ბს-365-352(2კ-08) 8 ივლისი, 2008 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და რ. ჯ-ის წარმომადგენლის ვ. ნ-ას საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილებაზე /რ. ჯ-ის სარჩელისა გამო, მოპასუხის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ, სახელფასო დავალიანების ანაზღაურების შესახებ/.
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
რ. ჯ-მა სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოპასუხის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ, რომლითაც მოითხოვა სახელფასო დავალიანების ანაზღაურება /იხ.ს.ფ. 2-3/.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილებით რ. ჯ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა მოსარჩელე რ. ჯ-ის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების - 1377,49 ლარის ანაზღაურება /იხ.ს.ფ. 23-27/.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგი მოტივით:
გასაჩივრებული გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია. თბილისის საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. ამასთან, არასწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, რის გამოც გასაჩივრებული გადაწყვეტილება ექვემდებარება გაუქმებას /იხ.ს.ფ. 32-34/.
სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც რ. ჯ-ის სარჩელი სასურსათო ულუფის - 669,13 ლარის ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდა; დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება უცვლელად იქნა დატოვებული /იხ.ს.ფ. 62-68/.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა რ. ჯ-ის წარმომადგენელმა ვ. ნ-ამ, რომელმაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება, შემდეგი მოტივით:
სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, როცა ერთმანეთისაგან განაზოგადა ცნება “ხელფასში” შემავალი განსაზღვრებები. თანამდებობრივი სარგო, პრემია, ჯილდოსა და კანონით გათვალისწინებულ სხვა დანამატებში არ მოიაზრა კვების კომპენსაცია, ვინაიდან კვების კომპენსაცია არის ხელფასის შემადგენელი ნაწილი და მისთვის ხანდაზმულობის ცალკე ვადის განსაზღვრა არ შეესაბამება კანონის მოთხოვნებს /იხ.ს.ფ. 75-83/.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ასევე საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგი მოტივით:
სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიული თვალსაზრისით დაუსაბუთებელი და არასრულია. სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი, რის გამოც იგი ექვემდებარება გაუქმებას.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად იმსჯელა მოსარჩელის სასარგებლოდ ხელფასის, ჯილდოსა და მატერიალური დახმარების დაკმაყოფილების ნაწილში. ამასთან, დაარღვია სსსკ-ის 377.1 და 105-ე, ასკ-ის მე-4 და მე-19 მუხლები, კერძოდ, საქმეში არსებული ცნობები შეაფასა დავალიანების აღიარებად, რაც არაკანონიერია, რადგან აღიარება ან დაპირება მხოლოდ მაშინ წარმოშობს ვალდებულებას, თუ იგი მიღებულია უფლებამოსილი პირის მიერ და თუ მას ინფორმაციული ხასითი არა აქვს. კასატორმა ასევე მიუთითა, მატერიალური დახმარებისა და ჯილდოს ანაზღაურების ნაწილში, სარჩელის ხანდაზმულობაზე და განმარტა, რომ ამგვარ მოთხოვნებზე ვრცელდება სსკ-ის 129-ე მუხლით დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა /იხ.ს.ფ. 60-71/.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 29 აპრილისა და 2008 წლის 30 მაისის განჩინებებით წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და რ. ჯ-ის წარმომადგენლის ვ. ნ-ას საკასაციო საჩივრები დასაშვებობის შესამოწმებლად, მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღით, საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარსადგენად /იხ.ს.ფ. 105-106; 124-125/.
საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში კასატორის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილ იქნა მოსაზრება საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, სადაც განიმარტა, რომ საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის თანახმად ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პარქტიკისაგან და საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიღებულია სსსკ-ის 102.3, 105-ე, 337.1 და ასკ-ის მე-4 და მე-19 მუხლების მოთხოვნათა დარღვევით. სასამართლომ ასევე არასწორი შეფასება მისცა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ გაცემულ ცნობებს, ვინაიდან ისინი ვერ ჩაითვლება ვალის აღიარებად, რადგან აღიარება ან დაპირება მხოლოდ მაშინ წარმოშობს ვალდებულებას, თუ იგი მიღებულია უფლებამოსილი პირის მიერ და თუ მას ინფორმაციული ხასითი არა აქვს /იხ.ს.ფ. 115-118/.
საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში კასატორის – რ. ჯ-ის წარმომადგენლის ვ. ნ-ას მიერ წარმოდგენილ იქნა მოსაზრება საკასაციო საჩივრების დასაშვებობასთან დაკავშირებით, სადაც განიმარტა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის თანახმად არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას. ამასთან, საკასაციო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, მათ მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, ვინაიდან სააპელაციო პალატამ დაუსაბუთებლად განაზოგადა ერთმანეთისაგან ისეთი ცნებები, როგორიცაა მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო და სასურსათო ულუფა. მოსამსახურის შრომით გასამრჯელოში კანონმდებელმა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონში მოიაზრა ხელფასი, რომელიც მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და სხვა დანამატებს, რასაც, მოცემულ შემთხვევაში, წარმოადგენს სასურსათო ულუფის ფულადი კომპენსაცია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობა საქმის მასალების გაცნობის და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და რ. ჯ-ის წარმომადგენლის ვ. ნ-ას საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის თანახმად საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ, საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.
მოცემულ შემთხვევაში კასატორების _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და რ. ჯ-ის წარმომადგენლის ვ. ნ-ას მიერ კომპეტენტურად არ იქნა რეალიზებული მათი საპროცესო უფლებები, კერძოდ ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელიც საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის წინაპირობა გახდებოდა. ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრებში აღნიშნული კასაციის მოტივები (კასაციის მიზეზი) არ შეიცავს მოტივაციას ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების თაობაზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობას მიაჩნია, რომ არ არსებობს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და რ. ჯ-ის წარმომადგენლის ვ. ნ-ას საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და რ. ჯ-ის წარმომადგენლის ვ. ნ-ას საკასაციო საჩივრები მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243.2, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და რ. ჯ-ის წარმომადგენლის ვ. ნ-ას საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. განჩინების ასლი გადაეგზავნოს მხარეებს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.