Facebook Twitter

ბს-349-331(კ-07) 25 ივლისი, 2007 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ლალი ლაზარაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა გ. ჭ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

გ. ჭ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში და მოითხოვა შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის ¹301 ბრძანების ბათილად ცნობა, შეიარაღებული ძალების რიგებში აღდგენა, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისა და აღსრულების დღემდე იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, 1998-2000 წლების მიუღებელი ხელფასისა და 2001-2005 წლების მიუღებელი სანივთე ქონების კომპენსაციის ანაზღაურება.

მოსარჩელის განმარტებით, 1992 წლიდან მსახურობდა შეიარაღებული ძალების რიგებში, მონაწილეობდა აფხაზეთის რეგიონში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ ბრძოლებში. დაჯილდოებულია სიგელებით, აქვს მიღებული არაერთი მადლობა, ხასიათდება დადებითად.

02.02.06წ. ¹...-ში სამხედრო ნაწილში იყო ნაწილის მორიგე. მისი თანაშემწე რ. კ-ე ეხმარებოდა სამორიგეო განაწესის სწორად წარმართვაში. მოსარჩელეს შეეცოდა თანაშემზე და დასასვენებლად ყაზარმაში გაუშვა. გ. ჭ-მა შეიტყო, რომ ¹... სამხედრო ნაწილში მომხდარი საგანგებო შემთხვევის შესახებ, შეამოწმა განაწესი, შემოწმებისას ყველა ადგილზე იმყოფებოდა. როგორც შემდგომ გაირკვა, დაახლოებით 3 საათისთვის, საკონტროლო გამშვები პუნქტის გავლით ნაწილის ტერიტორიაზე შესულა კაპრალი ზ. გ-ე, რომლის თხოვნით მოსარჩელის თანაშემწეს _ რ. კ-ს თვითნებურად დაუტოვებია ნაწილი და ზ. გ-სთან ერთად წასულა ¹¹... სამხედრო ნაწილში, სადაც ჯარისკაცებს შორის მოხდა შელაპარაკება, რაც ერთ-ერთი ჯარისკაცის მკვლელობით დასრულდა.

შემთხვევის შემდგომ რ. კ-ე დაბრუნდა სამორიგეო ნაწილში. მის მიერ ნაწილის დატოვების და შემდგომ დაბრუნების ფაქტი მოსარჩელისათვის საკონტროლო-გამშვები პუნქტის მორიგეს არ შეუტყობინებია. მომხდარ დანაშაულში რ. კ-ის ბრალი არ დადასტურდა და სარჩელის შეტანის მომენტისათვის იგი სამსახურის ვადის გასვლის გამო დემობილიზებულია სამხედრო სამსახურიდან. მომხდარის გამო მოსარჩელეს საჰაერო ძალების სარდლის 08.02.06წ. ბრძანებით გამოეცხადა სასტიკი საყვედური. იმავე გადაცდომისათვის საქართველოს თავდაცვის მინისტრის 10.02.06წ. ¹301 ბრძანებით, მოსარჩელე დაითხოვეს შეიარაღებული ძალების რიგებიდან.

გ. ჭ-ის მოსაზრებით, მისი შეირაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნა აშკარად შეუსაბამო და ზედმეტად მკაცრია. აღნიშნული მოსაზრების ფაქტობრივ საფუძვლად მოსარჩელეს მიაჩნია ის გარემოებები, რომ რ. კ-ის მიერ ნაწილის დატოვების შესახებ მოსარჩელისთვის არც თვითონ რ. კ-ს, არც გამშვები საკონტროლო პუნქტის მორიგეს არ უცნობებია, რაც იმით იყო განპირობებული, რომ ისინი არ იყვნენ გ. ჭ-ის პირდაპირ სამსახურებრივ დაქვემდებარებაში. ამასთან, მომხდარი შემთხვევის გამო მიმდინარე გამოძიებით დადგინდა, რომ მასში რ. კ-ს ბრალი არ მიუძღოდა, შესაბამისად საგანგებო შემთხვევაში გ. ჭ-ს არც პირდაპირი და არც ირიბი ბრალი არ მიუძღვის. ამასთან, მომხდარის გამო, მოსარჩელის მიმართ გამოყენებულ იქნა დისციპლინური სასჯელი - სასტიკი საყვედური.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინიტსრაციულ საქმეთა კოლეგიის 19.05.06წ. საოქმო განჩინებით გ. ჭ-ის სარჩელი სანივთე კომპენსაციის მოთხოვნის ნაწილში ცნობილ იქნა დაუშვებლად და საქმის წარმოება შეწყდა.

განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა გ. ჭ-მა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 21.07.06წ. განჩინებით არ დაკმაყოფილდა გ. ჭ-ის კერძო საჩივარი, რაც უცვლელად იქნა დატოვებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 24.05.06წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გ. ჭ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მიუღებელი ხელფასის _ 1880,12 ლარის ანაზღაურება, მოსარჩელის მოთხოვნას თავდაცვის მინისტრის 10.02.06წ, ¹301 ბრძანების ნაწილობრივ ბათილად ცნობის, შეიარაღებული ძალების რიგებში აღდგენის, გაცდენილი დროის ნამსახურების წლებში ჩათვლისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ უარი ეთქვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 24.05.06წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ჭ-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება ნაწილობრივ, კერძოდ, იმ ნაწილში, რომლითაც მას უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებით არ დაკმაყოფილდა გ. ჭ-ის სააპელაციო საჩივარი, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 26.04.06წ. გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ დარღვეულია ერთი და იმავე ქმედებისათვის განმეორებითი დასჯის დაუშვებლობის პრინციპი. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ,,სამხედრო მოსამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 ნაწილი ითვალისწინებს სამხედრო მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნას სამსახურებრივი შეუსაბამობის გამო, შეუსაბამობა ეხება ზოგადად საქმიანობის შეფასებას და ის შეიძლება არც იყოს დამოკიდებული კონკრეტული გადაცდომის ჩადენაზე. დისციპლინური გადაცდომა, რისთვისაც გ. ჭ-ს სახდელად გამოეცხადა სასტიკი საყვედური, წარმოადგენს მისი საქმიანობის შეფასების ერთ-ერთ გარემოებას, რის შედეგადაც დადგენილ იქნა მისი სამსახურებრივი შეუსაბამობა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა გ. ჭ-ის მიერ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორი განმარტება მისცა ,,სამხედრო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 ნაწილს. კასატორის მოსაზრებით, მისი საქმიანობის შეფასება სასტიკი საყვედურით კი არ უნდა მომხდარიყო, არამედ მისი პროფესიული ქმედებით. ქმედებიდან გამომდინარე კი სამხედრო მოსამსახურეს შეიძლება გამოეცხადოს მადლობა (რაც მას გამოცხადებული აქვს არაერთხელ), საყვედური, სასტიკი საყვედური ან სამსახურიდან დათხოვნა. ამდენად, დისციპლინური სასჯელის შეუსაბამობის მოტივად დასახელებას, ხოლო შეუსაბამობით სამსახურიდან დათხოვნის გამართლება, უკანონო და უსაფუძვლოა. მოპასუხის გადაწყვეტილება, იმ შემთხვევაში იქნებოდა სწორი, უკეთუ კასატორის გადაცდომას იმ სიმძიმის ქმედებად მიიჩნევდა, რომელსაც დაუყოვნებლივ მოჰყვებოდა სამსახურიდან დათხოვნა. სხვა შემთხევაში ისეთი დისციპლინური სახდელიც კი, როგორიცაა შენიშვნა, შეიძლება გახდეს სამსახურებრივი შეუსაბამობის მტკიცების და შესაბამისად, სამსახურიდან დათხოვნის საფუძველი.

კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა მოთხოვნა მსჯელობის საგნად ექცია კერძო საჩივარი სანივთე კომპენსაციის შესახებ და იგი განიხილა ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე, რაზედაც მიიღო 27.11.06წ. განჩინება და უცვლელად დატოვა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ მიღებული განჩინებები, რომლითაც სანივთე კომპენსაციის მოთხოვნის ნაწილში მისი სასარჩელო განცხადება დაუშვებლად იქნა მიჩნეული და საქმის წარმოება შეწყდა იმ მოტივით, თითქოს მიღებული არ ჰქონდა მოპასუხის უარი სანივთე კომპენსაციის ანაზღაურების შესახებ. კასატორის განმარტებით, მის მიერ კერძო საჩივარშიც იყო მითითებული და სასამართლოსაც წარუდგინა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 02.06.06წ. ¹9/1684 წერილი, სადაც პირდაპირ არის მითითებული იმის შესახებ, რომ თავდაცვის სამინისტრო მოკლებულია ყოველგვარ შესაძლებლობას აანაზღაუროს სანივთე-საკომპენსაციო თანხის დავალიანება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ გ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს პრეზიდენტის 02.0904წ. ¹294 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,საქართველოს შეიარაღებული ძალების სადისციპლინო წესდების" 61-ე მუხლი განსაზღვრავდა დისციპლინურ სასჯელთა სახეობებს, რომელთა შორის გათვალისწინებული იყო საჰაერო ჯარის სარდლის მიერ გ. ჭ-ისათვის შეფარდებული დისციპლინური სასჯელის ზომა - სასტიკი საყვედური. წესდების 39-ე მუხლის მიხედვით დისციპლინური დარღვევის გამო სამხედრო მოსამსახურისათვის სასჯელის დადებას ახდენდა მეთაური. შესაბამისად წესდების 77-ე მუხლი განსაზღვრავდა მეთაურის მიერ ერთიდაიგივე გადაცდომისათვის წესდებით გათვალისწინებული რამოდენიმე სასჯელის დადების დაუშვებლობას. დისციპლინური სასჯელის დადებისა და სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი წესდების 61-ე მუხლი, რომელიც მოიცავდა დისციპლინური სახდელების ამომწურავ ჩამონათვალს, დისციპლინური სასჯელის სახით საერთოდ არ ითვალისწინებდა სამსახურიდან დათხოვნის შესაძლებლობას (დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის სახედ სამსახურიდან დათხოვნა გათვალისწინებულ იქნა სადავო აქტის გამოცემის შემდეგ ძალაში შესული საქართველოს პრეზიდენტის 10.02.06წ. ¹111 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,საქართველოს სამხედრო ძალების საჯარისო სადისციპლინო წესდების" 36-ე მუხლის ,,ი" ქვეპუნქტით). საქართველოს პრეზიდენტის 05.04.04წ. ¹119 ბრძანებულებით დამტკიცებული თავდაცვის სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის თანახმად მინისტრი თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის საჯარო, მათ შორის სამხედრო მოსამსახურეებს. გ. ჭ-ის მიმართ საჰაერო ძალების მეთაურის მიერ დისციპლინური სასჯელად ,,სასტიკი საყვედურის" გამოცხადება არ წარმოადგენდა საქართველოს თავდაცვის მინისტრისათვის გ. ჭ-ის სამსახურიდან დათხოვნის შესაძლებლობის გამომრიცხავ გარემოებას. კასატორი სამსახურიდან დათხოვნილ იქნა არა წესდების, არამედ ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" კანონის 21.2 მუხლის საფუძველზე, რომელიც ითვალისწინებს სამხედრო მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნას სამსახურებრივი შეუსაბამობის გამო. სამსახურებრივი შეუსაბამობა ეხება მოსამსახურის საქმიანობის შეფასებას, განეკუთვნება ხელმძღვანელის დისკრეციის სფეროს, პირის მიმართ დისციპლინური ზომის გამოყენება არ გამორიცხავს, უფრო მეტიც გულისხმობს ხელმძღვანელის უფლებას უარყოფითად შეაფასოს მოსამსახურის სამსახურებრივი საქმიანობა, დაკავებულ თანამდებობასთან მისი შესაბამისობა, წინააღმდეგ შემთხვევაში დისციპლინური სასჯელი წახალისების ერთგვარ საშუალებად გადაიქცეოდა. ქმედება, რომელსაც მოყვა მოსამსახურის მიმართ დისციპლინური ზომის გამოყენება, სხვა გარემოებებთან ერთად (კვალიფიკაცია, საქმიანი თვისებები, ჯანმრთელობის მდგომარეობა, საქმიანობის ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებლები, ატესტაციის შედეგები, ნდობის დაკარგვა და სხვ.) წარმოადგენს მოსამსახურის საქმიანობის, მისი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მაჩვენებელს, რომლის საფუძველზე სამსახურებრივი შეუსაბამისობის შესახებ დასკვნა, რომელიც თავისი ბუნებით არის არა დისციპლინური სახდელი, არამედ სამართლებრივი ზემოქმედების ზომა, არ წარმოადგენს ერთიდაიგივე გადაცდომისათვის ორჯერ დასჯას, ერთიდაიგივე გადაცდომისათვის ერთზე მეტი დისციპლინური სახდელის გამოყენების აკრძალვა არ ვრცელდება სამართლებრივი ზემოქმედების ზომებზე, რომლებიც შესაძლებელია დამატებით იქნეს გამოყენებული დისციპლინურ სახდელზე. ასე მაგ. დისციპლინური სახდელის დადებას შესაძლებელია თან დაერთოს მუშაკისათვის მატერიალური ზიანის ანაზღაურების დაკისრება, პრემიის მოხსნა და სხვ. პირის სამსახურებრივი შეუსაბამობის ერთ-ერთ გამოვლენად შეიძლება იყოს სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვანი შესრულება, რასაც შედეგად მოსამსახურის მიმართ დისციპლინური ზომის შეფარდება მოჰყვა, დისციპლინური ღონისძიების გამოყენება არ გამორიცხავს პირის სამსახურებრივი შეუსაბამობის დასკვნის გაკეთებას, ამ საფუძვლით მისი სამსახურიდან დათხოვნას.

საკასაციო პალატა ვერ იქონიებს მსჯელობას საკასაციო საჩივარში მოყვანილ მოსაზრებებზე სანივთო კომპენსაციასთან დაკავშირებით, ვინაიდან სანივთო კომპენსაციის მოთხოვნის ნაწილში სასარჩელო განცხადება დაუშვებლად იქნა მიჩნეული საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 19.05.06წ. და 21.07.06წ. განჩინებებით, სააპელაციო სასამართლოს 27.11.06წ. განჩინებით გ. ჭ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 19.05.06წ. და 21.07.06წ. განჩინებები, სააპელაციო პალატის 27.11.06წ. განჩინება კანონიერ ძალაშია და სავალდებულოა შესასრულებლად. სსკ-ის 404-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანი შეიძლება იყოს აგრეთვე სასამართლოს ის განჩიებები, რომლებიც წინ უსწრებს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას იმასთან დამოუკიდებლად, დასაშვებია თუ არა მათ მიმართ კერძო საჩივრის შეტანა. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების წინააღმდეგ მიმართულ საკასაციო საჩივარში შეიძლება მიეთითოს სასამართლოს იმ განჩინებების უსწორობაზე და დაუსაბუთებლობაზე, რომლებიც შეიძლებოდა ადრე გასაჩივრებულიყო კერძო საჩივრით, მაგრამ ამა თუ იმ მიზეზით არ გასაჩივრებულა, აგრეთვე იმ განჩინებებზე, რომლებზეც კერძო საჩივრის შეტანა დაუშვებელია. კერძო საჩივართან დაკავშირებით ზემდგომი სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების გასაჩივრება არ დაიშვება, შესაბამისად საკასაციო პალატა ვერ იქონიებს მსჯელობას საკასაციო საჩივარში მოყვანილ მოსაზრებებზე სანივთე კომპენსაციის მოთხოვნასთან დაკავშირებით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევის გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისთვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც გ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეული იქნეს დაუშვებლად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.