¹ბს-352-339(კ-08) 1 ოქტომბერი, 2008წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე, (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ჟ. უ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ჟ. უ-მა 15.12.05წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ და მოპასუხის მიერ 1997 წლის 1 იანვრიდან 2000 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდის გათვალისწინებით გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების – მინისტრის ბრძანებების სრული, ამომწურავი, ქრონოლოგიური და სახელობითი ჩამონათვალის დაუყოვნებლივ გადაცემა მოითხოვა.
ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 09.02.06წ. გადაწყვეტილებით სარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა, ქმედების განხორციელების დაკისრების სახით დაევალა მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაუყოვნებლივ გადაეცა მოსარჩელე ჟ. უ-ის მის მიერ დაპირებული, 08.04.05წ. ¹068/2005-§01/სერ და ¹086/2005-§01 განცხადებებით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 09.02.06წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, რომელმაც აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და ჟ. უ-ის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.05.07წ. გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 09.02.06წ. გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ჟ. უ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა სასამართლო კოლეგიის მიერ დადგენილად მიჩნეული საქმის ფაქტობრივი გარემოებები და ისინი ეჭვქვეშ არც მხარეებს დაუყენებიათ. ამასთან, პალატამ არ გაიზიარა სასამართლო კოლეგიის მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები. ფინანსთა სამინისტროს 06-02/133/9047 წერილი, რომელიც სასამართლომ მიიჩნია სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად, არსებითად წარმოადგენს არა დაპირებას ინფორმაციის გაცემის შესახებ, არამედ ახსნას, თუ რატომ არის სამინისტრო მოკლებული ინფორმაციის დაუყოვნებლივ გაცემის შესაძლებლობას. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლი ადგენს მხოლოდ პირის მიერ საჯარო ინფორმაციის მიღების უფლებას, მისი რეალიზაციის ფორმები კი დადგენილია აღნიშნული კოდექსის მე-3 თავის სხვა ნორმებით. არც ერთი მათგანი არ აკისრებს ადმინისტრაციულ ორგანოს მხარისათვის პირის მიერ საჯარო ინფორმაციის შემცველი დოკუმენტის გადაცემის (გაგზავნის) მოვალეობას. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-40 და 41-ე მუხლებში გამოყენებული სიტყვა “გაცემა”, შინაარსობრივად განსხვავდება “გადაცემისაგან”. ეს უკანასკნელი გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს აქტიურობას, მაშინ როდესაც ტერმინ “გაცემის” ოპერირებით კანონმდებელი აქტიურობის მოვალეობას ინფორმაციის მომთხოვნ პირს ანიჭებს. ადმინისტრაციული ორგანოს როლი შედარებით პასიურია და იგი მხოლოდ ვალდებულია, დაინტერესებულ პირს შეუქმნას ინფორმაციის მიღებისათვის შესაფერი პირობები. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლში დაფიქსირებული მოქალაქის უფლება, აირჩიოს ინფორმაციის მიღების ფორმა, არ შეიძლება გაგებულ იქნეს, როგორც პირისათვის მინიჭებული არჩევანი, რომლის ალტერნატივასაც წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს დავალდებულება, გაუგზავნოს პირს მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია. ინფორმაციის მიღების ფორმის არჩევის უფლება განხილული უნდა იქნეს შემდგომ წინადადებასთან: “თუ იგი სხვადასხვა სახით არსებობს”. ერთობლიობაში, ამ დათქმის მეშვეობით, კანონმდებელმა ინფორმაციის თავისუფლების პრინციპი გაავრცელა იმ შემთხვევებზე, როდესაც საჯარო ინფორმაცია არსებობს არა მხოლოდ წერილობითი დოკუმენტის სახით, არამედ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის “მ” ქვეპუნქტში დასახელებული ფორმითაც: ნახაზის, მაკეტის გეგმის, ფოტოსურათის, ელექტრონული ინფორმაციის სახით. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ¹06/02/148/10202 წერილზე, რომლითაც სამინისტრო სთავაზობს ჟ. უ-სა და ლ. პ-ს სამინისტროში გამოცხადებას და საჭირო დოკუმენტაციის დედანში გაცნობას, მათი ქსეროასლების გადაღების უზრუნველყოფას. არსებითად ეს წერილი ინფორმაციის გაცემის თანხმობის ტოლფასია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიმართ არ დარღვეულა საჯარო ინფორმაციის მიღების უფლება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.05.07წ. გადაწყვეტილება 25.03.08წ. საკასაციო წესით გაასაჩივრა ჟ. უ-მა, რომელმაც აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის მითითებით, არასწორია სასამართლოს მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ “საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” მე-40 და 41-ე მუხლებში გამოყენებული სიტყვა “გაცემა” შინაარსობრივად განსხვავდება “გადაცემისაგან”, რადგან ამ დასაბუთებით მთლიანად უქმდება საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 06.06.08წ. განჩინებით, სასკ-ის 34.3 მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ჟ. უ-ის საკასაციო საჩივარი.
ჟ. უ-ის საკასაციო საჩივარზე 26.06.08წ. მოსაზრება წარმოადგინა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, რომელმაც მიიჩნია, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის პირობები არ არსებობს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ ჟ. უ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე და განაპირობა არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა. კასატორი ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს, ამ თვალსაზრისით არა აქვს წარმოდგენილი დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ჟ. უ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ჟ. უ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.05.07წ. გადაწყვეტილებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.