ბს-354-336(კ-07) 27 ივნისი, 2007 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, ლალი ლაზარაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.02.07წ განჩინების გაუქმებაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
შ. ტ.-მ 28.07.04წ. სარჩელი აღძრა ქ. თბილისისი ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ მიუღებელი ხელფასის 1195 ლარის და 68 თეთრის დაკისრება.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 1996 წლის 26 აპრილიდან 2004 წლის 7 მაისამდე მუშაობდა ჯერ სამცხე-ჯავახეთის, ხოლო შემდეგ რეგიონალურ საბაჟო ,,...-ში” ...-ის თანამდებობაზე. საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის 07.05.04წ. ¹292-კს ბრძანების საფუძველზე დათხოვნილ იქნა სამუშაოდან. სამუშაოდან დათხოვნის მომენტში მისაღები ჰქონდა წინა წლების სახელფასო დავალიანება. კერძოდ, 1998 წლის ნოემბრის ხელფასი 231 ლარი და 01 თეთრი, 1999 წლის აგვისტოს, სექტემბრის, ოქტომბრის, ნოემბრის და დეკემბრის თვის ხელფასი სულ 458 ლარი და 12 თეთრი. 2000 წლის მარტის, აპრილის, მაისის, ივნისის, და ივლისის თვეების ხელფასი სულ 430 ლარი და 83 თეთრი, ხოლო 2003 წლის ნოემბრის თვის სახელფასო დავალიანება 75 ლარი და 72 თეთრი. სულ მისაღები აქვს 1195 ლარი და 68 თეთრი.
თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 28.10.04წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტს დაეკისრა შ. ტ.-ის სასარგებლოდ 1998, 1999, 2000 და 2003 წლებში მიუღებელი ხელფასის სულ 1195, 68 ლარის ანაზღაურება.
რაიონული სასამართლოს მითითებით მოსარჩელის მოთხოვნა მიუღებელი ხელფასის თაობაზე სრულად დასტურდება რეგიონალური საბაჟო ,,...-ის” სამსახურის უფროსის მიერ გაცემული ცნობით. აღნინულ ცნობაში მითითებულია, რომ შ. ტ.-ს მისაღები აქვს 1998 წლის ნოემრბის ხელფასი 231,01ლარი, 1999 წლის აგვისტოს, სექტემბრის, ოქტომბრის, დეკემბრის ხელფასი 458,12 ლარი, 2000 წლის მარტის, აპრილის, მაისის, ივნისის, ივლისის ხელფასი 430,83 ლარი და 2003 წლის ნოემბრის ხელფასი 75,72 ლარი, სულ მისაღები აქვს 1195,68 ლარი. მოპასუხის წარმომადგენლებმა სასამართლო სხდომაზე დაადასტურეს, რომ მოსარჩელეს მისაღები აქვს წინა წლების ხელფასი 1195,68 ლარი, მაგრამ ფინანსთა სამინისტრომ შეკვეცა ხელფასების დავალიანების დასაფარავად გათავლისწინებული თანხები.
რაიონულმა სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ წინა წლების ხელფასის დასაფარავად გამოყოფილი თანხები ფინანსთა სამინისტრომ შეკვეცა, რის გამოც ისინი მოკლებული არიან შესაძლებლობას აანაზღაურონ არსებული დავალიანება. სასამართლოს განმარტებით მოსარჩელე სამუშაოდან დათხოვნის ბრძანების მეორე პუნქტის თანახმად რეგიონალურ საბაჟო ,,...-ის” საფინანსო საბუღალტრო განყოფილებას დაევალა საბოლოო ანგარიშსწორების მოხდენა შ. ტ.-სთან, მაგრამ აღნიშნული განკარგულება არ შესრულდა.
რაიონული სასამართლოს მითითებით ,,საქართველოს საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის მე-14 მუხლის თანახმად, ის საკითხები რომლებიც ამ კანონით არ რეგულირდება წყდება შრომის კანონმდებლობით. შრომის კანონთა კოდექსის 75-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად მუშაკის შრომის ანაზღაურება ხდება შრომის ხელშეკრულების საფუძველზე, რაც მოსარჩელის მიმართ მოპასუხის მიერ არაერთხელ იქნა დარღვეული.
ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 28.10.04წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის მიერ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.02.07წ. განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 28.10.04წ. გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი შეფასებები და მიიჩნია, რომ რაიონული სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება კანონიერია და არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.02.07წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
კასატორმა აღნიშნა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტი ვერ შეასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებას იმის გამო, რომ 2006 წლის ,,სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დასაფარავად გამოყოფილი აქვს 58778,5 მილიონი ლარი, აქედან 3 მილიონი ლარი მიმართული უნდა იქნეს სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულებისათვის. ზემოარნიშნულიდან გამომდინარე, დავალიანებები უნდა გასცეს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ. მითუმეტეს, რომ 2006 წლის ,,სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონით, საბაჟო დეპარტამენტისთვის გამოყოფილი ზღვრული ასიგნები არ მოიცავს გასულ წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისათვის გათვალისწინებულ თანხებს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ პირობებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით. კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე და განაპირობა არასწორი განჩინების გამოტანა. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.