Facebook Twitter

ბს-368-349(კ-07) 11 ოქტომბერი, 2007 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე, (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ლალი ლაზარაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა გ. გ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს ეკონომიკისა და განვითარების სამინისტროს მთავარი არქმშენინსპექციის იმერეთის რეგიონალურმა არქმშენინსპექციამ 21.10.04წ. სარჩელი აღძრა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხე გ. გ-ის მიმართ, რომლითაც კანონმდებლობის დარღვევით აშენებული აივნის დემონტაჟი და შენობის ფასადის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა მოითხოვა.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ ქ. ქუთაისში, .... ქ. ¹13-ში გ. გ-ემ მისი კუთვნილი სახლის მე-2 სართულზე აწარმოვა აივნის მიშენება სათანადო პროექტისა და ნებართვის გარეშე. იმერეთის რეგიონალური არქმშენინსპექციის თანამშრომლებმა შეადგინეს «არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში დარღვევის შესახებ» 07.09.04წ. ოქმი, ვინაიდან გ. გ-ემ ვერ წარმოადგინა მშენებლობისათვის საჭირო დოკუმენტაცია, იმერეთის რეგიონალურმა არქმშენინსპექციამ «არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ» საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-8 პუნქტის «თ» ქვეპუნქტის შესაბამისად 23.09.04წ. მიიღო დადგენილება ¹68 ქ. ქუთაისში, .... ქ. ¹13-ში უკანონოდ აშენებული აივნის დემონტაჟის შესახებ, რაც გ. გ-ემ არ შეასრულა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 15.11.04წ. განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა ც. კ-ე, დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის უფლებით.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 27.10.05წ. გადაწყვეტილებით საქართველოს ეკონომიკისა და განვითარების სამინისტროს მთავარი არქმშენინსპექციის იმერეთის რეგიონალური არქმშენინსპექციის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა; მოპასუხე გ. გ-ეს დაეკისრა კანონმდებლობის დარღვევით აშენებული აივნის დემონტაჟი და შენობის ფასადის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 27.10.05წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. გ-ემ, რომელმაც აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად საქალაქო სასამართლოსათვის დაბრუნება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.03.06წ. განჩინებით გ. გ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, საქმეზე დაინიშნა სასამართლო საინჟინრო ექსპერტიზა და ექსპერტიზის დამთავრებამდე შეჩერდა საქმის წარმოება, რაც კერძო საჩივრით გაასაჩივრა ც. კ-ემ და მოითხოვა საქმის წარმოების განახლება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 25.07.06წ. განჩინებით ც. კ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.03.06წ. განჩინება (საქმის წარმოების შეჩერების ნაწილში) და საქმე განსახილველად დაუბრუნდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.02.07წ. განჩინებით განახლდა საქმის წარმოება გ. გ-ის სააპელაციო საჩივარზე.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 19.02.07წ. განჩინებით არ დაკმაყოფილდა გ. გ-ის სააპელაციო საჩივარი, უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 27.10.05წ. გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 12.11.04წ. გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა გ. გ-ის სარჩელი არქმშენინსპექციის 23.09.04წ. დადგენილების ბათილად ცნობის თაობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. ამ გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, ირკვევა, რომ გ. გ-ის მიმართ შედგენილ იქნა არქმშენინსპექციის დადგენილება, რომ მან უპროექტოდ და უნებართვოდ მოაწყო აივანი. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის «ბ» ქვეპუნქტის მიხედვით, მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც, თუმცა ემყარება მათი მოთხოვნები თუ შესაგებელი, მაგრამ მტკიცებას არ საჭიროებს ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ. ასევე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 266-ე მუხლის მიხედვით, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი. არქიტექტურულ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ კანონის მე-4 მუხლის მე-8 პუნქტის «თ» ქვეპუნქტის მიხედვით, არქმშენინსპექციას უფლება აქვს, გაფრთხილების შემდეგ დამრღვევის მიერ შესაბამისი ღონისძიებების გაუტარებლობის შემთხვევაში მიიღოს დადგენილება და სასამართლოში შეიტანოს სარჩელი საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული, მიშენებული, დაშენებული, აღდგენილი, რეკონსტრუირებული ანდა დამონტაჟებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დანგრევის (დემონტაჟის) შესახებ (სარჩელის შეტანის დროს 2004 წლისათვის მოქმედი რედაქცია). არქმშენინსპექციის გაუქმების გამო შეიქმნა ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის ნებართვების, მოსაკრებლებისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახური, რის გამოც აღნიშნული ორგანიზაცია იქნა მიწვეული სხდომაზე, რომელმაც მხარი დაუჭირა სარჩელს და მოითხოვა არ დაკმაყოფილებულიყო გ. გ-ის სააპელაციო საჩივარი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 19.02.07წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. გ-ემ და საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორმა მიუთითა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის იურიდიულად საკმაოდ დასაბუთებული. სააპელაციო სასამართლო დაეყრდნო კანონიერ ძალაში შესულ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 12.11.04წ. გადაწყვეტილებას. მართალია, უზენაესი სასამართლოს 15.07.05წ. განჩინებითYსაბოლოოდ კანონიერად იქნა ცნობილი იმერეთის რეგიონალური არქმშენინსპექციის უფროსის _ ი. დ-ის 23.09.04წ. ¹68 დადგენილება, რომელიც ითვალისწინებს გ. გ-ის მიერ ნაწარმოები მიშენების დემონტაჟს, მაგრამ ეს არ გულისხმობს, რომ სასამართლო ვალდებულია, უპირობოდ დააკმაყოფილოს არქმშენინსპექციის სარჩელი შენობის დემონტაჟის შესახებ. კანონმდებელი აღნიშნული საკითხის გადაწყვეტას ანდობს სასამართლოს. «არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ» საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-8 პუნქტის «თ» ქვეპუნქტით ნაგებობის დემონტაჟის გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო, ხოლო არქმშენინსპექციის დადგენილება არის სასამართლო მიმართვის მხოლოდ წინაპირობა. იმისათვის, რომ სასამართლომ მიიღოს შენობის დემონტაჟის გადაწყვეტილება, მან უნდა იმსჯელოს, რამდენად პასუხობს ნაგებობა უსაფრთხო ექსპლუატაციის პირობებს, რამდენად არის უზრუნველყოფილი კონსტრუქციული ელემენტების სიმტკიცე, მდგრადობა, საიმედობა, ან ხომ არ არღვევს მეზობლების ინტერესებს. რადგან თუ შენობა აკმაყოფილებს ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს, იმის გამო, რომ იგი უპროექტოდ ან უნებართვოდ არის აგებული, არ შეიძლება გახდეს დანგრევის საფუძველი, ეს არის მხოლოდ დაჯარიმების საფუძველი, რასაც არქმშენინსპექცია წყვეტს სასამართლოს გარეშე, თავისი დადგენილებით, ხოლო ნაგებობის დემონტაჟის საკითხს სასამართლოს სწორედ იმიტომ ანდობს, რომ ზემოაღნიშნული საკითხები გამოარკვიოს. კასატორმა ასევე აღნიშნა, რომ სასამართლოს მიერ დანიშნული ექსპერტიზის დასკვნით მის მიერ აგებული შენობა არის მდგრადი, საიმედო და სრულად აკმაყოფილებს უსაფრთხო ექსპლუატაციის პირობებს, არ არღვევს მეზობლის ინტერესებს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 04.05.07წ. განჩინებაზე 21.05.07წ. მოსაზრება წარმოადგინა ც. კ-ემ და მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი, ვინაიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს 15.07.05წ. განჩინებით კანონიერად მიიჩნიეს იმერეთის რეგიონალური არქმშენინსპექციის 23.09.04წ. დადგენილება ¹68 გ. გ-ის უკანონოდ აშენებული კაპიტალური აივნის დემონტაჟის შესახებ და «არქიტექტურულ სამშენებლო საქმიანობაში დარღვევების შესახებ» 07.09.04წ. ოქმი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. გ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც გ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ. გ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. გ. გ-ეს დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 90 ლარის გადახდა.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.