Facebook Twitter

¹ბს-379-359(კ-07) 3 ოქტომბერი, 2007 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

სხდომის მდივანი – გ. ილინა

კასატორი - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური

მოწინააღმდეგე მხარე - სს ,,.... ქარხანა»; წარმომადგენელი – ნ. ს-ი

მესამე პირი – საქართველოს იუსტიციის სამინისტრო; წარმომადგენლები: ე. ა-ი, ე. პ-ი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 19 დეკემბრის განჩინება

დავის საგანი – ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2005 წლის 11 მაისს მოსარჩელე სს ,,.... ქარხანამ” სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის მიმართ და მოითხოვა საგადასახადო საჩივრების, პრეტენზიებისა და სხვა ცალკეული საკითხების განხილვის კომისიის 2004 წლის 15 იანვრის ¹1 სხდომის ოქმით ჩასარიცხი თანხების გადახდილად ჩათვლა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის 2005 წლის 6 აპრილის ¹911 ბრძანების ბათილად ცნობა იმ მოტივით, რომ მოპასუხის მიერ არ შესრულებულა საგადასახადო კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა, კერძოდ, საჩივრის განხილვის პროცესში მონაწილეობა უნდა მიეღო მომჩივანს და მის წარმომადგენელს. საგადასახადო საჩივრების, პრეტენზიებისა და სხვა ცალკეული საკითხების განხილვის კომისიის 2005 წლის 15 იანვრის ¹1 სხდომის ოქმში მითითებულია, რომ, ვინაიდან არ განხორციელებულა ბიუჯეტში გადასახდელად დაკისრებული თანხების საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით სრულად აღრიცხვა საზოგადოების პირადი აღრიცხვის ბარათზე და შესაბამისად, ჩარიცხვა ბიუჯეტში, ამდენად, აღნიშნული თანხები კორექტირებას არ ექვემდებარება, მაშინ როდესაც, მოსარჩელის განმარტებით, არსად არ არის მითითებული მისი ბრალეულობის შესახებ, მისთვის დაკისრებული თანხების ამოღება ხდებოდა სააღსრულებო ბიუროს მიერ, ხოლო საზოგადოების პირადი აღრიცხვის ბარათიდან ჩამოწერა უნდა განეხორციელებინა საგადასახადო სამსახურს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 10 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებით სს ,,.... ქარხნის” სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საგადასახადო საჩივრების, პრეტენზიებისა და სხვა ცალკეული საკითხების განხილვის კომისიის 2005 წლის 15 იანვრის სხდომის ოქმი ¹1 და მის საფუძველზე გამოცემული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის 2005 წლის 6 აპრილის ¹911 ბრძანება, ამასთან, მოპასუხეს დაევალა გარემოებათა შეფასებისა და გამოკვლევის შედეგად ახალი აქტის გამოცემა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 19 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის 2005 წლის 6 აპრილის ¹911 ბრძანების, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სს ,,.... ქარხნის” 2005 წლის 14 მარტის საჩივარი სადავო თანხის ბიუჯეტში გადახდილად ჩათვლისა და შესაბამისად, პირადი აღრიცხვის ბარათიდან ჩამოწერის შესახებ, საფუძველია ,,საგადასახადო საჩივრების, პრეტენზიებისა და სხვა ცალკეული საკითხების განხილვის კომისიის” 2004 წლის 15 იანვრის სხდომის ოქმი ¹1.

სს ,,.... ქარხანას” სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 259463 ლარის გადახდა.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს კახეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ იძულებითი აღსრულების შედეგად, სს ,,..... ქარხნის” დავალიანება მთლიანად დაფარულია. სააღსრულებო ბიუროს მიერ იძულებითი აღსრულების შედეგად ამოღებული თანხის 15%, ანუ 37794 ლარი ჩაირიცხა იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ ანგარიშზე ,,სააღსრულებო წარმოების შესახებ” კანონის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად (ძველი რედაქციით), რომლის თანახმადაც სასამართლო და ადმინისტრაციული ორგანოების (თანამდებობის პირების) აქტების იძულებითი აღსრულების შედეგად სახელმწიფო ან ადგილობრივი ბიუჯეტის სასარგებლოდ ამოღებული თანხის (გარდა საგადასახადო კოდექსის 247-ე მუხლის შესაბამისად ამოღებული თანხისა) 15% სააღსრულებო ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშიდან ირიცხება ხაზინაში არსებულ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ ანგარიშზე.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განსაზღვრულია ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, ანუ პირს, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს ადმინისტრაციული აქტი და ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად კი ადმინისტრაციულ ორგანოს არ აქვს უფლება, კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, მათ შორის, გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევა-შეფასების გარეშე.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გასაჩივრებული ბრძანება მიღებულია ზემოაღნიშნული ნორმების მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ, რაც მისი ბათილად ცნობის საფუძველია და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, მართებულად დაევალა ადმინისტრაციულ ორგანოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი აქტის გამოცემა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

კასატორის მითითებით სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა «საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ" საქართველოს კანონის მე-9 მუხლი, რომლის შესაბამისად განსაზღვრულია, რომ საბიუჯეტო სისტემის ყველა რგოლის შემოსავალი ფორმირდება საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობითა და ამ კანონით განსაზღვრული წესით. ბიუჯეტების ყველა შემოსავალი უნდა აისახოს ეროვნულ ბანკში გახსნილ სახაზინო ანგარიშებზე. დაუშვებელია ბიუჯეტის შემოსავლებში თანხების აღრიცხვა როგორც ხაზინის, ასევე გადამხდელების მომსახურე კომერციულ ბანკებში შესაბამის ანგარიშებზე მათი სრულფასოვანი ასახვის გარეშე. კახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა აღსრულების შედეგად შემოსული თანხის 15% საგადასახადო ინსპექციის ანგარიშის გარეშე, პირდაპირ გადარიცხა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ ანგარიშზე, რის გამოც, აღნიშნული თანხა (37494 ლარი) არ ასახულა ეროვნულ ბანკში გახსნილ საგადასახადო ინსპექციის სახაზინო ანგარიშზე. კასატორის განმარტებით, საგადასახადო ვალდებულების შესრულება არის გადასახადის გადამხდელის, საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის ერთ-ერთი ძირითადი ვალდებულება. საგადასახადო ვალდებულება სრულდება გადასახადის გადამხდელისათვის/საგადასახადო აგენტისათვის დაკისრებული არასაგადასახადო ხასიათის ვალდებულებებისაგან დამოუკიდებლად. აკრძალულია გადასახადის გადამხდელის ან სხვა ვალდებული პირის მიერ საგადასახადო ვალდებულების შესრულებაზე ცალმხრივად უარის თქმა ან მისი შესრულების წესის ცალმხრივად შეცვლა, თუ ეს გათვალისწინებული არ არის საგადასახადო კანონმდებლობით.

კასატორი ასევე აღნიშნავდა, რომ საქართველოს ბიუჯეტში თანხა ჩარიცხულად ითვლება, თუ ის ასახვას ჰპოვებს ეროვნული ბანკის მიერ გახსნილ სახაზინო ანგარიშზე, აგრეთვე, 2005 წლის 1 იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 34-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად: «გადასახადის გადასახდელი თანხა დადგენილ ვადებში გადაიხდება (გადაირიცხება) გადასახადის გადამხდელის ან სხვა ვალდებული პირის მიერ". ამავე კოდექსის 260-ე მუხლში ჩამოთვლილ საქართველოს საგადასახადო ორგანოების ნუსხაში არ ფიგურირებს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო ბიურო. საგადასახადო კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად: «მხოლოდ საგადასახადო ორგანოები არიან უფლებამოსილნი, უზრუნველყონ გადასახადების სრულად და დროულად გადახდის სახელმწიფო კონტროლი". აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის აღნიშვნით, სააღსრულებო ბიუროში გადახდილი თანხა არ წარმოადგენს გადასახადის გადამხდელის მხრიდან საგადასახადო ვალდებულების შესრულებულად აღიარების საფუძველს.

კასატორი ყურადღებას ამახვილებდა 2005 წლის 1 იანვრამდე მოქმედ საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტებზე, სადაც აღნიშნულია, რომ: «გადასახადებით დაბეგვრისას ამ კოდექსის დებულებებსა და კანონმდებლობის სხვა სფეროს ნორმატიული აქტების დებულებებს შორის კოლიზიის წარმოშობის დროს გამოიყენება ამ კოდექსის დებულებები"; ,,გადასახადით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო კანონმდებლობის ოფიციალურად გამოქვეყნებული აქტები, რომლებიც მოქმედებს საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის", ხოლო «გადასახადის დაწესება ან გაუქმება, გადახდის წესის შეცვლა ხდება ამ კოდექსში სათანადო ცვლილების შეტანით".

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვდა გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და სს ,,ახმეტის ღვინის ქარხნის” სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეზე დადგენილადაა ცნობილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

ახმეტის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 8 მარტის გადაწყვეტილებით სს «..... ქარხანას" ახმეტის რაიონის საგადასახადო ინსპექციისა და სპეციალური ფონდების სასარგებლოდ დაეკისრა 249 963 ლარისა და სახელმწიფო ბაჟის სახით 2500 ლარის გადახდა. '

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს კახეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ განხორციელებული იძულებითი აღსრულების შედეგად სს «..... ქარხნის" დავალიანება ამოღებულ იქნა სრულად.

დადგენილია, რომ სს «... ქარხნიდან" იძულებითი აღსრულების შედეგად ამოღებული თანხის 15%-37794ლარი ჩაირიცხა იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ ანგარიშზე.

იუსტიციის სამინისტროს სპეცანგარიშზე ჩარიცხული თანხა არ ჩაითვალა ბიუჯეტში გადახდილად და დავალიანების სახით აღირიცხა სს-ის პირად ბარათზე. 2005 წლის 14 მარტს სს «.... ქარხანამ" განცხადებით მიმართა საგადასახადო დეპარტამენტს და მოითხოვა კახეთის სააღსრულებო ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე აღსრულების შედეგად ამოღებული თანხიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ ანგარიშზე გადარიცხული თანხის (37794 ლარის) ბიუჯეტში გადახდილად ჩათვლა და ამ თანხის სააქციო საზოგადოების პირადი აღრიცხვის ბარათიდან ჩამოწერა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის 2005 წლის 6 აპრილის ¹911-ს ბრძანებით სს «..... ქარხნის" საჩივარი არ დაკმაყოფილდა და სადავო თანხა დაექვემდებარა ბიუჯეტში ამოღებას.

საკასაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და მოქმედი კანონმდებლობის ანალიზი აძლევს საფუძველს დაასკვნას, რომ კასატორის - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი მოკლებულია მოტივაციას და არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მხრიდან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95.2 მუხლის დარღვევის თაობაზე და მიაჩნია, რომ მითითებული მუხლის საფუძველზე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე ეცნობებინა სს «.... ქარხნისათვის", როგორც იმ პირისათვის, რომლის პირდაპირ და უშუალო ინტერესსაც შეეხებოდა მიღებული გადაწყვეტილება.

საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას მიაქცევს იმავე ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-13 მუხლს, რომლის შესაბამისადაც, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება აქვს, განიხილოს და გადაწყვიტოს საკითხი მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ დაინტერესებულ მხარეს, რომლის უფლება ან კანონიერი ინტერესი იზღუდება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, მიეცა საკუთარი მოსაზრებების წარდგენის შესაძლებლობა, გამონაკლისს ადგენს კანონი.

საგულისხმოა, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსი, როგორც სპეციალური კანონი, მსგავსი სახის გამონაკლისს არ შეიცავს. უფრო მეტიც, იმავე საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოში დავა განიხილება მომჩივანის და/ან მისი კანონიერი ან უფლებამოსილი წარმომადგენლის მონაწილეობით.

საკასაციო სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს ზემოაღნიშნული მუხლების დებულებებს და განმარტავს, რომ მითითებულ მუხლებში დეკლარირებული ნორმები განსაზღვრავს ადმინისტრაციული წარმოების უმნიშვნელოვანეს პრინციპებს, რომლის მიზანსაც წარმოადგენს იმ პირის ინტერესების მაქსიმალური დაცვა, რომლის უფლებასაც ეს აქტი შეეხება. აღნიშნული პირები უფლებამოსილი არიან მონაწილეობა მიიღონ ამ აქტის გამოცემასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში და თავისი გავლენა მოახდინონ ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებაზე, რაც ხელს უწყობს არა მხოლოდ დაინტერესებული მხარის უფლებების დაცვას, არამედ არსებითად სწორი გადაწყვეტლების მიღებას.

საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 და 96.2 მუხლებზე მითითებას და მიაჩნია, რომ გასაჩივრებული ბრძანება მიღებულია საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების გამოკვლევისა და შესაბამის საკანონმდებლო ნორმებზე დაყრდნობის გარეშე. ამ თვალსაზრისით, საკასაციო სასამართლო არსებითად მიიჩნევს «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის 10.4 მუხლზე მითითებას და მიაჩნია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის გასაჩივრებული ბრძანება არ ემყარება აღნიშნული მუხლის მოთხოვნებს, კერძოდ, მითითებული მუხლის შესაბამისად, სასამართლო და ადმინისტრაციული ორგანოების (თანამდებობის პირების) აქტების იძულებითი აღსრულების შედეგად სახელმწიფო ან ადგილობრივი ბიუჯეტის სასარგებლოდ ამოღებული თანხის 15% სადეპოზიტო ანგარიშიდან ირიცხება ხაზინაში არსებულ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ ანგარიშზე, ეს თანხა გამოიყენება სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ორგანიზაციული და სასამართლო აღმასრულებელთა და იუსტიციის სამინისტროს მოხელეთა მატერიალური უზრუნველყოფისათვის (საუბარია სადავო პერიოდში მოქმედ რედაქციაზე).

როგორც აღინიშნა, დადგენილია და მითითებულს არ უარყოფს თავად კასატორიც, რომ კახეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ სს «.... ქარხნისათვის" სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხა ამოღებულია სრულად. რაც შეეხება 15%-ის იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ ანგარიშზე ჩარიცხვას, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფოს სასარგებლოდ ამოღებული თანხის 15%-ის სპეცანგარიშზე გადარიცხვა წარმოადგენდა კანონმდებლის ნებას, უკვე ამოღებული თანხა გადაენაწილებინა იმგვარად, როგორც ზემოაღნიშნულ ნორმაშია გაწერილი, რაც თავისთავად არ ნიშნავს იმ გარემოებას, რომ სახელმწიფო ვალი არ არის სრულად დაფარული. რაც შეეხება საქართველოს ეროვნულ ბანკში გახსნილ სახაზინო ანგარიშზე ასხავს, აღნიშნული განეკუთვნება პროცედურულ საკითხს, რომელიც უკიდურეს შემთხვევაში შეიძლება იქცეს ორ სახელმწიფო უწყებას შორის დავის საგნად, თუმცა, საგულისხმოა, რომ თანხის სადეპოზიტო ანგარიშიდან სპეციალურ ანგარიშზე გადატანის შესაძლებლობას ადგენდა «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის ზემოაღნიშნული მუხლი.

გამომდინარე იქიდან, რომ საკასაციო სასამართლო სააქციო საზოგადოების მოთხოვნის არსებობის გამო, მოკლებულია შესაძლებლობას, არსებითად გადაწყვიტოს დავა, მიაჩნია, რომ საკასაციო სასამართლოს მიერ მითითებული გარემოებები უნდა იქცეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსჯელობისა და შეფასების საგნად, რის შედეგადაც სს «.... ქარხნის»' საჩივარზე მიღებული იქნება დასაბუთებული და არგუმენტირებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რა მოტივითაც, საკასაციო სასამართლო თვლის, გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 19 დეკემბრის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.