¹ბს-350-332(კ-07) 19 სექტემბერი, 2007 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა – მხარეთა დასწრების გარეშე
კასატორი - საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ...-ის ფილიალი
მოწინააღმდგე მხარე – ა. ც.-ე
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 29 იანვრის განჩინება
დავის საგანი – პენსიის დანიშვნა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2006 წლის 4 მაისს ა. ც.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ...-ის ფილიალის მიმართ პენსიის დანიშვნის თაობაზე.
მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ მას 2005 წლის 7 მარტიდან დაენიშნა ინვალიდობის პენსიასთან ერთად მეორე სახის პენსია მოხუცებულობის გამო, მოხუცებულობისათვის პენსიაზე დაწესებული ორი მინიმალური პენსიის დანამატით თვეში 129 ლარის ოდენობით.
მოსარჩელის განმარტებით, მეორე სახის პენსიის და დანამატის შესახებ მისი სარჩელის განხილვისას სასამართლოს გამორჩა მხედველობიდან, მიეცა ახალ და ადრინდელ პენსიებს შორის სხვაობა წარსული დროისათვის არა უმეტეს 12 თვისა, რომელიც წინ უძღოდა პენსიის გადასაანგარიშებლად მიმართვის დღეს და რომლის უფლებასაც ანიჭებს ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა ახალ და ადრინდელ პენსიებს შორის სხვაობის ანაზღაურებას მეორე სახის პენსიის დანიშვნისათვის მიმართვის დღის წინა პერიოდისათვის 2004 წლის 7 მარტიდან 2005 წლის იანვრამდე.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ა. ც.-ის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა; მოპასუხე საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდის ...-ის ფილიალს ა. ც.-ის სასარგებლოდ დაეკისრა ახალ და ადრინდელ პენსიებს შორის სხვაობის 640 ლარის გადახდა.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ...-ის ფილიალმა.
აპელანტი სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის 25.09.2001 წლის ¹05/10-1364 წერილის შესაბამისად, აღნიშნული კანონის არც ერთი მუხლით გათვალისწინებული არ არის ვადიან სამხედრო სამსახურში (რომლებიც არ იყვნენ ოფიცრები) გაწვეულ ომის ინვალიდთა, მონაწილეთა და მათთან გათანაბრებულ პირებზე პენსიის დანიშვნა და გადაანგარიშება. აღნიშნულიდან გამოდმინარე, მათზე არ ვრცელდება მე-60 მუხლი, რომელიც ეხება მხოლოდ იმ პირებს, რომლებსაც პენსია დანიშნული აქვთ ძალოვან უწყებებში ოფიცრად, ზევადიან სამსახურში ან ნებაყოფლობით სამხედრო სამსახურში ხელშეკრულებით (კონტრაქტით) საჭირო წელთა ნამსახურობის შესაბამისად. ამასთან, ვადიანი სამხედრო მოსამსახურე ომის ინვალიდების, მონაწილეებისა და მათთან გათანაბრებული პირების მიერ სარჩელი შეტანილ იქნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში. აღნიშნული კანონი გაუქმებული იყო, რადგან იგი არ ვრცელდებოდა არაოფიცერ ომის ინვალიდებზე, მონაწილეებზე და მათთან გათანაბრებულ პირებზე.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 1997 წლის 4 ნოემბრის ¹1/5/32 გადაწყვეტილებით მათი სარჩელი არ დაკმაყოფილდა და უარი ეთქვათ მეორე პენსიის დანიშვნაზე. ამავე წერილში მითითებულია, რომ ანალოგიური საკითხის წამოჭრისას უნდა ეხელმძღვანელათ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით. ზემოაღნიშნული კანონის მე-60 მუხლი ძალაში შევიდა 2006 წლის 1 იანვრიდან.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 29 იანვრის განჩინებით საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ...-ის ფილიალის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმის მასალებით დადგენილია, რომ ა. ც.-ს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილების მიღების დროს მეორე სახის პენსიის და დანამატის დანიშვნასთან ერთად, ახალ და ადრინდელ პენსიებს შორის არსებული სხვაობის ანაზღაურება არ მოუთხოვია და შესაბამისად, სასამართლოს ამ საკითხზე არ უმსჯელია. ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის შესაბამისად, თუ პენსიონერმა მიიღო პენსიის მიღების უფლება და დროულად არ მიმართა სათანადო ორგანოებს პენსიის მისაღებად, მაშინ მას ახალ და ადრინდელ პენსიებს შორის სხვაობა შეიძლება გადაუხადონ წარსული დროისათვის, მაგრამ არა უმეტეს 12 თვისა, რომელიც წინ უძღოდა პენსიის გადასაანგარიშებლად მიმართვის დღეს.
სააპელაციო პალატის განმარტებით, დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული კანონი მიღებულია 1996 წლის 16 ოქტომბრიდან და ამავე პერიოდიდან ა. ც.-მ მიიღო მეორე სახის პენსიის დანიშვნის, ანუ პენსიის მომატების უფლება. მიუხედავად აღნიშნულისა, მას 2005 წლის 7 მარტამდე ამ უფლების გამოსაყენებლად სათანადო ორგანოებისათვის არ მიუმართავს. ამდენად, მითითებული კანონის 50-ე მუხლის შესაბამისად, მოსარჩელე ა. ც.-ის მოთხოვნა კანონიერია და მას ჯამში 2005 წლის 7 მარტიდან 2004 წლის 7 მარტამდე უნდა მიეცეს 640 ლარი, რომლის გადახდაც სწორად აქვს დაკისრებული სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ...-ის ფილიალს.
მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ...-ის ფილიალმა.
კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 29 იანვრის განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
კასატორი საკასაციო საჩივარს ძირითადად აფუძნებდა იმავე გარემოებებზე, რაზეც მიუთითებდა სააპელაციო საჩივარში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ...-ის ფილიალის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით ა. ც.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ...-ის რაიონულ ფილიალს დაევალა ა. ც.-სათვის მე-2 სახის, ანუ მოხუცებულობის გამო პენსიის დანიშვნა, ამავე პენსიაზე მოხუცებულობისათვის დაწესებული ორი მინიმალური პენსიის დანამატის ოდენობით 2005 წლის 7 მარტიდან 84 ლარი და სამამულო ომის მე-2 ჯგუფის ინვალიდობისათვის 45 ლარი, რამაც ყოველთვიურად ჯამში შეადგინა 129 ლარი, გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.
2006 წლის 4 მაისს ა. ც.-მ კვლავ მიმართა სასარჩელო განცხადებით იმავე რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა 12 თვის პენსიის სხვაობის ანაზღაურება ანუ იმ თანხის ანაზღაურება, რომლის თაობაზეც მოთხოვნა არ დაუყენებია წინა სასარჩელო განცხადებაში.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას ა. ც.-სათვის 12 თვის პენსიის უკუქცევით დანიშვნის თაობაზე და თვლის, რომ მოთხოვნის წარდგენის მომენტისათვის არ არსებობს მოთხოვნის დაკმაყოფილების კანონისმიერი საფუძველი.
“სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის 48-ე მუხლი ითვალისწინებდა, რომ პენსიის დასანიშნად დაგვიანებით მიმართვის შემთხვევაში პენსია გაიცემა არა უმეტეს გასული 12 თვისა, რომელიც წინ უსწრებს პენსიის დანიშვნის საკითხზე მიმართვის დღეს. ამავე კანონის 50-ე მუხლის თანახმად, თუ პენსიონერმა მიიღოს პენსიის მომატების უფლება და დროულად არ მიმართა სათანადო ორგანოებს პენსიის მისაღებად, მაშინ მას ახალ და ადრინდელ პენსიებს შორის სხვაობა შეიძლება გადაუხადონ წარსული დროისათვის, მაგრამ არა უმეტეს 12 თვისა, რომელიც წინ უძღოდა პენსიის გადაანგარიშებლად მიმართვის დღეს. “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონში საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონით განხორციელდა ცვლილებები, რომლითაც კანონის ამოქმედებიდან, კერძოდ 2006 წლის 1 იანვრიდან, გაუქმდა 48-ე და 50-ე მუხლები. შესაბამისად, ერთი წლის უკანდახევით პენსიის მიღების უფლების დამდგენი ნორმა – 50-ე მუხლი - მოქმედებდა 2006 წლის 1 იანვრამდე.
განსახილველ შემთხვევაში ა. ც.-ს ორი სახეობის პენსია დაენიშნა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით 2005 წლის 7 მარტიდან. აღნიშნული პენსიის დანიშვნასთან ერთად ა. ც.-მ, უდავოდ, მოიპოვა ახალ და ადრინდელ პენსიებს შორის 12 თვის სხვაობის მიღების უფლება, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო არსებით ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ა. ც.-ს აღნიშნული უფლების რეალიზაცია არ მოუთხოვია 2006 წლის 4 აპრილამდე _ მოცემული სარჩელის აღძვრამდე. ამდენად, კანონით მინიჭებული უფლება მისი არსებობის მანძილზე (2005 წლის 23 დეკემბრის კანონით განხორციელებულ ცვლილებებამდე) მოსარჩელის მიერ რეალიზებული არ ყოფილა. რაც, საკასაციო სასამართლოს ართმევს კანონისმიერ საფუძველს, დაადასტუროს პირის უფლება.
საკასაციო სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ 2005 წლის 23 დეკემბრის კანონით “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონში განხორციელებული ცვლილებებით გაუქმდა კანონის 48-ე და 50-ე მუხლები, შესაბამისად, გაუქმდა 12 თვის უკანდახევით პენსიის მიღების უფლებაც, რაც, ნიშნავს ამ უფლების რეალიზაციის შესაძლებლობის გაუქმებას. ამ კანონის მიღებამდე ა. ც.-ის უფლება არ ყოფილა რეალიზებული, ხოლო ახალი კანონის მიღების შემდგომ აღნიშნული უფლების საკითხი უკვე რეგულირდება ახალი კანონით, რომელიც ძალადაკარგული ნორმის მოქმედების გაგრძელების შესახებ სპეციალურ დათქმას არ შეიცავს. ამდენად, როდესაც მოსარჩელე ითხოვს უკვე გაუქმებული უფლების რეალიზებას, მოთხოვნას გამოცლილი აქვს სამართლებრივი საფუძველი, რაც საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით წარმოადგენს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ა. ც.-ის მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ...-ის ფილიალის საკასაციო საჩივარი დაკაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 29 იანვრის განჩინება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ა. ხ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.