ბს-365-346(კ-07) 10 ოქტომბერი, 2007 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა – მხარეთა დასწრების გარეშე
კასატორი - ზ. რ-ე
მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს Yთავდაცვის სამინისტრო
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილება
დავის საგანი – ერთჯერადი დახმარების ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2006 წლის 11 მაისს მოსარჩელე ზ. რ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ და მოითხოვა ერთჯერადი დახმარების ანაზღაურება.
სარჩელში აღნიშნული იყო, რომ 1991 წლიდან მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. 2004 წლის 24 აპრილს საქართველოს სამხედრო ძალების ცენტრალურმა სამხედრო სამედიცინო ექსპერტიზამ იგი ცნო სამსახურისათვის უვარგისად. ინვალიდობა დაკავშირებული იყო 1991-1993 წლებში სამაჩაბლოსა და აფხაზეთის ტერიტორიაზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ ბრძოლებში საომარი მოქმედების დროს მიღებულ სამხედრო ტრავმასთან. ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონის სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ბიუროს 2004 წლის 7 ივლისის დასკვნით ცნობილ იქნა მეორე ჯგუფის შრომისუუნაროდ.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ უარი განაცხადა ერთჯერადი დახმარების გაცემაზე იმ მოტივით, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულების მოქმედება ვრცელდება მხოლოდ 2004 წლის 5 ნოემბრის შემდეგ წარმოშობილ ურთიერთობებზე, რაც მოსარჩელემ უკანონოდ მიიჩნია, ვინაიდან იგი 2004 წლის 18 მარტამდე მსახურობდა სამხედრო უწყებაში და სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან.
მოსარჩელის მითითებით, ზემოაღნიშნული ბრძანებულების 57-58-ე მუხლების თანახმად, ყველა სამხედრო მოსამსახურე ექვემდებარება სახელმწიფოს მიერ სავალდებულო დაზღვევას და მისი დაღუპვის, გარდაცვალების, დაინვალიდების ან დაჭრის შემთხვევაში უნდა გაიცეს სადაზღვევო თანხა, რაც შეადგენს 2000 ლარს, რაც ასევე არ მიუღია მოპასუხისაგან.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა ერთჯერადი დახმარების სახით 5 წლის ფულადი სარგოს - 13740 ლარისა და სადაზღვევო თანხის - 2000 ლარის ანაზღაურებას.
2006 წლის 30 ივნისს მოსარჩელემ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა და საბოლოოდ მოითხოვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის 5 წლის საზღაურის - 8136 ლარის დაკისრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით ზ. რ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა 8136 ლარის ანაზღაურება მოსარჩელის სასარგებლოდ.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით ზ. რ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ზ. რ-ე მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში და მონაწილეობას ღებულობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში. მან საბრძოლო ტრავმა მიიღო 1993 წელს, აფხაზეთის რეგიონში მომხდარი საბრძოლო ოპერაციის განხორციელებისას. მოსარჩელე შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნილ იქნა 2004 წლის მარტში და ჩაირიცხა რეზერვში. ერთჯერადი დახმარების მისაღებად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართა 2006 წლის მარტში.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, ერთჯერადი დახმარების გაცემის ვალდებულება მოპასუხეს წარმოეშობა იმ დროიდან, როდესაც დადგა სამხედრო მოსამსახურის დაჭრის ან დასახიჩრების შემთხვევა. ვინაიდან, ზ. რ-ემ დაზიანება მიიღო 1993 წლის საბრძოლო მოქმედებებში, სააპელაციო სასამართლოს აღნიშვნით, მასზე ვერ გავრცელდებოდა 1998 წლის 25 ივნისს მიღებული ზემოაღნიშნული კანონის ნორმა.
სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ ,,ნორმატიული აქტების შესახებ” კანონის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით. არც ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” კანონს და არც პრეზიდენტის ¹493 ბრძანებას არ გააჩნიათ უკუძალა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოყენებულ იქნა კანონები, რომლებიც მიღებული არ იყო ზ. რ-ის დაჭრის დროს და შესაბამისად, არ არსებობდა ზ. რ-ის სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ზ. რ-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და მისი სარჩელის სრულად დაკმაყოფილება იმ მოტივით, რომ ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” კანონში ერთჯერადი დახმარების გაცემის ვალდებულების ვადაზე პირდაპირ და ერთმნიშვნელოვნად არაფერია მითითებული და საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულებაში, რომელიც გამოიცა ზემოაღნიშნული კანონის შესრულების მიზნით, დახმარების გაცემა დაკავშირებულია ინვალიდობასთან, ხოლო მას ინვალიდობის სტატუსი 2004 წლის 7 ივლისამდე არ გააჩნდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. რ-ის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო საქმეზე დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
კასატორი _ ზ. რ-ე 1991 წლიდან მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. 2004 წლის 24 აპრილს საქართველოს სამხედრო ძალების ცენტრალურმა სამხედრო სამედიცინო ექსპერტიზამ იგი ცნო სამსახურისათვის უვარგისად. ინვალიდობა დაკავშირებული იყო 1991-1993 წლებში სამაჩაბლოსა და აფხაზეთის ტერიტორიაზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ ბრძოლებში, საომარი მოქმედების დროს მიღებულ სამხედრო ტრამვასთან. ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონის სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ბიუროს 2004 წლის 7 ივლისის დასკვნით ზ. რ-ე ცნობილ იქნა მე-2 ჯგუფის ინვალიდად.
ზ. რ-ეს უარი ეთქვა ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულების 53-ე მუხლის საფუძველზე ერთჯერადი დახმარების გაცემაზე, რასაც კასატორი მიიჩნევს უკანონოდ და ითხოვს, ერთჯერადი დახმარების სახით 5 წლის ფულადი სარგოს გაცემას.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას სააპელაციო სასამართლოს მიერ ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულების 53-ე მუხლის ,,ა” პუნქტის არასწორი განმარტების თაობაზე და აღნიშნავს, მითითებული მუხლის ,,ა” პუნქტის შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურეებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ტრამვის მიღების შემთხვევაში მიეცემათ ერთჯერადი დახმარება ფულადი სარგოების შემდეგი ოდენობით: ა) დაინვალიდებისას _ 5 წლის; ბ) მძიმე ჭრილობისას _ 10 თვის; გ) მსუბუქი ჭრილობისას _ 5 თვის; ტრამვის სიმძიმის ხარისხს განსაზღვრავს შესაბამისი სამხედრო-სამედიცინო კომისია.
საკასაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული მუხლის შინაარსი აძლევს საფუძველს დაასკვნას, რომ მითითებული მუხლის განაწესი ვრცელდება იმ სამხედრო მოსამსახურეებზე, რომელთა დაინვალიდებაც დროში უკავშირდება დაჭრის ან დასახიჩრების ფაქტს. აღნიშნულს ადასტურებს ფულადი სარგოების დადგენის წესიც, რომელიც განისაზღვრება ტრამვის სიმძიმის ხარისხის მიხედვით.
დადგენილია, რომ ზ. რ-ემ დაზიანება მიიღო 1991-1993 წლებში აფხაზეთსა და სამაჩაბლოში წარმოებულ ბრძოლებში. ამასთან, კასატორის ინვალიდობა არ დადგენილა ტრამვის მიღების მომენტში და იგი მე-2 ჯგუფის ინვალიდად მიჩნევლ იქნა 2004 წლიდან.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოება საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს დაადასტუროს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერება და მიიჩნევს, რომ კასატორზე, მისი დაზიანების პერიოდის გათვალისწინებით, ვერ გავრცელდება ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულების 53-ე მუხლის ,,ა” პუნქტი და შესაბამისად ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს 1998 წლის 25 ივნისის კანონი, რომელიც ისევე, როგორც საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება, არ შეიცავს მითითებას შესაბამისი ნორმებისათვის უკუძალის მინიჭების თაობაზე.
,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 47-ე მუხლის დებულებები და ზემომითითებული აქტების შინაარსი საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს მიიჩნიოს, რომ კასატორს მართებულად ეთქვა უარი დაინვალიდების გამო ერთჯერადი დახმარების გაცემაზე.
ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულების 33-ე მუხლს, რომლის თანახმადაც, ავადმყოფობის გამო შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნილ პირს ნამსახურობის წლების მიხედვით ეძლევა ერთჯერადი დახმარება, რაც, კასატორის მოთხოვნის არარსებობის გამო, ვერ იქცევა მოცემული სასამართლოს მსჯელობის საგნად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვენელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზ. რ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 05 თებერვლის გადაწყვეტილება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.