Facebook Twitter

ბს-355-337(კ-07) 20 ივნისი, 2007 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 13 მარტის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2006 წლის 25 ივლისს ი. ლ.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ სანივთე ქონების კომპენსაციის ანაზღაურების თაობაზე.

მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ 2001 წლის ივლისიდან 2003 წლის ივნისამდე მსახურობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის აკადემიაში, სამხედრო მოსამსახურის თანამდებობაზე, აქვს პოლკოვნიკის წოდება.

,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუქნტის შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურეს (სავალდებულო სამხედრო მოსამსახურის გარდა), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმით, სახელმწიფოს ხარჯზე ეძლევა სასურსათო ულუფა და ფორმის ტანსაცმელი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია. მოსარჩელის განმარტებით, თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში სამსახურის პერიოდში მას არ მიუღია არც ფორმის ტანსაცმელი და არც ფულადი კომპენსაცია. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სანივთე ქონების კომპენსაციის სახით მისთვის გადასახდელი აქვს 696,83 ლარი, რის თაობაზეც მან 2004 წლის 4 აგვისტოს პატაკით მიმართა მოპასუხე ორგანიზაციას, რაზედაც პასუხი არ მიუღია.

მოსარჩელის მითითებით, 2006 წლის 11 ივლისს მან კვლავ მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სანივთე ქონების ანაზღაურების მოთხოვნით, რაზედაც 2006 წლის 13 ივლისის ¹9/2243 წერილით აცნობეს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მოკლებული იყო მისი თხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას, შესაბამისი წყაროს არარსებობის გამო, რაც, მოსარჩელის განმარტებით, კანონსაწინააღმდეგოა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მის სასარგებლოდ დაკისრებოდა სანივთე ქონების კომპენსაციის, 696, 83 ლარის ანაზღაურება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით ი. ლ.-ის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ი. ლ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა ფორმის ტანსაცმლის ფულადი კომპენსაციის სახით, 696,83 ლარის ანაზღაურება.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.

აპელანტი სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ სამხედრო მოსამსახურემ, ი. ლ.-მ, სარჩელი სასამართლოში შეიტანა 2006 წელს და მოითხოვა 2001-2003 წლების მიუღებელი სანივთე ქონების კომპენსაციის სახით ანაზღაურება, რაც დაუსაბუთებელი და ხანდაზმულია.

Aაპელანტის განმარტებით, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება სანივთე ქონების საკუთარი ხარჯებით შეძენის თაობაზე. ასევე, სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას არ იქნა გათვალისწინებული ის გარემოება, რომ სახელმწიფო ბიუჯეტში ასეთი სახის დავალიანებების გადავადება და დათხოვნილ სამხედრო პირებზე სანივთე ქონების გაცემა არ ხდებოდა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 13 მარტის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლო განჩინებაში მიუთითებდა, რომ ეთანხმება საქალაქო სასამართლოს შეფასებას და დასკვნას საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და დამატებით, განმარტავს, რომ სანივთე ქონების კომპენსაცია წარმოადგენს პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას და მათზე ვრცელდება სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა, რომლის ათვლაც ამავე კოდექსის 130-ე მუხლის შესაბამისად, იწყება თითოეული შესასრულებელი ვალდებულების დარღვევის შეტყობინების ან იმ მომენტიდან, როცა პირს უნდა შეეტყო ასეთი დარღვევის შესახებ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლით ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას, ხოლო 144-ე მუხლის შესაბამისად, თუ ვალდებულმა პირმა მოვალეობა შეასრულა ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ, მას არა აქვს უფლება, მოითხოვოს შესრულებულის დაბრუნება, თუნდაც მოვალეობის შესრულების მომეტში მას არ სცოდნოდა, რომ ხანდაზმულობის ვადა გასული იყო. ამავე მუხლის მე-3 ნაწილით იგივე წესი გამოიყენება ვალდებული პირის აღიარებისა და უზრუნველყოფის საშუალებათა მიმართ. სხვაგვარად, ვალდებული პირის მიერ ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალის აღიარების შემთხვევაში, ხანდაზმულობის ვადის დენა თავიდან იწყება და მოვალეს არა აქვს უფლება, უარი განაცხადოს მათზე.

საქმეში არსებული მტკიცებულებების თანახმად კი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ აღიარებულია ი. ლ.-ის მიმართ არსებული დავალიანება.

მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.

კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 13 მარტის განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

კასატორი საკასაციო საჩივარს ძირითადად აფუძნებდა იმავე გარემოებებზე, რაზეც მიუთითებდა სააპელაციო საჩივარში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 27 აპრილის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2007 წლის 27 აპრილის განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით.

2007 წლის 10 მაისს ი. ლ.-მ შესაგებლით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომელმაც მოითხოვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა, იმ მოტივით, რომ იგი არ აკმაყოფილებდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ განჩინებას, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან და სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა პროცესუალური დარღვევის გარეშე.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც აღნიშნულ საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. უარი ეთქვას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.