Facebook Twitter

ბს-357-344(კ-08) 12 ნოემბერი, 2008 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მარიამ ცისკაძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

12.02.04წ. შ. ა-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოს და 70 559 ლარის გადახდისაგან განთავისუფლება მოითხოვა. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 08.05.97წ. ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს დადგენილებით რეგისტრაციაში გატარდა ი/მ “შ. ა-ი”. საგადასახადო ორგანომ შეამოწმა მისი საქმიანობა 1998 წლის 1 სექტემბრიდან 2002 წლის 1 იანვრამდე, რაზეც შედგენილ იქნა 24.06.02წ. აქტი, რომლითაც დაერიცხა 50 297 ლარის გადასახადი. მის მიმართ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. გამოძიებამ გაითვალისწინა მისი ახსნა-განმარტებები იმის შესახებ, რომ გაწეული ჰქონდა ხარჯები. ჩატარდა საბუღალტრო ექსპერტიზა, რომლის დასკვნის თანახმად, ი/მ “შ. ა-ის” კუთვნილმა გადასახადებმა 1998 წლის 1 სექტემბრიდან 2002 წლის 1 იანვრამდე 1903.60 ლარი შეადგინა. აღნიშნული თანხა მის მიერ გადახდილია. 26.09.02წ. დადგენილებით მის მიმართ წარმოებული სისხლის სამართლის საქმე შეწყდა. დადგენილება დამტკიცებული იქნა თბილისის პროკურატურის მიერ 27.09.02წ. მიუხედავად აღნიშნულისა, მოპასუხე ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონის საგადასახადო ინსპექცია არ უუქმებდა 70 559 ლარის დარიცხულ გადასახადს.

მოპასუხე ისანი-სამგორის საოლქო საგადასახადო ინსპექციამ 03.06.04წ. შესაგებელში აღნიშნა, რომ მოსარჩელეს გაწეულ ხარჯად უნდა ჩათვლოდა 27 694 ლარი, ხოლო სარემონტო სამუშაოებზე გაწეულ ხარჯად მიჩნეული 22 015 ლარით მეწარმის შემოსავალი არ უნდა შემცირებულიყო.

თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 08.06.04წ. გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, ი/მ “შ. ა-ი” გათავისუფლდა დარიცხული თანხის, 70 599 ლარის, გადახდისაგან. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.02.08წ. განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის საგადასახადო ინსპექციის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალურმა ცენტრმა. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ი/მ “შ. ა-ის” სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.