ბს-370-356(კ-08) 12 ივნისი, 2008 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე.
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
2006 წლის 29 აგვისტოს მ. ჯ.-მ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ...-ის შტაბის ...-ის დეპარტამენტის მიმართ და მოითხოვა მოპასუხის დავალდებულება შეიარაღებული ძალების რიგებში მისი ჩარიცხულად და შემდგომში ამორიცხულად ცნობის შესახებ ბრძანების გამოცემის თაობაზე (იხ. ს.ფ. 1-3).
მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა, მოპასუხედ მიუთითა საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და მოითხოვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ... შტაბის ...-ის დეპარტამენტის 2006 წლის 14 აგვისტოს ¹4511 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი აქტის გამოცემის დავალდებულება (იხ. ს.ფ. 22-23).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილებით მ. ჯ.-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო (იხ. ს.ფ. 40-42).
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ჯ.-მ და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმება (იხ. ს.ფ. 46-50).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ. ჯ.-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით მ. ჯ.-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ... შტაბის ...ის დეპარტამენტის 2006 წლის 14 აგვისტოს ¹4511 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მ. ჯ.-ს საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში ჩარიცხვისა და ამორიცხვის შესახებ (იხ. ს.ფ. 81-85).
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 90-95).
საკასაციო სასამართლოს 2008 წლის 29 აპრილის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად და მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღით საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად (იხ. ს.ფ. 105-106).
საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით მოსაზრებები წარმოადგინეს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და მ. ჯ.-მ.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ მოითხოვა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა შემდეგი მოტივით:
კასატორის მოსაზრებით, საკასაციო საჩივარი დასაშვებია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის “ა” და “გ” ქვეპუნქტების შესაბამისად.
სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვისას იხელმძღვანელა კანონით, რომლითაც არ უნდა ეხელმძღვანელა და არ იხელმძღვანელა კანონით, რომლითაც უნდა ეხელმძღვანელა, სათანადოდ არ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, რაც წარმოადგენს მნიშვნელოვან საპროცესო დარღვევას და რაც გახდა იურიდიულად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
კასატორის მითითებით, “საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” კანონის მე-15 მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილებით სამინისტროს კომპეტენცია დგინდება კანონით ან კანონის საფუძველზე გამოცემული საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე და ახორციელებს მისი კომპეტენციის ფარგლებში შემავალ საქმიანობას. ამავე კანონის 18.2 მუხლით სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის კომპეტენცია განისაზღვრება სამინისტროს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი. შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 25 აპრილის ¹146 ბრძანებით დამტკიცდა საქართველოს ... შტაბის ...-ის დეპარტამენტის დებულება.
კასატორის მითითებით, გასაჩივრებული აქტი გამოცემულია მითითებული დეპარტამენტის მიერ მისი კომპეტენციის ფარგლებში, კერძოდ, თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 25 აპრილის ¹146 ბრძანების მე-6 მუხლის “ტ” პუნქტის შესაბამისად. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა უსაფუძვლოდ მიიჩნია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53.5 მუხლის დარღვევის შესახებ, რადგან დეპარტამენტმა განახორციელა მისი კომპეტენციის ფარგლებში შემავალი ადმინისტრაციული წარმოების სახე _ საარქივო მასალათა გამოკვლევა.
ამდენად, კასატორის მითითებით, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებით შებოჭილი ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობაში ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახეთა გამოყენების დასაშვებობისა და მიზანშეწონილობის დადგენა მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი და არასრულია, სააპელაციო სასამართლოს არ შეუმოწმებია რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ თავდაცვის მინისტრის 2001 წლის 18 ივლისის ¹155-ე ბრძანებით დამტკიცდა “საბრძოლო მოკვლევის შესახებ” დებულება, რომლის მე-2 პუნქტით საბრძოლო მოკვლევას ატარებს თავდაცვის მინისტრის, ... შტაბის უფროსის და კადრების მთავარი სამმართველოს უფროსის ბრძანებით უფლებამოსილი პირი, რაც მტკიცდება მინისტრის ბრძანებით. მოკვლევით დგინდება მხოლოდ მონაწილეობის ფა ქტი და არა სამხედრო მოსამსახურედ ყოფნის და შესაბამისი სტატუსის ქონა. ამასთან, საბრძოლო მოკვლევა არ პასუხობს არც ერთ დადგენილ რეკვიზიტს. ამდენად, ამ დოკუმენტით შეუძლებელი იყო სამინისტროს დაედასტურებინა პირის საომარ მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტი.
ამდენად, კასატორის მოსაზრებით, ...-ის დეპარტამენტის უარი ცნობის გაცემაზე იმ მოტივით, რომ საარქივო მასალებში არ მოიძებნება კონკრეტული განმცხადებლის ჩარიცხვა-ამორიცხვის ბრძანებები, არ შეიძლება ჩაითვალოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევით გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტად, რადგან იგი გამოცემულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1 მუხლის დაცვით, თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 25 აპრილის ¹146 ბრძანების მე-6 მუხლის “ტ” პუნქტით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის, 97.1 მუხლის “ზ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგად (იხ. ს.ფ. 112-115).
მ. ჯ.-მ მოითხოვა საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა შემდეგი მოტივით:
მოწინააღმდეგე მხარის მითითებით, თავდაცვის სამინისტროს სადავო აქტის გამოცემისას არ უსარგებლია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-97-ე მუხლებით განსაზღვრული არც ერთი შესაძლებლობით. მისი მხრიდან ადმინისტრაციული წარმოება შემოიფარგლა მხოლოდ იმით, რომ შეამოწმა მოსარჩელე ირიცხებოდა თუ არა მონაცემთა ბაზაში, როგორც აფხაზეთში წარმოებული საომარი მოქმედებების მონაწილე.
მოწინააღმდეგე მხარის მოსაზრებით, მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითება, რომ არქივში არ მოიპოვება სათანადო ინფორმაცია, არ შეიძლება საფუძვლად დასდებოდა მ. ჯ.-ს მოთხოვნაზე უარის თქმას.
ამდენად, მოწინააღმდეგე მხარის მოსაზრებით, არ არსებობს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძველი (იხ. ს.ფ. 110-111).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლოს 2008 წლის 29 აპრილის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი; მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად (იხ. ს.ფ. 105-106).
კასატორის _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი მოსაზრება არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორმა ვერ დაასაბუთა თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უკანონობა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ, საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.
ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კასატორის _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.