ბს-362-346(კ-06) 28 ივნისი, 2007წ.
თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლალი ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორები _ ფ., გ., მ. ბ.-ები, წარმომადგენელი ვ. გ.-ე
მოწინააღმდეგე მხარე _ გ. ს.-ე
თანამოპასუხე _ ...-ის თემის საკრებულო
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 23 მარტის გადაწყვეტილება
დავის საგანი _ კომლიდან ამორიცხვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2002 წლის 29 აპრილს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა გ. ს.-მ მოპასუხე ...-ის თემის საკრებულოსა და თანამოპასუხე გ. ბ.-ის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ი. ბ.-ის კომლიდან ამორიცხვისა და კომლის უფროსად მისი შვილის _ ბ. ბ.-ის დანიშვნის შესახებ 2002 წლის 28 თებერვალს განხორციელებული ...-ის თემის საკრებულოს მოქმედების ბათილად ცნობა; ბ) გ. ბ.-ის კომლიდან ამორიცხვა.
მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლები მდგომარეობდა შემდეგში:
2001 წლის 25 მაისს ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ დაამტკიცა მორიგება, რომლის თანახმად, ნ (ფ). და ი. ბ.-ებმა ვალდებულება იკისრეს, გ. ს.-სათვის 2001 წლის 31 დეკემბრამდე გადაეხადათ 25000 აშშ დოლარი, მაგრამ დანაპირები არ შეასრულეს. ...-ის თემის საკრებულომ უკანონოდ ამორიცხა ოჯახის უფროსი ი. ბ.-ე კომლიდან და კომლის უფროსად მისი შვილი _ ბ. ბ.-ე დანიშნა. საკრებულომ ასევე არ ამოწერა კომლიდან მოპასუხის ქალიშვილი გ. ბ.-ე, რომელიც დიდი ხნის წინ გათხოვდა, ქალიშვილთან ერთად ცხოვრობდა ქ. ბათუმში და ამდენად, კომლთან კავშირი ჰქონდა გაწყვეტილი (ს.ფ.2).
2003 წლის 17 იანვარს, ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში საქმის განხილვისას მოსარჩელემ დააზუსტა სარჩელის მოთხოვნა და საბოლოოდ მოითხოვა: ა) მოპასუხე ...-ის თემის საკრებულოსათვის საკომლო ჩანაწერებში შესწორების შეტანის დავალება და კომლის უფროსად ი. ბ.-ის აღდგენა; ბ) გ. ბ.-ის კომლში რეგისტრაციის გაუქმება (ს.ფ. 75-76).
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილებით გ. ს.-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ი. ბ.-ე აღდგენილ იქნა კომლის უფროსად და მოპასუხე ...-ის თემის საკრებულოს დაევალა საკომლო წიგნებში შესაბამისი ცვლილებების შეტანა. გ. ბ.-ის კომლიდან ამორიცხვის ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა (ს.ფ. 108-109).
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ფ., გ. და მ. ბ.-ების წარმომადგენელმა ვ. გ.-მ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება ი. ბ.-ის კომლის უფროსად აღდგენის ნაწილში (ს.ფ. 110-114).
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით ფ., გ. და მ. ბ.-ების წარმომადგენელ ვ. გ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილება (ს.ფ. 170-171).
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ფ., გ. და მ. ბ.-ების წარმომადგენელმა ვ. გ.-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (ს.ფ. 178-183).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმოე და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004 წლის 23 ივნისის განჩინებით გაუქმდა აჭარის ა/რ-ის უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003 წლის 13 ოქტომბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს (ს.ფ. 204-208).
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილებით ფ., გ. და მ. ბ.-ების წარმომადგენელ ვ. გ.-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში, გ. ს.-ის მოთხოვნა დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ...-ის თემის საკრებულოს მოქმედება ი. ბ.-ის კომლის წევრობიდან ამორიცხვის შესახებ და აღდგენილ იქნა ჩანაწერების თავდაპირველი მდგომარეობა, გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, კერძოდ, გ. ბ.-ის კომლის წევრობიდან ამორიცხვაზე უარის თქმის ნაწილში დარჩა უცვლელად (ს.ფ. 235-239).
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ., ბ., გ. და მ. ბ.-ების წარმომადგენელმა ვ. გ.-მ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოსათვის დაბრუნება (ს.ფ. 244-246).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005 წლის 3 მაისის განჩინებით ნ., ბ., გ. და მ. ბ.-ების წარმომადგენელ ვ. გ.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა აჭარის ა/რ-ის უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა აჭარის ა/რ-ის უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატას (ს.ფ. 268-272).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 23 მარტის გადაწყვეტილებით ფ., გ. და მ. ბ.-ების სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, გ. ს.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ...-ის თემის საკრებულოს მოქმედება ი. ბ.-ის კომლის წევრობიდან ამორიცხვის შესახებ და აღდგენილ იქნა ჩანაწერების თავდაპირველი მდგომარეობა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მოტივები მდგომარეობს შემდეგში:
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია, რომ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 25 მაისის განჩინებით დამტკიცდა მხარეთა მორიგება, ი. და ნ (ფ). ბ.-ებს დაეკისრათ 25 000 აშშ დოლარის გადახდა გ. ს.-ის სასარგებლოდ. აღნიშნულის უზრუნველსაყოფად ყადაღა დაედო ი. ბ.-ის საკომლო ქონებას. ვალდებულება უნდა შესრულებულიყო 2001 წლის 31 დეკემბრამდე, მაგრამ ი. და ფ. ბ.-ებმა დანაპირები არ შეასრულეს. ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ქვედა სამების ...-ის თემის საკრებულოს 2002 წლის 5 აპრილის ცნობით დასტურდებოდა, რომ კომლის უფროსი ი. ბ.-ე კომლში აღარ ირიცხებოდა და კომლის უფროსად ითვლებოდა მისი შვილი ბ. ბ.-ე. სასამართლომ საქმეზე ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ საკომლო ჩანაწერებში ცვლილებების შეტანა მოხდა ი. ბ.-ის განცხადების საფუძველზე, რომელიც დათარიღებული იყო 2002 წლის 22 თებერვლით, მანამდე კი იგი ითვლებოდა კომლის უფროსად. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ...-ის თემის საკრებულოს საკომლო ჩანაწერების ბათილად ცნობისა და თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენის შესახებ საფუძვლიანი იყო. “ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” კანონის მე-12, მე-13, 24-ე და 25-ე მუხლებით სოფლის (თემის) საკრებულოს ან გამგეობის კომპეტენციაში არ შედიოდა კომლის რეგისტრაციისა და საკომლო წიგნის წარმოების ფუნქცია. “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 63-ე მუხლის თანახმად, უძრავ ნივთზე ყადაღის დადება ნიშნავდა ქონების აღწერას და მისი ნებისმიერი ფორმით განკარგვის აკრძალვას. უძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ხდებოდა მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადებისათვის დადგენილი წესით. ყადაღის დადების აქტის ასლი ინახებოდა საჯარო რეესტრში. ყადაღადადებულ უძრავ ქონებაზე ყადაღის დადების შემდეგ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ყველა გარიგება იყო ბათილი. ზემოაღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ სოფელ ქვედა სამების ...-ის თემის საკრებულო იყო არაუფლებამოსილი იურიდიული პირი, განეხორციელებინა საკომლო ჩანაწერების შეცვლა, მით უფრო, ყადაღადადებულ ქონებაზე მას არ შეეძლო განეხორციელებინა რაიმე ქმედება, რომელიც უძრავი ქონების რაიმე ფორმით განკარგვის შესაძლებლობას მისცემდა მხარეს. ამდენად, საკრებულოს მოქმედება მოცემულ შემთხვევაში კანონსაწინააღმდეგო იყო, რაც სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი (ს.ფ. 312-316).
სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ., ბ., გ. და მ. ბ.-ების წარმომადგენელმა ვ. გ.-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლო გასცდა სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს და დაარღვია დისპოზიციურობის პრინციპი. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე გ. ს.-ე დაზუსტებული სარჩელით ითხოვდა მოპასუხე ...-ის თემის საკრებულოსათვის საკომლო ჩანაწერებში შესწორების შეტანის დავალებას და კომლის უფროსად ი. ბ.-ის აღდგენას, ანუ მოსარჩელის მოთხოვნა გამომდინარეობდა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლიდან. სააპელაციო სასამართლომ კი ბათილად ცნო ...-ის თემის საკრებულოს მოქმედება ი. ბ.-ის კომლის წევრობიდან ამორიცხვის შესახებ და აღადგინა ჩანაწერების თავდაპირველი მდგომარეობა, რაც არ ყოფილა სარჩელის მოთხოვნა.
კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ ისე გამოიტანა გადაწყვეტილება, რომ არ დაუდგენია ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, სადავო ქონება _ საცხოვრებელის სახლი და მიწის ნაკვეთი იყო თუ არა რეგისტრირებული ი. ბ.-ის კომლის ქონებად საჯარო რეესტრში ან იყო თუ არა მოცემული კომლი რეგისტრირებული საადგილმამულო წიგნში საჯარო რეესტრში. მოცემულ გარემოებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა საქმის სწორად გადაწყვეტისათვის, რადგან მოსარჩელე თავის მოთხოვნას საფუძვლად უდებდა იმ გარემოებას, რომ კომლის უფროსად ბ. ბ.-ის აღრიცხვა ამცირებდა იმ წილს ქონებაში, რომლის ხარჯზეც უნდა მომხდარიყო მისი მოთხოვნის დაკმაყოფილება. შესაბამისად, სასამართლოს ჯერ უნდა გაერკვია, მართლაც გვქონდა თუ არა საქმე კომლის ქონებასთან და ოჯახის უფროსობიდან ი. ბ.-ის ამორიცხვა არღვევდა თუ არა გ. ს.-ის უფლებებს, რადგან ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის თანახმად, სარჩელი დასაშვები იყო, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოქმედების განხორციელება ან უარი მოქმედების განხორციელებაზე პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებდა მოსარჩელის კანონიერ ინტერესებს. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში აღნიშნული გამოირიცხებოდა, რადგან “სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ” კანონის მე-4 მუხლის მე-4 ნაწილისა და მე-5 ნაწილის თანახმად, საკომლო მეურნეობა არის სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების, მათზე არსებული საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობების, აგრეთვე შესაბამისი გადამამუშავებელი მრეწველობის ობიექტებისა და მოწყობილობების ერთობლიობა, რომელიც წარმოადგენს ერთი ფიზიკური პირის საკუთრებას ანდა მეუღლეთა ან ოჯახის სხვა წევრების საერთო საკუთრებას. საკომლო მეურნეობა რეგისტრირებული უნდა იქნეს საადგილმამულო წიგნში (საჯარო რესტრში). თუ ეს მეურნეობა მეუღლეთა ან ოჯახის სხვა წევრების საერთო საკუთრებაა, საადგილმამულო წიგნში (საჯარო რეესტრში) თითოეული მათგანი საკომლო მეურნეობის თანამესაკუთრედ უნდა იქნეს რეგისტრირებული. აქედან გამომდინარე, თუკი ი. ბ.-ე იყო იმ ე.წ. კომლის უფროსი, რომელიც რეგისტრირებული არ ყოფილა საჯარო რეესტრში და არ არსებულა კომლის წევრების საერთო საკუთრება კომლის ქონებაზე, ასეთ კომლში წევრთა რაოდენობის გაზრდა ან შემცირება ვერ მოახდენდა გავლენას გ. ს.-ის უფლებაზე, რადგან ასეთი კომლის წევრებს არ წარმოეშობოდათ საკუთრების უფლება ოჯახის სარგებლობაში არსებულ საცხოვრებელს სახლსა და მიწის ნაკვეთზე. აღნიშნული არც იყო გასაკვირი, რადგან სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის თანახმად, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება წარმოიშობოდა უფლების საჯარო რეესტრში დარეგისტრირების შემდეგ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოეყენებინა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლი, “სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შესახებ” კანონის მე-4 მუხლი, სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლი და უარი უნდა ეთქვა გ. ს.-სათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე. თუკი სადავო კომლის სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობანი არ იყო რეგისტრირებული საადგილმამულო წიგნში ანუ საჯარო რეესტრში, ი. ბ.-ის კომლში აღდგენას თუ აღუდგენლობას არანაირი სამართლებრივი შედეგი არ შეეძლო მოეტანა გ. ს.-სათვის. შესაბამისად, არ შეიძლებოდა დარღვეულიყო გ. ს.-ის უფლება სადავო კომლიდან ი. ბ.-ის ამოწერით, რის გამოც გ. ს.-ე სასამართლოს არასათანადო მოსარჩელედ უნდა ეცნო.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს ასევე არ უნდა გამოეყენებინა კანონი “საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ”, რადგან აღნიშნულ კანონს არ შეიძლება კავშირი ჰქონდეს სადავო ურთიერთობასთან. ამასთან, აღნიშნული კანონი, მისი გამოყენების შემთხვევაში, კასატორთა სასარგებლოდ წყვეტდა საკითხს. ი. ბ.-ე უკვე 8 წელია ფიზიკურად არ ცხოვრობდა საქართველოში და საზღვარგარეთ იყო წასული, შესაბამისად, გაურკვეველი იყო, თუ როგორ უნდა მომხდარიყო მისი აღდგენა კომლში და იმ მისამართზე, სადაც არ ეწეოდა მეურნეობას, რადგან ზემოაღნიშნული კანონის მიხედვით, პირი გადის რეგისტრაციას იქ, სადაც ცხოვრობს (ს.ფ. 329-333).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 27 მაისის განჩინებით საქმეში გარდაცვლილი კასატორის _ ბ. ბ.-ის საპროცესო უფლებამონაცვლეებად ცნობილ იქნენ ნ. (ფ), გ. და მ. ბ.-ები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ ნ., გ. და მ. ბ.-ების წარმომადგენელ ვ. გ.-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 23 მარტის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ...-ის თემის საკრებულოს მოქმედება ი. ბ.-ის კომლის წევრობიდან ამორიცხვის შესახებ და აღდგენილ იქნა საკომლო ჩანაწერების თავდაპირველი მდგომარეობა. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება გამოტანილია ისე, რომ ი. ბ.-ე, ვის მიმართაც დადგა გადაწყვეტილება და რომლის კომლის წევრად ყოფნა-არყოფნის უფლებაც განიკარგა, საქმეში არც თანამოპასუხედ და არც მესამე პირად ჩაბმული არ ყოფილა. ასევე გაურკვეველია კასატორების _ ფ. და მ. ბ.-ების პროცესუალური სტატუსი. სააპელაციო სასამართლოს მიერ მათი მონაწილეობით საქმე განხილულია ისე, რომ ისინი არ არიან საქმეში ჩაბმული არც მოპასუხეებად, არც მესამე პირებად.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 25 მაისის განჩინებით დამტკიცდა მხარეთა მორიგება, ი. და ნ. (ფ.) ბ.-ებს დაეკისრათ 25 000 აშშ დოლარის გადახდა გ. ს.-ის სასარგებლოდ, აღნიშნულის უზრუნველსაყოფად ყადაღა დაედო ი. ბ.-ის საკომლო ქონებას. სააპელაციო სასამართლომ ისე დადგინა აღნიშნული გარემოებები, რომ საქმეში არ მოიპოვება არც ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მითითებული 2001 წლის 25 მაისის განჩინება, არც ი. ბ.-ის კომლის ქონებაზე ყადაღის დადების დოკუმენტი, არც სააღსრულებო წარმოების მასალები ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მითითებული 2001 წლის 25 მაისის განჩინების იძულებით აღსრულებასთან დაკავშირებით. ამასთან, ის გარემოება, რომ ...-ის თემის საკრებულოს ყადაღადადებულ ქონებაზე არ შეეძლო განეხორციელებინა რაიმე ქმედება, რომელიც უძრავი ქონების რაიმე ფორმით განკარგვის შესაძლებლობას მისცემდა მხარეს, სააპელაციო სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილების ერთ-ერთი ძირითადი მოტივია. სააპელაციო სასამართლომ არ დაადგინა, თუ რომელი კონკრეტული დოკუმენტის საფუძველზე დაედო ყადაღა კომლის ქონებას, იყო თუ არა დაწყებული კანონიერ ძალაში შესული მორიგების განჩინების იძულებითი აღსრულება, იყო თუ არა აღსრულებული ყადაღის დადება, ...-ის თემის საკრებულო იყო თუ არა ინფორმირებული ყადაღის თაობაზე და გააჩნდა თუ არა საკომლო წიგნში სადავო ცვლილების განხორციელების დამაბრკოლებელი საფუძველი.
სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გამოარკვია, იყო თუ არა საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ი. ბ.-ის კომლის ქონება ან საკომლო მეურნეობა. ასეთ შემთხვევაში მასზე უნდა გავრცელდეს “სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ” კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია და სამოქალაქო კოდექსის ნორმები უძრავ ნივთებზე საკუთრების რეგისტრაციის შესახებ.
თუკი ი. ბ.-ის კომლი არ არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, ასეთ შემთხვევაში მასზე სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული საერთო საკუთრების რეჟიმი ვრცელდება. კომლის ქონების სამართლებრივ ბუნებას კომლის (ოჯახის) წევრთა თანასაკუთრებად განიხილავს “სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ” კანონიც. ასეთ შემთხვევაში საფუძველს იქნება მოკლებული კასატორის მსჯელობა, რომ გაურკვეველია მოსარჩელე გ. ს.-ის ნამდვილი იურიდიული ინტერესი საქმეზე. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, გ. ს.-ის მიერ მოცემული სარჩელის აღძვრის მიზანია ნ. (ფ.) და ი. ბ.-ების ქონებაზე იძულებითი აღსრულების მიღწევა მორიგების განჩინებით დაკისრებული თანხის ამოღების მიზნით. ნ. და ი. ბ.-ები მ. ს.-ის წინაშე ვალდებულების აღების დროისათვის წარმოადგენდნენ კომლის ქონებაში შესაბამისი წილების თანამესაკუთრეებს. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ ი. ბ.-ის კომლიდან ამორიცხვით, რომელმაც დათმო მისი წილი კომლის თანასაკუთრებაში, შესაბამისად, შემცირდა იმ ქონების მასა, საიდანაც მ. ს.-ს შეეძლო დაკმაყოფილების მიღება. ამდენად, მ. ს.-ს აქვს იურიდიული ინტერესი საქმის მიმართ, რამდენადაც იგი, ფაქტობრივად, ითხოვს მისი მოვალეების ქონების პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენას, საიდანაც მას მოთხოვნის დაკმაყოფილება სურს.
საქმის ხელახლი განხილვისას სააპელაციო სასამართლომ საქმეში უნდა ჩააბას ი. ბ.-ე, უნდა გამოარკვიოს საკასაციო სასამართლოს მიერ მითითებული ზემოაღნიშნული გარემოებები და გამოიტანოს დასაბუთებული გადაწყვეტილება.
საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის მსჯელობას, რომ სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა არა ის მოთხოვნა, რაც მოსარჩელეს ჰქონდა სარჩელის დავის საგნად განსაზღვრული. გ. ს.-ე დაზუსტებული სარჩელით საბოლოოდ ითხოვდა: ა) მოპასუხე ...-ის თემის საკრებულოსათვის საკომლო ჩანაწერებში შესწორების შეტანის დავალებას და კომლის უფროსად ი. ბ.-ის აღდგენას; ბ) გ. ბ.-ის კომლში რეგისტრაციის გაუქმებას. გ. ბ.-ის კომლში რეგისტრაციის გაუქმების ნაწილში სარჩელი არ არის დაკმაყოფილებული და ამ ნაწილში ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული. სააპელაციო სასამართლოში დავის საგანს წარმოადგენდა მხოლოდ ზემოაღნიშნული პირველი მოთხოვნა, სააპელაციო სასამართლომ კი ბათილად ცნო ...-ის თემის საკრებულოს მოქმედება ი. ბ.-ის კომლის წევრობიდან ამორიცხვის შესახებ, რაც არ ყოფილა სარჩელის დავის საგანი.
საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს კასატორის მსჯელობას, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა “საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ” კანონი, როდესაც ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოების მიერ საკომლო წიგნის წარმოება გაუთანაბრა აღნიშნული კანონით რეგულირებულ ურთიერთობას. მითითებული კანონი აწესრიგებს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციასა და რეგისტრაციიდან მოხსნასთან დაკავშირებული საკითხებს, ხოლო საკომლო წიგნის წარმოება არ არის აღნიშნული რეგისტრაციის იდენტური. საკომლო წიგნი უკავშირდება კომლის ქონების თანამესაკუთრეთა ფიქსაციას, რაც ზემოაღნიშნული კანონის რეგულირების საგანი სრულიადაც არ არის.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, გამოტანილია საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევის გარეშე და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე1” ქვეპუნქტისა და 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ექვემდებარება გაუქმებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ., გ. და მ. ბ.-ების წარმომადგენელ ვ. გ.-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 23 მარტის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. სასამართლო ხარჯების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების დადგენისას;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.