ბს-348-335(კ-08) 10 სექტემბერი, 2008 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა – მხარეთა დასწრების გარეშე
კასატორი - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ჩ.-ი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 29 თებერვლის განჩინება
დავის საგანი –დავალიანების ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2007 წლის 20 სექტემბერს ნ. ჩ.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ, დავალიანების ანაზღაურების თაობაზე.
მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ 1996 წლის 12 აგვისტოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ¹548 ბრძანებით დაინიშნა ... სამხედრო ჰოსპიტალში ... განყოფილების ლაბორანტად.
2007 წლის მარტში თავდაცვის მინისტრის ბრძანების ¹841 საფუძველზე გათავისუფლდა სამსახურიდან.
მოსარჩელის განმარტებით, სამსახურში მუშაობის დროს მიუღებელი დარჩა ხელფასი – 404,98 ლარი, კვების კომპენსაცია – 669,78 ლარი, მატერიალური დახმარება – 63,10 ლარი, ჯილდო – 217,19 ლარი, სულ – 1355,05 ლარი, რაც დასტურდება აგრეთვე საქართველოს შეიარაღებული ძალების ლოგისტიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის მიერ გაცემული ¹3-11/6252 ცნობით.
Yზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მის სასარგებლოდ დაკისრებოდა ხელფასის – 404,98 ლარის, კვების კომპენსაციის – 669,78 ლარის, მატერიალური დახმარების – 63,10 ლარისა და ჯილდოს – 217,19 ლარის, სულ – 1355,05 ლარის ანაზღაურება.
მოპასუხე – საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სასარჩელო განცხადება არ ცნო და მოითხოვა მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ. ჩ.-ის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა; მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ნ. ჩ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა – 1355,05 ლარის ანაზღაურება.
საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებდა, რომ მოსარჩელე მუშაობდა რა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში, იმყოფებოდა შრომით ურთიერთობაში ადმინისტრაციულ ორგანოსთან და ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის თანახმად წარმოადგენს მოხელეს, ხოლო ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად – სამხედრო მოსამსახურეს.
,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის ,,თ” ქვეპუნქტის შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურეზე აღნიშნული კანონის მოთხოვნები ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს კონსტიტუციით, სპეციალური კანონმდებლობით ან მათ საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი. ამავე კანონის 37-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ მოსამსახურეს უფლება აქვს, სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი), რომელიც მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას, საჯარო სამსახურში წელთა ნამსახურობისათვის დაწესებულ და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ დანამატებს, ხოლო ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად კი, სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისირად შესრულების, სანიმუშო დისციპლინისა და საბრძოლო მომზადებაში წარჩინებული მაჩვენებლებისათვის სამხედრო მოსამსახურეს წლის განმავლობაში შეიძლება მიეცეს ფულადი ჯილდო და/ან მატერიალური დახმარება, აღნიშნული ნორმა იმპერატიული ხასიათისაა და ამდენად, შრომითი გასამრჯელოს – ხელფასის, ფულადი ჯილდოს, მატერიალური დახმარებისა და სასურსათო ულუფის გაცემის ვალდებულება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს აკისრია კანონმდებლობის საფუძველზე, ანუ იგი ადმინისტრაციული ორგანოს კანონისმიერი ვალდებულებაა. სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნული სამართლებრივი ნორმა მოსარჩელეს ანიჭებს შესაძლებლობას, მოითხოვოს სახელმწიფოსაგან მიუღებელი შრომითი გასამრჯელო – ხელფასი, ფულადი ჯილდო, მატერილაური დახმარება და სასურსათო ულუფა, რადგან ამ მოთხოვნის უფლების რეალიზების შესაძლებლობა არ არის შეზღუდული დროის კონკრეტული პერიოდით.
რაც შეეხება ხანდაზმულობის სამწლიან ვადას, აგრეთვე პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულების გამო მოთხოვნის უფლებას, სასამართლოს განმარტებით, ეს სამართლებრივი ინსტიტუტები შემოღებულია კერძო სამართლის საკანონმდებლო აქტით _ საქართველოს სამოქალაქო კოდექსით, რომლის პირველი მუხლით განსაზღვრულია, რომ სამოქალაქო კოდექსით მოწესრიგებულია პირთა თანასწორობაზე დამყარებული კერძო ხასიათის ქონებრივი, საოჯახო და პირადი ურთიერთობები, ხოლო 129-ე მუხლი მოქმედებს კერძო სამართლებრივი ურთიერთობების სფეროში, აწესრიგებს სამოქალაქო სამართლებრივი სახელშეკრულებო მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობის ვადებს, რასაც ნამდვილად არ განეკუთვნება მოსარჩელე ნ. ჩ.-სა და ადმინისტრაციულ ორგანოს _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობა. უდავოა, რომ მოსარჩელე საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდა როგორც სამხედრო მოსამსახურე და ეს ურთიერთობები რეგულირდება საჯარო სამართლის საკანონმდებლო აქტით _ "სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" და "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონებით, აგრეთვე "საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მომსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულებით და "სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ" დებულებით, რომელიც დამტკიცებულია საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის ¹609 ბრძანებულების შესაბამისად. სახეზეა არა კერძო სამართლებრივი სახელშეკრულებო ურთიერთობიდან წარმოშობილი დავა, არამედ ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან გამომდინარე სამართალურთიერთობიდან წარმოშობილი დავა. მოსარჩელე ნ. ჩ.-სა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის დადებული არ ყოფილა რაიმე სახის ხელშეკრულება, მათ შორის ურთიერთობა რეგულირდებოდა საჯარო კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების _ ბრძანებების, მეშვეობით, ამიტომ განსახილველ სასარჩელო მოთხოვნაზე ვერ გავრცელდება სახელშეკრულებო მოთხოვნათა ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა.
სასამართლომ არ გაიზირა მოპასუხის მოსაზრება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელი ხელფასის მოთხოვნის ნაწილში წარდგენილი უნდა ყოფილიყო "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 127.1 მუხლით დადგენილ ვადაში, იმ დღიდან, როდესაც ის გათავისუფლდა სამსახურიდან, ე.ი. გათავისუფლებიდან ერთი თვის ვადაში, მაგრამ, სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული კანონით მოწესრიგებულია საჯარო სამსახურის განხორციელებასთან დაკავშირებული ურთიერთობები, მოსამსახურის სამართლებრივი მდგომარეობა, სწორედ ამ კანონის 37-ე მუხლით დაეკისრა ადმინისტრაციულ ორგანოს ვალდებულება, გასცეს შრომითი გასამრჯელო მოსამსახურეზე, რათა შესრულებული სამუშაოსათვის მიიღოს ანაზღაურება, ხოლო ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად განისაზღვრა, რომ მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) ფონდის ფორმირების წყაროა შესაბამისი ბიუჯეტი და საბიუჯეტო ასიგნებათა შემცირება არ შეიძლება იყოს მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს დაფინანსების შემცირების საფუძველი.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.
აპელანტი სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლით საქართველოს შრომის კანონმდებლობა მოხელეებსა და დამხმარე მოსამსახურეებზე ვრცელდება ამ კანონით განსაზღვრულ თავისებურებათა გათვალისწინებით. საჯარო სამსახურთან დაკავშირებული ის ურთიერთობა, რაც ამ კანონით არ წესრიგდება, რეგულირდება შესაბამისი კანონმდებლობით.
შრომის კანონთა კოდექსის (2006 წლის) 31-ე მუხლის მე-2 ნაწილით, შრომის ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ, სამუშაო ადგილზე, ხოლო იმ დროს მოქმედი ,,შრომის კანონთა კოდექსის” 81-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მოსამსახურეების შრომის ანაზღაურება ხდება პერიოდულად, 94-ე მუხლის პირველი პუნქტით ხელფასი გაიცემა ყოველი ნახევარი თვის შემდეგ მაინც, თუ შრომის ხელშეკრულებით (კონტრაქტით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის შესაბამისად, ხელფასი მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს.
,,სახედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი ნაწილით, სამხედრო მოსამსახურებს წლის განმავლობაში შეიძლება მიეცეს ფულადი ჯილდო.
ამდენად, აპელანტის განმარტებით, უდავოა, რომ ხელფასის, კვების კომპენსაციის, ჯილდოსა და სხვა მოთხოვნების გაცემა წარმოადგენდა პერიოდულ სახელშეკრულებო ვალდებულებას, რომელზეც ვრცელდება სსკ-ის 129-ე მუხლით დადგენილი ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, ხოლო ამ ვადის ათვლა სსკ-ის 130-ე მუხლის შესაბამისად იწყება იმ პერიოდიდან, როდესაც მოსარჩელეს უნდა მიეღო ხელფასი.
ამდენად, აპელანტის განმარტებით, მოსარჩელის მოთხოვნა 1998-1999-2000 წლების სახელაფსო დავლიანების, კვების კოპენსაციის, ჯილდოსა და მატერიალური დახმარებიუს ანაზღაურების ნაწილში ხანდაზმულია.
ამასთან, აპელანტის მითითებით, საქმეში არსებული საქართველოს შეიარაღებული ძალების ლოგისტიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის 2007 წლის ¹3-11/9366 ცნობა არ შეიძლებოდა ჩათვლილიყო მოპასუხის მხრიდან ვალის აღიარებად, ვინაიდან მასში მოპასუხის მხრიდან არ იყო მითითებული კვარტალური ჯილდოს, კვების კომპენსაციისა და მატერიალური დახმარების დავალიანებად აღიარების შესახებ ან მისი გადახდის დაპირებაზე. აღნიშნული ცნობა მხოლოდ ინფორმაციული ხასიათისაა.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 29 თებერვლის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატა სრულად დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.
კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 6 მარტის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
კასატორი საკასაციო საჩივარს აფუძნებდა ფაქტობრივად იმავე გარემოებებზე, რაზეც მიუთითებდა სააპელაციო საჩივარში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონირება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ნ. ჩ.-ი მუშაობდა ... სამხედრო ჰოსპიტალში ... განყოფილების ლაბორანტად. საქართველოს შეიარაღებული ძალების ლოგისტიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის ¹3-11/6252 ცნობის თანახმად, მოსარჩელის მიმართ მოპასუხის დავალიანება შეადგენს: ხელფასი – 404,98 ლარს, კვების კომპენსაცია – 669,78 ლარს, ჯილდო – 217,19 ლარს, მატერიალური დახმარება – 63,10 ლარს, სულ – 1355,05 ლარს.
"სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმით, სახელმწიფოს ხარჯზე ეძლევა სასურსათო ულუფა და ფორმის ტანსაცმელი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია.
“საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის მეორე წინადადებაში მოცემულია მოსამსახურის ხელფასის ცნება, რომლის თანახმად, მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, თანამდებობრივი სარგოს გარდა, შრომით გასამრჯელოს (ხელფასს) მიეკუთვნება ასევე პრემია და ის დანამატები, რომლებიც კანონითაა გათვალისწინებული. კვების კომპენსაცია წარმოადგენს “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტით რეგლამენტირებულ სასურსათო ულუფას. აღნიშნული კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის (2007 წლის 11 მაისამდე მოქმედი რედაქცია) მიხედვით, სამხედრო მოსამსახურეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმით სახელმწიფოს ხარჯზე ეძლეოდა სასურსათო ულუფა და ფორმის ტანსაცმელი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია. ამდენად, სამხედრო მოსამსახურე სამხედრო სამსახურის პერიოდში “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლით გათვალისწინებულ შრომით გასამრჯელოსთან (ხელფასთან) ერთად, ღებულობს კომპენსაციას სასურსათო უზრუნველყოფის _ ულუფის სახით. “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის გარდამავალი ნორმის შემცველი 1341-ე მუხლის (ანგარიშსწორების წესი სამსახურიდან გათავისუფლებისას) თანახმად, 2005 წლის 1 იანვრამდე სამსახურიდან გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეზე კუთვნილი თანხის (გარდა ამ კანონით განსაზღვრული კომპენსაციისა) გაცემა უნდა განხორციელდეს წინა წლებში წარმოქმნილი საბიუჯეტო დავალიანების დაფარვის წესის შესაბამისად. ამდენად, აღნიშნული მუხლით რეგლამენტირებულია საჯარო მოსამსახურეზე წინა წლებში წარმოშობილი დავალიანების ანაზღაურება, მაგრამ იგი არ ეხება საჯარო მოსამსახურისათვის კომპენსაციის ანაზღაურებას ამ მუხლით დადგენილი წესით. სასურსათო ულუფა წარმოადგენს სამხედრო მოსამსახურის უზრუნველყოფის სახეს და ამავდროულად, პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას. ამასთან, ხელფასი განსხვავდება უზრუნველყოფის სახისაგან _ სასურსათო ულუფისაგან, რაც განსხვავებულადაა მოწესრიგებული “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 1341-ე მუხლში. ამდენად, ვინაიდან სასურსათო ულუფა წარმოადგენს სამხედრო მოსამსახურის მიერ მისაღები კომპენსაციის სახეს, ზემოაღნიშნული გარდამავალი ნორმა (“საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 1341-ე მუხლი) აღნიშნულ კომპენსაციაზე არ ვრცელდება. შესაბამისად, თუ საქართველოს შეიარაღებული ძალების ლოგისტიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის (ან სამხედრო ნაწილის) მიერ გაცემულ საინფორმაციო ხასიათის ცნობაში სახელფასო დავალიანებასთან ერთად, მითითებულია კვების ულუფის დავალიანებაზე, ხელფასისაგან განსხვავებით, კვების ულუფის დავალიანების მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული სასარჩელო ხანდაზმულობის 3-წლიანი ვადა, აღნიშნული ვადა კი ათვლილ უნდა იქნეს სასამართლოში სარჩელის წარდგენის თარიღიდან უკუსვლით.
საკასაციო სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს, პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოების მოსაზრებას საქართველოს შეიარაღებული ძალების ლოგისტიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის 2007 წლის 3-11/6252 ცნობის ნაწილში და მიიჩნევს, რომ აღნიშნული ცნობა ატარებს ინფორმაციულ ხასიათს, ვინიადან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული ოფიციალური დოკუმენტი, მათ შორის, ამა თუ იმ პირზე გაცემული ცნობა, რომელიც შეიცავს პირის მიმართ ამ ორგანოს დავალიანების შესახებ ინფორმაციას, წარმოადგენს ამავე ორგანოში დაცულ და მის მიერ ინფორმაციის თავისუფლების ფარგლებში კანონით დადგენილი წესით გაცემულ საჯარო ინფორმაციას.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელისათვის კვების კომპენსაციის თანხის ანაზღაურების ნაწილში არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლითაც გათვალისწინებულია სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა. რის გამოც საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმედეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 29 თებერვლის განჩინება კვების კომპენსაციის _ 669,78 ლარის ნ. ჩ.-ის სასარგებლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში ნ. ჩ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო.
რაც შეეხება გასაჩივრებულ განჩინებას დანარჩენ ნაწილში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში განჩინება მიღებულია კანონის სწორი გამოყენებისა და განმარტების საფუძველზე, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ ექვემდებარება გაზიარებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 29 თებერვლის განჩინება კვების კომპენსაციის ანაზღაურების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ნ. ჩ.-ის მოთხოვნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის კვების კომპენსაციის – 669,78 ლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 29 თებერვლის განჩინება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის 685,27 ლარის დაკისრების ნაწილში დარჩეს უცვლელად;
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.