Facebook Twitter

¹ბს-348-330(2კ-07) 27 სექტემბერი, 2007წ.

თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლალი ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორები _ 1. ე. ხ.-ე (მოსარჩელე);

2. ქ. თბილისის ¹... საშუალო სკოლა (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილება

დავის საგანი _ ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2006 წლის 3 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სასარჩელო განცხადებით მიმართა ე. ხ.-მ მოპასუხე ქ. თბილისის ¹... საშუალო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელ თ. კ.-ის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ქ. თბილისის ¹... საშუალო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მიერ მის მიმართ დისციპლინური წესით დასჯის თაობაზე 2005 წლის 4 ოქტომბრის ¹40 ბრძანების, აგრეთვე 2005 წლის 5 ოქტომბრის ¹41 ბრძანებისა და მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე 2006 წლის 20 იანვრის ¹57 ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, 18 გაკვეთილიდან ყოველთვიური გაანგარიშებით იძულებითი განაცდურისა და მორალური ზიანის _ 20 000 ლარის ანაზღაურება.

სარჩელის საფუძვლები მდგომარეობდა შემდეგში:

ე. ხ.-ე 2006 წლის 15 მარტიდან გათავისუფლდა ¹...-ე საშუალო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის თანამდებობიდან, ერთი თვის საშუალო ხელფასის მიცემით. 2005 წლის 23 სექტემბერს ჩატარდა ...-ე საშუალო სკოლის პედაგოგიური საბჭოს სხდომა, რომელზედაც განსახილველად წარდგენილი იყო საათების განაწილების საკითხი. მოსარჩელემ უკმაყოფილება გამოხატა საათების სიმცირის გამო და როგორც ეს 2005 წლის 23 სექტემბრის ოქმშია აღნიშნული, მისი არაპედაგოგიური, შეურაცხმყოფელი ქმედებების შედეგად სხდომა ჩაიშალა. ამის გამო მოსარჩელის მიმართ გამოყენებულ იქნა დისციპლინური სასჯელი _ საყვედური.

2006 წლის 23 სექტემბერს პედაგოგიური საბჭოს დადგენილების საფუძველზე ე. ხ.-ის მიმართ შრომის კანონთა კოდექსის 153-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოყენებულ იქნა დისციპლინური სასჯელი _ სასტიკი საყვედური.

შრომის კანონთა კოდექსის 422-ე მუხლის შესაბამისად, ე. ხ.-ს 2005 წლის 13 დეკემბერს ეცნობა მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ (13.12.2005წ. გაფრთხილება ¹272). მოსარჩელის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიღებულ იქნა საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” პუნქტის (მუშაკთა რიცხოვნობის შემცირება), აგრეთვე “ბ” და “გ” (მუშაკის მიერ სამუშაოს არასაპატიო მიზეზით გაცდენა, თუ ადრე მის მიმართ გამოყენებული იყო დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიება) ქვეპუნქტების და 421-ე მუხლის პირველი ნაწილის (მუშაკთა რაოდენობის შემცირება) შესაბამისად.

¹...-ე საშუალო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2006 წლის 20 იანვრის ¹57 ბრძანებით ე. ხ.-ე გათავისუფლდა სამსახურიდან. აღნიშნული ბრძანება ე. ხ.-მ ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 21 თებერვლის ¹127 ბრძანებით დაკმაყოფილდა ე. ხ.-ის ადმინისტრაციული საჩივარი, ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის ¹...-ე საშუალო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2006 წლის 20 იანვრის ¹57 ბრძანება მისი ძალაში შესვლის დღიდან. 2006 წლის 10 მარტს ¹...-ე საშუალო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მიმართა სკოლის პროფკომიტეტის თავმჯდომარეს ე. ხ.-ის გათავისუფლებაზე თანხმობის მისაღებად. ამ უკანასკნელმა თავისი 2006 წლის 10 მარტის ¹376 წერილით თანხმობა განაცხადა ე. ხ.-ის სამსახურიდან გათავისუფლებაზე (ს.ფ. 2-9).

საბოლოოდ, მოსარჩელემ მოითხოვა ქ. თბილისის ¹... საშუალო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2006 წლის 15 მარტის ¹66 ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, 18 გაკვეთილიდან ყოველთვიური გაანგარიშებით იძულებითი განაცდურისა და მორალური ზიანის _ 20 000 ლარის ანაზღაურება (ს.ფ. 100-110).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 3 მაისის გადაწყვეტილებით ე. ხ.-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის ¹... საშუალო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2006 წლის 15 მარტის ¹66 ბრძანება ე. ხ.-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, ე. ხ.-ე აღდგენილ იქნა ქ. თბილისის ¹... საშუალო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად და აუნაზღაურდა იძულებითი განაცდური საშუალო ხელფასით, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა (ს.ფ. 227-232).

საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის ¹... საშუალო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი, მე-2 და მე-4 პუნქტების გაუქმება და მითითებულ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ განმწესრიგებელი სხდომის შესახებ 2006 წლის 22 მარტის განჩინებით დაადგინა ქ. თბილისის ¹...-ე საშუალო სკოლის მიმართ, ამავე სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2005 წლის 4 ოქტომბრის ¹40 და 2005 წლის 5 ოქტომბრის ¹41 ბრძანებების ბათილად ცნობის შესახებ სასარჩელო მოთხოვნათა ნაწილში აღძრული ადმინისტრაციული საქმის წარმოების, აგრეთვე ამავე სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2006 წლის 20 იანვრის ¹57 ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ სასარჩელო მოთხოვნათა ნაწილში აღძრული ¹3/2238-06 ადმინისტრაციული საქმის წარმოების შეწყვეტა მოსარჩელის მიერ სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმის გამო. ამავე განჩინებით ე. ხ.-ის სასარჩელო მოთხოვნები მორალური ზიანის ანაზღაურების, აგრეთვე იძულებითი განაცდურის _ 18 საათის შესაბამისი ანაზღაურების შესახებ მიჩნეულ იქნა დასაშვებად. აღნიშნულ განჩინებაში არაფერია ნათქვამი 2006 წლის 15 მარტის ¹66 ბრძანებაზე, რადგან მოსარჩელემ ამ ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა 2006 წლის 3 აპრილის მოსამზადებელ სხდომაზე. სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით ისე დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა, რომ არ იმსჯელა მის დასაშვებობაზე.

სადავო ბრძანების ბათილობის ერთ-ერთ საფუძვლად სასამართლომ მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ ე. ხ.-ე სამუშაოდან გათავისუფლდა დროებითი შრომისუუნარობის პერიოდში. ავადმყოფობის ფურცელი მოსარჩელემ წარადგინა იმავე მოსამზადებელ სხდომაზე. სამუშაოდან გათავისუფლების პერიოდში ე. ხ.-ის ავადმყოფობის შესახებ მოპასუხემ შეიტყო მას შემდეგ, რაც მოსარჩელემ პროცესზე წარადგინა აღნიშნული ცნობა.

იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნასთან დაკავშირებით აპელანტმა აღნიშნა, რომ ¹... საშუალო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2006 წლის 20 იანვრის ¹57 ბრძანება ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 21 თებერვლის ¹127 ბრძანებით და ვინაიდან იძულებითი განაცდური ითვალისწინებდა 2006 წლის 20 იანვრიდან 2006 წლის 21 თებერვლამდე პერიოდის განაცდურის ანაზღაურებას, 2006 წლის 30 მარტს ე. ხ.-ის ანგარიშზე ჩაირიცხა 20 იანვრიდან 15 მარტამდე აღდგენილი ხელფასი და გასასვლელი დახმარება, რისი დამადასტურებელი საბუთიც მათ სასამართლოს წარუდგინეს (ს.ფ. 239-240).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილებით ქ. თბილისის ¹... საშუალო სკოლის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 3 მაისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილიდან ამოირიცხა მითითება შტატების შემცირების მოტივით მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლების არამართლზომიერების თაობაზე.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მოტივები მდგომარეობს შემდეგში:

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია, რომ ე. ხ.-ე 2006 წლის 9 მარტიდან 29 მარტის ჩათვლით იმყოფებოდა საავადმყოფო ფურცელზე ჰიპერტონიული კრიზის დიაგნოზით და დადგენილი ჰქონდა წოლითი რეჟიმი, რაც დასტურდებოდა შპს ¹... მოზრდილთა პოლიკლინიკის მიერ გაცემული საავადმყოფო ფურცლით.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილია შვებულების ან დროებითი შრომისუუნარობის დროს მუშაკის სამსახურიდან დათხოვნის დაუშვებლობა. ქ. თბილისის ¹..-ე საშუალო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2006 წლის 15 მარტის ¹66 ბრძანება მიღებულია მოსარჩელის დროებითი შრომისუუნარობის პერიოდში. შესაბამისად, დარღვეულია კანონის მოთხოვნები.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა სასამართლო კოლეგიის დასკვნა შტატების შემცირების ფაქტის არარსებობის თაობაზე, რაც სარჩელის დაკმაყოფილების დამოუკიდებელ საფუძვლად იქნა მიჩნეული. ¹... საშუალო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2006 წლის 1 მარტის ¹50/2 ბრძანებით დასტურდებოდა, რომ ¹... საჯარო სკოლაში ნამდვილად ჰქონდა ადგილი მასწავლებელთა რიცხოვნობის შემცირებას, რაც გასაჩივრებულ ბრძანებაში მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების ერთ-ერთ საფუძვლად დასახელდა.

ზემოაღნიშნულის მიუხედავად, რამდენადაც არ იყო დაცული შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაწესებული, მუშაკის დროებითი შრომიუუნარობის ფურცელზე ყოფნისას მისი თანამდებობიდან გათავისუფლებისათვის დადგენილი შეზღუდვა, სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად მიიჩნია სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელის თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე (ს.ფ. 315-318).

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის ¹... საშუალო სკოლამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

კასატორის მითითებით, სადავო ბრძანების ბათილობის ერთ-ერთ საფუძვლად სასამართლომ მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ ე. ხ.-ე სამუშაოდან გათავისუფლდა დროებითი შრომისუუნარობის პერიოდში. საგულისხმოა, რომ ავადმყოფობის ფურცელი მოსარჩელემ წარადგინა მოსამზადებელ სხდომაზე.

ქ. თბილისის ¹... საშუალო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2006 წლის 20 იანვრის ¹57 ბრძანება ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 21 თებერვლის ¹127 ბრძანებით და ვინაიდან იძულებითი განაცდური ითვალისწინებდა 2006 წლის 20 იანვრიდან 2006 წლის 21 თებერვლამდე პერიოდის განაცდურის ანაზღაურებას, 2006 წლის 30 მარტს ე. ხ.-ის ანგარიშზე ჩაირიცხა 20 იანვრიდან 15 მარტამდე აღდგენილი ხელფასი და გასასვლელი დახმარება, რისი დამადასტურებელი საბუთიც მათ სასამართლოს წარუდგინეს. აქედან გამომდინარე, 2006 წლის 15 მარტისათვის სკოლას ე. ხ.-ის მიმართ დავალიანება არ გააჩნდა (ს.ფ. 323-324).

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა აგრეთვე ე. ხ.-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტის გაუქმება, ხოლო დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება შემდეგი საფუძვლებით:

კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას შტატების შემცირების ფაქტის არსებობის თაობაზე. მითითებული დასკვნის გამოტანისას სააპელაციო სასამართლო დაეყრდნო ¹... საშუალო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2006 წლის 1 მარტის ¹50/2 ბრძანებას და აღნიშნულის გათვალისწინებით მიიჩნია, რომ ¹... საჯარო სკოლაში ნამდვილად ჰქონდა ადგილი მასწავლებელთა რიცხოვნობის შემცირებას. საგულისხმოა, რომ მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ 2006 წლის 15 მარტის ბრძანებაში შტატების შემცირების საფუძვლად მითითებულია პედაგოგიური საბჭოს ¹5 სხდომის ოქმზე და არა 2006 წლის 1 მარტის ¹50/2 ბრძანებაზე. აღნიშნულ სხდომის ოქმში საუბარი იყო იმაზე, რომ მე-6 და მე-7 კლასის მოსწავლეთა მშობლები ეწინააღმდეგებოდნენ ე. ხ.-ის ხელახლა დაბრუნებას და ითხოვდნენ სახელმწიფო ენის სათანადო დონეზე სწავლებას, რის გამოც დღის წესრიგში დადგა შტატების შემცირების საკითხი.

ამდენად, კასატორი მართებულად მიიჩნევს საქალაქო სასამართლოს მოსაზრებას შესაბამისი საფუძვლის _ პედაგოგთა რიცხოვნების შემცირების გარეშე მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით და მოითხოვს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას იმ ნაწილში, რომლითაც საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილიდან ამოირიცხა მითითება შტატების შემცირების მოტივით მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლების მართლზომიერების თაობაზე (ს.ფ. 325-330).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ ე. ხ.-ისა და ქ. თბილისის ¹... საშუალო სკოლის საკასაციო საჩივრები ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ^თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეცეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას, შემდეგ გარემოებათა გამო:

მოცემულ საქმეზე დავის საგანია საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ თბილისის ¹... საშუალო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2006 წლის 15 მარტის ¹66 ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება. სადავო სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული საქმე არ მიეკუთვნება ადმინისტრაციული კატეგორიის დავას.

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1. მუხლის მიხედვით, საერთო სასამართლოები ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილავენ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარე სამართლებრივი ურთიერთობებიდან წარმოშობილ დავებს. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.2. მუხლი აკონკრეტებს, თუ რა შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციული დავის საგანს. მხოლოდ ის გარემოება, რომ მოპასუხეს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანო, დავას არ განაკუთვნებს ადმინისტრაციულ კატეგორიას, რამდენადაც დავის ადმინისტრაციულად მიჩნევისათვის განმსაზღვრელია სწორედ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარე სამართალურთიერთობის არსებობა, რომელიც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის.

“საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი არის შესაბამისი კანონით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით ან კანონის საფუძველზე ადმინისტრაციული აქტით შექმნილი ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით ახორციელებს პოლიტიკურ, სახელმწიფოებრივ, სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა საქმიანობას. იმავდროულად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოა, თუმცა აღნიშნული არ გულისხმობს, რომ მისი ხელმძღვანელის მიერ გამოცემული ყველა ბრძანება, მათ შორის, ბრძანება მუშაკის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ, წარმოადგენს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის “დ” ქვეპუნქტით რეგლამენტირებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის “დ” ქვეპუნქტის მოთხოვნიდან გამომდინარე, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიიჩნევა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მხოლოდ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი. ამდენად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის მხოლოდ ის ბრძანება, რომელიც გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან და იწვევს სამართლებრივ შედეგს. ამ შემთხვევაში ე. ხ.-ის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის ბრძანება არ არის გამოცემული ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და არც სადავო ურთიერთობა წარმოადგენს თავისი შინაარსით ადმინისტრაციულსამართლებრივს.

მართალია, საჯარო სამართლის იურიდიული პირი, “საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” კანონის შესაბამისად, საჯაროსამართლებრივი ინსტიტუტია და, იმავდროულად, წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის საფუძველზე, მაგრამ მისი თანამშრომლის მიმართ ყოველთვის ვერ გავრცელდება “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის ნორმები. მითითებული კანონის პრეამბულაში განსაზღვრულია კანონის რეგულირების სფერო, კერძოდ, აღნიშნული კანონი ადგენს საქართველოში საჯარო სამსახურის ორგანიზაციის სამართლებრივ საფუძვლებს, აწესრიგებს საჯარო სამსახურის განხორციელებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს საჯარო მოსამსახურის სამართლებრივ მდგომარეობას. ამავე კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულია სახელმწიფო დაწესებულებების ჩამონათვალი, რომელში სამსახურიც ითვლება საჯარო სამსახურად. ამ ჩამონათვალში საჯარო სამართლის იურიდიული პირი გათვალისწინებული არ არის. მოსარჩელის თანამდებობა, როგორც საჯარო მოხელისა, არ არის გათვალისწინებული არც საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის ბრძანებულებით დამტკიცებულ საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრში. ამასთან, მოსარჩელის თანამდებობა, რომელიც არ განეკუთვნება საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელ თანამდებობას, არც ფუნქციურად შეიძლება გაუთანაბრდეს საჯარო მოსამსახურეს. ამდენად, მოსარჩელე ვერ ჩაითვლება საჯარო მოსამსახურედ და, შესაბამისად, “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის სუბიექტად. ვერც მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლების ბრძანება მიიჩნევა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 127-ე მუხლში მითითებულ ადმინისტრაციულ აქტად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2007 წლის 10 ივლისის განჩინებით განმარტებულია, რომ ამა თუ იმ დავის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი კატეგორიის დავად მიჩნევისათვის არსებითი და გადამწყვეტია სწორედ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველ ნაწილში მითითებული ნორმატიული ელემენტი _ დავის გამომდინარეობა ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან. ამავე განჩინებით დიდმა პალატამ მიიჩნია, რომ დაკავებული თანამდებობიდან საჯარო სამართლის იურიდიული პირის რიგითი თანამშრომლის გათავისუფლების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის ბრძანება არ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.

ე. ხ.-ის, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ქ. თბილისის ¹... საშუალო სკოლის მასწავლებლის სამუშაოდან გათავისუფლების კანონიერების შეფასებისას გამოყენებულ უნდა იქნეს კერძო სამართლის კანონმდებლობა _ შრომის კანონთა კოდექსი. ე. ხ.-ის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ სადავო ბრძანების სამართლებრივი საფუძველიც სწორედ შრომის კანონთა კოდექსის ნორმაა, კერძოდ, აღნიშნული კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტი. სადავო აქტით შეწყვეტილია კერძოსამართლებრივი ურთიერთობა, ერთი მხრივ, ადმინისტრაციულ ორგანოსა და, მეორე მხრივ, ფიზიკურ პირს შორის და ამ ურთიერთობაში, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 651 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს, როგორც სამოქალაქო სამართლის სუბიექტი.

მოცემულ შემთხვევაში საქმე განხილულია დარგობრივი განსჯადობის წესების დარღვევით, რის გამოც დარღვეულია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-5, 26-ე მუხლების, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის მოთხოვნები.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი დავა წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის ,,ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველ სამოქალაქო დავას, რის გამოც საკასაციო საჩივრები ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე განსახილველად გადაეცეს განსჯად სასამართლოს _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ე. ხ.-ისა და ქ. თბილისის ¹... საშუალო სკოლის საკასაციო საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეცეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.