვევაში. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ კომისია ხმების გაყოფის შემთხვევაში გადაუწყვეტელი პრობლემის წინაშე აღმოჩნდებოდა, რადგან როგორც აღინიშნა, თავად დებულების 4.1 პუნქტით განისაზღვრა იურიდიული შესაძლებლობა კომისიას ემუშავა 10 კაცის შემადგენლობით და იგივე პრობლემა, რაზეც მიუთითა სააპელაციო სასამართლომ ასეთ პირობებშიც იარსებებდა.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს დასკვნა დებულების 4.2 პუნქტის დარღვევაზე ასევე საჭიროებს სათანადო სამართლებრივ შეფასებას, რადგან ის გარემოება, ვის უნდა წარედგინა კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურა, არ არის რეგლამენტირებული დებულებით და 4.2 პუნქტის შინაარსიდან ერთმნიშვნელოვნად არ გამომდინარეობს.

საკასაციო სასამართლო ნაწილობრივ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას დებულების 4.5 პუნქტის დარღვევაზე, კერძოდ, არ იქნა დაცული მითითებული ნორმის მოთხოვნა ხელნაწერი ოქმების შედგენის შესახებ, თუმცა ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ ოქმები ხელმოწერილი უნდა ყოფილიყო კომისიის თავმჯდომარისა და მდივნის მიერ და არა კომისიის ყველა წევრის მიერ, რადგან დებულების 4.5 მუხლი ასეთ დანაწესს არ ითვალისწინებს, ხოლო რაც შეეხება სხდომის ჩატარების თარიღს, ამ ნაწილში მოთხოვნის კანონიერების დადგენის მიზნით, საკასაციო სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს სააპელაციო სასამართლომ საკითხი განიხილოს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 6 აპრილის განჩინების ანალიზისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას უნდა იმსჯელოს ზემოთ მითითებულ გარემოებებზე და სათანადო სამართლებრივი შეფასება მისცეს მათ, ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამავე კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში, მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემული დავის გადაწყვეტისას უნდა იმსჯელოს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში კონკურსის ჩატარებისას პროცედურული დარღვევების არსებობის პირობებში სახეზე იყო თუ არა იმგვარი დარღვევები, რომელთა არარსებობის შემთხვევაში სხვაგვარი გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ წამოყენებული საკასაციო პრეტენზიები დასაბუთებელი და დასაშვებია, შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გასაჩივრებული განჩინების კანონშეუსაბამობის თაობაზე და სსსკ-ის 412-ე მუხლის შესაბამისად, მოცემული საქმე ექვემდებარება ხელახლა განხილვას, რა დროსაც სააპელაციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს ზემოაღნიშნულ გარემოებებზე და მათი გამოკვლევისა და შეფასების შედეგად მიიღოს გადაწყვეტილება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვენელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1, 247.1, 372-ე, 390-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 26 იანვრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. სასამართლო ხარჯები გადანაწილდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების დადგენისას;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.