ბს-367-354(2კ-08) 24 სექტემბერი, 2008 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა ც. ღ.-ისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.02.08წ. გადაწყვეტილებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ც. ღ.-მ 12.09.07წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ... სამხედრო ... ჰოსპიტალის მიმართ და მოპასუხისათვის დავალიანების გადახდის დაკისრება მოითხოვა. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 1994 წლის 31 იანვრიდან მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ... ჰოსპიტალში სხვადასხვა თანამდებობებზე. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 20.03.07წ. ¹841 ბრძანებით გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მის მიმართ გააჩნია ხელფასის დავალიანება 389,11 ლარის ოდენობით, კვების კომპენსაცია 670,04 ლარის ოდენობით, კვარტალური ჯილდო 223,43 ლარის ოდენობით და მატერიალური დახმარება 64,33 ლარის ოდენობით, ერთიანობაში დავალიანების თანხა შეადგენს 1346,91 ლარს, რაც დასტურდება მოპასუხის მიერ გაცემული ცნობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 27.09.07წ. საოქმო განჩინებით ... ჰოსპიტალის ნაცვლად საქმეში მოპასუხედ ჩაბმული იქნა საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 27.09.07წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ც. ღ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების გადახდა 1346,91 ლარის ოდენობით. საქართველოს შეიარაღებული ძალების ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის 03.09.07წ. ¹3-11/6369 ცნობის საფუძველზე სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის კუთვნილი დავალიანება შეადგენს 1346.91 ლარს, მათ შორის, ხელფასის დავალიანება _ 389.11 ლარს, კვების კომპენსაცია _ 670.04 ლარს, კვარტალური ჯილდო _ 223.43 ლარს, მატერიალური დახმარება _ 64.33 ლარს. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 22.08.07წ. ¹9/2606 წერილით არ დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა დავალიანების ანაზღაურების შესახებ, თუმცა განმარტა, რომ სახელფასო დავალიანების ანაზღაურება განხორციელდებოდა ამ მიზნებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე იმყოფებოდა შრომით ურთიერთობაში ადმინისტრაციულ ორგანოსთან, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან, “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის თანახმად, წარმოადგენდა მოხელეს, ხოლო “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეს. სასამართლოს მითითებით, “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37.1 მუხლის თანახმად, მოსამსახურეს უფლება აქვს, სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან განთავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი), რომელიც მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს. პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია და აღნიშნა, რომ ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, შემოღებულია კერძო სამართლის საკანონმდებლო აქტით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით, და მოქმედებს კერძო სამართლებრივი ურთიერთობების სფეროში, რასაც მხარეებს შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობა არ განეკუთვნება.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომლითაც გასაჩივრებული გადაყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.02.08წ. გადაწყვეტილებით თავდაცვის სამინისტროს საპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, სარჩელი სასურსათო ულუფის კომპენსაციის, 670,04 ლარის, ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდა, დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ც. ღ.-ის სარჩელი სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სწორად იქნა დაკმაყოფილებული. რაც შეეხება სასურსათო ულუფის კომპენსაციას, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეს (სავალდებულო სამხედრო მოსამსახურის გარდა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმით სახელმწიფოს ხარჯზე ეძლევა სასურსათო ულუფა ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია, ანუ, სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, სამხედრო მოსამსახურე სამხედრო სამსახურისას უზრუნველყოს სასურსათო ულუფით, აღნიშნული ულუფის ნატურით გაუცემლობის შემთხვევაში კი მისცეს შესაბამისი კომპენსაცია. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სასურსათო ულუფის, როგორც სახელმწიფოს მიერ ნატურით გასაწევი ხარჯის, სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, სასურსათო ულუფის კომპენსაცია არ შეიძლება ჩაითვალოს კანონით გათვალისწინებულ იმ დანამატად, რომელსაც “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლით გათვალისწინებული მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს. ამასთან, სასურსათო ულუფის ან შესაბამისი კომპენსაციის ანაზღაურება წარმოადგენს პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას და მის მიმართ გამოყენებული უნდა იქნას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სასარჩელო ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, რაც მოსარჩელის მიერ გაშვებულია. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით აღნიშნული გარემოება ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია, ვინაიდან სსკ-ის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია, უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე. ამავე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ გარემოებას (ვალდებული პირის დაპირებას) კი სასურსათო ულუფასთან მიმართებით განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ქონია.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანეს ც. ღ.-მა და საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ. ც. ღ.-ი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას სარჩელზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებას იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი. კასატორის აზრით, პალატამ არასწორად მიუთითა, რომ სასურსათო კომპენსაციის მოთხოვნისათვის მოქმედებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადა, ვინაიდან _ კვების კომპენსაცია არის ხელფასის შემადგენელი ნაწილი და მისთვის ხანდაზმულობის ცალკე ვადის განსაზღვრა არ შეესაბამება კანონის მოთხოვნებს. ამასთან, თავდაცვის სამინისტროს მიერ გაცემულ ცნობაში და შემდგომ მომართვებშიც არის დაპირება თანამდებობრივი სარგოს, ჯილდოს სხვა დანამატებთან ერთად კვების ანუ, სასურსათო ულუფის კომპენსაციისა. კასატორი მიუთითებს, რომ თავდაცვის სამინისტროს არგუმენტი, ცნობების ინფორმაციული ხასიათის შესახებ, არ გაიზიარა სასამართლომ და განმარტა, რომ ცნობა არის ვალდებულებების შესრულების დაპირება.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი, კერძოდ, საქმეში არსებული ცნობები შეაფასა დავალიანების აღიარებად, რაც არაკანონიერია, რადგან აღიარება ან დაპირება მხოლოდ მაშინ წარმოშობს ვალდებულებას, თუ იგი მიღებულია უფლებამოსილი პირის მიერ და თუ მას ინფორმაციული ხასიათი არ აქვს. კასატორის აზრით, მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილ დოკუმენტებს მხოლოდ ინფორმაციული ხასიათი გააჩნიათ.
კასატორი მიუთითებს რომ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია. “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის (1998-2000 წლების რედაქციით) თანახმად, მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს. იმისათვის, რომ ამა თუ იმ ფინანსურ გასაცემელს მიეცეს ხელფასზე დანამატის სტატუსი და ჩაითვალოს ხელფასის შემადგენელ ელემენტად, საჭიროა ამ ფულად გასაცემელს (ჯილდო, მატერიალური დახმარება) კანონმდებლობის მიხედვით ჰქონდეს “დანამატის” სტატუსი. “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეს (სავალდებულო სამხედრო მოსამსახურის გარდა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სახელმწიფოს ხარჯზე ეძლევა სასურსათო ულუფა და ფორმის ტანსაცმელი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია. კასატორის აზრით, კვების კომპენსაციას, ჯილდოს და მატერიალური დახმარებას, "სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მეორე და მესამე პუნქტიდან გამომდინარე, "დანამატის" სტატუსი არ აქვს მინიჭებული და შესაბამისად არ წარმოადგენს "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 37.1 მუხლით გათვალისწინებულ ხელფასში შემავალ დამანატებს, არამედ ხელფასისაგან დამოუკიდებელ ფულადი გასაცემელია. სსკ-ის 130-ე მუხლის მიხედვით, როგორც სსკ-ის 129-ე მუხლით გათვალისწინებული სამწლიანი ხანდაზმულობის, ისე “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 127-ე მუხლით გათვალისწინებული ერთთვიანი ხანდაზმულობის ვადის ათვლა დაიწყო იმ დღის მომდევნო დღიდან, როდესაც მოსარჩელეს უნდა მიეღო თითოეული თვის ან პერიოდის ჯილდო, ან მატერიალური დახმარება. შესაბამისად, კასატორის აზრით, სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ც. ღ.-ის და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ც. ღ.-ისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.