¹ბს-354-341(კ-08) 22 ოქტომბერი, 2008წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე (მოსამართლეები)
სხდომის მდივანი _ გულნარა ილინა
კასატორი _ გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ზ. ა-ი M(მოსარჩელე)
დავის საგანი _ წყალდიდობის შედეგად დაზარალებული ოჯახისათვის საცხოვრებელი ბინის ფულადი კომპენსაციის ანაზღაურება
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 27 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ზ. ა-მა 2002 წლის 31 ივლისს სასარჩელო განცხადებით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე გორის რაიონის გამგეობის მიმართ და მოითხოვა წყალდიდობის შედეგად დაზარალებყული ოჯახისათვის საცხოვრებელი ბინის ფულადი კომპენსაციის ანაზღაურება.
სარჩელის საფუძვლები მდგომარეობდა შემდეგში:
მოსარჩელემ განმარტა, რომ 1971 წლიდან 1992 წლის აგვისტომდე ცხოვრობდა ქ. გორში, .... ქ. ¹4-ში მდებარე ბარაკში, რომელიც ირიცხებოდა ბებიის _ თ. კ-ის სახელზე. 1992 წელს დაქორწინდა. .... ქ. ¹4-ში მდებარე ბარაკი იყო კეთილმოუწყობელი, ამიტომ კოოპერატიული ბინის მშენებლობის აღრიცხვაზე აყვანისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით 1992 წლის 5 აგვისტოს ამოეწერა ზემოაღნიშნული მისამართიდან და ჩაეწერა ქ. გორში .... გზ. ¹17/24-ში მდებარე მეუღლის მშობლების საცხოვრებელ ბინაში. ფაქტიურად კი ცხოვრობდა ქ. გორი .... ქ. ¹4-ში მდებარე ბარაკში.
1997 წლის მაისში გორში მომხდარმა წყალდიდობამ დააზიანა .... ქუჩაზე მდებარე ბარაკები და საცხოვრებლად ყვარგისი გახადა. ამის გამო, ზ. ა-ი იძულებული გახდა საცხოვრებლად სხვაგან გადასულიყო.
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ გორის მერიამ და შემდგომში გორის რაიონის გამგეობამ აღნიშნულ ქუჩაზე ბარაკებში მცხოვრებთ გამოუყო საცხოვრებელი ბინები და აგრეთვე გასცა კომპენსაციები. მას კი უარს ეუბნებოდნენ იმ მოტივით, რომ იგი ჩაწერილი არ იყო .... ¹4 ბარაკში.
1998 წლის 26 აგვისტოს გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ დაბადებიდან 1992 წლის 5 აგვისტომდე ზ. ა-ი ჩაწერით ცხოვრობდა გორი .... ¹4 ბარაკში, ხოლო 5 აგვისტოდან იქ ცხოვრობდა ჩაწერის გარეშე ფაქტიურად.
მოსარჩელემ რამოდენიმეჯერ მიმართა ადგილობრივ ორგანოებს დახმარებისათვის, მაგრამ უარს ეუბნებოდნენ უსაფუძვლოდ. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ არის პირველი ჯგუფის ინვალიდი, მიჯაჭვულია ინვალიდის სავარძელს და მისთვის არ არსებობს “ინვალიდთა სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობები, ამიტომ, როგორც დაზარალებული ითხოვს 6500 ამერიკული დოლარის კომენსაციას ბინის შესაძენად.
გორის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; გორის რაიონის გამგეობას დაევალა ზ. ა-ის სასარგებლოდ 6500 ამერიკული დოლარის ექვივალენტის ეროვნულ ვალუტაში გადახდა სოცხოვრებელი ბინის შესაძენად.
რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 1997 წლის მაისის თვეში გორში მომხდარმა წყალდიდობამ დააზიანა .... ქუჩაზე მდებარე ბარაკები და საცხოვრებლად უვარგისი გახადა, მათ შორის ¹4 ბარაკი, რომელშიც ფაქტობრივად ცხოვრობდა პირველი ჯგუფის ინვალიდი, მოსარჩელე ზ. ა-ი. ის ფაქტი, რომ ზ. ა-ი ფაქტიურად ცხოვრობდა აღნიშნულ ბარაკში დასტურდება გორის სასამართლოს 1998 წლის 26 აგვისტოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, რითაც დადგინდა, რომ დაბადებიდან 1992 წლის 5 აგვისტომდე ზ. ა-ი ჩაწერით ცხოვრობდა ქ. გორი, .... ¹4 ბარაკში, ხოლო 5 აგვისტოდან იქ ცხოვრობდა ჩაწერის გარეშე ფაქტიურად. სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით თბილისის საოლქო სასამართლოს 2004 წლის 23 ივნისის ¹3ბ/607-04 გადაწყვეტილებით ზ. ა-ი აღიარებული იქნა ქ. გორში 1997 წელს სტიქიით (წყალდიდობით) დაზარალებულ პირად. ასევე დადგენილია, რომ გორის რაიონის გამგეობასთან შექმნილი კომისიის მიერ შედგენილ იქნა წყალდიდობით დაზარალებულ პირთა სია, რომელთა ზარალის ასანაზღაურებლად (ბინების მშენებლობისა, თუ ფულადი კომპენსაციისათვის) საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 6 ივლისის ¹349 და 1998 წლის 7 მაისის ¹198 განკარგულებით ცენტრალური და ადგილობრივი იქნა სხვადასხვა თანხები. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო დადგენილად თვლის, რომ სტიქიის დროს მოსარჩელე ზ. ა-ი დაქტიურად ცხოვრობდა ქ. გორი .... ¹4 ბარაკში და მისთვის ადგილობრივ ორგანოებს არანაირი დახმარება არ გაუწევიათ.
რაიონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის განმარტებას, რომ მოსარჩელის ოჯახი დაკმაყოფილებული იქნა საცხოვრებელი ფართით.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გორის რაიონის გამგეობამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 27 თებერვლის საოქმო განჩინებით გორის რაიონის გამგეობის უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 27 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატა სრულად დაეთანხმა სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს და მათ სამართლებრივ შეფასებას. საწინააღმდეგო შინაარსის არგუმენტები აპელანტს არ წარმოუდგენია.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სააპელაციო საჩივრის ძირითადი არგუმენტი, თითქოს ა-ი არ ცხოვრობდა .... ქუჩაზე მდებარე ¹4 ბარაკში, იურიდიულ მნიშვნელობას მოკლებულია, რადგან კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებებით დადასტურებულად არის მიჩნეული, როგორც დასახელებულ ბინაში მოსარჩელის ცხოვრების ფაქტი, ასევე მისი, როგორც სტიქიით დაზარალებულის სტატუსი. ორივე მათგანი კი საკმარისი საფუძველია მისთვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება. კასატორმა განმარტა, რომ 1997 წლის მაისში გორში მომხდარმა წყალდიდობამ დააზიანა და საცხოვრებლად უვარგისი გახადა ..... ქუჩაზე მდებარე ბარაკები, მათ შორის ¹4 ბარაკი, რომელშიც ფაქტობრივად (ჩაუწერავად) ცხოვრობდა პირველი ჯგუფის ინვალიდი ზ. ა-ი, რომლის ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტი დადასტურებულია გორის რაიონული სასამართლოს 1998 წლის 26 აგვისტოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან. ასევე გორის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებით დადგენილია ის ფაქტი, რომ ზ. ა-ი 1992 წლის 5 აგვისტომდე ჩაწერით ცხოვრობდა ქალაქ გორში ..... ბარაკ ¹4-ში, ხოლო 1992 წლის 5 აგვისტოდან ჩაუწერავად. ამდენად დასტურდება რომ ზ. ა-ი ოჯახში სარგებლობდა იმ უფლებით, რომელიც ოჯახში ჩაწერილი წევრისა და პირის მიმართ ვრცელდებოდა.
კასატორი აღნიშნავს, რომ 1998 წლის 25 თებერვალს გორის მერიის კოლეგიის ¹39/2 დადგენილებით 1997 წლის წყალდიდობის შედეგად დაზარალებულ და დაზიანებულ ოჯახებს, კერძოდ .... ¹4 ბარაკში მცხოვრებ ოჯახს .... დასახლებაში გორის რაიონის საგზაო სამმართველოს საუწყებო სახლიდან გამოეყო ოროთახიანი ბინა, რომელშიც ცხოვრობენ მოპასუხის დედა, მამინაცვალი და ორი ძმა. ამდენად, ქ. გორის მერიის მიერ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრებ მოქალაქეებზე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის თანახამად, ვალდებულება შესრულებულია და აქედან გამომდინარე, კასატორს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 27 თებერვლის განჩინება არაკანონიერად მიაჩნია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, მხარეთა განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს; მოცემულ საქმეზე უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 27 თებერვლის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ზ. ა-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდება; გორის მუნიციპალიტეტის გამგეობას ზ. ა-ის სასარგებლოდ დაეკისროს 3250 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა შემდეგი გარემოებების გამო:
დადგენილია, რომ ზ. ა-ი 1971 წლიდან 1992 წლის აგვისტომდე ცხოვრობდა ქ. გორში, .... ქ. ¹4-ში მდებარე ბარაკში, რომელიც ირიცხებოდა ბებიის _ თ. კ-ის სახელზე. იგი 1992 წელს დაქორწინდა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით 1992 წლის 5 აგვისტოს ამოეწერა ზემოაღნიშნული მისამართიდან და ჩაეწერა ქ. გორში .... ¹17/24-ში მდებარე მეუღლის მშობლების საცხოვრებელ ბინაში; ფაქტიურად კი ცხოვრობდა ქ. გორი .... ქ. ¹4-ში მდებარე ბარაკში. ზ. ა-ი ფაქტიურად რომ ცხოვრობდა აღნიშნულ ბარაკში დასტურდება გორის სასამართლოს 1998 წლის 26 აგვისტოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, რითაც დადგინდა, რომ დაბადებიდან 1992 წლის 5 აგვისტომდე ზ. ა-ი ჩაწერით ცხოვრობდა ქ. გორი, .... ¹4 ბარაკში, ხოლო 5 აგვისტოდან იქ ცხოვრობდა ჩაწერის გარეშე ფაქტიურად. სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაცოპ პალატის 2004 წლის 23 ივნისის ¹3ბ/607-04 გადაწყვეტილებით ზ. ა-ი აღიარებული იქნა ქ. გორში 1997 წელს სტიქიით (წყალდიდობით) დაზარალებულ პირად. საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ გორის რაიონის გამგეობასთან შექმნილი კომისიის მიერ შედგენილ იქნა წყალდიდობით დაზარალებულ პირთა სია, რომელთა ზარალის ასანაზღაურებლად (ბინების მშენებლობისა, თუ ფულადი კომპენსაციისათვის) საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 6 ივლისის ¹349 და 1998 წლის 7 მაისის ¹198 განკარგულებით ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი იქნა სხვადასხვა თანხები. საკასაციო პალატა თვლის, რომ ყოველივე აღნიშნულიდანგამომდინარე სააპელაციო სასამართლომ სწორად ჩათვალა დადგენილად, რომ სტიქიის დროს, 1997 წელს მოსარჩელე ზ. ა-ი ფაქტიურად ცხოვრობდა ქ. გორი .... ¹4 ბარაკში და მისთვის ადგილობრივ ორგანოებს არანაირი დახმარება არ გაუწევიათ.
ს.ფ. 35-36-ზე მოცემულია გორის მერიის კოლეგიის 1998 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილება ¹39, რომლის თანახმად ქ. გორში, .... ბარაკი ¹4, გ. ქ-ის სამსულიან ოჯახს გამოეყო ორ ოთახიანი ბინა. ამავე გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ გ. ქ-ე დაზიანებულ ბარაკში ცხოვრობდა 5 სული; თვითონ, მეუღლე და სამი შვილი, მაგრამ ბინის გამოყოფა მხოლოდ სამი სულის გათვალისწინებით მოხდა და ამ გადაწყვეტილებით ზ. ა-ს ბინა არ მიუღია. აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატას დაუსაბუთებლად მიაჩნია საკასაციო საჩივრის მოსაზრება იმის შესახებ, რომ გორის მერიამ ზ. ა-ს ოჯახთან ერთად გამოუყო ორ ოთახიანი ბინა და მის მიმართ ქ. გორის მერიამ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად ვალდებულება შეასრულა.
ს.ფ. 5-ზე მოცემულია გორის მერიის საბინაო-კომუნალური მეურნეობის განყოფილების განგის 1998 წლის 4 დეკემბრის ¹151 წერილი გორის მერის პირველი მოადგილის მიმართ, რომელშიც მითითებულია, რომ ზ. ა-ს განემარტა, ქ. გორში ბინათმშენებლობის განახლების შემდეგ .... ბარაკების ლიკვიდაციისას განიხილება მისი ოჯახის ბინით დაკმაყოფილების საკითხი, ასეთივე შინაარსის წერილები წარმოდგენილია ს.ფ. 6-7-ზე, რომლითაც გორის რაიონის გამგეობის თანამშრომლები 2000-2001 წლებში ზ. ა-ს განუმარტავენ, ბინათმშენებლობის განახლების შემდეგ, ან რაიმე საცხოვრებელი ფართის გამოჩენის შემთხვევაში განიხილავდნენ მისი ოჯახის ბინით დაკმაყოფილების საკითხს საბინაო კანონმდებლობის სრული დაცვით. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოპასუხემ იკისრა ზ. ა-ის სანაცვლო ბინის გამოყოფის ვალდებულება და როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ეს ვალდებულება არ არის შესრულებული. ამიტომ სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ მოპასუხე მოვალეა ზ. ა-ს გადაუხადოს დაზიანებული ¹4 ბარაკის სანაცვლოდ ბინის შესაძენად ფულადი თანხა. მაგრამ საკასაციო სასამართლოს დაუსაბუთებლად მიაჩნია გორის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის ზ. ა-ის სასარგებლოდ საცხოვრებელი ბინის შესაძენად 6500 აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნული ვალუტის გადახდის დაკისრება. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება ამ ნაწილში უნდა გაუქმდეს და მოცემულ საქმეზე მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რადგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუსლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი. ეს მუხლი განსაზღვრავს პირობას, რომლის არსებობის შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს თვითონ შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე, ისე, რომ არ დააბრუნოს იგი ხელახლა განსახილველად უკან. ამგვარი პირობაა საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულად და სწორად დადგენა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოს მიერ და ამ ფაქტების დადგენა საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე. ეს ისეთი შემთხვევაა, როდესაც საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები დადგენილია სრულად და სწორად, ე.ი. ფაქტობრივი თვალსაზრისით საქმე მზადაა გადასაწყვეტად, მაგრამ არასწორადაა შეფარდებული (გამოყენებული) კანონი.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებით მხოლოდ ზ. ა-ი იქნა აღიარებული ქ. გორში, 1997 წლის სტიქიით (წყალდიდობით) დაზარალებულად; ასევე გორის რაიონული სასამართლოს 1998 წლის 26 აგვისტოს გადაწყვეტილებით დადგენილად იქნა ცნობილი, რომ ზ. ა-ი ცხოვრობდა ქ. გორში, .... ქუჩაზე მდებარე ¹4 ბარაკში; ამდენად, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებებით მხოლოდ ზ. ა-ი იქნა ცნობილი სტიქიით (წყალდიდობით) დაზარალებულად და არა ოჯახთან ერთად. ს.ფ. 104-ზე წარმოდგენილი ინდივიდუალური აუდიტორის ცნობის თანახმად ქ. გორში, .... გზატკეცილზე, გარემონტებული ორ ოთახიანი საცხოვრებელი ბინის საშუალო საბაზრო ფასია 5500-6000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარებში; ხოლო ერთოთახიანი ბინის ფასი შეადგენს 2800-3000 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარებში. ვინაიდან ზ. ა-ს, როგორც ერთ სულს ერთოთახიანი ბინა უნდა გადასცემოდა, ამიტომ საკასაციო პალატა თვლის, რომ მოპასუხეს უნდა დაეკისროს ზ. ა-ის სასარგებლოდ 3250 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი; გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 27 თებერვლის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
2. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს ზ. ა-ის სარჩელი;
3. დაეკისროს გორის მუნიციპალიტეტის გამგეობას ზ. ა-ის სასარგებლოდ 3250 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა.
4. საკასაციო პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.