Facebook Twitter

ბს-35-35 (კ-08) 2 აპრილი, 2008 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მურუსიძე, მარიამ ცისკაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.11.07წ განჩინებაზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ნ. ო-მა, გ. რ-ამ, მ. ტ-მა და სხვებმა სარჩელი აღძრეს თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ და გათავისუფლების ბრძანების გაუქმება; სამუშაოზე აღდგენა; სახელფასო, სამივლინებო, სანივთე და სხვა სახის დავალიანების ანაზღაურება მოითხოვეს. მოსარჩელეები მიუთითებდნენ, რომ მუშაობდნენ თავდაცვის სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობებზე. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 14 ნოემბრის ¹313-ე ბრძანებით გაუქმდა სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტი და მის ბაზაზე იმავე ბრძანებით შეიქმნა სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტი. აღნიშნული ბრძანების საფუძველზე გამოცემული თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 16 მარტის ¹556 ბრძანებით რეორაგანიზაციასა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით დათხოვნილ იქნენ შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეზერვში. თავდაცვის სამინისტროს მათ მიმართ გააჩნია სხვადასხვა სახის დავალიანება, რის ანაზღაურებასაც მოითხოვენ.

ალექსანდრე სანდოძემ სარჩელი აღძრა იმავე სასამართლოში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ და ერთჯერადი (გასასვლელი) დახმარების, სახელფასო და სანივთე დავალიანების ანაზღაურება მოითხოვა. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ 1992 წლიდან მუშაობდა თავდაცვის სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე. 2004 წლის 7 დეკემბრიდან რეორგანიზაციასა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით გადაყვანილი იქნა კადრების განკარგულებაში, ხოლო თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 2 მაისის ¹1272 ბრძანებით დათხოვნილი იქნა შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეზერვში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 28 ივლისის საოქმო განჩინებით ნ. ო-ის, გ. რ-ას, მ.ტ-ის და სხვათა საქმიდან ცალკე წარმოებად იქნა გამოყოფილი სარჩელი სახელფასო, სამივლინებო, სანივთე და სხვა სახის დავალიანების ანაზღაურების ნაწილში, ხოლო 2006 წლის 30 ნოემბრის განჩინებით გამოყოფილი საქმე ერთ წარმოებად გაერთიანდა ა. სანდოძის საქმესთან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 16.01.2007 წ. გადაწყვეტილებით ა. ს-ის, ნ. ო-ის გ. რ-ას მ. ტ-ის და სხვათა სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, თავდაცვის სამინისტროს ა. ს-ის მიმართ დაეკისრა 1580 ლარის, ნ.ოზიაშვილის მიმართ 676.06 ლარის, გ. რ-ას მიმართ 35 ლარის ანაზღაურება. დანარჩენი მოსარჩელეების ნაწილის მიმართ თავდაცვის სამინისტროს ასევე დაეკისრა სხვადასხვა ოდენობით დავალიანების გადახდა. მოთხოვნათა დანარჩენ ნაწილში მოსარჩელეებს უარი ეთქვათ სარჩელის დაკმაყოფილებაზე. სასამართლომ, თავდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილ ცნობებზე დაყრდნობით, დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხეს მოსარჩელეთა ნაწილის მიმართ გააჩნია სახელფასო დავალიანება. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეებმა ვერ წარმოადგინეს სანივთე და სხვა სახის დავალიანების არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულება, რის გამოც ამ ნაწილში მათი მოთხოვნა უსაფუძვლოა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმის ნაწილში, სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს ა. ს-ემ ნ. ო-მა და გ. რ-ამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.11.07წ განჩინებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მოსარჩელეებს უარი უთხრა ერთჯერადი (გასასვლელი) დახმარების და სამივლინებო დავალიანების ანაზღაურებაზე ისე, რომ ფაქტობრივად საერთოდ არ უმსჯელია მოთხოვნის საფუძვლიანობაზე, ხოლო სანივთე ქონების კომპენსაციაზე უარის თქმის ნაწილში გადაწყვეტილება არასაკმარისად არის დასაბუთებული, რაც გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა იმ საფუძვლით, რომ საქმის განმხილველმა სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, ასევე განჩინება გამოტანილია საპროცესო ნორმების დარღვევით. სანივთე ქონების კომპენსაციის შესახებ სასარჩელო მოთხოვნაზე მოსარჩელეებს უარი ეთქვათ უსაფუძვლობის გამო. მოსარჩელეებს არ წარუდგენიათ მტკიცებულება მათ მიმართ დავალიანების არსებობის თაობაზე, მხოლოდ მათი განცხადება კი სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი ვერ გახდება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.