Facebook Twitter

¹ბს-362-349(კ-08) 8 ოქტომბერი, 2008წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მარიამ ცისკაძე, ლევან მურუსიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – მ. ბ-ე

დავის საგანი – სახელფასო, სამივლინებო, ტრანსპორტის საკომპენსაციო თანხის, საშვებულებო დახმარების, ნამსახურევი წლების დანამატისა და გასასვლელი დახმარების ანაზღაურება

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.02.08წ. გადაწყვეტილება.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. ბ-ემ 28.11.06წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ, რომლითაც მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ 4737 ლარის გადახდის დაკისრება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 23.01.07წ. გადაწყვეტილებით მ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მ. ბ-ის სასარგებლოდ დაეკისრა – 3537 (სამი ათას ხუთას ოცდაჩვიდმეტი) ლარის გადახდა, სასარჩელო მოთხოვნას _ სამსახურიდან გათავისუფლებისას ორი თვის თანამდებობრივი სარგოს _ 1200 ლარის ანაზღაურების ნაწილში ეთქვა უარი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 23.01.07წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ. ბ-ემ სასარჩელო განცხადებაზე უარის თქმის ნაწილში და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ _ სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 27.02.08წ. გადაწყვეტილებით მ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 23.01.07წ. გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მ. ბ-ის სარჩელის მოთხოვნა სამსახურიდან გათავისუფლების გამო კომპენსაციის სახით ორი თვის თანამდებობრივი სარგოს _ 1200 ლარის ანაზღაურების შესახებ და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, მ. ბ-ის მოთხოვნა დაკმაყოფილდა, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაეკისრა მ. ბ-ის სასარგებლოდ სამსახურიდან განთავისუფლების გამო კომპენსაციის სახით ორი თვის თანამდებობრივი სარგოს – 1200 ლარის ანაზღაურება, დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების შრომის ინსპექციის უფროსის 04.01.06წ. ¹02-14 ბრძანებით ¹2 სამმართველოს უფროსი მ. ბ-ე, შრომის ინსპექციის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით, “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 96-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამსახურიდან გათავისუფლდა 2006 წლის 3 იანვრიდან. ხსენებული კანონის 109-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დაწესებულების ლიკვიდაციის ან შტატების შემცირების გამო სამსახურიდან გათვისუფლებისას მოხელეს კომპენსაციის სახით ეძლევა 2 თვის თანამდებობრივი სარგო. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, კანონის მითითებული ნორმით გათვალისწინებული კომპენსაციის მისაღებად აუცილებელია მხოლოდ ის წინაპირობა, რომ მოხელე სამსახურიდან გათავისუფლებული იყოს დაწესებულების ლიკვიდაციის ან შტატების შემცირების გამო, რაც კონკრეტულ შემთხვევაში სახეზეა. ამასთან, კანონი არ ითვალისწინებს ამ სახის კომპენსაციის გაცემის შესზღუდვას დაწესებულების ლიკვიდაციის ან შტატების შემცირების გამო სამსახურიდან გათავისუფლებულ იმ მოხელეებზე, რომლებიც დროის გარკვეული მონაკვეთის გავლის შემდეგ დასაქმდებიან იმავე ან სხვა უწყებაში.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ 07.04.08წ. საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას, რომლითაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.02.08წ. გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორმა მიუთითა, რომ სასამართლომ უსაფუძვლოდ დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა საშვებულებო დახმარების _ 600 ლარის ანაზღაურების თაობაზე, რადგან “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლი ითვალისწინებდა მოხელისათვის საშვებულებო დახმარების ანაზღაურებას. თუმცა, აღნიშნული მუხლის მოქმედება 29.12.04წ. შეჩერდა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე, ხოლო “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონში 23.12.05წ. კანონით შეტანილი ცვლილების საფუძველზე, 2006 წლის 1 იანვრიდან 42-ე მუხლი საერთოდ გაუქმდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის მოსაზრებით, ვინაიდან მოსარჩელის გათავისუფლება მოხდა 04.01.06წ., მაშინ, როდესაც საშვებულებო დახმარების შესახებ შესაბამისი ნორმა უკვე ძალადაკარგული იყო, საფუძველს მოკლებული იყო მოსარჩელის მოთხოვნა საშვებულებო დახმარების ანაზღაურების თაობაზე, რაც სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა. არასწორად იქნა შეფასებული აგრეთვე “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მეორე პუნქტის მოსარჩელეზე გავრცელების საკითხი, ვინაიდანNაღნიშნული ნორმის მოქმედება 29.12.04წ. შეჩერდა, ხოლო 2006 წლის 1 იანვრიდან 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის შინაარსი შეიცვალა, მუხლი აღარ შეიცავდა მითითებას დანამატზე ნამსახურევი წლებისათვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის მოსაზრებით, მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების მომენტისათვის არ არსებობდა სამართლის ნორმა, რომელიც ითვალისწინებდა ნამსახურევი წლების თაობაზე დანამატის ანაზღაურებას. სამინისტროს ასევე დაეკისრა დავალიანების დაფარვა ტრანსპორტის კომპენსაციისათვის საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 23.03.95წ. ¹167 დადგენილების შესაბამისად. აღნიშნული დადგენილებით არ არის განსაზღვრული თანხის ოდენობა. დადგენილების მე-4 მუხლით ზოგადად წესდება, რომ სამინისტროებსა და უწყებებს აუცილებლობის შემთხვევაში შეუძლიათ თავიანთ მუშაკებზე გასცენ სათანადო საკომპენსაციო თანხა ან შეუძინონ მათ ერთიანი სამგზავრო ბილეთი. აღნიშნული საკომპენსაციო თანხის გაცემა არ არის სავალდებულო ყველა თანამშრომელზე, ვინაიდან ასეთი კომპენსაცია შეიძლება გაიცეს იმ შემთხვევაში, თუ მოხელეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სისტემატურად უხდება მგზავრობის ხარჯების გაწევა. საქმეში არ არის წარმოდგენილი მოსარჩელის მხრიდან გაწეული ხარჯების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია. სასამართლოს გადაწყვეტილება ძირითადად ეფუძნება შრომის ინსპექციის ყოფილი უფროსის მიერ გაცემულ ცნობას, რომელიც, კასატორის მოსაზრებით, სამართლებრივად დასაბუთებული არ არის.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 17.09.08წ. განჩინებით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე განხილულ იქნა ზეპირი მოსმენის გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ შრომის ინსპექციის უფროსის 04.01.06წ. ¹02-14 ბრძანებით ინსპექციის ¹2 სამმართველოს უფროსი მ. ბ-ე, შრომის ინსპექციის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით, “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 96-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, გათავისუფლდა სამსახურიდან 2006 წლის 3 იანვრიდან, ხოლო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 11.01.06წ. ბრძანებით 2006 წლის 11 იანვრიდან დაინიშნა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ქვემო ქართლის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე. აღნიშნული თანამდებობიდან მ. ბ-ე მინისტრის 30.10.06წ. ბრძანებით გათავისუფლდა 2006 წლის 1 ნოემბრიდან. მ. ბ-ე 28.11.06წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, რომლითაც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის 28.12.05წ. ცნობის საფუძველზე სახელფასო, სამივლინებო, ტრანსპორტის საკომპენსაციო თანხის, საშვებულებო დახმარების, ნამსახურევი წლების დანამატისა და გასასვლელი დახმარების ანაზღაურება მოითხოვა. მოსარჩელე უთითებდა, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის უფროსის 04.01.06წ. ¹02-14 ბრძანებით სამსახურიდან “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 96-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე მისი გათავისუფლებისას, მოპასუხეს არ შეუსრულებია ამავე კანონის 109-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნა და მისთვის არ აუნაზღაურებია დაწესებულების ლიკვიდაციის გამო სამსახურიდან გათავისუფლებული მოხელეებისათვის გათვალისწინებული კომპენსაცია _ 2 თვის თანამდებობრივი სარგო. არ არის დასაბუთებული სააპელაციო სასამართლოს დასკვნა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 109-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომპენსაციის გაცემის პირობების მოსარჩელესთან მიმართებაში არსებობის შესახებ. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული საკითხი უნდა გადაწყდეს არა მხოლოდ შრომის ინსპექციის უფროსის 04.01.06წ. ¹02-14 ბრძანების განყენებულად შეფასების, არამედ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 11.01.06წ. ¹1/კს და 30.10.06წ. ¹100/კს ბრძანებების ერთობლიობაში შეფასების გზით. მართალია, 04.01.06წ. გამოიცა ¹02-14 ბრძანება, რომელშიც საუბარია ლიკვიდაციის გამო მ. ბ-ის სამსახურიდან გათავისუფლებაზე, თუმცა აღნიშნული ბრძანების გამოცემიდან 6 დღეში _ 2006 წლის 11 იანვრიდან მ. ბ-ე მინისტრის 11.01.06წ. ¹1/კს ბრძანებით კვლავ დაინიშნა თანამდებობაზე მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოში. ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 109-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დაწესებულების ლიკვიდაციის ან შტატების შემცირების გამო სამსახურიდან გათავისუფლებისას მოხელეს კომპენსაციის სახით ეძლევა 2 თვის თანამდებობრივი სარგო. მითითებული ნორმით გათვალისწინებული გამოსასვლელი დახმარების გაცემის მიზანია სამსახურიდან გათავისუფლებული პირისათვის სხვა სამსახურის დაწყებამდე არსებობის შენარჩუნების მინიმალური ფინანსური უზრუნველყოფა. აღნიშნული დახმარება უმუშევრად დარჩენილი მოხელის მიმართ სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობის ერთ-ერთი პირველადი ღონისძიებაა. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატას “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 109-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გასასვლელი დახმარების ანაზღაურების საფუძვლის არსებობაზე უნდა ემსჯელა, რამდენადაც 04.01.08წ. ბრძანებას შედეგად არ მოჰყოლია სისტემიდან მოსარჩელის გათავისუფლება და მისი უმუშევრად დარჩენა, სააპელაციო სასამართლოს უნდა ემსჯელა ხომ არ ჰქონდა ადგილი რეალურად მოსარჩელისათვის ჯანდაცვის სამინისტროს სისტემაში ახალი თანამდებობის შეთავაზებას და მისივე თანხმობით, აღნიშნულ ახალ თანამდებობაზე გადაყვანას. “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 109-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კომპენსაციის დანიშნულებას კი წარმოადგენს სისტემიდან გათავისუფლებული, სამსახურის გარეშე დარჩენილი მოხელის დახმარება (იხ. სუს 22.11.07წ. ¹ბს-487-464 (კ-07)), რაც მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება.

დაუსაბუთებელია სააპელაციო პალატის მიერ სატრანსპორტო ხარჯების ანაზღაურება. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ,,საქართველოს რესპუბლიკაში საქალაქო ტრანსპორტით უფასოდ მგზავრობის უფლების შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 28.03.95წ. ¹167 დადგენილების მე-4 პუნქტის თანახმად სოციალური დაცვის უზრუნველყოფის მიზნით სამინისტროებისა და უწყებების მიერ აუცილებლობის შემთხვევაში თავიანთი მუშაკებისათვის სათანადო საკომპენსაციო თანხის გაცემა ან ერთიანი სამგზავრო ბილეთის გაცემა წარმოადგენდა ადმინისტრაციული ორგანოს უფლებას და არა ვალდებულებას. ამასთანავე, საქმეში არ მოიპოვება არანაირი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ მოპასუხემ იკისრა სატრანსპორტო ხარჯების ანაზღაურების ვალდებულება, საქმის მასალებით არ დასტურდება აგრეთვე ის გარემოება, რომ მოსარჩელის მიმართ არსებოდა ტრანსპორტის ხარჯების ანაზღაურების აუცილებლობა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 42-ე მუხლის მოქმედება დროებით იყო შეჩერებული, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 23.03.05წ. გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად და გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან ძალადაკარგულად იქნა ცნობილი ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონში 29.12.04წ. კანონით შეტანილი ცვლილება-დამატება, კერძოდ 137-ე მუხლის მე-2 პუნქტი. ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონის 33-ე მუხლის თანახმად საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში შედის სხდომაზე მისი საჯაროდ გამოცხადების მომენტიდან და 15 დღეში ქვეყნდება ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში”. 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის ადრინდელი რედაქციით და 42-ე მუხლის მოქმედების შეჩერების არაკონსტიტუციურად და გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან იურიდიულად ძალადაკარგულად ცნობამ გამოიწვია ამ ნორმების ამოქმედება. საკონსტიტუციო სასამართლოს 23.03.05წ. გადაწყვეტილებით განისაზღვრა ამ ნორმებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების უკიდურესი ვადა (01.01.06წ.), ვალდებულების შეუსრულებლობა არ ქმნის არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის გამოყენების შესაძლებლობას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ არსებობდა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საკმარისი საფუძველი საშვებულებო დახმარების, ნამსახურევი წლებისათვის დანამატის მოთხოვნის ნაწილში.

,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 1341 მუხლის საფუძველზე საკასაციო პალატა თვლის, რომ მოსარჩელის მოთხოვნა არ არის ხანდაზმული. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მთლიანად გაუქმების მოთხოვნის მიუხედავად, საკასაციო საჩივარი საერთოდ არ შეიცავს რაიმე დასაბუთებას დაკმაყოფილებული მოთხოვნის იმ კომპონენტის მიმართ, რომელიც სახელფასო და პრემიალური თანხის დაკმაყოფილებას ეხება. ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 37.1 მუხლის თანახმად მოსარჩელეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი), რაც მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს.

ზემოღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასასვლელი დახმარების და ტრანსპორტის საკომპენსაციო თანხის მოპასუხისათვის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ არის დასაბუთებული, რაც სსკ-ის 394-ე მუხლის ,,ე” ქვეპუნქტის თანახმად გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს ქმნის. საკასაციო პალატა თვლის, რომ მოთხოვნის ამ ნაწილში საქმე განხილულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის გარეშე, რის გამო გასაჩივრებული გადაწყვეტილება ამ ნაწილში უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 410-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.02.08წ. გადაწყვეტილება გაუქმდეს სამსახურიდან გათავისუფლების გამო კომპენსაციის სახით ორი თვის თანამდებობრივი სარგოს (1200 ლარის) და ტრანსპორტის საკომპენსაციო თანხის (150 ლარის) სულ 1350 (ათას სამას ორმოცდაათი) ლარის მოთხოვნის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინიტსრაციულ საქმეთა პალატის 27.02.08წ. გადაწყვეტილება მ. ბ-ის სასარგებლოდ საშვებულებო დახმარების, ნამსახურევი წლების დანამატის, სახელფასო და საპრემიო დავალიანების, სულ 3387 (სამი ათას სამას ოთხმოცდაშვიდი) ლარის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის დაკისრების ნაწილში;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.