Facebook Twitter

¹ბს-353-335(კ-07) 20 სექტემბერი, 2007წ.

თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის

საქმეთა პალატამ

შემადგენლობით:

ლალი ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა გ. ც.-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 23 თებერვლის განჩინებაზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2004 წლის 15 ოქტომბერს კასპის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა გ. ც.-მ მოპასუხე საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ...-ის ფილიალის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის თანამდებობრივი სარგოს 85%-ის ოდენობით პენსიის გადახდის დაკისრება.

სასარჩელო განცხადებაში აღნიშნულია, რომ გ. ც.-ი 1986-87 წლებში მივლინებული იყო ჩერნობილში ატომური რეაქტორის დაზიანების პერიოდში, ვაგონებით მიჰქონდათ ცეოლითი, რაც გამოიყენებოდა რადიაციით დაბინძურებული წყლის გასაწმენდად. მითითებულ პერიოდში მიღებული რადიაციული დაავადების გამო არის მე-2 ჯგუფის ინვალიდი, რაზედაც დღემდე არ იღებს კუთვნილ პენსიას. “ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე და სხვა სამხედრო ან სამოქალაქო დანიშნულების ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეებისა და მათი ოჯახის წევრების სოციალური დაცვის შესახებ” კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად, ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეთა სოციალური დაცვა ითვალისწინებს მის საპენსიო უზრუნველყოფას ომის მონაწილეთათვის დადგენილი წესითა და ოდენობით, სამხედრო ტრავმის შედეგად დაინვალიდებული მე-2 ჯგუფის ინვალიდებისათვის კი დადგენილია პენსია თანამდებობრივი სარგოს 85%-ის ოდენობით. მოსარჩელემ მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილება, ბოლო ორი წლის განსხვავების მიცემა (ს.ფ. 2).

რაიონულ სასამართლოში საქმის განხილვისას მოსარჩელემ საბოლოოდ მოითხოვა პენსიის დანიშვნა ხელფასის (389 ლარის) 85%-ის _ 303.42 ლარის ოდენობით, კანონის ამოქმედების დროიდან, 2001 წლის 1 იანვრიდან.

კასპის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილებით გ. ც.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

რაიონულმა სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელე სარგებლობდა “ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე და სხვა სამხედრო ან სამოქალაქო დანიშნულების ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეებისა და მათი ოჯახის წევრების სოციალური დაცვის შესახებ” 2000 წლის 8 ნოემბრის კანონის მე-2 მუხლით, როგორც საქართველოს მოქალაქე, რომელიც მონაწილეობდა ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციის შედეგების ლიკვიდაციაში და როგორც ინვალიდი იღებდა გაზრდილ პენსიას 45 ლარის ოდენობით. აქედან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა იმის შესახებ, რომ მასზე უნდა გავრცელებულიყო “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” 1996 წლის 16 ოქტომბრის კანონის მოთხოვნები, უსაფუძვლო იყო. მოსარჩელე არ წარმოადგენდა არც სამხედრო და არც შინაგან საქმეთა ორგანოების თადარიგის ოფიცერს, მას რაიმე სპეციალური წოდება არ გააჩნდა. აღნიშნულის გამო სარჩელი არ ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას (ს.ფ. 21-22).

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ც.-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

აპელანტის მითითებით, 1986-87 წლებში იმსახურა ჩერნობილში ატომური დაზიანების პერიოდში, სადაც მიიღო ტრავმა რადიაციის გამო. ამჟამად არის მე-2 ჯგუფის ინვალიდი, 70 წელს გადაცილებული. ჩერნობილის მონაწილეები საპენსიო უზრუნველყოფით გათანაბრებულნი არიან ომის ინვალიდებთან, სპეციალური კანონის მე-5 მუხლის თანახმად, ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციაში მონაწილეობის დროს დაინვალიდებულთა სოციალური დაცვა ითვალისწინებს საპენსიო უზრუნველყოფას ომის ინვალიდებისათვის დადგენილი წესითა და ოდენობით. “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-20 მუხლის თანახმად, ინვალიდობის პენსია პირველი და მეორე ჯგუფის ინვალიდებისათვის განისაზღვრება 85%-ის ოდენობით (ს.ფ. 24-25).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 26 იანვრის საოქმო განჩინებით საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ...-ის ფილიალის წარმომადგენლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი (ს.ფ. 57).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 23 თებერვლის განჩინებით გ. ც.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა კასპის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია, რომ გ. ც.-ი მუშაობდა “...-ში” და მივლინებაში იმყოფებოდა ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურში 1986 წლის 26 დეკემბრიდან 1987 წლის 3 იანვრამდე და 1987 წლის 9 თებერვლიდან 20 თებერვლამდე პერიოდში. 2000 წლის 8 ნოემბერს მიღებულ იქნა საქართველოს კანონი “ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე და სხვა სამხედრო ან სამოქალაქო დანიშნულების ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეებისა და მათი ოჯახის წევრების სოციალური დაცვის შესახებ”, რომელიც 2001 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა. აღნიშნული კანონის მე-5 მუხლის თანახმად (2005 წლის 23 დეკემბრის ¹2455 კანონით ცვლილების შეტანამდე მოქმედი რედაქცია), ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციაში მონაწილეობის დროს დაინვალიდებულთა სოციალური დაცვა ითვალისწინებდა საპენსიო უზრუნველყოფას ომის ინვალიდებისათვის დადგენილი წესითა და ოდენობით. აპელანტს 1995 წლის 1 აგვისტოდან დაენიშნა პენსია ასაკის გამო. 2003 წლის მაისის თვეში დაუდგინდა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი და იმავე წლის ივნისიდან დაენიშნა პენსია 45 ლარის ოდენობით. “ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე და სხვა სამხედრო ან სამოქალაქო დანიშნულების ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეებისა და მათი ოჯახის წევრების სოციალური დაცვის შესახებ” კანონის ძალაში შესვლის დროიდან ანუ 2001 წლის 1 იანვრიდან “საქართველოს 2001 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლით პენსიის ოდენობა ომის ინვალიდებისათვის განისაზღვრა სწორედ 45 ლარის ოდენობით, ომის ინვალიდების პენსია აღნიშნული ოდენობით განისაზღვრა ასევე “საქართველოს 2002 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონის მე-13, “საქართველოს 2003 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონის მე-12, “საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონის მე-12 მუხლებით. “სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად კი “ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე და სხვა სამხედრო ან სამოქალაქო დანიშნულების ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეებისა და მათი ოჯახის წევრების სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ პირთათვის პენსიის ოდენობა განსაზღვრულია 45 ლარით. რაც შეეხება “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლს, რომელიც სამხედრო ტრავმის შედეგად დაინვალიდებულ I და II ჯგუფის ინვალიდთა ზოგიერთი კატეგორიისათვის პენსიას ამავე კანონის მე-10 მუხლით დადგენილი ფულადი სარგოს 85%-ის ოდენობით ადგენდა და რომელზედაც აპელანტი თავის მოთხოვნას ამყარებდა, იგი განსახილველ შემთხვევაზე ვერ გავრცელდებოდა, ვინაიდან აპელანტი აღნიშნულ ნორმაში მითითებული ამავე კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილ საპენსიო უზრუნველყოფის მქონე პირთა არც ერთ კატეგორიას არ მიეკუთვნებოდა (ს.ფ. 69-73).

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ც.-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:

კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელე არ მიეკუთვნება “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილ საპენსიო უზრუნველყოფის მქონე პირთა კატეგორიას, რის გამოც იგი ვერ ისარგებლებს ამ კანონის მე-20 მუხლით გათვალისწინებული შეღავათით, რამდენადაც მან 1986-1987 წლებში იმსახურა ჩერნობილში ატომური რეაქტორის დაზიანების პერიოდში, საიდანაც მიიღო ტრავმა რადიაციის გამო. ამჟამად არის მე-2 ჯგუფის ინვალიდი, 70 წელს გადაცილებული. ჩერნობილის მონაწილეები საპენსიო უზრუნველყოფით გათანაბრებულნი არიან ომის ინვალიდებთან.

“ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე და სხვა სამხედრო ან სამოქალაქო დანიშნულების ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეებისა და მათი ოჯახის წევრების სოციალური დაცვის შესახებ” კანონის მე-5 მუხლის თანახმად, ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციაში მონაწილეობის დროს დაინვალიდებულთა სოციალური დაცვა ითვალისწინებს საპენსიო უზრუნველყოფას ომის ინვალიდებისათვის დადგენილი წესითა და ოდენობით. “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის თანახმად კი ინვალიდობის პენსია I და II ჯგუფის ინვალიდებისათვის განისაზღვრება 85%-ის ოდენობით.

კასატორის მითითებით, იგი არის ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი, ომის მონაწილეებთან გათანაბრებული პირი, შესაბამისად, მასზე უნდა გავრცელდეს “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეღავათები (ს.ფ. 79-80).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ც.-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ პირობებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე და განაპირობა არასწორი განჩინების გამოტანა. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებების სამართლებრივი შეფასების სისწორეს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, გ ც.-ის საკასაციო საჩივარი არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ. ც.-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 23 თებერვლის განჩინებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.