ბს-377-357(2კ-07) 11 ოქტომბერი, 2007წ.
თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლალი ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორები _ 1. ვ. გ-ა (მოსარჩელე);
2. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების
სამინისტრო (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება
დავის საგანი _ შრომის წიგნაკის დაყოვნების გამო იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2006 წლის 28 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სასარჩელო განცხადებით მიმართა ვ. გ-ამ მოპასუხე საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ერთი თვის თანამდებობრივი სარგოს _ 270 ლარის, 2003 წლის ნოემბრის გაუცემელი ხელფასის _ 90 ლარის და შრომის წიგნაკის დაყოვნების გამო იძულებით გაცდენილი დროისათვის საშუალო ხელფასის ანაზღაურება.
სარჩელის საფუძვლები მდგომარეობდა შემდეგში:
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება გეოლოგიის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის ¹54-კ ბრძანებით მოსარჩელე ვ. გ-ა 2006 წლის 1 იანვრიდან გათავისუფლდა სამსახურიდან «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 98-ე მუხლის პირველი ნაწილის «ბ» ქვეპუნქტის საფუძველზე. მოსარჩელემ საბოლოო ანგარიშსწორება მიიღო 2006 წლის 3 აპრილს.
«საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მოპასუხე ვალდებული იყო, მოსარჩელისათვის გადაეხადა კომპენსაცია ერთი თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. ადმინისტრაციულმა ორგანომ ასევე უგულებელყო შრომის კანონთა კოდექსის 96-ე და 98-ე მუხლები, რის გამოც ვალდებული იყო, შრომის კანონთა კოდექსის 98-ე მუხლის შესაბამისად მოსარჩელისათვის აენაზღაურებინა საშუალო ხელფასი იძულებით გაცდენილი მთელი დროისათვის (ს.ფ. 1).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილებით ვ. გ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ვ. გ-ას სასარგებლოდ დაეკისრა 39.90 ლარის ანაზღაურება.
საქალაქო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია, რომ ვ. გ-ა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება გეოლოგიის დეპარტამენტის სტრატეგიული დაგეგმარების სამმართველოს ...... თანამდებობიდან გათავისუფლდა 2005 წლის 30 დეკემბრის ¹54-კ ბრძანებით2006 წლის 1 იანვრიდან.
დადგენილად იქნა მიჩნეული ისიც, რომ ვ. გ-ამ საბოლოო ანგარიშსწორება მიიღო 2006 წლის 3 აპრილს 389 ლარის ოდენობით, რასაც ადასტურებდა და სადავოდ არ ხდიდა მოსარჩელე.
საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა ვ. გ-ას არგუმენტი იმის თაობაზე, რომ მოპასუხე საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ვალდებულია აუნაზღაუროს მას ერთი თვის თანამდებობრივი სარგო 270 ლარის ოდენობით. 2005 წლის 23 დეკემბერს «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონში შევიდა ცვლილება, კერძოდ, კანონის მითითებული ნორმა ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით და სამსახურიდან გათავისუფლების კომპენსაცია 1 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით მოსამსახურეებს ეძლევათ ჯანმრთელობის მდგომარეობის, ხანგრძლივი შრომისუუნარობის, სამხედრო ან ალტერნატიულ სამსახურში გაწვევის გამო, რაც ამოქმედდა 2006 წლის 1 იანვრიდან. ამდენად, მითითებული ცვლილებების შესაბამისად, ვ. გ-ას მიმართ, რომელიც სამსახურიდან გათავისუფლდა 2006 წლის 1 იანვარს, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარმოშობია ვალდებულება ერთი თვის თანამდებობრივი სარგოს კომპენსაციის სახით ანაზღაურებაზე.
საქალაქო სასამართლომ ასევე არ გაიზიარა მოსარჩელის არგუმენტი იმის თაობაზე, რომ მოპასუხე საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ დაარღვია შრომის კანონთა კოდექსის 98-ე მუხლის მოთხოვნა, რომლის თანახმად, ადმინისტრაციის ბრალით შრომის წიგნაკის გაცემის დაყოვნებისას მუშაკს ეძლევა საშუალო ხელფასი იძულებითი გაცდენის მთელი დროისათვის. საქმეში წარმოდგენილი საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გეოლოგიის სამსახურის 2006 წლის 17 აპრილის ¹12-218 წერილით ირკვეოდა, რომ ვ. გ-ას, რომელიც სამსახურიდან გათავისუფლდა საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, გასაჩივრებული ჰქონდა სასამართლოში ატესტაციის შედეგები, რის გამოც გეოლოგიურ დეპარტამენტში დაცული კუთვნილი შრომის წიგნაკი, მიუხედავად არაერთგზის გაფრთხილებისა, დღემდე არ გაუტანია. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში ვ. გ-ას კუთვნილი შრომის წიგნაკის გაცემისას დაყოვნება არ იყო გამოწვეული ადმინისტრაციის ბრალით, მით უფრო, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელეს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსათვის არ მიუმართავს წერილობით შრომის წიგნაკის გაცემის შესახებ.
საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, ვ. გ-ას სარჩელი უნდა დაკმაყოფილებულიყო ნაწილობრივ, ვინაიდან საქმის მასალებში წარდგენილი საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს 2006 წლის 30 მაისის ¹07/1-39/1665 ცნობით დასტურდებოდა, რომ ვ. გ-ას ხელზე მისაღები სახელფასო დავალიანება 2003 წლის ნოემბრის თვეში შეადგენდა 39.90 ლარს (ს.ფ. 25-28).
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. გ-ამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება.
აპელანტი არ ეთანხმება საქალაქო სასამართლოს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ კონკრეტულ შემთხვევაში ვ. გ-ას კუთვნილი შრომის წიგნაკის გაცემისას დაყოვნება არ არის გამოწვეული ადმინისტრაციის ბრალით, რომ მოსარჩელეს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსათვის არ მიუმართავს წერილობით შრომის წიგნაკის გაცემის შესახებ. აპელანტის მოსაზრებით, მითითებული დასკვნის გამოტანისას სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია საქმეში არსებულ მის წერილობით განცხადებებს, რომლებითაც მოსარჩელე ადმინისტრაციისაგან ითხოვდა შრომის წიგნაკის მიღებას. მოპასუხემ აღნიშნულ განცხადებებს მხოლოდ მას შემდეგ უპასუხა, რაც ვ. გ-ამ სარჩელი აღძრა საქალაქო სასამართლოში.
აპელანტის განმარტებით, შრომის კანონთა კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, მოსამსახურეს საბოლოო ანგარიშსწორება ეძლევა დათხოვნის დღეს. ამ შემთხვევაში იგულისხმება არა მარტო თანხა, არამედ შრომის წიგნაკიც (ს.ფ. 30-32).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილებით ვ. გ-ას სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ვ. გ-ას სასარგებლოდ დაეკისრა 2003 წლის ნოემბრის თვის სახელფასო დავალიანების _ 43.56 ლარისა და იძულებით გაცდენილი მთელი პერიოდის საშუალო ხელფასის _ 402.77 ლარის ანაზღაურება, სარჩელის მოთხოვნა დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ წარმოდგენილი სახელფასო დავალიანების ¹72 უწყისით დადგენილად მიიჩნია, რომ ვ. გ-ას ხელზე მისაღები სახელფასო დავალიანება 2003 წლის ნოემბრისთვის შეადგენდა 43.56 ლარს.
სააპელაციო სასამართლომ მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარდგენილი, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ყოფილი საქვეუწყებო დაწესებულების _ გეოლოგიის დეპარტამენტის თანამშრომლების შრომის წიგნაკების გაცემის ჟურნალიდან ამონაწერის ასლის საფუძველზე ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ვ. გ-ამ შრომის წიგნაკი მიიღო 2006 წლის 9 ივნისს.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მსჯელობა იმის თაობაზე, რომ ვ. გ-ას ადმინისტრაციული ორგანოსათვის არ მიუმართავს შრომის წიგნაკის გადაცემის მოთხოვნით და რომ შრომის წიგნაკის გადაცემის დაყოვნება არ არის გამოწვეული ადმინისტრაციის ბრალით. საქმეში წარმოდგენილი იყო ვ. გ-ას 2006 წლის 5 და 12 აპრილის განცხადებები, რომელთა საფუძველზეც უტყუარად დგინდებოდა, რომ მოსარჩელემ არაერთხელ მიმართა სამინისტროს აღნიშნული წიგნაკის გადაცემის თხოვნით.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, შრომის კანონთა კოდექსის 98-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციის ბრალით შრომის წიგნაკის გაცემის დაყოვნებისას მუშაკს ეძლევა საშუალო ხელფასი იძულებით გაცდენილი მთელი დროისათვის.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ვ. გ-ას ხელზე ასაღები ხელფასი შეადგენდა 76 ლარს. სამსახურიდან გათავისუფლებასა და შრომის წიგნაკის მიღებას შორის პერიოდი შეადგენდა 5 თვესა და 9 დღეს (2006 წლის 1 იანვრიდან 2006 წლის 9 ივნისამდე). აღნიშნული პერიოდისათვის განაცდური ხელფასის ოდენობა, შესაბამისად, შეადგენდა 402.77 ლარს (ს.ფ. 57-59).
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ვ. გ-ამ იმ ნაწილში, რომლითაც საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებით გაცდენილი მთელი პერიოდის საშუალო ხელფასის _ 402.77 ლარის ანაზღაურება და ითხოვა ამ ნაწილში საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოპასუხისათვის 1250 ლარის დაკისრება იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დაანგარიშებული განაცდური ხელფასის ოდენობა იყო არასწორი, მოსარჩელის ყოველთვიური ხელზე ასაღები ხელფასი რეალურად შეადგენდა არა 76, არამედ 235 ლარს, რისი გათვალისწინებითაც ზემომითითებული პერიოდისათვის განაცდური ხელფასის ოდენობა შეადგენდა 1250 ლარს. გარდა ამისა, კასატორის მითითებით, 2003 წლის ნოემბრის თვის მიუღებელი სახელფასო დავალიანება შეადგენდა 43.56 და არა 402.77 ლარს, როგორც ეს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში იყო აღნიშნული (ს.ფ.60).
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შრომის წიგნაკის დაყოვნების გამო გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურების ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა აგრეთვე საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოსათვის დაბრუნება.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნულ საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის «გ» ქვეპუნქტის მოთხოვნათა უგუდაებელყოფით, რადგან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შინაარსი უნდა მოიცავდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთებას, რასაც ამ შემთხვევაში ადგილი არა აქვს.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში არ არის მოცემული საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებასთან დაკავშირებით არანაირი დასაბუთება, მითითება იმის შესახებ, თუ რატომ არ იქნა გამოკვლეული და გაზიარებული გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გეოლოგიის სამსახურის 2006 წლის 17 აპრილის ¹12-2/8 წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ ვ. გ-ას, რომელიც სამსახურიდან გათავისუფლდა საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, არაერთი გაფრთხილების მიუხედავად არ ჰქონდა წაღებული შრომის წიგნაკი, რაც თავისთავად გამორიცხავს სამინისტროს ბრალს მუშაკის შრომის წიგნაკის დაყოვნებასთან დაკავშირებით.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში არასწორადაა მითითებული, თითქოს მოსარჩელემ არაერთხელ მიმართა სამინისტროს შრომის წიგნაკის მისაღებად. 2006 წლის 6 აპრილის განცხადებაში მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ არ ჰქონდა მიღებული შრომის წიგნაკი. საქმეში არსებული მტკიცებულებებით კი ირკვეოდა, რომ მან საჯაროდ, კრებაზე გაფრთხილების მიუხედავად არ გაიტანა იგი, ხოლო შემდგომ შეგნებულად მიმართა სამინისტროს განცხადებით, რაზედაც გაეგზავნა პასუხი, რომელშიც ნათლად ჩანს, რომ ადმინისტრაცია არანაირ დაბრკოლებას არ ქმნიდა მის გატანაზე. რაც შეეხებოდა მოსარჩელის 2006 წლის 12 აპრილის განცხადებას, მასში შრომის წიგნაკის მოთხოვნის შესახებ საერთოდ არ იყო საუბარი, რაც იმაზე მიუთითებდა, რომ სასამართლოს არ მოუხდენია მტკიცებულებების სათანადო განხილვა და შეფასება. აქვე გასათვალისწინებელი იყო ისიც, რომ დღეისათვის მოქმედი საქართველოს შრომის კოდექსი აღარ ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას შრომის წიგნაკის გაცემის დაყოვნებისათვის (ს.ფ. 65-67).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ ვ. გ-ას საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება შრომის წიგნაკის დაყოვნების გამო ვ. გ-ათვის იძულებით გაცდენილი მთელი პერიოდის საშუალო ხელფასის _ 402.77 ლარის ანაზღაურების ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, დანარჩენ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსა და ვ. გ-ას საკასაციო საჩივრების დავის საგანია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მართლზომიერება მხოლოდ შრომის წიგნაკის გაცემის დაყოვნების გამო იძულებით გაცდენილი მთელი პერიოდის საშუალო ხელფასის ანაზღაურების ნაწილში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება 2003 წლის ნოემბრის თვის სახელფასო დავალიანების ანაზღაურებისა და ერთი თვის თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული. ვ. გ-ა საკასაციო საჩივარში ადასტურებს, რომ 2003 წლის ნოემბრის თვის მიუღებელი სახელფასო დავალიანება შეადგენს 43,56 ლარს. აღნიშნული გარემოება უტყუარადაა დადგენილი საქმის მასალებით და სადავო არ არის. ამდენად, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანს წარმოადგენს მხოლოდ შრომის წიგნაკის გაცემის დაყოვნებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა 2006 წლის 1 იანვრიდან ადმინისტრაციის ბრალით შრომის წიგნაკის დაყოვნებასთან დაკავშირებით არ არის დასაბუთებული. საქმეში წარმოდგენილი საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გეოლოგიის სამსახურის 2006 წლის 17 აპრილისა და 2006 წლის 4 მაისის წერილებში მითითებულია, რომ ვ. გ-ა არაერთხელ იყო გაფრთხილებული ადმინისტრაციის მხრიდან შრომის წიგნაკის დროულად გატანასთან დაკავშირებით და რომ 2006 წლის 11 იანვარს დეპარტამენტის გათავისუფლებული საჯარო მოხელეები საჯაროდ იქნენ გაფრთხილებული შრომის წიგნაკების მიღების თაობაზე (ს.ფ.18-19, 21-22). სააპელაციო სასამართლოს არ გამოურკვევია, 2006 წლის 1 იანვრიდან 2006 წლის აპრილამდე პერიოდში, როდესაც ვ. გ-ამ განცხადებით მიმართა სამინისტროს შრომის წიგნაკის გაცემის შესახებ, ნამდვილად იყო თუ არა ადმინისტრაციის მხრიდან გაფრთხილებული შრომის წიგნაკის გატანის თაობაზე, მიმართა თუ არა ადმინისტრაციას და შესაბამისად, იკვეთება თუ არა ადმინისტრაციის ბრალი ამ პერიოდში შრომის წიგნაკის დაყოვნების გამო.
საქმეში წარმოდგენილი 2006 წლის 5 აპრილის განცხადება უდავოდ ადასტურებს მოსარჩელის მიერ ადმინისტრაციის მიმართ შრომის წიგნაკის გადაცემის თხოვნით მიმართვის ფაქტს. აღნიშნული მიმართვის შემდგომ მოსარჩელეს შრომის წიგნაკი გადაეცა მხოლოდ 2006 წლის 9 ივნისს. ასევე გასარკვევია შრომის წიგნაკის გაცემის 9 ივნისამდე დაყოვნების მიზეზი და შესაბამისად, სამინისტროს ბრალის საკითხი ამ შემთხვევაში, რამდენადაც გეოლოგიის სამსახურის 2006 წლის 17 აპრილის წერილში მითითებულია, რომ შრომის წიგნაკი ვ. გ-ას უნდა გადაგზავნოდა ფოსტის მეშვეობით (ს.ფ. 18-19).
საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 98-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციის ბრალით შრომის წიგნაკის გაცემის დაყოვნებისას მუშაკს ეძლეოდა საშუალო ხელფასი იძულებით გაცდენის მთელი პერიოდისათვის. განსახილველ შემთხვევაში საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 98-ე მუხლის გამოყენების ერთ-ერთ აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს იმის გარკვევა, შრომის წიგნაკის გაცემის დაყოვნებით მიადგა თუ არა რეალურად ზიანი მოსარჩელის ინტერესებს, დასტურდება თუ არა სხვა სამსახურში დასაქმებაზე ვ. გ-ათვის ხელის შეშლის ფაქტი, სადავო პერიოდში ჰქონდა თუ არა ადგილი მის იძულებით მოცდენას საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბრალით, რამდენადაც მოქმედი კანონმდებლობა ადმინისტრაციული ორგანოს პასუხისმგებლობის წარმოშობისათვის აუცილებლად მიიჩნევს ზიანის არსებობის ფაქტის დადასტურებას.
სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახალი განხილვისას უნდა გამოიკვლიოს როგორც შრომის წიგნაკის დაყოვნებაზე მოპასუხე საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბრალეულობის საკითხი, ისე აღნიშნულით მოსარჩელის იძულებით მოცდენის ფაქტისა და მისთვის ზიანის მიყენების ფაქტის საკითხი, რაც საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 98-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს. თუკი სააპელაციო საამართლო დაადგენს ადმინისტრაციის ბრალეულობას შრომის წიგნაკის დაყოვნებაში და აღნიშნულით მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის არსებობას, ასეთ შემთხვევაში საპელაციო სასამართლომ უნდა განსაზღვროს მოსარჩელის საშუალო ხელფასის ოდენობა და შესაბამისად, მოსარჩელისათვის ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა. აღნიშნულ საკითხზე საქმის მასალები წინააღმდეგობრივია. ერთი მხრივ, პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს წარმომადგენელი მიუთითებს, რომ მოსარჩელის თანამდებობრივი სარგო შეადგენდა 270 ლარს, მეორე მხრივ, სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმში დაფიქსირებულია მოსარჩელის ჩვენება, რომ მას ხელფასი ჰქონდა 90 ლარი, მაგრამ ხელზე იღებდა 76 ლარს (ს.ფ. 23, 48). სამინისტროს ოფიციალური ცნობა მოსარჩელის ხელფასის თაობაზე საქმეში არ არის წარმოდგენილი, რის გამოც აღნიშნული საკითხი ზემომითითებულ საკითხებთან ერთად ასევე საჭიროებს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამორკვევას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით, 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ვ. გ-ას საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
3. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება შრომის წიგნაკის დაყოვნების გამო ვ. გ-ათვის იძულებით გაცდენილი მთელი პერიოდის საშუალო ხელფასის _ 402.77 ლარის ანაზღაურების ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
4. დანარჩენ ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად;
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.