Facebook Twitter

ბს-35-34(2კ-07) 10 ივლისი, 2007წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) – სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობა

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე): ვ. კ-ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2005 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

ვ. კ-მა სარჩელი აღძრა სამტრედიის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე – ქ. სამტრედიის გამგეობის მიმართ, რომლითაც მოითხოვა ქ. სამტრედიაში, ... ქუჩაზე ასაშენებელ ოროთახიან საცხოვრებელ ბინაზე მისი უფლების აღიარება, მოპასუხის დავალდებულება მოსარჩელის ბინით უზრუნველყოფის, ან გარანტიით ჩაბარებული ბინის საბაზრო ღირებულების – 4000 აშშ დოლარის გადახდა /იხ. ს.ფ. 2-3/.

საქმის გარემოებები:

მოსარჩელე 1964 წლიდან მუშაობდა ბამბის სართავი ფაბრიკის ბაგა-ბაღში, საიდანაც 1969 წელს გამოეყო ოროთახიანი საცხოვრებელი ბინა. დავის გამო აღნიშნული ბინა მოსარჩელემ საგარანტიო წესით ჩააბარა ქალაქის საბინაო ფონდს. სამტრედიის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1978 წლის 4 ოქტომბრის ¹213 გადაწყვეტილებით მას ჩაბარებული ბინის სანაცვლოდ მიეცა გარანტია ... ქუჩაზე ახლად აშენებულ სახლში ერთოთახიანი ბინის მიღებისა.

საქმის ფაქტობრივი გარემოებები:

საგარანტიო ხელშეკრულებაში ჩადებული პირობა არც მაშინდელმა საქალაქო საბჭომ და არც მისმა სამართალმემკვიდრემ – ამჟამინდელმა ქალაქის მთავრობამ არ შეასრულა და მოსარჩელეს არა ერთი მიმართვის მიუხედავად, უარი უთხრა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე ქალაქის ტერიტორიაზე თავისუფალი საბინაო ფონდის არარსებობის გამო. ამასთან, მოსარჩელე არის პირველი ჯგუფის ინვალიდი, დაავადებული დიაბეტით, რის გამოც განუვითარდა ქვედა კიდურების განგრენა და ორივე ფეხი მოკვეთილი აქვს, ესაჭიროება სისტემატური მკურნალობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა უფლების აღიარება ქ. სამტრედიაში, ... ქუჩაზე ასაშენებელ ოროთახიან საცხოვრებელ ბინაზე ან მოპასუხის მიერ საკომპენსაციოდ 4000 აშშ დოლარის გადახდა მის მიერ გარანტიით ჩაბარებული ოროთახიანი ბინის ღირებულების შესაბამისად.

სამტრედიის რაიონული სასამართლოს მთავარ სხდომაზე ვ. კ-მა დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და ბინით დაკმაყოფილების ნაცვლად მოითხოვა ანალოგიური ბინის ფართის ღირებულების 6000 აშშ დოლარის ეკვივალენტი თანხის ანაზღაურება.

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილებით ვ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც რაიონულმა სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:

სამტრედიის რაიონული სასამართლოს მთავარ სხდომაზე ვ. კ-მა შეცვალა სასარჩელო მოთხოვნა და ბინით დაკმაყოფილების ნაცვლად მოითხოვა ანალოგიური ბინის ფართის ღირებულების 6000 აშშ დოლარის ეკვივალენტი თანხის ანაზღაურება.

სასამართლოს დასკვნით, კონკრეტულ შემთხვევაში სადავო იყო ადმინისტრაციული ხელშეკრულება, ანუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით, ფიზიკურ პირთან დადებული სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულება, ამასთან, მოსარჩელეს ზაკ-ის 9.1. მუხლის თანახმად, ჰქონდა ადმინისტრაციული ორგანოს წერილობით დაპირება, კანონიერი ნდობა ქმედების განხორციელების შესახებ. სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის შესაბამისად, ვალდებულების წარმოშობისთვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევვისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენებით, უსაფუძვლო გამდიდრებით ან კანონით დადგენილი სხვა საფუძვლებით. ამავე კოდექსის 352-ე მუხლის თანახმად, ფულადი ანაზღაურებით ვალდებულება წარმოიშობა იმ შემთხვევაში, თუ მოვალემ დაარღვია ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება და გამორიცხულია ქონების ნატურით დაბრუნება. საქმეში წარმოდგენილი აუდიტორული დასკვნის თანხმად, ქ. სამტრედიის ცენტრალურ ნაწილში კომუნალური იზოლირებული ოროთახიანი ბინის ფართი არსებული საბაზრო ფასებიდან გამომდინარე, შეადგენდა 6000 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარებში, რომლის გადახდა უნდა დაკისრებოდა მოპასუხეს - ქალაქის გამგეობას მოსარჩელე ვ. კ-ის მიერ საგარანტიო წესით ჩაბარებული ბინის საკომპენსაციოდ. სასამართლო სხდომაზე დადასტურდა ქალაქის გამგეობის ვალდებულება როგორც საქალაქო საბჭოს აღმასკომის სამართალმემკვიდრის, მოსარჩელის მიმართ საცხოვრებელი ბინით დაკმაყოფილების თაობაზე, ასევე დადასტურდა, რომ მოსარჩელეს კომპენსაცია არ მიუღია.

სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის მიხედვით, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა იწყება მოსარჩელის უფლების წარმოშობის მომენტიდან, პირს სარჩელის წარდგენის უფლება წარმოეშობა იმ მომენტიდან, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ. კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელემ თავისი უფლების დარღვევის შესახებ შეიტყო 2002 წლის 12 დეკემბერს და, შესაბამისად სარჩელი არ იყო ხანდაზმული.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. სამტრედიის გამგეობამ, რომელმაც მოითხოვა სამტრედიის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგი მოტივით:

სამტრედიის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1978 წლის 4 ოქტომბრის ¹213 გადაწყვეტილებით ვ. კ-ს ნებაყოფლობით ჩაბარებული ოროთახიანი ბინის სანაცვლოდ მიეცა ოროთახიანი ბინის გარანტია ... ქუჩაზე ასაშენებელ სახლში ან ქალაქის ცენტრში პირველივე შესაძლებლობისთანავე. 1980 წლის შემდეგ ქალაქის ფონდის ბინა არ აშენებულა. აუშენებელი დარჩა ... ქუჩაზე მშენებარე სახლიც. ბინა, რომელიც ჩააბარა ვ. კ-მა, იყო სახელმწიფო საკუთრება, რომელიც, როგორც წესი, მას ჰქონდა სარგებლობის და არა საკუთრების უფლებით. საგარანტიო ხელშეკრულების პირობა იყო, რომ სახელმწიფო ააშენებდა ბინას და მისცემდა მოქალაქეებს სარგებლობის უფლებით. ხელშეკრულებაში არ იყო აღნიშნული და არც სახელმწიფო იყო ვალდებული, მოქალაქისათვის ბინა ეყიდა ან შესაბამისად, ბინის ღირებულება გადაეხადა.

აპელანტის მოსაზრებით, სარჩელი იყო ხანდაზმული, რამდენადაც სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის თანახმად, უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს 6 წელს. ამავე კოდექსის 130-ე მუხლის თანხმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ითვლება დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. აპელანტის მითითებით, საპროცესო კანონმდებლობის დარღვევით მოხდა დავის საგნის შეცვლა, რაც გამოიხატა მოსარჩელის მიერ სასარჩელო მოთხოვნის გაზრდაში, რითაც დაირღვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83.2.3. მუხლის მოთხოვნები.

სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით ქ. სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა სამტრედიის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ქ. სამტრედიის გამგეობაზე სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში, ხოლო დანარჩენ ნაწილში რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:

სამტრედიის საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1978 წლის 4 ოქტომბრის ¹213 გადაწყვეტილებით ვ. კ-ს, რომლის ოჯახი შედგება სამი წევრისგან, ჩაბარებული ბინის ნაცვლად მიეცა გარანტია ... ქუჩაზე ახლად აშენებულ სახლში ერთოთახიანი ბინის მიღებისა, ასაშენებელ სახლში პირველივე შესაძლებლობისთანავე ოროთახიანი ბინა. ვ. კ-მა განცხადებით მიმართა ქ. სამტრედიის გამგეობას ბინის აშენების თაობაზე, რაზეც 2002 წლის 24 დეკემბერს მისგან მიიღო წერილი, რომლითაც გაირკვა, რომ ... ქუჩაზე მშენებარე სახლი აუშენებელი დარჩა. ასევე, 2004 წლის 10 დეკემბერს მოსარჩელემ გამგეობისგან მიიღო უარყოფითი პასუხი. ვ. კ-მა სასამართლოში სარჩელი შეიტანა 2005 წლის 19 მაისს.

სასამართლოს დასკვნით, რამდენადაც ქ. სამტრედიის გამგეობამ საგარანტიო ხელშეკრულებით იკისრა ვალდებულება მოსარჩელის ბინით უზრუნველყოფის შესახებ, შესაბამისად სამოქალაქო კოდექსის 361.2. მუხლის თანახმად, იგი უნდა შესრულებულიყო ჯეროვნად და კეთილსინდისიერად. ამასთან, მოცემული სარჩელი არ იყო ხანდაზმული, ვინაიდან სსკ-ის 130-ე მუხლის მიხედვით, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამდენად, მოსარჩელის მიერ სარჩელი შეტანილ იქნა კანონით დადგენილ 6-წლიან ვადაში, ვინაიდან დავა ეხებოდა უძრავ ქონებას.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება სსკ-ის 83-ე მუხლის დარღვევის თაობაზე და განმარტა, რომ სასამართლოს მთავარ სხდომაზე სარჩელის დაზუსტება მოხდა აუდიტის ცნობის შესაბამისად, რომლის მიხედვითაც სახლი შეფასდა 6000 აშშ დოლარად. სწორედ აღნიშნული ცნობა გახდა მითითებული თანხის მოთხოვნის საფუძველი, რაც სარჩელის დაზუსტებას წარმოადგენდა, ნაცვლად გაზრდისა.

ასევე, “სახელმწიფო ბაჟის შესახებ” კანონის 5.1.“უ” მუხლის შესაბამისად, გამგეობა გათავისუფლებული იყო სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, რის გამოც, სააპელაციო საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობამ და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება, შემდეგი საფუძვლით:

კასაციის მოტივი:

სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით. დარღვეულ იქნა სსკ-ის 393-ე მუხლის მოთხოვნები: სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არასწორად განმარტა კანონი.

ბინა, რომელიც ვ. კ-მა ჩააბარა, იყო სახელმწიფო საკუთრება, რომელიც, როგორც წესი, მას ჰქონდა სარგებლობის და არა საკუთრების უფლებით. საგარანტიო ხელშეკრულების პირობა იყო, რომ სახელმწიფო ააშენებდა ბინას და მისცემდა მოქალაქეებს სარგებლობის უფლებით. ხელშეკრულებაში არ არის აღნიშნული და არც სახელმწიფო იყო ვალდებული, მოქალაქისათვის ბინა ეყიდა ან შესაბამისად, ბინის ღირებულება გადაეხადა. ასევე, მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმულია, ვინაიდან სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის თანახმად, უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს 6 წელს. ამავე კოდექსის 130-ე მუხლის თანხმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ითვლება დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. საპროცესო კანონმდებლობის დარღვევით მოხდა ასევე დავის საგნის შეცვლა, რაც გამოიხატა მოსარჩელის მიერ სასარჩელო მოთხოვის გაზრდაში, რითაც დაირღვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83.2.3. მუხლის მოთხოვნები.

საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 25 ივნისის განჩინებით სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. “გ” პუნქტის საფუძველზე /პროცესუალური კასაცია/.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:L

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის მოტივების დასაბუთებულობა _ საფუძვლიანობისა და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მოცემული საქმის განხილვისა და გადაწყვეტისას არ დაურღვევია მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, კერძოდ, სსსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნები. სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორად განმარტა კანონი, საპროცესო ნორმები არ დარღვეულა, სწორი შეფასება მიეცა საქმის მასალებს და დავა გადაწყვეტილია არსებითად სწორად მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმებისას საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსსკ-ის 407.2. მუხლის მიხედვით წარმოდგენილი არ არის დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს მიერ დადასტურებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, კერძოდ, სამტრედიის საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1978 წლის 4 ოქტომბრის ¹213 გადაწყვეტილებით ვ. კ-ს ჩაბარებული ბინის ნაცვლად მიეცა ერთი ოროთახიანი ბინის გარანტია ქ. სამტრედიაში, ... ქუჩაზე ასაშენებელ სახლში. საგარანტიო წერილის თანახმად, მოსარჩელეს ბინა უნდა მისცემოდა აშენების პირველი შესაძლებლობისთანავე. ვ. კ-მა განცხადებით მიმართა ქ. სამტრედიის გამგეობას ბინის აშენების თაობაზე, რაზეც 2002 წლის 24 დეკემბერს პასუხად მიიღო, რომ ... ქუჩაზე მშენებარე სახლი აუშენებელი დარჩა. ასევე, მოსარჩელემ ქ. სამტრედიის გამგეობისგან 2004 წლის 10 დეკემბერს უარყოფითი პასუხი მიიღო ბინის გამოყოფის შესახებ, თავისუფალი საბინაო ფონდის არარსებობის გამო, ხოლო მის მიერ სასამართლოში სარჩელი შეტანილ იქნა 2005 წლის 19 მაისს.

საკასაციო სასამართლო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361.2. მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ მხარეთა შორის არსებული ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად და კეთილსინდისიერად ვალდებულების შესრულებისთვის დადგენილი დროისა და ადგილის გათავალისწინებით, რაც კონკრეტულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვეულია, რამდენადაც მოქალაქე ვ. კ-სა და ადმინისტრაციულ ორგანოს შორის დადებული იყო ადმინისტრაციული საგარანტიო ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ადმინისტრაციულმა ორგანომ იკისრა ვალდებულება, მოსარჩელის მიერ ჩაბარებული ბინის სანაცვლოდ, ... ქუჩაზე ასაშენებელ სახლში აშენების პირველივე შესაძლებლობისთანავე მოსარჩელისათვის მიეცა ოროთახიანი ბინა, რაც დაადასტურა საგარანტიო წერილით.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასაციის მოტივს, ვინაიდან ხელშეკრულებაში არ არის აღნიშნული და არც სახელმწიფო იყო ვალდებული, მოქალაქისათვის ბინა ეყიდა ან შესაბამისად, ბინის ღირებულება გადაეხადა. საკასაციო სასამართლო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-9 მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს წერილობითი სახის დაპირება, რომელიც ადასტურებს, რომ მოცემული ქმედება განხორციელდება, შესაძლებელია გახდეს დაინტერესებული პირის კანონიერი ნდობის საფუძველი, კონკრეტულ შემთხვევაში, სახეზეა წერილობითი დოკუმენტი, კერძოდ, სამტრედიის საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1978 წლის 4 ოქტომბრის ¹213 გადაწყვეტილება, რაც ზემოაღნიშნული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, დაინტერესებული მხარის - ვ. კ-ისათვის კანონიერი ნდობის წარმოშობის საფუძველს წარმოადგენს. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანო იკისრა რა ვალდებულება ვ. კ-ის ბინით უზრუნველყოფის თაობაზე, იგი ვალდებული იყო ვალდებულების ჯეროვანი შესრულების პრინციპიდან გამომდინარე, შეესრულებინა საგარანტიო ხელშეკრულებაში ჩადებული პირობა რაც მის მიერ არ განხორციელებულა, შესაბამისად საკასაციო საჩივარი ამ ნაწილში არ იძლევა დასაბუთებულ არგუმენტაციას განსაჩივრებული გადაწყვეტილების უკანონობის თაობაზე და ამდენად, უსაფუძვლობის გამო იგი არ უნდა იქნეს გაზიარებული.

საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოტივაციას სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით და განმარტავს, სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დინება იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტს კანონმდებელი უკავშირებს იმ ფაქტს, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის თაობაზე.

კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელე, საგარანტიო წერილის შესაბამისად, ბინით უნდა უზრუნველეყოთ აშენების პირველივე შესაძლებლობისთანავე, რის თაობაზეც მან ორჯერ მიმართა განცხადებით სამტრედიის გამგეობას, ხოლო 2004 წლის 10 დეკემბერს მოსარჩელემ გამგეობისგან მიიღო უარყოფითი პასუხი ბინის მიღებასთან დაკავშირებით იმ მოტივით, რომ თავისუფალი საბინაო ფონდი არ არსებობდა. სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის შესაბამისად, უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს 6 წელს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვ. კ-ის მიერ სასამართლოში სარჩელი წარდგენილ იქნა რა 2005 წლის 19 მაისს, ამ უკანასკნელის მიერ დაცულია უძრავ ქონებასთან დაკავშირებული მოთხოვნის 6-წლიანი ხანდაზმულობის ვადა. ამდენად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება მითითებულ ნაწილში დასაბუთებულია, შესაბამისად, არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

საკასაციო პალატა ასევე იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოტივაციას სარჩელის დაზუსტების მართლზომიერებასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ სსსკ-ის 83-ე მუხლის თანახმად, დადგენილია მხარეთა საროცესო უფლებები, რაც სამოქალაქო პროცესის ფუნდამენტური პრინციპების კონკრეტულ გამოვლინებას წარმოადგენს, კერძოდ, მითითებული ნორმის თანახმად, მოსარჩელეს უფლება აქვს, შეცვალოს სარჩელის საფუძველი ან საგანი, გაადიდოს, ან შეამციროს მოთხოვნის ოდენობა. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სარჩელის შეცვლად არ ჩაითვლება მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული გარემოებების დაზუსტება, დაკონკრეტება და დამატება, აგრეთვე სასარჩელო მოთხოვნების ოდენობის შემცირება. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მითითებული ნორმის თანახმად, საფუძვლის შეცვლად არ ჩაითვლება აგრეთვე სარჩელში მითითებული გარემოებების დაზუსტება, დაკონკრეტება და დამატება, რაც გულისხმობს სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლის უცვლელად დატოვებას და მის დაზუსტება-დაკონკრეტებას ან დამატებას ახალი ფაქტებით, რაც კონკრეტულ შემთხვევაში სახეზეა. კერძოდ, ვ. კ-მა თავდაპირველად სარჩელით მოითხოვა ბინის სანაცვლოდ 4000 აშშ დოლარი, ხოლო სასამართლოს მთავარ სხდომაზე – 6000 აშშ დოლარი. აღნიშნული თანხის დაზუსტება განაპირობა სასამართლოს მთავარ სხდომაზე წარმოდგენილმა აუდიტის დასკვნამ, რომლის შესაბამისად, სახლი შეფასდა 6000 აშშ დოლარად. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს რომ ზემოაღნიშნული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში მოხდა სარჩელის საგნის არა გაზრდა, რაზეც საკასაციო საჩივრის ავტორი აპელირებს, არამედ დაზუსტება ახალი ფაქტის, კერძოდ, აუდიტის დასკვნის საფუძველზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივარი მითითებულ ნაწილშიც დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

საკასაციო სასამართლო ასევე, იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოტივაციას გამგეობის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ და განმარტავს, რომ “სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის 5.1. “უ” მუხლის შესაბამისად, გამგეობა გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, რასაც სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა სააპელაციო სასამართლომ.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონშეუსაბამობის თაობაზე, შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსსკ-ის 410-ე მუხლის შესაბამისად, არ არსებობს სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალური და სამართლებრივი საფუძვლები.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.2. მუხლის საფუძველზე სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობას გაწეული სასამართლო ხარჯების სახით უნდა დაეკისროს 100 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2 მუხლით; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 390-ე, 399-ე, 408.3, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილება;

3. სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობას გაწეული სასამართლო ხარჯების სახით დაეკისროს 100 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.