Facebook Twitter

¹ბს-37-36(კ-07) 20 სექტემბერი, 2007წ.

თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლალი ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

სხდომის მდივანი _ გულნარა ილინა

კასატორი _ ნგ. ფ.-ე, წარმომადგენელი ა. ც.-ე (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი)

თანამოპასუხეები _ ჟ. ფ.-ე, მ. ფ.-ე, ნკ. ფ.-ე (არ გამოცხადდნენ), ნრ.-ნ ფ.-ე

მოწინააღმდეგე მხარეები _ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის ¹... სამმართველო, წარმომადგენელი მ. გ.-ე (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე); ქ. ბათუმის მერია (მოპასუხე _ არ გამოცხადდა); საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახური (შეგებებული სარჩელის თანამოპასუხე _ არ გამოცხადდა)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება

დავის საგანი _ ბინის ორდერის გაუქმება და ბინიდან გამოსახლება (სარჩელში); პრივატიზაციის ხელშეკრულების გაფორმება, ბინის საკუთრებაში აღრიცხვა (შეგებებულ სარჩელში)

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2005 წლის 27 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ¹... რეგიონალურმა სამმართველომ (ამჟამად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის ¹... სამმართველო) მოპასუხეების _ ნგ., ჟ., ნრ., მნ., ნკ. ფ.-ებისა და ქ. ბათუმის მერიის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ნგ. ფ.-ის სახელზე გაცემული ¹... ბინის ორდერის გაუქმება, მისი ოჯახის გამოსახლება მოსარჩელის კუთვნილი, ქ. ბათუმში, ...-ის ქ. ¹2ა-ში მდებარე ¹44 ბინიდან და აღნიშნული ბინის თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარება.

მოსარჩელის მითითებით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალური სამმართველოს 2001 წლის 29 ოქტომბრის დროებითი საბინაო კომისიის ¹3 სხდომის ოქმის საფუძველზე სამხედრო მოსამსახურე ნ. ფ.-ს აჭარის რეგიონალური სამმართველოს ფონდიდან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პერიოდში სამსახურებრივი დანიშნულებით გამოეყო ქ. ბათუმში, ...-ის ქ. ¹2ა-ში მდებარე ¹44 ბინა. აღნიშნული ოქმის საფუძველზე ქ. ბათუმის მერიამ 2003 წლის 20 იანვარს გასცა ¹... ორდერი. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2003 წლის 21 აპრილის ¹215 ბრძანებით “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის “თ” ქვეპუნქტის თანახმად, მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, უფროსი ლეიტენანტი ნ. ფ.-ე დათხოვნილ იქნა სასაზღვრო ძალების რიგებიდან. მას ბინა დათხოვნისთანავე სამმართველოსათვის უნდა ჩაებარებინა, რაც არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, ნებაყოფლობით არ განუხორციელებია (ს.ფ. 1-2).

2005 წლის 21 თებერვალს ნ. ფ.-მ სასამართლოში წარადგინა შეგებებული სარჩელი მოპასუხე სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ¹... რეგიონალური სამმართველოსა და თანამოპასუხე ქ. ბათუმის საჯარო რეესტრის სამსახურის მიმართ, რომლითაც მოითხოვა სადავო ბინის პრივატიზაციის წესით მის სახელზე გაფორმება და საჯარო რეესტრის შესაბამის ჩანაწერებში მის სახელზე რეგისტრაცია.

შეგებებული სარჩელის ავტორის მითითებით, იგი 1993 წლის 14 ივნისიდან 2003 წლის 21 აპრილამდე მსახურობდა შეიარაღებული ძალების სისტემის სხვადასხვა სტრუქტურაში: თავდაპირველად, სასაზღვრო-გამშვები ...-ად, 1994 წლის 15 ივნისიდან 1996 წლის 12 აგვისტომდე _ შს ორგანოებში, 1996 წლის 25 იანვრიდან 1999 წლის 25 ივლისამდე _ რუსეთის სასაზღვრო ჯარების ...-ის რაზმში, სადაც მუშაობის 1 წელი ეთვლებოდა 1,5 წლად. 1999 წელს რუსეთის სასაზღვრო ჯარებს ჩაენაცვლა საქართველოს სასაზღვრო ჯგუფი, სადაც მუშაობდა 2003 წლის აპრილამდე _ სამსახურიდან დათხოვნამდე. სამხედრო სავალდებულო სამსახურის 2 წლის ჩათვლით მისი სამხედრო სამსახურში მუშაობის სტაჟი 13 წელს შეადგენდა. სამსახურიდან დათხოვნის შემდეგ რამდენჯერმე მიმართა ხელმძღვანელობას დასაქმების თაობაზე, მაგრამ უშედეგოდ. 2000 წლის 11 ოქტომბრიდან 2002 წლის 1 აპრილამდე მისი მეუღლე მუშაობდა სასაზღვრო რაზმ “...-ში.” ამჟამად ორივე უმუშევარია და ჰყავთ 6 შვილი, მათ შორის, 4 მცირეწლოვანი.

შეგებებული მოსარჩელე მიუთითებდა, რომ 2001 წლის 21 სექტემბერს საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალური სამმართველოს დროებითი საბინაო კომისიის ¹3 სხდომის ოქმის საფუძველზე მიიღო ერთოთახიანი ბინა, რაზეც გაცემულია შესაბამისი ორდერი. ბინა ადრე რუსეთის სასაზღვრო ჯარების ბალანსზე იმყოფებოდა და მასში ჩაწერილი იყო რუსეთის მოქალაქე, რომელიც რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობს და რომლის ბინიდან ამოწერაც მოხდა მის მიერ. ბინა იყო ავარიულ მდგომარეობაში და შეაკეთა საკუთარი ხარჯით.

“საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე დისლოცირებულ სამხედრო უწყებათა მოსამსახურეების ბინის მიღების აღრიცხვაზე აყვანისა და მათი საცხოვრებელი ფართობით უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 6 აგვისტოს ¹603 დადგენილებით დამტკიცებული დროებითი დებულების მე-13 პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურებს ბინები ეძლევათ საბინაო კომისიის გადაწყვეტილებით. სწორედ ამგვარი კომისიის გადაწყვეტილებით იქნა მასზე გაცემული სადავო ბინა. ამავე დებულების მე-12 პუნქტის თანახმად, ოფიცერთა შემადგენლობას ბინები ეძლევა ოჯახის ერთ წევრზე 9-12 კვ.მ-მდე, შესაბამისად, მას ეკუთვნოდა ოთხოთახიანი ბინა, ხოლო მისთვის გადაცემული ბინა იყო ერთოთახიანი. მე-17 პუნქტის თანახმად, გენერლებსა და ადმირალებს, რომლებმაც სამხედრო უწყებიდან ბინები უვადო სარგებლობის პირობით მიიღეს, უფლება აქვთ, თავიანთი სურვილის მიხედვით მოახდინონ მათი პრივატიზაცია, უსასყიდლოდ საკუთრებაში გაფორმება, ხოლო დანარჩენ ოფიცერთა შემადგენლობას, რომელთაც ბინები სამსახურებრივი დანიშნულებით მიიღეს, უფლება აქვთ, ბინის მიღებიდან და სამხედრო ნაწილში სულ ცოტა 10 წლის სამსახურის ვადის გასვლის შემდეგ მოახდინონ მათი პრივატიზაცია. აღნიშნულიდან გამომდინარე, სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის მომენტში მას უკვე ჰქონდა მის მიერ მართლზომიერად დაკავებული ბინის პრივატიზაციის უფლება და მოპასუხე ვალდებულია, საკუთრებაში გადასცეს იგი.

შეგებებული სარჩელის ავტორის განმარტებით, საქართველოს სასაზღვრო ჯარები რუსეთის სასაზღვრო ჯარების უფლებამონაცვლეა. რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო ჯარებთან სამსახურებრივი ურთიერთობა ჰქონდა 1996 წლის 25 ივნისიდან, სადავო ბინაც თავდაპირველად მათ ბალანსზე აღირიცხებოდა, შესაბამისად, დროებითი დებულების მე-18 პუნქტის თანახმად, ყოფილ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებმაც ბინები მიიღეს რუსეთის ფედერაციის ჯარების ჯგუფის კუთვნილ საბინაო ფონდში და აღარ მსახურობენ სამხედრო შენაერთებში, უფლება აქვთ, მოახდინონ მათ მიერ დაკავებული ბინების პრივატიზაცია. ასევე, მოსარჩელის აზრით, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ საქართველოს სსრ საბინაო კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სამსახურებრივი საცხოვრებელი სადგომის მიუცემლად არ შეიძლება გამოსახლებულ იქნენ პირები, რომელთაც სამსახურებრივი საცხოვრებელი სადგომის მიმცემ საწარმოში, დაწესებულებაში და ორგანიზაციაში იმუშავეს არა ნაკლებ 10 წლისა. მართალია, სამოქალაქო კოდექსის 1505-ე მუხლის თანახმად საბინაო კოდექსი ძალადაკარგულად გამოცხადდა, მაგრამ ამავე კოდექსის 1507-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სამოქალაქო კოდექსის ამოქმედების გამო ძალადაკარგული ნორმატიული აქტების საფუძველზე წარმოშობილი ურთიერთობის მიმართ გამოიყენება ეს ნორმატიული აქტები, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ურთიერთობის მონაწილეებს სურთ ერთმანეთს შორის ურთიერთობა ამ კოდექსით მოაწესრიგონ ან თუ სამოქალაქო კოდექსი უძრავი ნივთების შესახებ ახალ წესებს ითვალისწინებს. იმის გათვალისწინებით, რომ სამოქალაქო კოდექსი სამსახურებრივ ბინებთან დაკავშირებით წარმოშობილ ურთიერთობებს არ არეგულირებს და იმის გამო, რომ რუსეთის სასაზღვრო ჯარებთან, რომლის ბალანსზეც იყო სადავო ბინა, მოსარჩელის ურთიერთობა 1996 წელს ანუ ახალი სამოქალაქო კოდექსის მიღებამდე დაიწყო, გამოყენებული უნდა იქნეს საბინაო კოდექსის 117-ე მუხლი და გათვალისწინებულ იქნეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2004 წლის 9 ივლისის ¹ბს-390-334(კ-04) განჩინებით დამკვიდრებული პრაქტიკა (ს.ფ. 27-31).

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის რეგიონალური სამმართველოს სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ნ. ფ.-ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა და საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ¹... რეგიონულ სამმართველოს დაევალა მისთვის პრივატიზაციის ხელშეკრულებით ქ. ბათუმში, ...-ის ქ. ¹2ა-ში მდებარე ¹44 საცხოვრებელი ბინის საკუთრებაში გაფორმება, დადგინდა საჯარო რესტრში შესაბამისი ცვლილებების შეტანა.

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ნ. ფ.-ე 1983 წლის 3 ნოემბრიდან 1984 წლის 23 მარტამდე იმყოფებოდა სავალდებულო სამხედრო სამსახურში. 1993 წლის 12 ივნისიდან გაიარა ოცეულის მომზადების კურსები და 1993 წლის 18 დეკემბრიდან მუშაობა დაიწყო საქართველოს სასაზღვრო საკონტროლო გამშვები პუნქტის ...-ად. 1996 წლის 25 ივნისიდან 1999 წლის 25 აგვისტომდე ხელშეკრულებით მუშაობდა რუსეთის სასაზღვრო ჯარების ...-ის რაზმში სხვადასხვა თანამდებობაზე, სადაც მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მუშაობის ერთი წელი 1,5 წლად ითვლებოდა. 1999 წლიდან, როდესაც რუსეთის სასაზღვრო ჯარებს საქართველოს სასაზღვრო ჯგუფი ჩაენაცვლა, ნ. ფ.-მ მუშაობა განაგრძო აჭარის რეგიონალური სამმართველოს სასაზღვრო რაზმ “...-ის” ქვედანაყოფში. 2001 წლის 29 ოქტომბრის აჭარის რეგიონული სამმართველოს დროებითი საბინაო კომისიის ¹3 სხდომის ოქმით ლეიტენანტ ნ. ფ.-ს, ოჯახის 8 წევრის შემადგენლობით, რეგიონალური სამმართველოს საბინაო ფონდიდან გამოეყო ქ. ბათუმში, ...-ის ქ. ¹2ა-ში მდებარე ¹44 ერთოთახიანი ბინა. ოქმის საფუძველზე მერიამ გასცა ¹... ორდერი. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2003 წლის 21 აპრილის ¹215 ბრძანებით ნ. ფ.-ე მხარეთა შეთანხმებით დათხოვნილ იქნა აჭარის რეგიონული სამმართველოს სასაზღვრო რაზმ “...-ის” უზრუნველყოფის ქვედანაყოფის საკომენდატო ასეულის უფროსის თანამდებობიდან, რის შემდეგაც მას მოსთხოვეს სადავო ბინის დაცლა.

საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ნ. ფ.-ის მსჯელობა, რომ მას აქვს სამხედრო სამსახურში მუშაობის 10 წელზე მეტი სტაჟი, რითაც სადავო ბინაზე პრივატიზაციის უფლება მოიპოვა. სასამართლომ აღნიშნა, რომ სამხედრო მუშაობის სტაჟში ნ. ფ.-ს ეთვლებოდა სავალდებულო სამხედრო სამსახურში ყოფნის 2 წელი, რუსეთის სასაზღვრო ჯარებში მუშაობის პერიოდი _ 1996 წლის 25 ივნისიდან 1999 წლის 25 აგვისტომდე “...-ის” გამშვებ პუნქტში მუშაობისას ერთი თვე ეთვლებოდა თვენახევრად და შესაბამისად, ჰქონდა ნამსახურობის საკმარისი სტაჟი.

საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა საქართველოს საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალური სამმართველოს მოსაზრება, რომ საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 6 აგვისტოს ¹106 დადგენილებით ოფიცერთა შემადგენლობას, რომელთაც ბინები მიიღეს სამსახურებრივი დანიშნულებით, ბინის პრივატიზების უფლება ეძლევათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა გასულია ბინის მიღებიდან 10 წელზე მეტი ვადა და აქვთ სამხედრო ნაწილში მუშაობის 10 წელზე მეტი სტაჟი, ხოლო რადგან ნ. ფ.-მ ბინა 2001 წელს მიიღო, მას პრივატიზაციის უფლება ვერ წარმოეშობა. ამასთან დაკავშირებით, სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 2 მარტის ¹124 ბრძანებულების 37-ე მუხლის თანახმად, სამხედრო მოსამსახურებს, რომლებმაც სამხედრო სამსახურში უწყვეტად იმუშავეს 10 კალენდარული წელი და მიიღეს სამსახურებრივი დანიშნულების ბინები, უსასყიდლოდ ეძლევათ მათზე საკუთრების უფლება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული ბრძანებულება სადავო ურთიერთობას განსხვავებულად აწესრიგებს და იგი არ ითხოვს ბინის მიღებიდან 10 წლის გასვლის სავალდებულობას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად კი ერთი და იგივე დონის სამართლის ნორმათა კოლიზიის დროს გამოიყენება სპეციალური და უფრო ახალი კანონი. ამდენად, ნ. ფ.-ზე უნდა გავრცელდეს 2005 წლის 2 მარტის ¹124 ბრძანებულება და ვინაიდან იგი სამსახურში მუშაობის 10 წელზე მეტი სტაჟის მქონეა და სადავო ბინა მიღებული აქვს საბინაო კომისიის ¹3 სხდომის ოქმის თანახმად სამსახურებრივი დანიშნულებით, მან მოიპოვა სადავო ბინის პრივატიზაციის უფლება, ხოლო ადმინისტრაცია ნაცვლად იმისა, რომ მოეთხოვა ნ. ფ.-ის ოჯახის წევრებთან ერთად ბინიდან გამოსახლება, ვალდებული იყო, მიეცა თანხმობა ბინის პრივატიზაციაზე.

საქალაქო სასამართლო დაეთანხმა ნ. ფ.-ს, რომ იგი არის სადავო ბინის მართლზომიერი მფლობელი, მის სახელზე კანონის დაცვით არის გაცემული ორდერი და სამოქალაქო კოდექსის 162-ე მუხლის თანახმად, დაუშვებელია მართლზომიერ მფლობელს მოეთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება. სასამართლომ ასევე გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ნ. ფ.-ის მრავალშვილიანი ოჯახი ცხოვრობს ერთოთახიან ბინაში, იგი წლების განმავლობაში მუშაობდა სამხედრო სამსახურში, მისი მეუღლე ასევე მუშაობდა სამხედრო სამსახურში, შვილები ამჟამადაც არიან საქართველოს შეიარაღებულ ძალებში და მათ ოჯახს სხვა საცხოვრებელი არ აქვს (ს.ფ. 88-90).

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ¹... რეგიონულმა სამმართველომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება, ხოლო ნ. ფ.-ის შეგებებულ სარჩელზე უარის თქმა მოითხოვა.

აპელანტის მითითებით, საქალაქო სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ ნ. ფ.-ს სასაზღვრო სამსახურში 10 წელზე მეტი აქვს ნამსახურები. ...-ის სამობილიზაციო შტაბის უფროსის მიერ გაცემული ცნობის თანახმად, სასაზღვრო სამსახურში ნ. ფ.-ე 1993 წლის 18 დეკემბერს ჩაირიცხა და სასაზღვრო საკონტროლო გამშვები პუნქტის ...-ად დაინიშნა, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარის 2003 წლის 21 აპრილის ¹215 ბრძანებით კი სასაზღვრო სამსახურიდან დაითხოვეს. შესაბამისად, ნ. ფ.-ის სასაზღვრო სამსახურის სტაჟმა შეადგინა 9 წელიწადი და 5 თვე, რაც არაა საკმარისი ბინის პრივატიზების უფლების მოსაპოვებლად. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 6 აგვისტოს ¹603 დადგენილებით დამტკიცებული დროებითი დებულების მე-17 მუხლის თანახმად, ოფიცერთა შემადგენლობას, რომელთაც ბინები მიიღეს სამსახურებრივი დანიშნულებით, უფლება აქვთ, ბინის მიღებიდან და სამხედრო ნაწილში სულ ცოტა 10 წლის სამსახურის ვადის გასვლის შემდეგ მოახდინონ ბინის პრივატიზაცია. ნ. ფ.-ს ბინა სამსახურებრივი სარგებლობისათვის 2001 წელს გადაეცა და მას არ მოუპოვებია ბინის პრივატიზების უფლება. სასამართლომ არასწორად გამოიყენა საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 2 მარტის ¹124 ბრძანებულების 37-ე მუხლი, რომლის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეები, რომლებმაც სამხედრო სამსახურში იმსახურეს უწყვეტი 10 კალენდარული წელი და მიიღეს ბინები სამსახურებრივი დანიშნულებით, უსასყიდლოდ იძენენ მათზე საკუთრების უფლებას. ბინის პრივატიზაციისათვის საჭირო იყო ნამსახურობის უწყვეტი 10 კალენდარული წელი. სასამართლომ ნამსახურების ვადაში არასწორად ჩათვალა სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოხდა 1983 წელს, ვინაიდან იგი სასაზღვრო სამსახურში 1993 წელს ჩაირიცხა და სავალდებულო სამსახურის გავლის დრო უწყვეტ სტაჟად ვერ ჩაითვლებოდა. ამასთან, აპელანტის აზრით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ ნ. ფ.-ს 1 წელი ნამსახურობა 1.5 წლად ეთვლებოდა, ვინაიდან საქართველოს საკანონმდებლო სივრცეში ასეთი კანონი არ არსებობდა და რომც არსებობდეს, კონკრეტულ შემთხვევაში მისი გამოყენება არასწორი იქნებოდა, რადგან 37-ე მუხლის თანახმად, საჭიროა უწყვეტი 10 კალენდარული წელი, ანუ წელთა ნამსახურობა რაიმე დამატებითი შეღავათების გარეშე.

საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 2 მარტის ¹124 ბრძანებულების გამოყენება აღნიშნულ საქმეზე, აპელანტის მოსაზრებით, არასწორია, ვინაიდან სადავო ურთიერთობა 2003 წელს წარმოიშვა, როდესაც ნ. ფ.-ე სასაზღვრო ძალებიდან დაითხოვეს. ამდენად, საქმეზე გამოყენებული უნდა ყოფილიყო იმ დროს მოქმედი კანონმდებლობა, კერძოდ, საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 6 აგვისტოს ¹603 დადგენილებით დამტკიცებული დროებითი დებულება. ამასთან, ნ. ფ.-ე ვერ აკმაყოფილებდა ვერც ერთი დასახელებული აქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს (ს.ფ. 93-96).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ¹... აჭარის რეგიონალური სამმართველოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა: გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება, საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ¹... აჭარის რეგიონალური სამმართველოს სარჩელი დაკმაყოფილდა _ გაუქმდა ნ. ფ.-ზე ბათუმის მერიის 2003 წლის 20 იანვარს გაცემული ორდერი, ნ. ფ.-ე მასთან მცხოვრებ პირებთან ერთად გამოსახლდა ბათუმში, ...-ის ქ. ¹2ა-ში მდებარე ¹44 ბინიდან და ბინა საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ¹... აჭარის რეგიონალურ სამმართველოს გადაეცა; ნ. ფ.-ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ აჭარის რეგიონალურმა სამმართველომ დროებითი საბინაო კომისიის სხდომის ¹3 ოქმით ნ. ფ.-ს გამოუყო საცხოვრებელი ბინა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პერიოდში, რაზეც გაიცა შესაბამის ორდერი. აღნიშნული, სასამართლოს მითითებით, პირობითი გარიგებაა, დადებული გაუქმების პირობით. სამოქალაქო კოდექსის 97-ე მუხლის მიხედვით, გარიგება გაუქმების პირობით დადებულად ითვლება, როცა პირობის დადგომა იწვევს გარიგების შეწყვეტას და აღადგენს გარიგების დადებისას არსებულ მდგომარეობას. ვინაიდან 2003 წლის 21 აპრილის ბრძანებით ნ. ფ.-ე გათავისუფლდა სამსახურიდან, ხოლო ბინა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პერიოდში ჰქონდა მიცემული, სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ მას ბინა უნდა დაეტოვებინა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ უნდა გაუქმებულიყო ნ. ფ.-ზე ბათუმის მერიის 2003 წლის 20 იანვარს გაცემული ბინის ორდერი. ამასთან, სასამართლოს მითითებით, სადავო ბინა ირიცხებოდა ¹... რეგიონალური სამმართველოს საბინაო ფონდში და მერიას არ ჰქონდა ამ ბინაზე ორდერის გაცემის უფლება.

სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია ნ. ფ.-ის შეგებებული სარჩელი, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი მუხლის თანახმად, პრივატიზაციის ხელშეკრულება იდება მხარეთა შეთანხმებით და სასამართლოს უფლება არ ჰქონდა ხელშეკრულების დადებაზე დაევალდებულებინა პირი. შესაბამისად, ვერ მოხდებოდა ვერც საჯარო რეესტრის მონაცემებში ცვლილებების შეტანა.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, “საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის გადაცემის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის ¹107 დადგენილების მე-3 პუნქტის პირველი აბზაცის მიხედვით, პრივატიზაციას არ ექვემდებარება სამსახურებრივი დანიშნულების ბინა. “საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე დისლოცირებული სამხედრო უწყების მომსახურეების ბინის მიღების, აღრიცხვაზე აყვანის და საცხოვრებელი ფართობით უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 8 აგვისტოს ¹603 დადგენილებით დამტკიცებული დროებითი დებულების მე-17 პუნქტის მიხედვით, ოფიცერთა შემადგენლობას, რომლებმაც ბინები მიიღეს სამსახურებრივი დანიშნულებით, უფლება აქვთ ბინის მიღებიდან და სამხედრო ნაწილში სულ ცოტა 10 წლის სამსახურის გავლის შემდეგ მოახდინონ მათი პრივატიზაცია. ამავე პუნქტის შენიშვნით, ამ პუნქტში აღნიშნული პირობები ვრცელდება მხოლოდ საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო უწყებათა სამხედრო მოსამსახურეებზე. ნ. ფ.-ე თავდაპირველად მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში. “საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება _ სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვის და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 2 მარტის ¹124 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების 37-ე პუნქტის მიხედვით, სამხედრო მოსამსახურეები, რომლებმაც სამხედრო სამსახურში იმსახურეს უწყვეტად ათი კალენდარული წელი და მიიღეს ბინები სამსახურებრივი დანიშნულებით, უსასყიდლოდ იძენენ მათზე საკუთრების უფლებას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ნ. ფ.-ს სამსახურებრივი ბინა 2001 წელს მიეცა, დასახელებული ნორმით კი, საჭიროა 10 კალენდარული უწყვეტი წელი (ს.ფ. 120-127).

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ფ.-მ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 97-ე მუხლი და უსაფუძვლოდ მიიჩნია, რომ რადგან ნ. ფ.-ს ბინა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პერიოდში გამოეყო, გათავისუფლების შემდეგ იგი უნდა დაეტოვებინა, ბათუმის მერიას კი არ უნდა გაეცა ორდერი. ამასთან, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ნ. ფ.-ის სამხედრო სამსახურში მუშაობის 10 წელზე მეტი სტაჟის არსებობის ფაქტი. საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 2 მარტის ¹124 ბრძანებულების 37-ე მუხლის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებმაც სამხედრო სამსახურში უწყვეტად იმუშავეს 10 კალენდარული წელი და მიიღეს სამსახურებრივი დანიშნულების ბინა, უსასყიდლოდ ეძლევათ მათ საკუთრების უფლება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ნ. ფ.-ე შეიარაღებული ძალების სისტემაში სხვადასხვა სტრუქტურაში მუშაობდა 1984 წლიდან 2003 წლის 21 აპრილამდე და მას, შესაბამისად, 10 წელზე მეტი უწყვეტი სტაჟი გააჩნდა, რაც დასტურდებოდა საქმეში არსებული შრომის წიგნაკის ამონაწერით. საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, შრომის სტაჟის ათვლა იწყება მუშაკის სამსახურში მიღების ან ჩარიცხვის ბრძანების მიღებიდან. ამასთან, საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 6 აგვისტოს ¹603 დადგენილების მე-12 პუნქტის თანახმად, მრავალშვილიან ოჯახს ეკუთვნოდა ოთხოთახიანი ბინა, ფ.-თა ოჯახი შედგებოდა ექვსი, მათ შორის, ოთხი არასრულწლოვანი წევრისგან, ე.ი. ითვლებოდა მრავალშვილიან ოჯახად და მას მისცეს ერთოთახიანი ბინა.

კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორი განმარტება მისცა საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 6 აგვისტოს ¹603 დადგენილებას და არ გამოიყენა საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 2 მარტის ¹124 ბრძანებულების 37-ე მუხლი, რადგანაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, ერთი და იგივე დონის სამართლის ნორმათა კოლიზიის დროს გამოიყენება სპეციალური და უფრო ახალი ნორმა.'სააპელაციო სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის მოთხოვნებს და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილის მოთხოვნებს, რაც იმაში გამოიხატა, რომ ადმინისტრაციული აქტის გაუქმებას საქართველოს კანონმდებლობა არ იცნობს, ხოლო ადმინისტრაციული აქტი ბათილია იმ შემთხვევაში თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს და დარღვეულია მისი მომზადების და გამოცემის წესი. ქ. ბათუმის მერიის მიერ გამოცემული ადმინისტრაციული აქტი _ ბინის ორდერი არ ეწინააღმდეგება კანონს, არც მისი მომზადებისა და გამოცემის წესია დარღვეული და არც ქ. ბათუმის მერიას აქვს რაიმე პრეტენზია. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის სარჩელი დასაშვებია თუ ადმინისტრაციული აქტი პირდაპირ ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ ინტერესს. მოცემულ შემთხვევაში ქ. ბათუმის მერიის მიერ გამოცემული აქტი _ ბინის ორდერი არანაირ ზიანს არ აყენებდა საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ¹... აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რეგიონულ სამმართველოს.

კასატორის მითითებით, ნ. ფ.-ე ბინის კეთილსინდისიერი და მართლზომიერი მფლობელია, მის სახელზე კანონით დადგენილი წესითა და დაცვით არის გაცემული ორდერი და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 162-ე მუხლის თანახმად, დაუშვებელია მართლზომიერ მფობელს მოეთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება. ამასთან, ფ.-თა ოჯახი არის მრავალშვილიანი იგი წლების განავლობაში მეუღლესთან ერთად სამხედრო სამსახურში მუშაობდა, იცავდა საქართველოს ერთიანობასა და სიმშვიდეს, შვილები ასევე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სპეციალურ დანიშნულებათა ბრიგადაში მუშაობენ და საქართველოს ერთიანობას იცავენ, აღნიშნული ერთოთახიანი ბინის გარდა სხვა საცხოვრებელი არ გააჩნიათ (ს.ფ. 136-140).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ფ.-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სადავო სამართლებრივი ურთიერთობის მიმართ არასწორად გამოიყენა “საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება _ სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 2 მარტის ¹124 ბრძანებულება. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალური სამმართველოს დროებითი საბინაო კომისიის სხდომის ¹3 ოქმით ნ. ფ.-ს საცხოვრებელი ბინა გამოეყო 2001 წლის 29 ოქტომბერს, ხოლო მასზე შესაბამისი ორდერი გაიცა 2003 წლის 20 იანვარს, ე.ი. დასახელებული ბრძანებულების მიღებამდე. ამასთან, კასატორი სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლდა ასევე დასახელებული ბრძანებულების მიღებამდე _ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2003 წლის 21 აპრილის ¹215 ბრძანებულებით და სამხედრო სამსახურში ყოფნის 10-წლიანი პერიოდი, რომელზეც კასატორი მიუთითებს, მოიცავს მანამდელ პერიოდს _ “საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე დისლოცირებულ სამხედრო უწყებათა მოსამსახურეების ბინის მიღების აღრიცხვაზე აყვანისა და მათი საცხოვრებელი ფართობით უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 6 აგვისტოს ¹603 დადგენილების მოქმედების პერიოდს. ამასთან, საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 2 მარტის ¹124 ბრძანებულებით მინისტრთა კაბინეტის ზემოაღნიშნული დადგენილება არ გაუქმებულა. ამდენად, მოცემულ შემთხვევაზე უნდა გავრცელდეს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 6 აგვისტოს ¹603 დადგენილება.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ პრივატიზების უფლების მოსაპოვებლად ნ. ფ.-ს უნდა ჰქონდეს სამხედრო სამსახურში ნამსახურობის უწყვეტი 10 კალენდარული წელი. ასეთი მოთხოვნა “საქართველოს ტერიტორიაზე დისლოცირებულ სამხედრო უწყებათა მოსამსახურეების ბინის მიღების აღრიცხვაზე აყვანისა და მათი საცხოვრებელი ფართობით უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 6 აგვისტოს ¹603 დადგენილების მე-17 პუნქტის შინაარსიდან არ გამომდინარეობს. აღნიშნული ნორმის მიხედვით, ოფიცერთა შემადგენლობას, რომლებმაც სამხედრო უწყებიდან მიიღეს ბინები სამსახურებრივი დანიშნულებით, უფლება აქვთ მისი მიღებიდან და სამხედრო ნაწილში მუშაობის სულ ცოტა ათი წლის სამსახურის ვადის გასვლის შემდეგ მოახდინონ მათი პრივატიზაცია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, “საქართველოს ტერიტორიაზე დისლოცირებულ სამხედრო უწყებათა მოსამსახურეების ბინის მიღების აღრიცხვაზე აყვანისა და მათი საცხოვრებელი ფართობით უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 6 აგვისტოს ¹603 დადგენილების მე-17 პუნქტის საფუძველზე ბინის პრივატიზებაზე უფლების მქონე სამხედრო მოსამსახურეს უნდა ჰქონდეს სამხედრო უწყებაში სულ ცოტა 10 წლის კალენდარული ნამსახურობის სტაჟი. ამასთან, დადგენილება უკანასკნელთან დაკავშირებით არ მიუთითებს ნამსახურობის უწყვეტი სტაჟის ქონას.

მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დასტურდება, რომ აჭარის რეგიონალურმა სამმართველომ დროებითი საბინაო კომისიის სხდომის ¹3 ოქმით ნ. ფ.-ს გამოუყო საცხოვრებელი ბინა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პერიოდში, რაზეც გაიცა შესაბამისი ორდერი (ს.ფ. 5,7). აქვე წარმოდგენილია 1993 წელს გაცემული ატესტაციის შედეგების დასკვნა, რომლითაც დგინდება, რომ ნ. ფ.-ს ოფიცრის წოდება მიენიჭა (ს.ფ. 33). რაც შეეხება სამხედრო სამსახურში ნამსახურობის ხანგრძლივობას, აღნიშნული უნდა დადგინდეს სააპელაციო სასამართლოს მიერ, რა დროსაც მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მოსარჩელის მიერ სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდი. სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახალი განხილვისას უნდა დაადგინოს, რამდენ წელს შეადგენდა ნ. ფ.-ის შრომითი სტაჟი, აქედან რომელი ითვლებოდა სამხედრო სამსახურად და მთლიანობაში რამდენს შეადგენდა მოსარჩელის მიერ სამხედრო სამსახურის გავლის კალენდარული ნამსახურობა. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების შეფასების გარეშე შეუძლებელია დადგინდეს, ნ. ფ.-ე წარმოადგენს თუ არა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 6 აგვისტოს ¹603 დადგენილების მე-17 პუნქტით გათვალისწინებულ სუბიექტს, რომელსაც უფლება აქვს სამსახურებრივი დანიშნულებით მიღებული ბინის პრივატიზება მოახდინოს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო საქმეს ხელახლა განსახილველად უბრუნებს სააპელაციო სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. ფ.-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.