Facebook Twitter

ბს-364-345(კ-07) 28 ივნისი, 2007 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ლალი ლაზარაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.02.07წ განჩინების გაუქმებაზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

22.03.06წ შ. ბ.-მ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ და მოითხოვა მოპასუხისთვის მის სასარგებლოდ ერთჯერადი (გამოსასვლელი) ფულადი სარგოს 4340 ლარის დაკისრება.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 1985 წლიდან არის სამხედრო პირი, ხოლო 1989 წლიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობებზე. სამხედრო წოდებით არის ვიცე-პოლკოვნიკი. სამსახურიდან გათავისუფლებამდე მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის შიდა უშიშროების სამმართველოს უფროსის მოადგილედ. 27.12.04წ. ,,სამხედრო სამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 თავის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტის თანახმად გადაიყვანეს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ... პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის განკარგულებაში. 27.04.05წ. საქართველოს თავდაცვის მინისტრის ¹1272 ბრძანების თანახმად დათხოვნილ იქნა შეიარაღებული ძალების რიგებიდან და გადაყვანილ იქნა რეზერვში. მოსარჩელის განმარტებით 07.02.06წ. მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტს წერილით, წელთა ნამსახურების გათვლისწინებით კუთვნილი ერთჯერადი (გასასვლელი) ფულადი სარგოს 4340 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით, რაზედაც 17.02.06წ. პასუხად მიიღო იურიდიული სამმართველოს უფროსის 09.09.06წ. ¹6/19 დასკვნა, რითაც უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული დსკვნა ეხებოდა სხვა პირებს. ამავე წლის 6 მარტს მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს იურიდიულ სამსახურს, საიდანაც ასევე უპასუხეს უარით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის 03.05.06წ გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა ნამსახურობის წლების მიხედვით ერთჯერადი გამოსასვლელი დახმარების ფულადი სარგოს 4340 ლარის ანაზღაურება მოსარჩელის შ. ბ.-ის სასარგებლოდ.

საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხის უარი სამხედრო მოსამსახურისათვის ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარების გადახდის თაობაზე იყო უკანონო, ვინაიდან გასული იყო საქართველოს პრეზიდენტის 05.11.04წ. ¹493 ბრძანებულების 331-ე პუნქტის მოქმედების შეჩერების ვადა 01.01.06წ, ამასთან, 331-ე პუნქტის მოქმედების შეჩერება ძალადაკარგული იყო. საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ აღნიშნული ბრძანებულების 331-ე პუნქტის მოქმედება გავრცელდებოდა მხოლოდ იმ სამხედრო მოსამსახურეებზე, რომლებიც 2006 წლის 1 იანვრიდან დაითხოვენ, რადგან ამ ნორმის უკუქცევითი ძალა ამ ნორმატიული აქტით არ არის დადგენილი. სასამართლომ განმარტა, რომ გადაწყვეტილების გამოტანის მომენტისათვის გასულია ნორმის შეჩერების ვადა, კანონით სხვა რამ არ იქნა დადგენილი და მოქმედებს რა საქართველოს პრეზიდენტის 05.11.04წ ¹493 ბრძანებულების 331-ე პუნქტი, მისი მოქმედება უნდა გავრცელდეს სამსახურიდან 27.04.05წ. დათხოვნილ სამხედრო მოსამსახურეზე, რადგან სამართლებრივი ნორმის შეჩერების პირობებში სახელმწიფომ ფაქტიურად გადაავადა სამსახურიდან დათხოვნილ საჯარო მოხელეთა წინაშე ფულადი შესრულების მომენტი, რაც იმაზე მიუთითებდა, რომ შეჩერებული ნორმის ამოქმედების პირობებში სასამართლომ სრულად უნდა შეასრულოს კანონით მანამდე ნაკისრი მოვალეობა, უნდა გასცეს ერთჯერადი (გასასვლელი) დახმარება სამსახურიდან დათხოვნილი მოხელის სასარგებლოდ. მოხელის სამსახურიდან დათხოვნის პერიოდს დავის გადასაწყვეტად არსებითი მნიშვნელობა არა აქვს, რადგან იმის მიუხედავად, რომ მოსარჩელის გათავისუფლების დროისათვის სამართლებრივი ნორმით (331-ე პუნქტი) მოქმედება შეჩერებული იყო, ნორმა არსებობდა და გაუქმებული არ იყო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 03.05.06წ გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გასაჩივრდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 01.02.07წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 03.05.06წ. გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 26.04.05წ. ¹299 ცნობის მიხედვით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის შიდა უშიშროების სამმართველოს უფროსის მოადგილის შემოსავლები 2005 წლის 1 იანვრიდან 2005 წლის 1 თებერვლის ჩათვლით სულ შეადგენდა 810.13 ლარს, მათ შორის იანვარში 434.00 ლარს და თებერვალში 376 ლარს. საქმეში წარმოდგენილი შ. ბ.-ის ნამსახურების ნუსხის (პირადი ¹...) თანახმად, შ. ბ.-მ სამხედრო სამსახურში იმსახურა 15 წელი და 21 დღე. საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის 04.12.2006 წ. ¹... წერილით შ. ბ.-ს ეცნობა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 05.11.04წ. ¹493 ბრძანებულების ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ" 331-ე პუნქტის ,,დ" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ერთჯერადი გამოსასვლელი დახმარების გაცემა შეჩერებული იყო ამავე ბრძანებულების 611-ე პუნქტით 2006 წლის 1 იანვრამდე, განხორციელებული დამატებით (31.12.2004წ), რითაც მოხდა ზემოთ მითითებული ერთჯერადი დახმარების უფლების რეალიზაციის შეჩერება და არა მისი გაუქმება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შ. ბ.-ს აღნიშნული ბრძანებულებით გათვალისწინებული ერთჯერადი გამოსასვლელი დახმარება ეკუთვნოდა 2006 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტის 05.11.04წ ¹493 ბრძანებულების ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ" 331-ე პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც დათხოვნილი არიან შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეორგანიზაციისა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, ნამსახურების წლების მიხედვით ეძლევათ ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარება ფულადი სარგოების ამ დებულების 33-ე პუნქტით გათვალისწინებული ოდენობით, ხოლო ამ ბბრძანებულების 33-ე პუნქტის ,,დ" ქვეპუნქტით 15-20 წლამდე ნამსახურობის წლებისათვის გაიცემა ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარება ათმაგი თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.

სააპელაციო პალატის მითითებით საქართველოს პრეზიდენტის 05.11.04წ. ¹493 ბრძანებულების 611 პუნქტის საფუძველზე შეჩერებული იქნა ამ ბრძანებულების 331-ე პუნქტით გათვალისწინებული ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარების მიღების უფლების რეალიზაცია 2006 წლის 01 იანვრამდე, მაგრამ არ გაუქმებულა ამ ბრძანებულებით განსაზღვრული და დადგენილი სოციალური დაცვის და მატერიალური უზრუნველყოფის - ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარების გაცემის პირობა და წესი. ამასთან, შესაბამისი ბიუჯეტის დაუფინანსებლობა ან საბიუჯეტო ასიგნებათა შემცირება (სეკვესტრი) არ შეიძლება გახდეს მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოსა (ხელფასის) და კანონით გათვალისწინებული სხვა სოციალური გარანტიების გაუცემლობის საფუძველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 01.02.07წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

კასატორმა აღნიშნა, რომ ,,საქართველოს თავდაცვის საინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 04.11.04წ. ¹493 ბრძანებულების 611 პუნქტით 2006 წლის 1 იანვრამდე მოქმედება შეუჩერდა 331 პუნქტს. შესაბამისად, 2004 წლის 31 დეკემბრიდან 2006 წლის 1 იანვრამდე არ მოქმედებდა ნორმა, რომელიც შეიარაღებული ძალების რიგებიდან ზღვრული ასაკის მიღწევის, რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების გამო დათხოვნილ სამხედრო მოსამსახურეებზე ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარების გაცემას ითვალისწინებდა. ბრძანებულების 331 მუხლით გათვალისიწინებული უფლება, გავრცელდება მხოლოდ 2006 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობაზე. ამასთან, ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 47-ე მუხლის პირველი პუქნტის თანახმად, ნორმას უკუქცევითი ძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ან ნორმატიული აქტით, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს. კასატორის მითითებით, შ. ბ.-ი შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნილია 2005 წელს, მასზე 331 მუხლით გათვალისწინებული ნორმის მოქმედება ვერ გავრცელდება, ვინაიდან იგი შეჩერებული იყო 2006 წლის პირველ იანვრამდე, ანუ აღნიშნული ნორმა არ ვრცელდებოდა 2005 წელს დათხოვნილ სამხედრო მოსამსახურეებზე. ამდენად, ხსენებული ნორმის შეჩერება 2006 წლის პირველ იანვრამდე, ნიშნავს იმას, რომ იგი ამოქმედდა და გავრცელდა 2006 წლის პირველი იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ პირობებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით. კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე და განაპირობა არასწორი განჩინების გამოტანა. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.