¹ბს-36-35(კ-07) 4 აპრილი, 2007 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე
ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თეატრის მოღვაწეთა შემოქმედებითი კავშირისა და საქართველოს თეატრის მოღვაწეთა შემოქმედებითი კავშირის ... განყოფილების წარმომადგენლების _ რ. ფ-ისა და ნ. ი-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 23 მაისის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2004 წლის 23 აგვისტოს საქართველოს თეატრის მოღვაწეთა შემოქმედებითი კავშირის წარმომადგენლებმა რ. ფ-ემ და ნ. ი-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე აჭარის ა/რ მთავრობის მიმართ, თანამოპასუხედ მიუთითეს ქ. ბათუმის მერიაზე და მოითხოვეს აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს 1999 წლის 1 თებერვლის ¹6 დადგენილების ბათილად ცნობა, აგრეთვე, ქ. ბათუმში, ... ქ. ¹9-ში მდებარე სამსართულიანი საწარმოო შენობის მთლიანად საქართველოს თეატრის მოღვაწეთა შემოქმედებითი კავშირის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირება საჯარო რეესტრში და მოპასუხეების მიერ ხსენებული შენობის საქართველოს თეატრის მოღვაწეთა შემოქმედებითი კავშირისათვის თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარება.
სასარჩელო განცხადებაში მითითებული იყო, რომ აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭომ 1999 წლის 1 თებერვალს მიიღო ¹6 დადგენილება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელეს ჩამოერთვა საკუთრების უფლება მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთზე, მდებარე ქ. ბათუმში, .... ქ. ¹9-ში და იმავე დადგენილებით ხსენებული ნივთი მუნიციპალურ საკუთრებაში გადაეცა ქ. ბათუმის მერიას. მოსარჩელემ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, საკუთრების უფლება იყო აღიარებული და დაუშვებელი იყო მისი გაუქმება, ამასთან, აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში მოპასუხემ გადაამეტა თავის უფლებამოსილებას და მოსარჩელეს უკანონოდ წაართვა საკუთრების უფლება დასახელებულ უძრავ ნივთზე, ასევე მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლზე, რომლის თანახმად, უფლებამოსილების გადამეტებით გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტს, აგრეთვე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებებს არ გააჩნდათ იურიდიული ძალა.
მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის თანახმად, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელი იყო სანოტარო წესით დამოწმებული საბუთი და შემძენის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში, მოცემულ შემთხვევაში კი გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტით თანამოპასუხემ უკანონოდ მოიპოვა საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე, რის გამოც იგი ითვლებოდა არაკეთილსინდისიერ შემძენად და გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის გაუქმების შემდეგ უნდა აღმდგარიყო თავდაპირველი მდგომარეობა _ აღნიშნული უძრავი ნივთი საჯარო რეესტრში კვლავ უნდა რეგისტრირებულიყო მოსარჩელის სახელზე საკუთრების უფლებით.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ მოპასუხემ შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების შესახებ არ გააფრთხილა იგი და ამიტომ ვერ მიიღო მასში მონაწილეობა.
2004 წლის 7 სექტემბერს საქართველოს თეატრის მოღვაწეთა შემოქმედებითი კავშირის ... განყოფილებამ სასარჩელო განცხადებით მიმართა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქ. ბათუმის მერიის მიმართ და ქ. ბათუმის მერიის 1999 წლის 26 აგვისტოს ¹365 და 1999 წლის 9 დეკემბრის ¹400 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, ასევე სარჩელის უზრუნველსაყოფად ქ. ბათუმში, .... ქ. ¹1-ში მდებარე უძრავ ნივთზე ყადაღის დადება მოითხოვა.
სასარჩელო განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ ქ. ბათუმის მერიის 1997 წლის 26 აგვისტოს ¹365 გადაწყვეტილებით ცვლილებები შევიდა ქ. ბათუმის მერიის კაბინეტის 1996 წლის 26 ნოემბრის ¹571 გადაწყვეტილებაში, ხოლო აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს 1995 წლის 10 ივლისის ¹250-გ განკარგულებით ადმინისტრაციული შენობის მეორე კორპუსში განთავსებული კაფე-ბარის სანაცვლოდ, ქ. ბათუმში, ..... ქ. ¹1-ში მდებარე 65 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი ბალანსიდან ბალანსზე გადაეცა საქართველოს თეატრის მოღვაწეთა შემოქმედებითი კავშირის აჭარის განყოფილებას, ამასთან, ხსენებული აქტის მიღებაში მოსარჩელეს არ მიუღია მონაწილეობა და, შესაბამისად, არ ჰქონდა ინფორმაცია აღნიშნულის თაობაზე, რითაც დაირღვა უძრავ ნივთზე მოსარჩელის საკუთრების უფლება. ქ. ბათუმის მერიის 1999 წლის 9 დეკემბრის ¹400 გადაწყვეტილებით ცვლილებები იქნა შეტანილი ქ. ბათუმის მერიის 1997 წლის 26 აგვისტოს ¹365 გადაწყვეტილებაში და ქ. ბათუმში, .... ქ. ¹1-ში მდებარე არასაცხოვრებელი ფართი ბალანსიდან ბალანსზე გადაცემის ნაცვლად, იჯარით სარგებლობაში დარჩა საქართველოს თეატრის მოღვაწეთა შემოქმედებითი კავშირის ...... განყოფილებას, ხოლო ქ. ბათუმის ¹... მიკრორაიონის გამგეობას დაევალა საიჯარო ხელშეკრულების გაფორმება საქართველოს თეატრის მოღვაწეთა შემოქმედებითი კავშირის აჭარის განყოფილებასთან.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004 წლის 14 სექტემბრის განჩინებით საქართველოს თეატრის მოღვაწეთა შემოქმედებითი კავშირის სასარჩელო განცხადებები გაერთიანდა ერთ წარმოებად.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 19 ივლისის განჩინებით ადმინისტრაციული საქმე საქართველოს თეატრის მოღვაწეთა შემოქმედებითი კავშირის სარჩელის გამო, აჭარის ა/რ მთავრობისა და ქ. ბათუმის მერიის მიმართ განსჯადობით განსახილველად გადაეცა ბათუმის საქალაქო სასამართლოს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 7 სექტემბრის განჩინებით ქ. ბათუმის მერიის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და ქ. ბათუმში, .... ქ. ¹9-ში მდებარე სამსართულიანი შენობის მცხოვრებლები _ შ. ა-ე, რ. კ-ი, ლ. გ-ი, მ. მ-ე, ა. ტ-ე, დ. დ-ე, რ. ჟ-ე, რ. დ. მ-ე, რ. გ-ე, რ. შ. მ-ე, ლ. ჩ-ი, ზ. კ-ე, ი. ი-ი, ა. კ-ი, ა. დ-ე, ტ. მ-ი, რ. თ-ე, ე. ე-ი, მ. ზ-ი, ზ. ა-ე, ა. მ-ე, ვ. ბ-ო, ი. ჯ-ი, რ. დ-ე და კ. თ-ე საქმეში ჩაებნენ მესამე პირებად.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე საქართველოს თეატრის მოღვაწეთა შემოქმედებით კავშირს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის გამო.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს თეატრის მოღვაწეთა შემოქმედებითი კავშირისა და საქართველოს თეატრის მოღვაწეთა შემოქმედებითი კავშირის .... განყოფილების წარმომადგენლებმა _ რ, ფ-ემ და ნ. ი-ემ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 23 მაისის განჩინებით საქართველოს თეატრის მოღვაწეთა შემოქმედებითი კავშირის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ქ. ბათუმის ყოფილი სახალხო დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1985 წლის 2 ოქტომბრის ¹654 გადაწყვეტილებით საქართველოს თეატრალური საზოგადოების ბათუმის საწარმოო უბანს გამოეყო 0,6 ჰა მიწის ნაკვეთი ადმინისტრაციული საწარმოო დანიშნულების ნაგებობათა მშენებლობისათვის ..... დასახლებაში, მდინარე ყოროლისწყლის მარცხენა სანაპიროზე. 1988 წლის 19 დეკემბერს თეატრალური საზოგადოების სახალხო მოხმარების საქონლის გამომშვები კომბინატის საწარმოო კორპუსი მიღებულ იქნა ექსპლუატაციაში. ქ. ბათუმის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს ტექნიკური პასპორტის მიხედვით, .... ქ. ¹9-ში მდებარე შენობა აღრიცხული იყო საწარმოო უბნის სახელზე. ქ. ბათუმის მერიის 1998 წლის 27 აგვისტოს გადაწყვეტილებით, რამდენადაც ქ. ბათუმში, .... ქ. ¹107-ში მდებარე რუსეთის ფედერაციის სამხედრო-საუწყებო საცხოვრებელი სახლი ავარიულ მდგომარეობაში იყო და საშიშროება შეექმნა იქ მცხოვრებ პირებს, აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს ეთხოვა ქ. ბათუმში, .... ქ. ¹9-ში მდებარე თეატრალური საზოგადოების საწარმოო უბნის გამოუყენებელი შენობა-ნაგებობა მთლიანად ბალანსზე გადაეცა ქ. ბათუმის მერიისათვის, ჩაერიცხა იგი საცხოვრებელ ფონდში და მასში შესახლებულიყვნენ ქ. ბათუმში, .... ქ. ¹9-სა და .... ქ. ¹107-ში ავარიული სახლის პირველ და მეხუთე სადარბაზოში მცხოვრები ოჯახები. ქ. ბათუმის მერიამ აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო ქ. ბათუმის მერიის საბინაო კომისიის სხდომის 1998 წლის 27 აგვისტოს დადგენილებიდან გამომდინარე. საწარმოო კომბინატმა 1998 წლის 17 დეკემბერს გასცა თანხმობა ქ. ბათუმში, .... ქ. ¹9-ში მდებარე სამსართულიანი საწარმოო შენობის ბალანსიდან ბალანსზე ქ. ბათუმის მერიისათვის გადაცემის შესახებ. თანხმობა გაიცა ასევე საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირის მიერაც. აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს 1999 წლის 1 თებერვლის დადგენილებით, თეატრალური საზოგადოების ბათუმის საწარმოო კომბინატის თანხმობის გათვალისწინებით, მიღებულ იქნა ქ. ბათუმის მერიისა და აჭარის ა/რ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს წინადადება და ქ. ბათუმში, .... ქ. ¹9-ში მდებარე თეატრალური საზოგადოების ბათუმის საწარმოო კომბინატის სამსართულიანი საწარმოო შენობა 2291,88 კვ.მ სასარგებლო ფართით გადაეცა ქ. ბათუმის მერიას მუნიციპალურ საკუთრებაში. ქ. ბათუმში, .... ქ. ¹9-ში მდებარე საცხოვრებელ ბინებზე ორდერები გაცემული იყო საქმეში ჩაბმულ მესამე პირებზე.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს 1995 წლის 10 ივლისის ¹250-გ განკარგულებით, საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირის აჭარის განყოფილებას უზენაესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობის მე-2 კორპუსში განთავსებული კაფე-ბარის სანაცვლოდ, ბალანსიდან ბალანსზე გადაეცა ქ. ბათუმში, .... ქ. ¹1-ში მდებარე ქ. ბათუმის სურსათვაჭრობის ¹4 მაღაზია იქ არსებული ინვენტარ-მოწყობილობებითა და მომსახურე პერსონალით. ქ. ბათუმის მერიის კაბინეტის 1997 წლის 26 აგვისტოს ¹365 გადაწყვეტილებით შეტანილ იქნა ცვლილება ქ. ბათუმის მერიის კაბინეტის 1996 წლის 26 დეკემბრის ¹571 გადაწყვეტილებაში და აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს 1995 წლის 10 ივლისის ¹250-გ განკარგულებით უზენაესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობის მეორე კორპუსში განთავსებული კაფე-ბარის სანაცვლოდ, ქ. ბათუმში, .... ქ. ¹1-ში მდებარე 65 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი ბალანსიდან ბალანსზე გადაეცა საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირის .... განყოფილებას. ქ. ბათუმის მერიის 1999 წლის 9 დეკემბრის ¹400 გადაწყვეტილებით, რამდენადაც ქ. ბათუმის მერიის კაბინეტის 1997 წლის 26 აგვისტოს ¹365 გადაწყვეტილებით, ქ. ბათუმში, .... ქ. ¹1-ში მდებარე 65 კვ.მ ფართი გადაეცა საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირის აჭარის განყოფილებას, მაგრამ აღნიშნული განყოფილების წარმომადგენელი არ გამოცხადდა ქ. ბათუმის ¹.... მიკრორაიონის გამგეობაში მიღება-ჩაბარების აქტის გასაფორმებლად და მათ სარგებლობაში არსებული 65 კვ.მ ფართი კვლავ ირიცხებოდა ქ. ბათუმის მერიის ბალანსზე, შეტანილ იქნა ცვლილება ქ. ბათუმის მერიის კაბინეტის 1997 წლის 26 აგვისტოს ¹365 გადაწყვეტილებაში და ქ. ბათუმში, .... ქ. ¹1-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე არსებული 65 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი, ბალანსიდან ბალანსზე გადაცემის ნაცვლად, იჯარით სარგებლობაში დარჩა საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირის .... განყოფილებას, ხოლო ქ. ბათუმის ¹.... მიკრორაიონის გამგეობას დაევალა საიჯარო ხელშეკრულების გაფორმება თეატრის მოღვაწეთა კავშირის აჭარის განყოფილებასთან და 2000 წლამდე მისი გათავისუფლება საიჯარო ქირის გადასახადისაგან. ქ. ბათუმში, .... ქ. ¹1-ში მდებარე ფართი ირიცხებოდა ქ. ბათუმის მერიის ბალანსზე.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს 1999 წლის 17 ივნისის ¹49 დადგენილებით უნდა მომხდარიყო ქ. ბათუმში, .... ქ. ¹1-ში მდებარე შენობის პრივატიზაცია. აჭარის ა/რ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1999 წლის ბრძანებით ქ. ბათუმში, .... ქ. ¹1-ში მდებარე არასაცხოვრებელი ფართის პრივატიზაცია მოხდა აუქციონის წესით. აღნიშნული ფართის პრივატიზაციის შესახებ გამოქვეყნდა გაზეთ ,,...." 1999 წლის 24 აგვისტოს ¹152-ში და აუქციონზე განაცხადი შეიტანა ასლან სმირბამ, რომელმაც გაიმარჯვა, ხსენებული პრივატიზაციის კანონიერება კი დავის საგანს არ წარმოადგენდა.
სააპელაციო სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო შენობები წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას და ისინი ოპერატიული მართვის უფლებით (უსასყიდლო უზუფრუქტით) ჰქონდა გადაცემული მოსარჩელეს საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წ.) 93-94-ე მუხლების თანახმად, ხოლო იმ პერიოდში მოქმედი ხსენებული სამოქალაქო სამართლის კოდექსი ან სხვა საკანონმდებლო აქტი არ ითვალისწინებდა იმას, რომ სახელმწიფო ორგანიზაციებს კერძო საკუთრებაში ჰქონოდათ ძირითადი საშუალებები შენობა-ნაგებობების სახით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 23 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს თეატრის მოღვაწეთა შემოქმედებითი კავშირისა და საქართველოს თეატრის მოღვაწეთა შემოქმედებითი კავშირის ..... განყოფილების წარმომადგენლებმა _ რ. ფ-ემ და ნ. ი-ემ, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
კასატორის წარმომადგენლები მიუთითებენ, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1515-ე მუხლი, რომლის თანახმად, საჯარო რეესტრის ერთიანი სამსახურის ჩამოყალიბებამდე სამოქალაქო კოდექსით ამ სამსახურისათვის დაკისრებული ფუნქციები უნდა განეხორციელებინათ ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროებს, არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ჯერ კიდევ ბათუმის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1985 წლის 2 ოქტომბრის ¹654 გადაწყვეტილებით მათ მარწმუნებელს აღნიშნული შენობის მშენებლობისათვის გამოეყო 0,6 ჰა მიწის ნაკვეთი, ხოლო საქმეში არსებობს ოფიციალური დოკუმენტები, რომლებიც დამატებით ადასტურებს იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომ აღნიშნული სადავო შენობა აშენებულია საკუთარი სახსრებით მოსარჩელის მიერ.
კასატორის წარმომადგენელთა განმარტებით, საჯარო რეესტრის სამსახურის არქივიდან სადავო ქონებაზე მიიღეს ტექნიკური პასპორტი, რომლის შინაარსი სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა. ასევე, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლი, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს და არც შეიძლება არსებობდეს სანოტარო აქტით შესრულებული რაიმე შესაბამისი დოკუმენტი, აგრეთვე, არასწორი შეფასება მისცა საქმეში არსებულ საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირის ბათუმის საწარმოო კომბინატის დირექტორის 1998 წლის 17 დეკემბრის ¹2 წერილს.
კასატორის წარმომადგენელთა განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლები.
კასატორის წარმომადგენლები მიუთითებენ, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მოთხოვნა _ საქმეში არსებული მტკიცებულებები შეაფასა ცალმხრივად, არ იმსჯელა გასაჩივრებული დადგენილებების კანონიერებასა და დასაბუთებულობაზე.
კასატორის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ მოცემული საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 2 მარტის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თეატრის მოღვაწეთა შემოქმედებითი კავშირისა და საქართველოს თეატრის მოღვაწეთა შემოქმედებითი კავშირის აჭარის განყოფილების წარმომადგენლების _ რ. ფ-ისა და ნ. ი-ის საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2007 წლის 2 მარტის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2007 წლის 4 აპრილამდე.
2007 წლის 27 მარტს რ. მ-ემ, გ. ც-ემ, შ. ჭ-ემ, ა. ქ-ემ, ზ. ბ-ემ, რ. გ-ემ, რ. ც-ემ და კ. გ-ემ უზენაეს სასამართლოში წარადგინეს მოსაზრება საქართველოს თეატრის მოღვაწეთა შემოქმედებითი კავშირისა და საქართველოს თეატრის მოღვაწეთა შემოქმედებითი კავშირის ..... განყოფილების წარმომადგენლების _ რ. ფ-ისა და ნ. ი-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობაზე და აღნიშნეს, რომ ხსენებული საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც იგი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თეატრის მოღვაწეთა შემოქმედებითი კავშირისა და საქართველოს თეატრის მოღვაწეთა შემოქმედებითი კავშირის .... განყოფილების წარმომადგენლების _ რ. ფ-ისა და ნ. ი-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების შემდეგ საფუძვლებს: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რაც არსებითად იმოქმედებდა საქმის განხილვის შედეგზე და განაპირობებდა არასწორი განჩინების მიღებას. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, ვინაიდან საქართველოს თეატრის მოღვაწეთა შემოქმედებით კავშირს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი _ 300 ლარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს აღნიშნული თანხის 70 პროცენტი _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს თეატრის მოღვაწეთა შემოქმედებითი კავშირისა და საქართველოს თეატრის მოღვაწეთა შემოქმედებითი კავშირის .... განყოფილების წარმომადგენლების _ რ. ფ-ისა და ნ. ი-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 23 მაისის განჩინება;
3. საქართველოს თეატრის მოღვაწეთა შემოქმედებით კავშირს დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.