ბს-374-360(2კ-08) 12 ივნისი, 2008წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატამ
შემადგენლობით:
მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ლევან მურუსიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები _ 1) საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოპასუხე)
2) მ. წ.-ი (მოსარჩელე)
დავის საგანი – სახელფასო დავალიანების ანაზღაურება
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება
პირველი კასატორის მოთხოვნა _ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების იმ ნაწილის გაუქმება, რომლითაც დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
მეორე კასატორის მოთხოვნა _ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
მ. წ.-მ 2006 წლის 11 სექტემბერს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ და მოითხოვა სახელფასო დავალიანების ანაზღაურება.
მოსარჩელემ განმარტა, რომ 1994 წლის 14 იანვრიდან 2005 წლის მარტამდე მსახურობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ... ჰოსპიტალში. 2005 წლის მარტში მისთვის ცნობილი გახდა, რომ 2004 წლის 4 ოქტომბრის ბრძანებით გათავისუფლებული იყო სამსახურიდან, დაითხოვეს ისე, რომ არ აუნაზღაურებიათ მის მიერ ნამუშევარი 5 თვე და ასევე თავდაცვის სამინისტროში მუშაობის განმავლობაში დაგროვილი ძველი 14 თვის სახელფასო დავალიანება რაც 1704.99 ლარს შეადგენს. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხეს მის სასარგებლოდ დაკისრებოდა 14 თვის სახელფასო დავალიანების 1704 ლარის და 99 თეთრისა და 2004 წლის ოქტომბრიდან 2005 წლის მარტამდე ნამუშევარი 5 თვის სახელფასო დავალიანების ანაზღაურება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელე მ. წ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების 657 (ექვსასორმოცდაჩვიდმეტი) ლარის და 36 თეთრის ოდენობით გადახდა; მოსარჩელე მ. წ.-ს კვების კომპენსაციის, კვარტალური ჯილდოსა და მატერიალური დახმარების ანაზღაურებაზე უარი ეთქვა უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2004 წლის 4 ოქტომბრის ბრძანება ¹1/810-ის თანახმად, მოსარჩელე მ. წ.-ი, რომელიც იმყოფებოდა კადრების განკარგულებაში რეორგანიზაციასთან დაკავშირებით დათხოვნილია სამხედრო სამსახურიდან. სასამართლოს მიერ გამოთხოვილი და ... ჰოსპიტალის 2006 წლის 10 ნოემბრის ¹1543 გაცემული მტკიცებულების თანახმად, მ. წ.-ის მიერ ხელზე ასაღები თანხა შეადგენს 1704,99 ლარს. მათ შორის: ხელფასი _ 657 ლარი 36 თეთრი, კვების კომპენსაცია _ 663 ლარი 76 თეთრი, კვარტალური ჯილდო _ 297 ლარი 86 თეთრი, მატერიალური დახმარება _ 86 ლარი 1 თეთრი. სასამართლომ ნაწილობრივ გაიზიარა მოსარჩელის მოთხოვნა სახელფასო დავალიანების ანაზღაურების თაობაზე. სასამართლოს განმარტებით, მართალია სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ კანონის მე-13 მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეს (სავალდებული სამხედრო სამსახურის გარდა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმით სახელმწიფო ხარჯზე ეძლევა სასურსათო ულუფა და ფორმის ტანსაცმელი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია, მაგრამ სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან სამი წელია, ამავე კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა იწყება იმ დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება. მოთხოვნის უფლება წარმოიშვა იმ დღეს, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო მისი უფლების დარღვევის შესახებ. ივარაუდება რომ პირმა უნდა იცოდეს ან უნდა გაეგო მისი უფლების დარღვევის შესახებ. სწორედ ამ მომენტიდან იწყება ხანდაზმულობის ვადის დინება. სამოქალაქო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, თუ მოთხოვნის წარმოშობა დამოკიდებულია კრედიტორის მოქმედებაზე, ხანდაზმულობა იწყება იმ დღიდან, როცა კრედიტორს შეეძლო განეხორციელებინა ეს მოქმედება. მოცემულ შემთხვევაში კრედიტორს მ. წ.-ს, რომლისთვისაც ცნობილი იყო რომ თავდაცვის სამინისტრო არ უნაზღაურებდა კვების კომპენსაციას, ე.ი. დარღვეული იყო მისი უფლება. რადგან მას წარმოეშვა მოთხოვნის უფლება სამინისტროს მიმართ თანხის ანაზღაურების მოთხოვნით, შეეძლო მიემართა სასამართლოსათვის სამინისტროს წინააღმდეგ თანხის დაკისრების მოთხოვნით, რაც არ განუხორციელებია მოსარჩელეს 2006 წლის სექტემბრამდე. ამდენად, მოსარჩელემ გაუშვა სსკ-ის 129-ე მუხლის მეორე ნაწილით დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა კვების კომპენსაციის მოთხოვნაზე, რაც მოცემულ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად მიიჩნია სასამართლომ.
სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის უფლებამოსილებათა და საქმიანობის წესის შესახებ" კანონის თანახმად, როგორც საბიუჯეტო დაწესებულება _ ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ანგარიშვალდებულია საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ გამოყენებაზე. "სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" კანონი ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებების და ორგანიზაციების მუშაკებზე პრემიების, დანამატების და დახმარებების გაცემას ხარჯების ეკონომიური კლასიფიკაციის შესაბამისი მუხლით შრომის ანაზღაურების ხარჯებისათვის დამტკიცებული ასიგნების ფარგლებში.
"საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 37-ე მუხლის თანახმად, მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო, მათ შორის პრემია და სხვა დანამატები. მაგრამ დანამატების გაცემა უნდა განხორციელდეს მხარჯავი დაწესებულებისათვის ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული ასიგნების ფარგლებში. ამავე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, სამინისტროს ხელმძღვანელს უფლება აქვს ყოველწლიურად შრომის ანაზღაურების ფონდში წარმოქმნილი ეკონომიის ფარგლებში დადგენილი წესით საფინანსო წლის განმავლობაში დააწესოს სხვა დანამატები. მართალია მოსარჩელე მოითხოვს ხელფასთან ერთად სხვა დანამატების გაცემას, კერძოდ კვარტალური ჯილდოს და მატერიალური დახმარების გაცემას მის მიმართ, მაგრამ საქმეზე არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 1998-1999-2000 წლებში შრომის ანაზღაურების ფონდში წარმოქმნილი ეკონომიის ფარგლებში დადგენილი წესით საფინანსო წლის განმავლობაში დაწესებული ქონდა სხვადასხვა სახის დანამატები ხელფასზე, მათ შორის კვარტალური ჯილდო და მატერიალური დახმარება. ამდენად, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს უნდა აუნაზღაურდეს მხოლოდ სახელფასო დავალიანება 657 ლარის და 36 თეთრის ოდენობით.
საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის განმარტება იმის თაობაზე, რომ მას აგრეთვე უნდა აუნაზღაურდეს სახელფასო დავალიანება 2004 წლის 4 ოქტომბრიდან 2005 წლის მარტამდე, რადგან იგი 2005 წლის მარტამდე აგრძელებდა სამსახურს. "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 37-ე მუხლის თანახმად, მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო. დადგენილია, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2004 წლის 4 ოქტომბრის ¹1/810 ბრძანების თანახმად, მოსარჩელე მ. წ.-ი, რომელიც იმყოფებოდა კადრების განკარგულებაში რეორგანიზაციასთან დაკავშირებით დათხოვნილია სამხედრო სამსახურიდან (ს.ფ.15).
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. წ.-მ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილების გასაჩივრებული ნაწილის შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა მ. წ.-ის სასარგებლოდ 383,87 ლარის ანაზღაურება; მოსარჩელეს უარი ეთქვა სასარჩელო მოთხოვნაზე 2004 წლის ოქტომბრიდან 2005 წლის მარტამდე პერიოდის ხელფასისა და 1998-2000 წლების კვების კომპენსაციის თანხის ანაზღაურებაზე.
სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390.3-ე მუხლის "გ" ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მასზე მითითებით.
სააპელაციო პალატა სრულად დაეთანხმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და სამართლებრივ დასკვნებს სასარჩელო მოთხოვნის, 2004 წლის ოქტომბრიდან 2005 წლის მარტამდე პერიოდის სახელფასო დავალიანების ანაზღაურების, უსაფუძვლობის თაობაზე. სააპელაციო პალატამ დაუსაბუთებლად მიიჩნია საქალაქო სასამართლოს მსჯელობა ჯილდოსა და მატერიალური დახმარების მოთხოვნის ნაწილში, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის "ე" ქვეპუნქტით მისი გაუქმების საფუძველს წარმოადგენს.
"საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოსარჩელის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავდა თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტით, დაწესებულების ხელმძღვანელს უფლება აქვს მოხელეს ზეგანაკვეთური მუშაობისა და განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვის გათვალისწინებით, ყოველწლიურად შრომის ანაზღაურების ფონდში წარმოქმნილი ეკონომიკიის ფარგლებში, დადგენილი წესით, საფინანსო წლის განმავლობაში დაუწესოს სხვა დანამატები.
ამავე კანონის 1341-ე მუხლის თანახმად, 2005 წლის 1 იანვრამდე სამსახურიდან გათავისუფლებულ საჯარო მოხელეზე კუთვნილი თანხის გაცემა განხორციელდება წინა წლებში წარმოქმნილი საბიუჯეტო დავალიანების დაფარვის წესის შესაბამისად. სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ აღნიშნული მუხლით რეგლამენტირებულია საჯარო მოსამსახურეზე წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების ანაზღაურება, მაგრამ იგი არ ეხება საჯარო მოსამსახურისათვის კომპენსაციის ანაზღაურებას ამ მუხლით დადგენილი წესით. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის მიერ მოწოდებული წერილობითი ინფორმაციით სასამართლომ დაადგინა, რომ იმ პერიოდში მოსარჩელის მიერ დაკავებულ თანამდებობაზე დაწესებული იქნა "სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონით და საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის ¹796-44 დადგენილებით გათვალისწინებული დანამატები. მითითებული დადგენილებით გათვალისწინებული იქნა მოსამსახურეებზე ჯილდოს (მე-9 პუნქტი), მატერიალური დახმარების (მე-8 პუნქტი) და სასურსათო ულუფის თანხის გაცემა (მე-14 პუნქტი). 1998 წლიდან ამოქმედდა "სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" კანონი, რომლითაც განსხვავებულ რეჟიმში მოექცა ერთის მხრივ, ჯილდო და მატერიალური დახმარება და მეორეს მხრივ კვების კომპენსაცია. კანონის 12.2-ე მუხლი ითვალისწინებს წლის განმავლობაში სამხედრო მოსამსახურეთათვის ჯილდოს და/ან მატერიალური დახმარების დაწესების შესაძლებლობას, ხოლო 12.3-ე მუხლით გათვალისწინებულია სანივთე ქონების და სასურსათო ულუფის, ან მათი ფულადი კომპენსაციის გაცემის ვალდებულება. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელეს, 1998-2000 წლებში დაწესებული ქონდა კვარტალური ჯილდო 297,86 ლარი და მატერიალური დახმარება _ 86,01 ლარი. შესაბამისად, ჯილდო და მატერიალური დახმარება განხილულ უნდა იქნეს, როგორც ხელფასზე დანამატი, რომლის დაწესების საკითხს წყვეტს ადმინისტრაცია "სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" კანონის 12.2-ე მუხლით მინიჭებული დისკრეციის ფარგლებში და უნდა მოექცეს ხელფასის ანაზღაურებისთვის დადგენილ სამართლებრივ რეჟიმში, ხოლო რაც შეეხება კვების კომპენსაციას, გამოთხოვილი წერილობითი მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ კონკრეტულ თანამდებობაზე მოსარჩელის ყოფნის პერიოდში დაწესებული იქნა ამგვარი დანამატი, "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 37.2-ე მუხლის საფუძველზე. ხოლო "სამხედრო მოსამსახურის სტატუსის" შესახებ კანონის მიხედვით, იგი წარმოადგენს არა დანამატს, არამედ კომპენსაციის სახეს და მასზე "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 1341-ე მუხლით გათვალისწინებული, წინა წლებში წარმოქმნილი საბიუჯეტო დავალიანების დაფარვის წესი ვერ გავრცელდება. აღნიშნული ნორმა ითვალისწინებს საჯარო მოხელეზე კუთვნილი თანხის გაცემას და მითითებული დათქმის თანახმად იგი არ ეხება კომპენსაციებს. შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში, კვების კომპენსაციაზე, როგორც პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებაზე უნდა გავრცელდეს ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა. ამასთან, წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება მითითებული ვადის დინების შეწყვეტის, ან შეჩერების გარემოების არსებობა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და მ. წ.-მ. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ მოითხოვა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების იმ ნაწილის გაუქმება, რომლითაც დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს: სააპელაციო სასამართლომ არასწორად იმსჯელა მოსარჩელის სასარგებლოდ ჯილდოს და მატერიალური დახმარების დაკისრების ნაწილში და არასწორად განმარტა კანონი. მათი განმარტებით ჯილდოსა და მატერიალური დახმარების მოთხოვნა ხანდაზმულია. სარჩელი სასამართლოში შეტანილია 2006 წელს, სარჩელის შეტანის დროს მოსარჩელეს გაშვებული ჰქონდა როგორც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით გათვალისწინებული სამწლიანი ხანდაზმულობის, ისე ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 127-ე მუხლით გათვალისწინებული ერთთვიანი ხანდაზმულობის ვადები. კასატორი თავდაცვის სამინისტრო ყურადღებას ამახვილებს ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 ნაწილის ,,თ” ქვეპუნქტზე, სადაც აღნიშნულია, რომ სამხედრო მოსამსახურეებზე ამ კანონის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევებში, თუ საქართველოს კონსტიტუციით, სპეციალური კანონმდებლობით ან მათ საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი. კასატორის განმარტებით, ჯილდოზე და მატერიალურ დახმარებაზე მსჯელობისას გათვალისწინებული უნდა იქნეს 1998-2000 წლებში მოქმედი სამხედრო კანონმდებლობის მოთხოვნები, ხოლო ამ კანონმდებლობაში განსხვავებული დებულების არ არსებობის შემთხვევაში, სადავო ურთიერთობა მოგვარებული უნდა იქნეს ,,საჯარო სამსახური შესახებ” საქართველოს კანონის დებულებებით, კერძოდ კი მისი 37-ე მუხლით (1998-2000 წლების რედაქციით), მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს. აქედან გამომდინარე, იმისათვის რომ ამა თუ იმ ფინანსურ გასაცემელს მიეცეს ხელფასზე დანამატის სტატუსი და ჩაითვალოს ხელფასის შემადგენელ ელემენტად, საჭიროა ამ ფულად გასაცემელს (ჯილდო, მატერიალური დახმარება) კანონმდებლობის მიხედვით ჰქონდეს ,,დანამატის” სტატუსი. კასატორის მოსაზრებით ჯილდო და მატერიალური დახმარების თანხები არ წარმოადგენენ ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37.1 მუხლით გათვალისწინებულ ხელფასში შემავალ დანამატებს და ისინი ხელფასისაგან დამოუკიდებელ ფულად გასაცემელს წარმოადგენს. კასატორს მიიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393.3 მუხლი, ამავე კოდექსის 105-ე და 377.1 მუხლები და ასევე ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლები, კერძოდ კი საქმეში არსებული ცნობები შეაფასა დავალიანების აღიარებად, რაც არაკანონიერია, რადგან აღიარება ან დაპირება მხოლოდ მაშინ წარმოშობს ვალდებულებას, თუ იგი მიღებულია უფლებამოსილი პირის მიერ ან თუ მას ინფორმაციული ხასიათი არ აქვს. კონკრეტულ შემთხვევაში კი კასატორის მოსაზრებით კი ეს ცნობები მხოლოდ ინფორმაციული ხასიათისაა.
მ. წ.-მ საკასაციო საჩივრით მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი სასარჩელო მოთხოვნა და ამ ნაწილში სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება. კასატორი მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება კვების კომპენსაციის ანაზღაურების ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე დაუსაბუთებელია და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის "ე" ქვეპუნქტის თანახმად მისი გაუქმების საფუძველია. იგი თვლის, რომ მის მიერ საქმეში წარმოდგენილი ცნობებით, რომლებიც გაცემულია ... ჰოსპიტალის უფროსის მიერ 2006 წლის 6 ივლისს მოსარჩელის სახელზე და რომელიც წარმოადგენს წერილობით მტკიცებულებას, დასტურდება მის მიმართ არსებული ხელზე გასაცემი დავალიანება 1704,99 ლარი. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ იგი გაცემულია მოსარჩელის და არა მესამე პირების სახელზე და ამ დოკუმენტით მოხდა თავდაცვის სამინისტროს მიერ მის მიმართ 1704,99 ლარის დავალიანების აღიარება, ანუ აღნიშნული დოკუმენტით დადასტურდა ერთის მხრივ მ. წ.-ის უფლება მოითხოვოს მითითებული თანხა, ხოლო მეორეს მხრივ, თავდაცვის სამინისტროს ვალდებულება გასცეს აღნიშნული თანხა. კასატორი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხე გაცემული ცნობით არ უარყოფს მოსარჩელის მიმართ დავალიანების გაცემის ვალდებულებას მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო. კასატორმა მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის თაობაზე, რომლის მიხედვით თუ ვალდებულმა პირმა მოვალეობა შეასრულა ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ მას არა აქვს უფლება მოითხოვოს შესრულების დაბრუნება, თუნდაც მოვალეობის შესრულების მომენტში მას არ სცოდნოდა, რომ ხანდაზმულობის ვადა გასული იყო, ხოლო მე-3 ნაწილით, იგივე წესით გამოიყენება ვალდებული პირის აღიარების და უზრუნველყოფის საშუალებათა მიმართაც. კასატორის განმარტებით, თავად ... ჰოსპიტალის უფროსი, მის მიერ 2006 წლის 6 ივლისს გაცემულ ცნობაში აღნიშნავს, რომ მ. წ.-ის შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ 2004 წლის 4 ოქტომბრის ბრძანება ¹1/180 ჰოსპიტალში თავდაცვის სამინისტროდან შესულია 2005 წლის 18 აპრილს, შემოსვლის ¹107, რაც იმის დასტურია, რომ კასატორი მ. წ.-ი თავდაცვის სამინისტროში განაგრძობდა თავის საქმიანობას. კასატორი აღნიშნავს, რომ მან შუამდგომლობით მიმართა როგორც პირველი ინსტანციის, ასევე სააპელაციო სასამართლოს ... ჰოსპიტალიდან გარკვეული სახის მტკიცებულებათა გამოთხოვაზე, რაც არ იქნა დაკმაყოფილებული. აღნიშნულთან დაკავშირებით, კვლავ შუამდგომლობს საკასაციო სასამართლოს წინაშე და მოითხოვს, რომ გამოთხოვილ იქნას: 2004 წლის ოქტომბრიდან 2005 წლის მარტამდე ფუნქციური დიაგნოსტიკის განყოფილებაში ჩატარებული ავადმყოფთა გამოკვლევების რეგისტრაციის ჟურნალი, რაც დაადასტურებს მ. წ.-ის მუშაობას ამ პერიოდში დაკავებულ თანამდებობაზე. ავადმყოფთა გამოკვლევები, რომლებიც დათარიღებულია 2004 წლის ოქტომბრის, ნოემბრის, დეკემბრის, 2005 წლის იანვრისა და თებერვლის თვეებით და შესრულებულია მ. წ.-ის ხელმძღვანელობით. ასევე გამოთხოვილ იქნას 2004 წლის 4 ოქტომბრის ბრძანების ჩაბარებაზე მ. წ.-ის ხელმოწერის ქსეროასლი (თარიღი).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მ. წ.-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი და მ. წ.-ის საკასაციო საჩივარი მის სასარგებლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის კვების კომპენსაციის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ არის დასაშვები; ხოლო მ. წ.-ის საკასაციო საჩივარი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ მის სასარგებლოდ 2004 წლის ოქტომბრიდან 2005 წლის მარტამდე ხელფასის ანაზღაურების მოთხოვნაზე უარის თქმის ნაწილში დასაშვებად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ პირობებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთმითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე და განაპირობა არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას.
ამასთან, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას.
საკასაციო პალატა თვლის, რომ მ. წ.-ის საკასაციო საჩივარი მის სასარგებლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის კვების კომპენსაციის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში დაუშვებელია, რადგან კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე და განაპირობა არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა.
ამ ნაწილში მ. წ.-ის საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მ. წ.-ის საკასაციო საჩივარი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ მის სასარგებლოდ 2004 წლის ოქტომბრიდან 2005 წლის მარტამდე ხელფასის ანაზღაურების მოთხოვნაზე უარის თქმის ნაწილში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძველი, ვინაიდან მოცემული საქმე მნიშვნელოვანია ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
ამდენად, საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მ. წ.-ის საკასაციო საჩივარი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ მის სასარგებლოდ 2004 წლის ოქტომბრიდან 2005 წლის მარტამდე ხელფასის ანაზღაურების მოთხოვნაზე უარის თქმის ნაწილში განსახილველად დაშვებულ უნდა იქნეს და განხილულ იქნეს 2008 წლის 25 სექტემბერს 16.00 საათზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს მიჩნეული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი;
2. დაუშვებლად იქნეს მიჩნეული მ. წ.-ის საკასაციო საჩივარი მის სასარგებლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის კვების კომპენსაციის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში;
3. დასაშვებად იქნეს ცნობილი მ. წ.-ის საკასაციო საჩივარი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ მის სასარგებლოდ 2004 წლის ოქტომბრიდან 2005 წლის მარტამდე ხელფასის ანაზღაურების მოთხოვნაზე უარის თქმის ნაწილში;
4. მ. წ.-ის საკასაციო საჩივრის განხილვა დაშვებულ ნაწილში დაინიშნოს 2008 წლის 25 სექტემბერს 16.00 საათზე, რის შესახებაც ეცნობოთ მხარეებს;
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.