Facebook Twitter

ბს-351-338(კ-08) 12 ივნისი, 2008 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ლევან მურუსიძე

მარიამ ცისკაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ახალციხის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 12 თებერვლის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2005 წლის 11 ოქტომბერს სს “...-მ” სასარჩელო განცხადებით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ახალციხის საგადასახადო ინსპექციის მიმართ, მესამე პირად კი შპს “პ...-ზე” მიუთითა.

სასარჩელო განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ ახალციხის საგადასახადო ინსპექციის 2005 წლის 9 სექტემბრის ¹71 საინკასო დავალებით (განკარგულებით) მოსარჩელის საბანკო ანგარიშიდან ჩამოწერილ იქნა 9769 ლარი არასასოფლო-სამეურნეო მიწის გადასახადის სახით.

მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული გადასახადის გადახდა მოსარჩელეს დაეკისრა საგადასახადო ინსპექციის მიერ 2005 წლის 9 სექტემბერს ცალმხრივად შედგენილი შედარების აქტის საფუძველზე, რომელიც ითვალისწინებდა ქ. ბორჯომში, ე.წ. ...-ის დასახლებაში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით სარგებლობისათვის გადასახადს და რომელზეც შპს “პ.-ის” კუთვნილი ...-ის შენობა მდებარეობდა.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ზემოაღნიშნულ შენობასა და მიწის ნაკვეთთან სს “...სს” არავითარი კავშირი არ ჰქონდა, რის დასადასტურებლადაც მოსარჩელემ სასამართლოში წარადგინა სააქციო საზოგადოების სადამფუძნებლო დოკუმენტაცია, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურისა და ქ. ბორჯომის გამგეობის მიერ გაცემული ცნობები, მიმოწერები ბორჯომისა და ახალციხის საგადასახადო ინსპექციებთან, აგრეთვე, საქართველოს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის 2004 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილება. ამდენად, მოსარჩელის განმარტებით, ახალციხის საგადასახადო ინსპექციის 2005 წლის 9 სექტემბრის ¹71 საინკასო დავალებით ანგარიშსწორება შპს “პ.-ის” ნაცვლად განხორციელდა არაანგარიშვალდებული პირის _ სს “...-ის” მიმართ.

საბოლოოდ, მოსარჩელემ ახალციხის საგადასახადო ინსპექციის 2005 წლის 9 სექტემბრის ¹71 საინკასო დავალებით მისთვის ჩამოწერილი 9769 ლარის დაბრუნება ან აღნიშნული თანხის მომავალ საგადასახადო ვალდებულების ანგარიშში ჩათვლა მოითხოვა.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილებით სს “...-ის” სარჩელი დაკმაყოფილდა; ახალციხის საგადასახადო ინსპექციის 2005 წლის 9 სექტემბრის ¹71 საინკასო განკარგულებით ზედმეტად გადახდილი თანხა _ 9769 ლარი სს “...-სს” ჩაეთვალა მომავალ საგადასახადო ვალდებულების ანგარიშში.

რაიონული სასამართლოს განმარტებით, საქართველოს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის 2004 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებით დადგენილად იქნა ცნობილი ბორჯომის რაიონის დაბა ...-ში მდებარე ახალი ...-ის შენობის 2003 წლის 26 დეკემბრიდან საკუთრების უფლებით შპს “პ.-ის” მიერ ფლობის ფაქტი. ამასთან, შპს “პ.-ის” მიერ გაცემული 2004 წლის 8 სექტემბრის ¹01-90/101 ცნობით დასტურდებოდა, რომ ბორჯომის რაიონის დაბა ...-ში მდებარე ახალი ...-ის შენობას 2003 წლის 26 დეკემბრიდან საკუთრების უფლებით ფლობდა შპს “პ.-ი”. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ სს “...-ის” დირექციისადმი გაცემული 2005 წლის 12 სექტემბრის ¹319 მიმართვის საფუძველზე კი დასტურდებოდა, რომ დაბა ...-ში მდებარე ბალნეოლოგიური სამკურნალო მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობა სს “...-ის” საკუთრებაში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურში 2003-2005 წლებში რეგისტრირებული არ იყო. ქ. ბორჯომის გამგეობის ახალციხის საგადასახადო ინსპექციისადმი გაგზავნილი 2005 წლის 9 სექტემბრის ¹513 წერილის თანახმად, ქ. ბორჯომში, ...-ში, ...-ის ქუჩაზე არსებული .... შენობა-ნაგებობა და მიწის ნაკვეთი მიწის მართვის სამმართველოდან გადაცემულ სიებში რიგით ¹501 წარმოადგენდა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სახელმწიფო საკუთრებას, რომელიც არ ირიცხებოდა სს “...-ის” ბალანსზე. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურის ამონაწერის თანახმად კი, შპს “ბ.-ის” საკუთრებას წარმოადგენდა ქ. ბორჯომში, ...-ის ქუჩის ¹1-ში მდებარე 550 კვ.მ მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობა. ქ. ბორჯომის გამგეობის მიერ წარმოდგენილი მიწის გადასახადის გადამხდელთა სიის თანახმად, ¹... რიგით ნაჩვენები იყო ქ. ბორჯომში, ...-ის ქუჩის ¹5-ში მდებარე 13290,35 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე არსებული ... შენობა.

რაიონულმა სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დადგენილად მიიჩნია, რომ სს “...-სი” ტერიტორიულად მდებარეობდა ქ. ბორჯომში, ...-ის ქუჩაზე მდებარე 530 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, ხოლო შპს “პ.-ი” _ დაბა ...-ში, ...-ის ქუჩაზე. ამასთან, ბორჯომის საგადასახადო ინსპექციის 2004 წლის 10 ოქტომბრის ¹129 საგადასახადო დავალებით შპს “პ.-ს” გადახდილი ჰქონდა დაბა ...-ში მდებარე შენობის გადასახადი _ 312 ლარი. ამდენად, რაიონულმა სასამართლომ დადგენლად მიიჩნია, რომ ქ. ბორჯომში (დაბა ...-ში), ...-ის ქუჩაზე არსებული ... შენობა-ნაგებობა და მიწის ნაკვეთი არ მიეკუთვნებოდა სს “...-სს”.

რაიონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ ახალციხის საგადასახადო ინსპექციის 2005 წლის 9 სექტემბრის ¹71 საინკასო დავალებით სს “...-სს” დავალიანების გამო ინკასოთი ჩამოეწერა 9769 ლარი, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სარგებლობისათვის, რომელიც მდებარეობდა ქ. ბორჯომში, ე.წ. ...-ის ტერიტორიაზე, სადაც განთავსებული იყო ახალი ...-ის შენობა.

რაიონულმა სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, თუ გადასახადების გადახდილი თანხების ჯამი აღემატებოდა დარიცხული თანხების ჯამს, გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის, სხვა ვალდებული პირის მოთხოვნის შემთხვევაში საგადასახადო ორგანო ზედმეტად გადახდილ თანხას გადასახადის გადამხდელს/საგადასახადო აგენტს, სხვა ვალდებულ პირს მისი თანხმობის შემთხვევაში ჩაუთვლიდა მომავალ საგადასახადო ვალდებულებების ანგარიშში.

აღნიშნულიდან გამომდინარე, რაიონულმა სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია მოსარჩელის ალტერნატიული მოთხოვნა და ახალციხის საგადასახადო ინსპექციას 2005 წლის 9 სექტემბრის ¹71 საინკასო დავალებით ჩამოწერილი ზედმეტად გადახდილი თანხა _ 9769 ლარი სს “...-სს" საგადასახადო ვალდებულების ანგარიშში ჩაუთვალა.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ახალციხის საგადასახადო ინსპქციამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 22 მაისის საოქმო განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ახალციხის საგადასახადო ინსპექციის უფლებამონაცვლედ მიჩნეულ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ახალციხის საგადასახადო ინსპექცია, ხოლო 2007 წლის 30 ოქტომბრის საოქმო განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ახალციხის საგადასახადო ინსპექციის უფლებამონაცვლედ _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ახალციხის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 12 თებერვლის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ახალციხის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა რაიონული სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიიჩნია, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილება დასაბუთებული და კანონიერი იყო, შესაბამისად არ არსებობდა მისი გაუქმების საფუძველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 12 თებერვლის განჩინება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ახალციხის რეგიონალურმა ცენტრმა (საგადასახდო ინსპექცია) საკასაციო წესით გაასაჩივრა. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსთვის დაბრუნება მოითხოვა.

კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას დაარღვია მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები. სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და მოცემულ საქმეში მესამე პირად არ ჩააბა საქართველოს კონტროლის პალატა, მაშინ როდესაც სადავო თანხა მოსარჩელეს საქართველოს კონტროლის პალატის მიერ ჩატარებული შემოწმების საფუძველზე დაერიცხა. საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების გამოტანას ხელი შეუწყო იმ გარემოებამაც, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად არ გამოიკვლია კასატორის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, კერძოდ, სს “...-ის” აქციონერთა საერთო კრების 2004 წლის 14 ივნისის ოქმი, რომლითაც დასტურდებოდა, რომ დაბა ...-ში არსებულ ახალი ...-ის შენობაზე ე. შ.-ის ფონდ “...-თან” საიჯარო ხელშეკრულების მოშლითა და ამ ქონების სს “...-ის” ბალანსზე დაბრუნებით დაინტერესებული იყო სს “კ.-ი”, რომელიც სს “...-ის” საწესდებო კაპიტალის 9,68%-ის მფლობელია. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა საქართველოს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის 2004 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილება შპს “პ.-სა” და სს “...-სს” შორის წარმოებულ სამოქალაქო დავაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 24 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ახალციხის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2008 წლის 24 აპრილის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2008 წლის 12 ივნისამდე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ახალციხის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ახალციხის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 12 თებერვლის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.