¹ბს-367-348(კ-07) 8 ოქტომბერი, 2007წ.
თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლალი ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) _ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი (ამჟამად, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი «სოციალური სუბსიდიების სააგენტო»)
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ მ. დ-ა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება
დავის საგანი _ სამუშაოზე აღდგენა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2005 წლის 23 მარტს სამტრედიის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა მ. დ-ამ მოპასუხე საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სამტრედიის ფილიალის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხე ორგანიზაციაში ზონის ინსპექტორის თანამდებობაზე აღდგენა.
მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლები მდგომარეობდა შემდეგში:
მ. დ-ა მუშაობდა საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სამტრედიის ფილიალში სხვადასხვა თანამდებობებზე. სამუშაოდან გათავისუფლებამდე იგი იყო ფილიალის .... მთლიან საშტატო განაკვეთზე. საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სამტრედიის ფილიალის უფროსის 2005 წლის 25 იანვრის ¹09/ბ ბრძანებით მოსარჩელე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა» ქვეპუნქტის, 36-37-ე მუხლების საფუძველზე. მოსარჩელის მითითებით, აღნიშნული ბრძანება გამოცემული იყო შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის დარღვევით, ვინაიდან მოპასუხეს არ უმსჯელია სამუშაოზე მისი უპირატესი დარჩენის საკითხზე. აღნიშნული მუხლის თანახმად, მუშაკთა რიცხოვნობის ან შტატების შემცირებისას სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლება ენიჭებოდათ იმ მუშაკებს, რომლებიც უფრო მაღალი კვალიფიკაციითა და შრომის ნაყოფიერებით გამოირჩეოდნენ, თანაბარი პირობების შემთხვევაში სამუშაოზე დარჩენის უპირატესობა ეძლეოდა ოჯახის მეპატრონეს, თუ კმაყოფაზე ჰყავდა ორი ან მეტი პირი. მოსარჩელეს ჰყავდა ორი მცირეწლოვანი შვილი, რომელთაგან ერთი იყო ბავშვობიდან ინვალიდი. ამასთან, მოსარჩელეს ჰქონდა 17 წლამდე მუშაობის სტაჟი, რის გამოც სარგებლობდა სამუშაოზე დარჩენის უპირატესობით.
მოსარჩელის მოსაზრებით, მოპასუხე ორგანიზაციამ ასევე დაარღვია შრომის კანონთა კოდექსის 421 მუხლის მოთხოვნა, რომლის თანახმად, გათავისუფლებული მუშაკების შრომის უფლება გარანტირებული იყო სხვა სამუშაოს მიცემით იმავე საწარმოში, დაწესებულებაში ან ორგანიზაციაში, რაც მოცემულ შემთხვევაში არ მომხდარა. მოპასუხეს მისთვის არ შეუთავაზებია სხვა სამუშაო, მაშინ როდესაც ორგანიზაციაში სტრუქტურული რეორგანიზაციის განხორციელების შემდეგ დარჩა 16 საშტატო ერთეული, რომელთაგან 2 იყო ვაკანტური. აქედან გამომდინარე, შრომის კანონთა კოდექსის 206-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არსებოდა სამუშაოზე მისი აღდგენის საფუძველი.
მოსარჩელე მიუთითებდა, რომ, მართალია, სამუშაოდან გათავისუფლდა 2005 წლის 25 იანვარს, მაგრამ აღნიშნულ საკითხზე იგი მიმართავდა სხვადასხვა სახელმწიფო უწყებას, რის გამოც ითხოვდა გაშვებული ერთთვიანი ვადის საპატიოდ ჩათვლას (ს.ფ. 2-5).
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილებით მ. დ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, საპატიოდ ჩაეთვალა სასამართლოსადმი მიმართვის გაშვებული ვადა, გაუქმდა სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სამტრედიის ფილიალის უფროსის 2005 წლის 25 იანვრის ¹09/ბ ბრძანება მ. დ-ას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, მ. დ-ა აღდგენილ იქნა სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სამტრედიის ფილიალის ზონის ინსპექტორის ტოლფას თანამდებობაზე (ს.ფ. 52-55).
რაიონული სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სამტრედიის ფილიალის უფროსმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
აპელანტის მითითებით, 2005 წლის 25 იანვრის ¹09/ბ ბრძანება, რომლითაც მ. დ-ა გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, ეფუძნებოდა სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის გენერალური დირექტორის 2004 წლის 3 დეკემბრის ბრძანების ¹4 დანართს «საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის აჭარის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების, რეგიონული, რაიონული და საქალაქო ფილიალების მუშაკთა საკვალიფიკაციო მოთხოვნების» შესახებ. აღნიშნული დანართის შესაბამისად, უმაღლესი განათლების არმქონე მუშაკი შეიძლებოდა დანიშნულიყო მხოლოდ სპეციალისტის თანამდებობაზე. ორგანიზაციაში განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად გაუქმდა ...... თანამდებობა, რომელზედაც მოსარჩელე მუშაობდა და მის ნაცვლად შემოღებულ იქნა ..... და წამყვანი .... თანამდებობები. ამ თანამდებობებზე უნდა დანიშნულიყვნენ მხოლოდ უმაღლესი განათლების მქონე პირები. ვინაიდან მ. დ-ა ამ პირობას არ აკმაყოფილებდა, ამდენად, შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა» ქვეპუნქტის საფუძველზე, იგი გათავისუფლდა სამუშაოდან. მუშაკთა შერჩევისას კი გამოყენებულ იქნა შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის შესაბამისადაც უპირობო უპირატესობა ენიჭებოდა მუშაკის კვალიფიკაციას, კონკრეტულ შემთხვევაში, უმაღლეს განათლებას. აპელანტის მოსაზრებით, სადავო ურთიერთობის გადაწყვეტისას რაიონულმა სასამართლომ არასწორად გამოიყენა «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 96-ე მუხლი, რადგან სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი იყო საჯარო სამართლის იურიდიული პირი და მის მუშაკებთან მიმართებაში მხოლოდ შრომის კანონთა კოდექსი უნდა ყოფილიყო გამოყენებული (ს.ფ. 59-60).
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებით სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სამტრედიის ფილიალის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილება, მ. დ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა (ს.ფ. 102-104).
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. დ-ამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და იმავე სასამართლოსათვის საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება (ს.ფ. 110-112).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 2 მარტის განჩინებით მ. დ-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილება, საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას (ს.ფ. 121-129).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 8 მაისის გადაწყვეტილებით საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სამტრედიის რაიონული ფილიალის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით მ. დ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, გაუქმდა სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სამტრედიის რაიონული ფილიალის უფროსის 2005 წლის 25 იანვრის ¹09/მ ბრძანება მ. დ-ას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ მ. დ-ა აღდგენილ იქნა საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სამტრედიის რაიონული ფილიალის ..... თანამდებობაზე (ს.ფ. 144-151).
მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანმა სახელმწიფო ფონდმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნება (ს.ფ. 155-157).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 29 ნოემბრის განჩინებით საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 8 მაისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს (ს.ფ. 206-214).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სამტრედიის ფილიალის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილება მ. დ-ას სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სამტრედიის რაიონული ფილიალის .... ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის ნაწილში, სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სამტრედიის ფილიალს დაევალა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მ. დ-ას სამუშაოზე მოწყობის თაობაზე, დანარჩენ ნაწილში სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მოტივები მდგომარეობს შემდეგში:
2004 წლის 3 დეკემბერს საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის გენერალური დირექტორის ¹01/163-ო ბრძანებით განხორციელდა ერთიანი სახელმწიფო ფონდის სტრუქტურული რეორგანიზაცია. 2004 წლის 14 დეკემბერს მიღებულ იქნა ახალი ბრძანება ¹01/168-ო, რომლითაც ცვლილება შევიდა ზემოაღნიშნულ ბრძანებაში. მითითებული ბრძანებით განხორციელდა სტრუქტურული ცვლილება, დამტკიცდა მუშაკთა რიცხოვნობა და თანამდებობრივი კატეგორიები: უფროსი _ 1, უფროსი _ 1, მთავარი ბუღალტერი _ 1, მთავარი ბუღალტერის მოადგილე _ 1, მთავარი სპეციალისტი _ 1, წამყვანი სპეციალისტი _ 10, სპეციალისტი _ 4, სულ 19 საშტატო ერთეული. იმავე 2004 წლის 14 დეკემბრის ბრძანებით მთავარი და წამყვანი სპეციალისტის თანამდებობებზე საკვალიფიკაციო მოთხოვნად განისაზღვრა უმაღლესი იურიდიული ან ეკონომიური განათლება.
მ. დ-ა ზონის ინსპექტორის თანამდებობიდან გათავისუფლდა 2005 წლის 25 იანვარს, ფონდის გენერალური დირექტორის 2004 წლის 3 დეკემბრის ¹01/163-ო ბრძანების შესაბამისად განხორციელებული რეორგანიზაციის გამო, შრომის კანონთა კოდექსის 36-ე და 37-ე მუხლების საფუძველზე.
შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა» ქვეპუნქტი ითვალისწინებს ადმინისტრაციის ინიციატივით შრომის ხელშეკრულების ვადამდე შეწვეტას საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ლიკვიდაციის ან რეორგანიზაციის, ან მუშაკთა რიცხოვნობისა და შტატების შემცირების გამო, რაც არ გულისხმობს საწარმოს რეორგანიზაციის შემთხვევაში ადმინისტრაციის მიერ მუშაკის უპირობოდ გათავისუფლების შესაძლებლობას. მუშაკის დათხოვნა შეუძლებელია, თუ არ გამოირიცხა რეორგანიზებულ საწარმოში მუშაკის შემდგომი დასაქმების შესაძლებლობა.
საქმეში წარმოდგენილია საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სამტრედიის ფილიალსა და მ. დ-ას შორის 2005 წლის 31 იანვარს გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება, რომლის მოქმედების ვადაც განისაზღვრა 3 თვით. ხელშეკრულება ხელმოწერილია ორივე მხარის მიერ. ამ ხელშეკრულების მე-3 პუნქტის მიხედვით, შემსრულებლისათვის შეთანხმებით გამოწვეული სამუშაოს შესრულება არ განიხილება მის ძირითად საქმიანობად, იგი არ წარმოადგენს ფილიალის შრომითი კოლექტივის წევრს, შესაბამისად, ვერ ისარგებლებს ფილიალის მუშაკთა უფლებებითა და მოვალეობებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ხელშეკრულება ვერ ჩაითვლება იმის დასტურად, რომ მ. დ-ა დათანხმდა სამუშაოდან გათავისუფლებას. მ. დ-ას სარჩელი არ არის ხანდაზმული, რადგან სამუშაოდან გათავისუფლების გამო მან არაერთხელ მიმართა ერთიან სახელმწიფო ფონდს. ბოლო მიმართვის თარიღია 2005 წლის 10 მარტი, რომელზეც პასუხის გაუცემლობის გამო 2005 წლის 23 მარტს შეიტანა სარჩელი. 2005 წლისათვის მოქმედი შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლის «ა» პუნქტი არ გულისხმობდა უპირობოდ მუშაკის დათხოვნას, თუ არ გამოირიცხებოდა შრომის კანონთა კოდექსის 421-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» პუნქტის მოთხოვნა, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია (ს.ფ. 231-237).
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანმა სახელმწიფო ფონდმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
2004 წლის 3 დეკემბერს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის გენერალური დირექტორის ¹01/163-ო ბრძანებით განხორციელდა ფონდის სტრუქტურული რეორგანიზაცია. 2004 წლის 14 დეკემბერს ზემოაღნიშნულ ბრძანებაში შევიდა ცვლილება, დამტკიცდა მუშაკთა რიცხოვნობა და თანამდებობრივი კატეგორიები. ამავე ბრძანებით მთავარი და წამყვანი სპეციალისტის თანამდებობებზე საკვალიფიკაციო მოთხოვნად განისაზღვრა უმაღლესი იურიდიული და ეკონომიური განათლება. მ. დ-ა თანამდებობიდან გათავისუფლდა 2005 წლის 25 იანვარს შრომის კანონთა კოდექსის 36-37-ე მუხლების საფუძველზე. მითითებული 36-ე მუხლი განსაზღვრავდა რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების შედეგად თანაბარი პირობების შემთხვევაში მუშაკის უპირატესი დარჩენის უფლებას. ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ იყო თანაბარი პირობები, რადგან მ. დ-ა ვერ აკმაყოფილებდა საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, კერძოდ, არ ჰქონდა უმაღლესი იურიდიული/ეკონომიური განათლება და გათავისუფლების დროს არ ჰქონდა კომპიუტერის სამომხმარებლო დონეზე ცოდნის დამადასტურებელი მოწმობა (ს.ფ. 243-245).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ^ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეცეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას, შემდეგ გარემოებათა გამო:
მოცემულ საქმეზე დავის საგანია მ. დ-ას საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სამტრედიის რაიონული ფილიალის ... თანამდებობაზე აღდგენა. მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლების საფუძველს წარმოადგენდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სამტრედიის რაიონული ფილიალის უფროსის 2005 წლის 25 იანვრის ¹09/ბ ბრძანება. სადავო სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული საქმე არ მიეკუთვნება ადმინისტრაციული კატეგორიის დავას.
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1. მუხლის მიხედვით, საერთო სასამართლოები ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილავენ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარე სამართლებრივი ურთიერთობებიდან წარმოშობილ დავებს. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.2. მუხლი აკონკრეტებს, თუ რა შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციული დავის საგანს. მხოლოდ ის გარემოება, რომ მოპასუხეს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანო, დავას არ განაკუთვნებს ადმინისტრაციულ კატეგორიას, რამდენადაც დავის ადმინისტრაციულად მიჩნევისათვის განმსაზღვრელია სწორედ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარე სამართალურთიერთობის არსებობა, რომელიც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის.
«საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ» კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი არის შესაბამისი კანონით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით ან კანონის საფუძველზე ადმინისტრაციული აქტით შექმნილი ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით ახორციელებს პოლიტიკურ, სახელმწიფოებრივ, სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა საქმიანობას. იმავდროულად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის «ა» ქვეპუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოა, თუმცა აღნიშნული არ გულისხმობს, რომ მისი ხელმძღვანელის მიერ გამოცემული ყველა ბრძანება, მათ შორის, ბრძანება მუშაკის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ, წარმოადგენს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის «დ» ქვეპუნქტით რეგლამენტირებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის «დ» ქვეპუნქტის მოთხოვნიდან გამომდინარე, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიიჩნევა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მხოლოდ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი. ამდენად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის მხოლოდ ის ბრძანება, რომელიც გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან და იწვევს სამართლებრივ შედეგს. ამ შემთხვევაში მ. დ-ას სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის ბრძანება არ არის გამოცემული ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და არც სადავო ურთიერთობა წარმოადგენს თავისი შინაარსით ადმინისტრაციულსამართლებრივს.
მართალია, საჯარო სამართლის იურიდიული პირი, «საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ» კანონის შესაბამისად, საჯაროსამართლებრივი ინსტიტუტია და, იმავდროულად, წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის საფუძველზე, მაგრამ მისი თანამშრომლის მიმართ ყოველთვის ვერ გავრცელდება «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის ნორმები. მითითებული კანონის პრეამბულაში განსაზღვრულია კანონის რეგულირების სფერო, კერძოდ, აღნიშნული კანონი ადგენს საქართველოში საჯარო სამსახურის ორგანიზაციის სამართლებრივ საფუძვლებს, აწესრიგებს საჯარო სამსახურის განხორციელებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს საჯარო მოსამსახურის სამართლებრივ მდგომარეობას. ამავე კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულია სახელმწიფო დაწესებულებების ჩამონათვალი, რომელში სამსახურიც ითვლება საჯარო სამსახურად. ამ ჩამონათვალში საჯარო სამართლის იურიდიული პირი გათვალისწინებული არ არის. მოსარჩელის თანამდებობა, როგორც საჯარო მოხელისა, არ არის გათვალისწინებული არც საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის ბრძანებულებით დამტკიცებულ საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრში. ამასთან, მოსარჩელის თანამდებობა, რომელიც არ განეკუთვნება საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელ თანამდებობას, არც ფუნქციურად შეიძლება გაუთანაბრდეს საჯარო მოსამსახურეს. ამდენად, მოსარჩელე ვერ ჩაითვლება საჯარო მოსამსახურედ და, შესაბამისად, «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის სუბიექტად. ვერც მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლების ბრძანება მიიჩნევა «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 127-ე მუხლში მითითებულ ადმინისტრაციულ აქტად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2007 წლის 10 ივლისის განჩინებით განმარტებულია, რომ ამა თუ იმ დავის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი კატეგორიის დავად მიჩნევისათვის არსებითი და გადამწყვეტია სწორედ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველ ნაწილში მითითებული ნორმატიული ელემენტი _ დავის გამომდინარეობა ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან. ამავე განჩინებით დიდმა პალატამ მიიჩნია, რომ დაკავებული თანამდებობიდან საჯარო სამართლის იურიდიული პირის რიგითი თანამშრომლის გათავისუფლების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის ბრძანება არ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.
მ. დ-ას, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სამტრედიის რაიონული ფილიალის ზონის ინსპექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების კანონიერების შეფასებისას გამოყენებულ უნდა იქნეს კერძო სამართლის კანონმდებლობა _ შრომის კანონთა კოდექსი. მ. დ-ას სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ სადავო ბრძანების სამართლებრივი საფუძველიც სწორედ შრომის კანონთა კოდექსის ნორმებია, კერძოდ, აღნიშნული კოდექსის 36-37-ე მუხლები. სადავო აქტით შეწყვეტილია კერძოსამართლებრივი ურთიერთობა, ერთი მხრივ, ადმინისტრაციულ ორგანოსა და, მეორე მხრივ, ფიზიკურ პირს შორის და ამ ურთიერთობაში, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 651 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს, როგორც სამოქალაქო სამართლის სუბიექტი.
მოცემულ შემთხვევაში საქმე განხილულია დარგობრივი განსჯადობის წესების დარღვევით, რის გამოც დარღვეულია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-5, 26-ე მუხლების, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის მოთხოვნები.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი დავა წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის ,,ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველ სამოქალაქო დავას, რის გამოც საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმე განსახილველად გადაეცეს განსჯად სასამართლოს _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეცეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.