Facebook Twitter
¹ბს-373-353(კ-07) 27 სექტემბერი, 2007წ.
თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატამ

შემადგენლობით:

ლალი ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე


საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 22 თებერვლის განჩინებაზე


ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2006 წლის 27 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სასარჩელო განცხადებით მიმართა ვ. დ.-მ მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული ერთჯერადი დახმარების _ 5 წლის საზღაურის დაკისრება, რაც შეადგენს 14 448,40 ლარს, აგრეთვე მე-17 მუხლით გათვალისწინებული სადაზღვევო თანხის გადახდის დაკისრება.
სარჩელის საფუძვლები მდგომარეობდა შემდეგში:
ვ. დ.-ი 1996 წლიდან მსახურობდა სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტში. 1997 წლის 11 სექტემბერს ...-ის ხეობის “...-ის” სასაზღვრო კომენდატურაში მივლინების დროს ანუ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიიღო ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, ტვინის შერყევა, ორივე ქუსლის ძვლის მოტეხილობა. 1998-1999 წლებში პერიოდულად იტარებდა მკურნალობას სასაზღვრო ძალების ცენტრალურ ჰოსპიტალში. შემდგომში ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო 2000 წლის 31 ოქტომბერს სამედიცინო სამმართველოს უფროსის განკარგულების საფუძველზე წარდგენილ იქნა სამხედრო საექიმო კომისიაზე სამხედრო სამსახურისათვის ვარგისიანობის დასადგენად, სადაც სამედიცინო გამოკვლევების შედეგად დაუდგინდა შეზღუდული ვარგისიანობა სამხედრო სამსახურისათვის, რაც გამოწვეული იყო სამსახურის გავლის პერიოდში მიღებული სამხედრო ტრავმით. სამხედრო ძალების ცენტრალური სამხედრო სამედიცინო საექსპერტო კომისიის მიერ სამხედრო ტრავმის მიზეზით მიენიჭა ინვალიდობის მეორე ჯგუფი. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2000 წლის 16 ნოემბრის ¹3789 ბრძანებით ავადმყოფობის გამო დათხოვნილ იქნა სამსახურიდან სამხედრო ძალების რეზერვში პენსიის დანიშვნის უფლებით.
“სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” 1998 წლის 25 ივნისის კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სამხედრო მოვალეობის შესრულებისას სამხედრო მოსამსახურის დაჭრის ან დასახიჩრების შემთხვევაში მის ოჯახს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიეცემა ერთჯერადი დახმარება 5 წლის საზღაურის ოდენობით. სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის საგეგმო-საფინანსო სამმართველოს მიერ გაცემული ცნობის თანახმად, 2000 წელს მისი წლიური ანაზღაურება შეადგენდა 2 889,68 ლარს. შესაბამისად, 5 წლის საზღაურის ოდენობა შეადგენდა 14 448,40 ლარს. გარდა ამისა, ამავე კანონის მე-17 მუხლის შესაბამისად, მას ეკუთვნოდა ერთჯერადი თანხა, რომლის გადახდაც ასევე მოპასუხეს უნდა დაკისრებოდა (ს.ფ. 1-2).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 11 აგვისტოს გადაწყვეტილებით ვ. დ.-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხე შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციას ვ. დ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა 4612.10 ლარის გადახდა.
საქალაქო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტში, რომლის უფლებამონაცვლესაც წარმოადგენდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიცია, საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივნისის ¹126 დადგენილების შესაბამისად.
დადგენილად იქნა მიჩნეული ისიც, რომ 1997 წლის 11 სექტემბერს ...-ის ხეობის “...-ის” სასაზღვრო კომენდატურაში მივლინების დროს ანუ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მოსარჩელემ მიიღო ტრავმა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო 2000 წლის 31 ოქტომბერს წარდგენილ იქნა სამხედრო საექიმო კომისიაზე სამხედრო სამსახურისათვის ვარგისიანობის დასადგენად, სადაც სამედიცინო გამოკვლევების შედეგად დაუდგინდა შეზღუდული ვარგისიანობა სამხედრო სამსახურისათვის, რაც გამოწვეული იყო სამსახურის გავლის პერიოდში მიღებული სამხედრო ტრავმით. საქართველოს სამხედრო ძალების ცენტრალური სამხედრო სამედიცინო საექსპერტო კომისიის მიერ სამხედრო ტრავმის მიზეზით მიენიჭა ინვალიდობის მეორე ჯგუფი. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2000 წლის 16 ნოემბრის ¹3789 ბრძანების თანახმად, “სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ” დებულების მე-6 თავის მე-7 პუნქტის “ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, ავადმყოფობის გამო დათხოვნილ იქნა სამსახურიდან სამხედრო ძალების რეზერვში პენსიის დანიშვნის უფლებით.
1998 წლის 25 ივნისიდან, ე.ი. მოსარჩელის დათხოვნის დროისათვის მოქმედებდა კანონი “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ”, რომლის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სამხედრო მოვალეობის შესრულებისას სამხედრო მოსამსახურის დაჭრის ან დასახიჩრების შემთხვევაში მის ოჯახს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიეცემა ერთჯერადი დახმარება 5 წლის თანამდებობრივი და სამხედრო ან სპეციალური წოდების სარგოების მიხედვით.
საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ვინაიდან კანონი ამოქმედდა 1998 წელს, ხოლო ტრავმა მიღებულ იქნა 1994 წელს, ამ კანონის მოქმედება ვერ გავრცელდებოდა მოსარჩელეზე, რის გამოც სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 14 ნოემბრის ¹796-44 დადგენილებით. ამასთან დაკავშირებით სასამართლომ აღნიშნა, რომ, მართალია, ტრავმა მიღებულია 1997 წლის 11 სექტემბერს, მაგრამ შედეგი დადგა 2000 წელს, როცა მოსარჩელეს ტრავმის მიღების შედეგად გაუუარესდა ჯანმრთელობა და ვეღარ შეძლო მუშაობის გაგრძელება. მოსარჩელის ჯანმრთელობის გაუარესება რომ სწორედ 1997 წელს სამსახურის გავლის პერიოდში მიღებული სამხედრო ტრავმის უშუალო შედეგი იყო, დასტურდებოდა საქმეში არსებული სამხედრო სამედიცინო-საექსპერტო კომისიის დასკვნით, რაც მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია, ხოლო რაც შეეხებოდა საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 14 ნოემბრის ¹796-44 დადგენილებას, საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 2 მარტის ¹124 ბრძანებულებით ძალადაკარგული იყო.
საქალაქო სასამართლოს მითითებით, საქმეში არსებული საქართველოს სასაზღვრო პოლიციის 2006 წლის 11 აგვისტოს ¹195 ცნობით დადგენილი იყო, თუ რამდენს შეადგენდა ვ. დ.-ის თანამდებობრივი და წოდების სარგოს ოდენობა 2000 წელს თვეების მიხედვით, რაც ერთი წლის განმავლობაში შეადგენდა 942.42 ლარს. შესაბამისად, 5 წლის თანამდებობრივი და სამხედრო წოდების სარგოების ოდენობა შეადგენდა 4712.10 ლარს. ამდენად, მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით, მოსარჩელეს ეკუთვნოდა ერთჯერადი დახმარება 4712.10 ლარის ოდენობით (ს.ფ. 35-37).
საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. დ.-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლა იმგვარად, რომ მოპასუხეს მის სასარგებლოდ დაკისრებოდა 5 წლის თანამდებობრივი სარგოს ოდენობა _ 9363 ლარი, ასევე ვალდებულების დროული შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის სახით ყოველთვიურად 2%-ი, რაც მთლიანობაში შეადგენდა 11797.38 ლარს (ს.ფ. 42-43).
მოგვიანებით, აპელანტის მიერ შეტანილ იქნა დამატებითი სააპელაციო საჩივარი, რომელშიც მან განმარტა, რომ ერთჯერადი დახმარების თანხის დაანგარიშება უნდა მომხდარიყო წლიური ფულადი სარგოს ოდენობიდან, რაც მოსარჩელის დათხოვნის დროს მოქმედი ნორმატიული აქტების მიხედვით შეადგენდა წლიურ 1694.84 ლარს, ხუთ წელზე გადაანგარიშებით კი 8474.2 ლარს. ამ თანხას უნდა დამატებოდა ფულადი ატესტატის მიხედვით გაუცემელი თანხა. საბოლოოდ, მოპასუხეს უნდა დაკისრებოდა 11186.12 ლარის ანაზღაურება (ს.ფ. 59).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 22 თებერვლის განჩინებით ვ. დ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 11 აგვისტოს გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა დახმარების სახით ხუთი წლის საზღაურის ანაზღაურება, რაც ყოველწლიური 2889.6 ლარის მიხედვით შეადგენდა 14448.4 ლარს (ს.ფ. 2). შესაბამისად, ფულადი ატესტატის მიხედვით მიუღებელი თანხისა და ფულადი ვალდებულების შესრულების ვადის დარღვევის გამო მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე სააპელაციო სასამართლოს არ გააჩნდა მსჯელობის პროცესუალური შესაძლებლობა, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 381-ე მუხლით დავის საგნის შეცვლა ან გადიდება სააპელაციო სასამართლოში დაუშვებელი იყო. ამასთან, აპელანტმა შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა და უარი განაცხადა სადაზღვევო თანხის მოთხოვნაზე.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები. სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” კანონის 16.3 მუხლის განმარტებას, ასევე თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების წლიური ოდენობის განსაზღვრას, მაგრამ არ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მოსაზრება მითითებული სამართლებრივი ნორმის კონკრეტულ სამართალურთიერთობაზე გავრცელების შესახებ. აღნიშნული ნორმა ძალაში შევიდა 1998 წელს და მან განსაზღვრა ერთჯერადი დახმარების გაცემა იმ პირთა ოჯახებზე, რომლებიც დაიჭრნენ ან დასახიჩრდნენ სამხედრო მოვალეობის შესრულებისას. შესაბამისად, ამ კატეგორიის მოსამსახურეებისთვის 5 წლის საზღაურის ერთჯერადად ანაზღაურების ვალდებულება დაწესდა 1998 წლიდან. აღნიშნულ კანონს უკუქცევითი ძალა არ მინიჭებია. მითითებული ნორმის მოქმედება უნდა გავრცელებულიყო სამხედრო მოსამსახურეებზე, 1998 წლის შემდეგ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ტრავმის მიღების შემთხვევაში. “ნორმატიული აქტების შესახებ” კანონის 47.1 მუხლის თანხმად, ნორმატიულ აქტს აქვს უკუძალა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ეს პირდაპირ დადგენილია ამ ნორმატიული აქტით, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. კანონით სახელმწიფოს ვალდებულების წარმოშობა უკავშირდებოდა სამხედრო მოსამსახურეთა მიერ ტრავმის მიღების და არა ავადმყოფობის გამო სამუშაოდან დათხოვნის მომენტს.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, აპელანტმა გაასაჩივრა სარჩელის დაუკმაყოფილებელი ნაწილი, ანუ მხარეებს არ გაუსაჩივრებიათ გადაწყვეტილება შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოს სასაზღვრო პოლიციისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 4612.1 ლარის გადახდის ნაწილში, შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264.1 მუხლის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, იგი კანონიერ ძალაში იყო შესული და სააპელაციო სასამართლო მის კანონიერებაზე ვერ იმსჯელებდა (ს.ფ. 69-73).
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
კასატორის მითითებით, ვ. დ.-ი საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტში მსახურობდა 1996 წლიდან. 1997 წლის 11 სექტემბერს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მან მიიღო ტრავმა, რაზედაც შედგა შესაბამისი აქტი და ჩატარდა სამსახურებრივი მოკვლევა. 2000 წელს იგი დაითხოვეს სამხედრო სამსახურიდან რეზერვში ავადმყოფობის გამო, რის გამოც “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ითხოვა ერთჯერადი დახმარება ხუთი წლის სარგოს ოდენობით.
კასატორის მითითებით, საქალაქო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ სამართლებრივი შედეგი, რომელიც “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” კანონის შესაბამისად ითვალისწინებდა ერთჯერად მატერიალურ დახმარებას დადგა 1997 წელს, ხოლო სამართლებრივი ნორმა კი ძალაში შევიდა 1998 წელს და დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ მართებულად იმსჯელა ზემოაღნიშნულ საკითხზე და სწორად განმარტა, რომ საქალაქო სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში არასწორად გამოიყენა კანონის ნორმა, თუმცა იმავდროულად მიუთითა, რომ ვინაიდან მხარეებს არ გაუსაჩივრებიათ გადაწყვეტილება მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 4612.1 ლარის გადახდის ნაწილში, სააპელაციო სასამართლო მის კანონიერებაზე ვერ იმსჯელებდა. კასატორი სააპელაციო სასამართლოს მითითებულ მსჯელობას არ ეთანხმება, რადგან, მართალია, სასაზღვრო პოლიციამ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ხელისშემშლელი მიზეზების გამო დროულად ვერ გაასაჩივრა, მაგრამ აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრდა მოსარჩელის მიერ, რის გამოც იგი კანონიერ ძალაში არ შესულა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლო ვალდებული იყო ემსჯელა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებაზე და გაეუქმებინა იგი (ს.ფ. 77-78).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი განუხილველად დატოვებას ექვემდებარება, რამდენადაც კასატორს _ შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოს სასაზღვრო პოლიციას თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 11 აგვისტოს გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია სააპელაციო წესით და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.
კასატორი ვერ ასაბუთებს იმ გარემოებას, რომ მის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება არ შესულა კანონიერ ძალაში. აღნიშნული გადაწყვეტილება, რომლითაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ვ. დ.-ის სარჩელი, შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოს სასაზღვრო პოლიციას არ გაუსაჩივრებია სააპელაციო წესით. შესაბამისად, აღნიშნული გადაწყვეტილება შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა. სააპელაციო სასამართლომ მხოლოდ იმიტომ დააკმაყოფილა სააპელაციო საჩივარი, რომ არ შეიძლებოდა საქმის საუარესოდ შებრუნება აპელანტის ვ. დ.-ის მიმართ. ის გარემოება, რომ გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრებული ჰქონდა მოსარჩელე ვ. დ.-ს, სრულიადაც არ ნიშნავდა მის გასაჩივრებას მოპასუხის მიერაც, რამდენადაც მოსარჩელე და მოპასუხე პროცესუალურად დაპირისპირებული მხარეებია, მათ სხვადასხვა პროცესუალური ინტერესი აქვთ საქმეზე და შესაბამისად, გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად, მხოლოდ მათ ნაწილში ასაჩივრებენ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საკასაციო საჩივარი ექვემდებარება განუხილველად დატოვებას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლით, 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 391-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 22 თებერვლის განჩინებაზე განუხილველად იქნეს დატოვებული;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.