ბს-353-334(კ-07) 17 ოქტომბერი, 2007 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე
ნუგზარ სხირტლაძე
სხდომის მდივანი _ ქეთევან მაღრაძე
კასატორი (მოპასუხე) _ ქუთაისის .... ¹..... საჯარო სკოლა, დირექტორი _ თ. ც-ე, წარმომადგენელი _ ნ. კ-ა
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ ჯ. მ-ა, წარმომადგენელი _ მ. ს-ე
მესამე პირი _ გ. ვ-ე (ქუთაისის .... ¹.... საჯარო სკოლის სასწავლო პროცესის ადმინისტრატორი)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილება
სარჩელის საგანი _ სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2006 წლის 2 აგვისტოს ჯ. მ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე ქუთაისის .... ¹.... საჯარო სკოლის მიმართ.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 1991 წლიდან მუშაობდა ქუთაისის .... ¹.... საშუალო (იმჟამად ¹.... საჯარო) სკოლაში .... პედაგოგად. თანამდებობრივად დანიშნული იყო .... საწარმოო სწავლების დარგში, რომელსაც სტრუქტურული ცვლილებების გამო, შეეცვალა სახელწოდება და ეწოდა .... მუშაობის დარგში, .... უფლებამოსილებით. ხელფასის სახით მოსარჩელე იღებდა ანაზღაურებას, როგორც თანამდებობრივად, ისე პედაგოგიური საქმიანობისათვის. ქუთაისის .... ¹.... საჯარო სკოლის დირექტორის 2006 წლის 3 ივლისის ¹146 ბრძანებით ხსენებულ სკოლაში განხორციელდა რეორგანიზაცია. აღნიშნული ბრძანების პირველი პუნქტის საფუძველზე სხვა საშტატო ერთეულებთან ერთად გაუქმდა .... 6 საშტატო ერთეულიც. რეორგანიზაციის შედეგად, ქუთაისის .... ¹.... საჯარო სკოლის ... შემსრულებლის 2006 წლის 3 ივლისის ¹146 ბრძანებით ჯ. მ-ა გათავისუფლდა სკოლის ..... თანამდებობიდან.
მოსარჩელემ სკოლის .... თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება უკანონოდ მიიჩნია და განმარტა, რომ ხსენებული ბრძანება არაუფლებამოსილი პირის მიერ იყო გამოცემული, ვინაიდან თ. ც-ე ქუთაისის .... ¹.... საჯარო სკოლის დირექტორად არ იყო არჩეული «ზოგადი განათლების შესახებ» საქართველოს კანონის 41-ე და 42-ე მუხლებისა და «ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ» საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის ¹448 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სკოლის წესდების მე-6 მუხლის შესაბამისად. თ. ც-ე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის შესაბამისი ბრძანებით დანიშნული იყო ზემოხსენებული სკოლის .... შემსრულებლად. სკოლის .... შემსრულებელს კი არც «ზოგადი განათლების შესახებ» საქართველოს კანონით და არც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის ¹448 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სკოლის წესდებით, საკადრო და რეორგანიზაციის საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების უფლება არ ჰქონდა. «ზოგადი განათლების შესახებ» საქართველოს კანონის 59-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ახალი დირექტორის არჩევამდე დანიშნული .... შემსრულებლის უფლებამოსილების შეწყვეტა და იმავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, კანონის საფუძველზე პირველად არჩეული დირექტორის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში რეგისტრაცია იწვევდა ამ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების .... შემსრულებლის და ადმინისტრაციის/დირექციის თანამდებობის პირების უფლებამოსილების შეწყვეტას. ამდენად, მოპასუხემ სადავო აქტის გამოცემით გააუქმა «ზოგადი განათლების შესახებ» საქართველოს კანონის 41-ე მუხლითა და «ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ» საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის ¹448 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სკოლის წესდების მე-6 მუხლით გათვალისწინებული სკოლის დირექცია, რომელიც შედგებოდა სკოლის დირექტორის, დირექტორის მოადგილეებისა და მთავარი ბუღალტერისაგან. ამასთან, ქუთაისის .... ¹.... საჯარო სკოლის რეორგანიზაცია განახორციელა არაუფლებამოსილმა პირმა, ვინაიდან «ზოგადი განათლების შესახებ» საქართველოს კანონისა და ხსენებული წესდების საფუძველზე, აღნიშნულის უფლება მხოლოდ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უფლებამოსილებას წარმოადგენდა. მოსარჩელის მტკიცებით, მოპასუხემ დაარღვია ასევე აღნიშნული წესდების მე-17 მუხლის პირველი პუნქტის «დ» ქვეპუნქტი, ვინაიდან სკოლის დირექტორი მხოლოდ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანხმობით იყო უფლებამისილი, განესაზღვრა საშტატო განრიგი და ხელფასის ფონდი კანონით დადგენილი წესითა და ფორმით გამოცემული აქტის საფუძველზე, რაც არ განხორციელებულა. მოსარჩელის განმარტებით, კანონით დადგენილი წესით განხორციელებული რეორგანიზაციისას მუშაკთა რიცხოვნობის ან შტატების შემცირება შეიძლებოდა გამხდარიყო მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველი იმ შემთხვევაში, თუ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ სადავო ბრძანება დაფუძნებული იქნებოდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან შეთანხმებულ საშტატო განრიგისა და სახელფასო ფონდის განსაზღვრის თაობაზე გამოცემულ აქტზე და დაცული იქნებოდა მუშაკის სამსახურიდან გათავისუფლების კანონით დადგენილი წესი.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ მოპასუხემ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის ¹448 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სკოლის წესდების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის «ზ» ქვეპუნქტში გათვალისწინებული პირობების არსებობის გარეშე გაათავისუფლა იგი სკოლის ..... თანამდებობიდან, რითაც დაარღვია საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის მოთხოვნა იმის თაობაზე, რომ რეორგანიზაცია არ წარმოადგენდა პირის სამუშაოდან გათავისუფლების სამართლებრივ საფუძველს.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მისი სკოლის .... თანამდებობიდან გათავისუფლების დღეს, ქუთაისის .... ¹.... საჯარო სკოლის დირექტორის 2006 წლის 3 ივლისის ¹149 ბრძანებით, ჯ. მ-ას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 22 აგვისტოს ¹414 ბრძანების საფუძველზე, 2006 წლის 3 ივლისიდან მას გაუფორმდა კუთვნილი შვებულება.
მოსარჩელის განმარტებით, ქუთაისის .... ¹.... საჯარო სკოლის .... შემსრულებლის 2006 წლის 3 ივლისის ¹146 ბრძანების სამართლებრივ საფუძვლად მიეთითა საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის «ა» ქვეპუნქტზე, მაშინ, როდესაც 2006 წლის 3 ივლისს, ანუ სადავო ბრძანების გამოცემის მომენტისთვის, საქართველოს შრომის კანონთა კოდექსი (1973 წ.), რომლის 34-ე მუხლი ადმინისტრაციის ინიციატივით შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებს ითვალისწინებდა, ძალადაკარგული იყო საქართველოს შრომის კოდექსის ამოქმედების გამო.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ ქუთაისის .... ¹.... საჯარო სკოლის .... შემსრულებლის 2006 წლის 3 ივლისის ¹146 ბრძანების პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი სკოლის .... საშტატო ერთეულის გაუქმების ნაწილში და იმავე ბრძანების, ჯ. მ-ას სკოლის .... თანამდებობიდან გათავისუფლების ნაწილში გაუქმება, ქუთაისის .... ¹.... საჯარო სკოლის .... თანამდებობაზე აღდგენა და 2006 წლის 3 ივლისიდან თვეში 280 ლარის ოდენობით იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურება მოითხოვა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილებით ჯ. მ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის .... საჯარო სკოლის .... შემსრულებლის 2006 წლის 3 ივლისის ¹146 ბრძანება სკოლის .... საშტატო ერთეულის გაუქმებისა და ჯ. მ-ას თანამდებობიდან გათავისუფლების ნაწილში; ჯ. მ-ა აღდგენილ იქნა ქუთაისის .... ¹.... საჯარო სკოლის .... თანამდებობაზე და მასვე აუნაზღაურდა იძულებით გაცდენილი დროის ხელფასი.
აღნიშნული გადაწყვეტილება ქუთაისის .... ¹.... საჯარო სკოლამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 4 იანვრის განჩინებით საქმეში მესამე პირად ქუთაისის .... ¹.... საჯარო სკოლის სასწავლო პროცესის ადმინისტრატორი გ. ვ-ე ჩაება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილებით ქუთაისის .... ¹.... საჯარო სკოლის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილება ჯ. მ-ას ქუთაისის .... ¹.... საჯარო სკოლის ... თანამდებობაზე აღდგენის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ქუთაისის .... ¹.... საჯარო სკოლის ადმინისტრაციას დაევალა, აღნიშნული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ჯ. მ-ას სამუშაოზე მოწყობის თაობაზე; დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ჯ. მ-ა 1991 წლის 25 სექტემბრიდან მუშაობდა ქუთაისის .... ¹.... საშუალო (იმჟამად ¹... საჯარო) სკოლაში მათემატიკის პედაგოგად. იგი თანამდებობრივად დანიშნული იყო სასწავლო ნაწილის გამგედ საწარმოო სწავლების დარგში, რომელსაც სტრუქტურული ცვლილებების გამო, შეეცვალა სახელწოდება და ეწოდა ორგანიზატორი კლასგარეშე და სკოლისგარეშე აღმზრდელობით მუშაობის დარგში, .... უფლებამოსილებით.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ქუთაისის .... ¹.... საჯარო სკოლის ... შემსრულებლის 2006 წლის 10 თებერვლის ¹35 ბრძანებით ქუთაისის .... ¹.... საჯარო სკოლაში გამოცხადდა რეორგანიზაცია. აღნიშნული ბრძანების საფუძველზე ქუთაისის .... ¹.... საჯარო სკოლის .... შემსრულებელმა 2006 წლის 3 ივლისს გამოსცა ¹146 ბრძანება, რომლის თანახმადაც ხსენებულ სკოლაში გაუქმდა რიგი საშტატო თანამდებობები, მათ შორის _ .... 6 საშტატო ერთეული და საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის საფუძველზე თანამდებობიდან გათავისუფლდა .... 6 მოადგილე, მათ შორის, ჯ. მ-ა.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ «ზოგადი განათლების შესახებ» საქართველოს კანონის 34-ე მუხლის თანახმად, საჯარო სკოლის რეორგანიზაციას ან ლიკვიდაციას ახორციელებდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. ანალოგიური წესი იყო დადგენილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის ¹448 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სკოლის წესდების 21-ე მუხლითაც.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქუთაისის .... ¹.... საჯარო სკოლის .... შემსრულებლის 2006 წლის 10 თებერვლის ¹35 ბრძანება სკოლის რეორგანიზაციის შესახებ უკანონო იყო, ვინაიდან იგი გამოცემული იყო არაუფლებამოსილი პირის მიერ. შესაბამისად, ხსენებული უკანონო ბრძანების საფუძველზე იყო გამოცემული ქუთაისის .... ¹.... საჯარო სკოლის .... შემსრულებლის 2006 წლის 3 ივლისის ¹146 ბრძანება, რაც მისი ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენდა.
სააპელაციო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ ჯ. მ-ას უნდა ანაზღაურებოდა იძულებით გაცდენილი დროის ხელფასიც, ვინაიდან გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტი გამოიცა კანონმდებლობის დარღვევით და შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში ხელფასის გაუცემლობის საფუძველი არ არსებობდა. ამასთან, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმებულიყო ჯ. მ-ას ქუთაისის .... ¹.... საჯარო სკოლის .... თანამდებობიდან გათავისუფლების ნაწილშიც. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის მიერ 2006 წლის 16 სექტემბერს დამტკიცებული ქუთაისის .... ¹.... საჯარო სკოლის საშტატო განრიგით დასტურდებოდა, რომ აღნიშნულ სკოლაში არ არსებობდა .... თანამდებობა. შესაბამისად, ჯ. მ-ას აღდგენა იმ თანამდებობაზე, რომელიც ფაქტობრივად არ არსებობდა, ვერ მოხდებოდა. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ, ვინაიდან ახალი საშტატო განრიგით დამტკიცებულ თანამდებობაზე დანიშვნა სცილდებოდა სასამართლოს ოფიციალურ, უწყებრივ, იურისდიქციულ-პროცესუალურ კომპეტენციას და ადმინისტრაციის დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნებოდა, მოცემულ შემთხვევაში გამოყენებული უნდა ყოფილიყო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი წესი და სადავო საკითხის _ მოსარჩელის სამუშაოზე აღდგენის გადაუწყვეტლად, ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი ჯ. მ-ას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ქუთაისის .... ¹.... საჯარო სკოლის ... შემსრულებლის 2006 წლის 3 ივლისის ¹146 ბრძანება და აღნიშნული სკოლის ადმინისტრაციას დაკისრებოდა ჯ. მ-ასთან მიმართებაში გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევა-შეფასების შემდეგ, ამასთან, უნდა გაერკვია, რა საშტატო ერთეულები იყო გათვალისწინებული ქუთაისის ... საჯარო სკოლაში და ხომ არ არსებობდა მოსარჩელის მიერ გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობა ახალი განრიგით ან სხვა შესატყვისი სამსახური, რაზედაც მოსარჩელე თანახმა იქნებოდა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილება ქუთაისის .... ¹....-მა საჯარო სკოლამ საკასაციო წესით გაასაჩივრა. კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსთვის დაბრუნება მოითხოვა.
კასატორი უსაფუძვლოდ მიიჩნევს მოსარჩელის მოსაზრებას, რომ ახალი დირექტორის არჩევამდე დანიშნული სკოლის .... შემსრულებელი არ იყო უფლებამოსილი, «ზოგადი განათლების შესახებ» საქართველოს კანონის 43-ე მუხლის თანახმად, განეხორციელებინა საკადრო ცვლილებები.
კასატორი განმარტავს, რომ «ზოგადი განათლების შესახებ» საქართველოს კანონის მიღებასთან დაკავშირებით, ძალადაკარგულად ჩაითვალა «განათლების შესახებ» საქართველოს კანონის ზოგიერთი მუხლი, მათ შორის, ყველა ის ნორმა, რომელიც განსხვავებულად არეგულირებდა «ზოგადი განათლების შესახებ» საქართველოს კანონით მოწესრიგებულ ურთიერთობებს. «განათლების შესახებ» საქართველოს კანონის თანახმად, საგანმანათლებლო დაწესებულებების რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია რეგულირდებოდა საქართველოს კანონმდებლობითა და საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით, ხოლო «ზოგადი განათლების შესახებ» საქართველოს კანონის 34-ე მუხლის თანახმად, საჯარო სკოლის რეორგანიზაციას ან ლიკვიდაციას ახორციელებდა მისი დამფუძნებელი _ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. სკოლის ადმინისტრაციას თავად ევალებოდა დაედგინა, იყო თუ არა რეორგანიზაციის გამოცხადების საფუძველი, ხოლო შემდეგ მიემართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის, რათა მიეღო აღნიშნულზე თანხმობა. ქუთაისის .... ¹.... საჯარო სკოლის .... შემსრულებლის მიერ 2006 წლის 10 თებერვალს გამოიცა ¹35 ბრძანება აღნიშნული სკოლის რეორგანიზაციის შესახებ, რომელიც პერსონალურად ეცნობა ყველა მუშაკს და რომლებიც გაფრთხილებული იქნენ სამსახურიდან მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ. ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს, სარჩელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობის, ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით უნდა წარედგინოს სასამართლოს მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში. ზემოხსენებული ქუთაისის .... ¹.... საჯარო სკოლის ... შემსრულებლის 2006 წლის 10 თებერვალს ¹35 ბრძანება კი ცალკე არ გასაჩივრებულა და არც მოსარჩელეს მოუთხოვია სარჩელით აღნიშნული ბრძანების ბათილად ცნობა.
კასატორი აღნიშნავს, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2006 წლის 8 მაისის შესაბამისი წერილით დაადასტურა ზემოხსენებულ სკოლაში გამოცხადებული რეორგანიზაციის აუცილებლობა და ნება დართო სკოლის ხელმძღვანელობას, თავისი შეხედულებისამებრ დაეხვეწა საშტატო ერთეულები, რაც განხორციელდა 2005-2006 სასწავლო წლების ბოლოს. ამდენად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ აღნიშნულით განახორციელა ხსენებული უფლების დელეგირება, რომ თავად ქუთაისის .... ¹.... საჯარო სკოლას განეხორციელებინა რეორგანიზაცია. 2006 წლის 29 სექტემბერს კი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცდა ახალი საშტატო განრიგი.
კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მოთხოვნები, მხედველობაში არ მიიღო ფაქტობრივი გარემოებები, არასწორად განმარტა «ზოგადი განათლების შესახებ» საქართველოს კანონი, რის გამოც უკანონოდ გააუქმა ქუთაისის .... ¹.... საჯარო სკოლის .... შემსრულებლის 2006 წლის 3 ივლისის ¹146 ბრძანება. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული საშტატო განრიგი და ქუთაისის .... ¹.... საჯარო სკოლას დაავალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, მაშინ, როდესაც შესაბამისი საშტატო განრიგი დამტკიცებული იყო და ტოლფასი თანამდებობა ხსენებულ სკოლაში არ არსებობდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 24 მაისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქუთაისის .... ¹.... საჯარო სკოლის საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2007 წლის 24 მაისის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2007 წლის 18 ივლისამდე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 18 ივლისის განჩინებით ქუთაისის .... ¹.... საჯარო სკოლის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით და მისი განხილვა მხარეთა დასწრებით დაინიშნა 2007 წლის 10 ოქტომბერს, 12.00 საათზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
საკასაციო სასამართლოს მოცემული საქმის მასალების მიხედვით, დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ჯ. მ-ა მუშაობდა ქუთაისის .... ¹.... საჯარო სკოლაში ... და მათემატიკის მასწავლებლად (ს.ფ. 8). საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 23 დეკემბრის ¹2985/კ ბრძანებით თ. ც-ე დაინიშნა ქუთაისის .... საჯარო სკოლის დირექტორის თანამდებობაზე დროებით მოვალეობის შემსრულებლად (ს.ფ. 34). საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2006 წლის 8 მაისის ¹01-17-07/6410 წერილით ქუთაისის .... ¹.... საჯარო სკოლის დირექტორ თ. ც-ეს ეთხოვა, რომ მათი შეხედულებისამებრ მოეხდინათ იმავე სკოლის ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის საშტატო ერთეულების დახვეწა, აღინიშნა, რომ ხსენებული სამინისტრო ვერ ხედავდა მსგავსი შტატების არსებობის აუცილებლობას დასახელებულ საჯარო სკოლაში და რეკომენდაციის სახით მისცა კონკრეტული მითითებები, მათ შორის, შეემცირებინათ მოადგილის შტატი 2 საშტატო ერთეულამდე (ს.ფ. 28). ქუთაისის .... ¹.... საჯარო სკოლის .... შემსრულებლის 2006 წლის 10 თებერვლის ¹35 ბრძანებით ხსენებულ სკოლაში განხორციელდა არსებული შტატების, ტექპერსონალისა და სკოლის ბაზაზე დაფუძნებული მუსიკალური და ქორეოგრაფიული სტუდიების რეორგანიზაცია. ამ ბრძანების საფუძვლად მიეთითა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის ¹448 და 2005 წლის 21 ოქტომბრის ¹576 ბრძანებებზე (ს.ფ. 40). ჯ. მ-ა იმავე სკოლის სხვა თანამშრომლებთან ერთად, გააფრთხილეს მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ, რაც მან 2006 წლის 23 თებერვალს დაადასტურა ხელმოწერით (ს.ფ. 35-37). ჩატარებული რეორგანიზაციისა და რიგი თანამშრომლების გათავისუფლების შესახებ ქუთაისის .... ¹.... საჯარო სკოლის .... შემსრულებლის 2006 წლის 3 ივლისის ¹146 ბრძანების საფუძველზე, სხვა საშტატო ერთეულებთან ერთად, გაუქმდა .... 6 საშტატო ერთეულიც და იმავე ბრძანებით, რეორგანიზაციის შედეგად, ჯ. მ-ა, სხვა თანამშრომლებთან ერთად, გათავისუფლდა სკოლის .... თანამდებობიდან. ამ ბრძანების საფუძვლად რეორგანიზაციის ნაწილში კი მიეთითა ქუთაისის .... ¹.... საჯარო სკოლის .... შემსრულებლის 2006 წლის 10 თებერვლის ¹35 ბრძანებაზე (ს.ფ. 6). 2006 წლის 1 იანვრისათვის ქუთაისის .... ¹.... საჯარო სკოლის საშტატო განრიგის მიხედვით, იმავე სკოლაში იყო .... 6 საშტატო ერთეული (ს.ფ. 39). ხსენებული სკოლის 2006 წლის 18 სექტემბრის საშტატო განრიგში აღარ არის მითითებული .... თანამდებობა (ს.ფ. 56).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს «ზოგადი განათლების შესახებ» საქართველოს 2005 წლის 8 აპრილის კანონის მე-2 მუხლის «ჯ» ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვით, საჯარო სკოლა არის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახით დაფუძნებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება. აღნიშნული კანონის 34-ე მუხლის თანახმად, საჯარო სკოლის რეორგანიზაციას ან ლიკვიდაციას ახორციელებს მისი დამფუძნებელი: ა) თუ დაწესებულების საქმიანობა ანტიკონსტიტუციურია; ბ) თუ აუცილებელია დაწესებულების ფიზიკური ან/და ადამიანური რესურსების ოპტიმიზაცია; გ) თუ დაწესებულება არსებითად გადავიდა სამეწარმეო საქმიანობაზე; დ) ამ კანონის 32-ე მუხლის 23-ე პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში (საჯარო სკოლის მიერ ზედიზედ ორჯერ აკრედიტაციის გაუვლელობა ან მისთვის ზედიზედ ორჯერ პირობითი აკრედიტაციის მინიჭება); ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. იმავე კანონის 41-ე მუხლის პირველი და მე-2-4 პუნქტების თანახმად, სკოლის დირექცია შედგება სკოლის დირექტორის, მისი მოადგილის/მოადგილეებისა და ბუღალტერიისაგან. დირექტორი შეიძლება იყოს ამ კანონის შესაბამისად არჩეული საქართველოს მოაქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება, 3 წლის მუშაობის სტაჟი და არ მიუღწევია 65 წლის ასაკისათვის. დირექტორი არჩევიდან 2 კვირის ვადაში ნიშნავს დირექტორის მოადგილეს/მოადგილეებს, მათ შორის, დირექტორის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში .... შემსრულებელს. დირექტორის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს ...., რომელიც ამ კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში. ხსენებული კანონის 43-ე მუხლის პირველ პუნქტში კი ჩამოთვლილია დირექტორის ფუნქციები.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ «ზოგადი განათლების შესახებ» საქართველოს კანონის 58-ე მუხლის პირველი პუნქტის გარდამავალი ნორმის მიხედვით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 2005 წლის 1 აგვისტომდე უზრუნველყოფდა საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიული პირების სახით დაფუძნებას, ასევე არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ახალი წესდებების დამტკიცებას ამ კანონის შესაბამისად.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საჯარო სკოლის სტატუსს, მიზნებს, ფუნქციებს, საქმიანობის საგანს, სტრუქტურასა და მართვას, ასევე სკოლის რეორგანიზაციასა და ლიკვიდაციას დეტალურად არეგულირებს «ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ» საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის ¹448 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სკოლის წესდება. ხსენებული წესდების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო სკოლა არის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც დამოუკიდებლად ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას და უზრუნველყოფს ზოგადი განათლების მიღებას დაწყებით ან/და საბაზო ან/და საშუალო საფეხურზე ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად. აღნიშნული წესდების 21-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სკოლის რეორგანიზაციას და ლიკვიდაციას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო: ა) თუ სკოლის საქმიანობა ანტიკონსტიტუციურია; ბ) თუ აუცილებელია სკოლის ფიზიკური ან/და ადამიანური რესურსების ოპტიმიზაცია; გ) თუ სკოლა არსებითად გადავიდა სამეწარმეო საქმიანობაზე; დ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახით არსებული საჯარო სკოლის დამფუძნებელს, ზემოხსენებული გარდამავალი ნორმის საფუძველზე, წარმოადგენდა სწორედ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, რომლის დისკრეციულ უფლებამოსილებასაც განეკუთვნებოდა საჯარო სკოლის რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის განხორციელება და არც ერთ სხვა სუბიექტს არ გააჩნდა ასეთი უფლებამოსილება. ამასთან, სკოლის დირექციაში სავალდებულო წესით შედიან, როგორც სკოლის დირექტორი, ისე მისი ერთი მოადგილე მაინც, რაც განპირობებულია იმ გარემოებით, რომ სკოლის დირექტორის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობისას მას ცვლის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებული დირექტორის მოადგილე.
აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია ქუთაისის .... ¹.... საჯარო სკოლის .... შემსრულებლის 2006 წლის 10 თებერვლის ¹35 ბრძანება იმავე სკოლის რეორგანიზაციის შესახებ უკანონოდ, ვინაიდან იგი გამოცემული იყო არაუფლებამოსილი პირის მიერ. შესაბამისად, ხსენებული უკანონო ბრძანების საფუძველზე იყო გამოცემული ქუთაისის .... ¹.... საჯარო სკოლის ... შემსრულებლის 2006 წლის 3 ივლისის ¹146 ბრძანება, რაც მისი ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენდა.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ქუთაისის .... ¹.... საჯარო სკოლის .... შემსრულებელი არ იყო უფლებამოსილი, გამოეცა 2006 წლის 10 თებერვლის ¹35 ბრძანება იმავე სკოლის რეორგანიზაციის შესახებ და შესაბამისად, აღნიშნული ბრძანების საფუძველზე 2006 წლის 3 ივლისის ¹146 ბრძანებაც სკოლის .... საშტატო ერთეულის გაუქმებისა და ჯ. მ-ას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. გარდა ამისა, აღნიშნულით დაირღვა «ზოგადი განათლების შესახებ» საქართველოს კანონის 41-ე მუხლის პირველი და მე-4 პუნქტებიც სკოლის ... შესახებ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ ამ ნაწილში მიიღო კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილება და არ არსებობს ხსენებული გადაწყვეტილების აღნიშნულ ნაწილში გაუქმების საფუძველი, რის გამოც გასაჩივრებული გადაწყვეტილება ამ ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არასწორია კასატორის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ საჯარო სკოლის ადმინისტრაციას თავად ევალებოდა დაედგინა, იყო თუ არა რეორგანიზაციის გამოცხადების საფუძველი, ხოლო შემდეგ მიემართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის, რათა მიეღო აღნიშნულზე თანხმობა.
გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წინააღმდეგობრივია საკასაციო საჩივარში მოყვანილი მსჯელობა იმის თაობაზე, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს, სარჩელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობის, ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით უნდა წარედგინოს სასამართლოს მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, ხოლო ქუთაისის .... საჯარო სკოლის .... შემსრულებლის 2006 წლის 10 თებერვლის ¹35 ბრძანება ცალკე არ გასაჩივრებულა და არც მოსარჩელეს მოუთხოვია სარჩელით აღნიშნული ბრძანების ბათილად ცნობა. კასატორი, ერთი მხრივ, თვითონვე მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლზე, რომლითაც პირდაპირ არის რეგლამენტირებული მოსარჩელის კანონიერი უფლების ან ინტერესისათვის პირდაპირი და უშუალო (ინდივიდუალური) ზიანის მიყენებაზე, როგორც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, ან მისი ნაწილის ბათილობის, ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნის თაობაზე სარჩელის წარდგენის აუცილებელ პირობაზე, ხოლო, მეორე მხრივ, იმავდროულად აღნიშნავს, რომ ქუთაისის .... ¹.... საჯარო სკოლის .... შემსრულებლის 2006 წლის 10 თებერვლის ¹35 ბრძანება იმავე სკოლის რეორგანიზაციის შესახებ, მოსარჩელეს ცალკე არ გაუსაჩივრებია.
შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2006 წლის 8 მაისის შესაბამისი წერილით დაადასტურა რა ზემოხსენებულ სკოლაში გამოცხადებული რეორგანიზაციის აუცილებლობა და ნება დართო სკოლის ხელმძღვანელობას, თავისი შეხედულებისამებრ დაეხვეწა საშტატო ერთეულები, დასახელებულმა სამინისტრომ აღნიშნულით განახორციელა ხსენებული უფლების იმავე სკოლისთვის დელეგირება, რათა თავად ქუთაისის .... ¹.... საჯარო სკოლას განეხორციელებინა რეორგანიზაცია.
ამასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 10 ოქტომბრის სხდომაზე ჯ. მ-ას წარმომადგენელმა მართებულად განმარტა, რომ ამ შემთხვევაში უხეშად იქნა დარღვეული ზემოხსენებული კანონისა და წესდების შესაბამისი მუხლები სკოლის .... შემსრულებლის მიერ, როდესაც თავად გამოაცხადა რეორგანიზაცია ქუთაისის .... საჯარო სკოლაში, რადგან აღნიშნული წარმოადგენდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ექსკლუზიურ უფლებამოსილებას და მისი თვითნებურად განხორციელების უფლება არავის და არანაირი ნორმატიული აქტით ქუთაისის .... ¹.... საჯარო სკოლის ... შემსრულებლისთვის არ გადაუცია.
საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ქუთაისის .... ¹.... საჯარო სკოლის .... შემსრულებლის 2006 წლის 3 ივლისის ¹146 ბრძანება სტრუქტურულად და შინაარსობრივად შედგება 2 ნაწილისაგან, კერძოდ: ხსენებული ბრძანების პირველი ნაწილით გაუქმდა ... 6 საშტატო ერთეული, ხოლო მეორე ნაწილით ჯ. მ-ა გათავისუფლდა იმავე სკოლის .... თანამდებობიდან. დასახელებულ პირველ ნაწილში აღნიშნული ბრძანების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს საჯარო სამართლის კანონმდებლობა, ხოლო მეორე ნაწილში _ კერძო სამართლის კანონმდებლობა. შესაბამისად, აღნიშნული ბრძანების ამ კუთხით შერეული, კომპლექსური ხასიათის გამო, მისი კანონიერება ექვემდებარება ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით შემოწმებას და სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ ამ ნაწილში საქმე განიხილა განსჯადობის წესებისა და კანონმდებლობის დაცვით.
რაც შეეხება ქუთაისის .... ¹.... საჯარო სკოლის ადმინისტრაციისათვის ჯ. მ-ას სამუშაოზე მოწყობის თაობაზე ერთი თვის ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებას, ანუ მის სამუშაოზე აღდგენას და ჯ. მ-ვის იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურებას, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია, რადგან აღნიშნულ ნაწილში საქმე განიხილა არაუფლებამოსილმა სასამართლომ, რის გამოც ხსენებულ ნაწილში საქმე განსჯადობით განსახილველად უნდა გადაეცეს უფლებამოსილ სასამართლოს _ სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
ამასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 17 ოქტომბრის სხდომაზე კასატორის წარმომადგენელმა სწორად მიუთითა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2007 წლის 10 ივლისის განჩინებით ანალოგიური საქმე განსჯადობის წესით განსახილველად გადაეცა სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორის წარმომადგენლის მიერ მითითებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2007 წლის 10 ივლისის განჩინება მიღებულ იქნა ¹ბს-132-123(კ-07) საქმეზე (შ. გ-ას სარჩელის გამო მოპასუხე სსიპ «საზოგადოებრივი მაუწყებლის» მიმართ, მესამე პირი _ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ტურიზმის მუშაკთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ ქუთაისის .... ¹.... საჯარო სკოლის სააპელაციო საჩივრის განხილვისას საერთოდ არ იმსჯელა იმაზე, თუ რამდენად წარმოადგენდა მოცემული საქმე იმავე სკოლის ადმინისტრაციისათვის ჯ. მ-ას სამუშაოზე მოწყობის თაობაზე ერთი თვის ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების, ანუ მისი სამუშაოზე აღდგენისა და ჯ. მ-ვის იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურების ნაწილში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმეს და ამ ნაწილში ხომ არ უნდა განეხილა იგი სასამართლოს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით, ანუ სააპელაციო სასამართლომ ამ მიმართებით არ იმსჯელა განსჯად სასამართლოზე, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, გააჩნდა ამ საქმის დასახელებულ ნაწილში განხილვის საპროცესო უფლებამოსილება.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 და 26-ე მუხლები, ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლით დადგენილი განსჯადობის წესები, ვინაიდან მოცემული საქმე ზემოაღნიშნულ ნაწილში ექვემდებარებოდა განხილვას სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით რეგლამენტირებულია სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეები. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსით დადგენილი წესით საერთო სასამართლოში განიხილება დავა იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან. ხსენებული მუხლის მე-2 ნაწილი უფრო კონკრეტულად განსაზღვრავს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმეთა კატეგორიებს, კერძოდ, ადგენს, თუ რა შეიძლება წარმოადგენდეს სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს, ანუ, რომელი საქმეები შეიძლება იქნეს განხილული ადმინისტრაციული იურისდიქციის სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების ფარგლებში.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ამა თუ იმ დავის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი კატეგორიის დავად მიჩნევისათვის არსებითი და გადამწყვეტია სწორედ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველ ნაწილში მითითებული ნორმატიული ელემენტი _ დავის გამომდინარეობა ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან. მოცემულ შემთხვევაში ქუთაისის .... ¹.... საჯარო სკოლასა და ჯ. მ-ას შორის დავა ჯ. მ-ას სამუშაოზე აღდგენისა და მისთვის იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურების ნაწილში არ გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის «დ» ქვეპუნქტზე, რომლითაც რეგლამენტირებულია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ცნება, კერძოდ, ხსენებული ქვეპუნქტის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს «საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ» საქართველოს კანონის მე-2 მუხლზე, რომელშიც მოცემულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის ცნება. აღნიშნული მუხლის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი არის შესაბამისი კანონით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით ან კანონის საფუძველზე სახელმწიფო მმართველობის ორგანოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს პოლიტიკურ, სახელმწიფოებრივ, სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა საჯარო საქმიანობას. იმავე კანონის მე-9 მუხლის (საქმიანობა) პირველი პუნქტის მიხედვით, საჯარო სამართლის იურიდიული პირი შეიძლება შეიქმნას მხოლოდ ისეთი საჯარო მიზნებისა და ფუნქციების შესასრულებლად, რომელთა განხორციელება უშუალოდ არ შედის სახელმწიფო მმართველობის ორგანოების კომპეტენციაში. ხსენებული კანონის მე-10 მუხლის (მართვა და წარმომადგენლობა) მე-2 პუნქტის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს მართავს ხელმძღვანელი, რომელიც შესაბამისი კანონის, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების (ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოს მიერ დაფუძნების შემთხვევაში – მისი სათანადო ნორმატიული აქტის), წესდების (დებულების) და წევრთა გადაწყვეტილებების (თუ საჯარო სამართლის იურიდიული პირი წევრობაზეა დაფუძნებული) ფარგლებში დამოუკიდებლად მოქმედებს. იმავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით კი, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი საქმეებს უძღვება ერთპიროვნულად, მასვე ეკისრება საჯარო სამართლის იურიდიული პირის წარმომადგენლობა და პერსონალურად აგებს პასუხს მისი საქმიანობის სწორად წარმართვაზე. აღნიშნული კანონის მე-11 მუხლით რეგლამენტირებულია საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე სახელმწიფო კონტროლის განხორციელება, ხოლო მე-12 მუხლში ჩამოთვლილია საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქმიანობის შემადგენელი ის ქმედებები, რომელთა განხორციელება საჭიროებს სახელმწიფოს მხრიდან თანხმობას.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზემოაღნიშნულ საკანონმდებლო ნორმებში ორგანულადაა ჩადებული საჯარო სამართლის იურიდიული პირისა და მისი ხელმძღვანელის საქმიანობის მმართველობითი ხასიათი, ასევე _ სახელმწიფო კონტროლისა და შესაბამისი სახის საქმიანობაზე ხელმძღვანელის სახელისუფლებო შეზღუდვის ელემენტი. საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი, რომელიც «საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ» საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, მართავს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, ერთპიროვნულად უძღვება მის საქმიანობას და განსაზღვრულ ფარგლებში დამოუკიდებლად მოქმედებს, აღნიშნული ნიშნით განსხვავდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის რიგითი თანამშრომლისაგან.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს «საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ» საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-4 და მე-41 პუნქტებზე, რომელთა თანახმად, სახელმწიფო ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი ან კანონით (პრეზიდენტის ბრძანებულებით) განსაზღვრული სახელმწიფო მმართველობის ორგანო. ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად (ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოს ნორმატიული აქტით, ავტონომიური რესპუბლიკის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების გადასაწყვეტად) შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანო.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირის რიგითი თანამშრომლისაგან განსხვავებით, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი ან კანონით (პრეზიდენტის ბრძანებულებით) განსაზღვრული სახელმწიფო მმართველობის ორგანო (ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოს ნორმატიული აქტით, ავტონომიური რესპუბლიკის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების გადასაწყვეტად შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელს _ შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანო). ამდენად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან გათავისუფლება ხდება შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სათანადო აქტით, ანუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის სამუშაოზე აღდგენის შესახებ დავა წარმოადგენს ადმინისტრაციული კატეგორიის დავას, რომელიც განხილულ უნდა იქნეს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.
საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის მე-2 მუხლით რეგლამენტირებულია სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულების ცნება და მოცემულია იმ სახელმწიფო დაწესებულებათა ამომწურავი ჩამონათვალი, რომლებში საქმიანობაც ითვლება საჯარო სამსახურად, აღნიშნულ ჩამონათვალში კი საერთოდ არ არის ნახსენები საჯარო სამართლის იურიდიული პირი. გარდა ამისა, საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის ¹286 ბრძანებულებით დამტკიცებულ «საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრში» რანგირების მიხედვით მოცემულ ჩამონათვალში საერთოდ არ არის მითითება საჯარო სამართლის იურიდიული პირის თანამშრომელზე, როგორც საჯარო სამსახურის ფარგლებში საჯარო სამსახურის განმახორციელებელ სუბიექტზე.
აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ჯ. მ-ა არ წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს და შესაბამისად, მასზე ვრცელდებოდა არა «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონი, არამედ იმჟამად მოქმედი კერძო სამართლის შესაბამისი საკანონმდებლო აქტი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქუთაისის .... ¹.... საჯარო სკოლის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილება გაუქმდეს ქუთაისის .... ¹.... საჯარო სკოლის ადმინისტრაციისათვის ჯ. მ-ას სამუშაოზე მოწყობის თაობაზე ერთი თვის ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების, ანუ მისი სამუშაოზე აღდგენისა და ჯ. მ-ვის იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურების ნაწილში და ამ ნაწილში საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეცეს იმავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას, ხოლო დანარჩენ ნაწილში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქუთაისის .... ¹.... საჯარო სკოლის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილება ქუთაისის .... ¹.... საჯარო სკოლის ადმინისტრაციისათვის ჯ. მ-ას სამუშაოზე მოწყობის თაობაზე ერთი თვის ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებისა და მისთვის იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურების ნაწილში და ამ ნაწილში საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეცეს იმავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას;
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.