Facebook Twitter

ბს-380-360(კ-07) 15 აპრილი, 2008 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, მაია ვაჩაძე

გულნარა ილინას მდივნობით

კასატორი (მოსარჩელე) – ო. ჯ-ე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – სოციალური სუბსიდიების სააგენტო

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 26 თებერვლის განჩინება

დავის საგანი – საპენსიო თანხის ანაზღაურება

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

ო. ჯ-ემ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხის _ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი ფონდის მიმართ, რომლითაც მოითხოვა მიუღებელი საპენსიო თანხის ანაზღაურება /იხ. ს.ფ. 2/.

საქმის გარემოებები:

მოსარჩელე არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებული ბრძოლების მონაწილე, ყოფილი ოცეულის მეთაური, სამხედრო წოდებით ლეიტენანტი.

სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

მოსარჩელეს 1994 წლის 9 ივნისიდან მინიჭებული ჰქონდა მე-2 ჯგუფის ინვალიდობის პენსია, ხოლო ჭრილობების მდგომარეობის გაუარესების გამო, 2003 წლის იანვრიდან – პირველი ჯგუფის ინვალიდობა უვადოდ. მოსარჩელე წლების მანძილზე პენსიას იღებდა თელავის სოცუზრუნველყოფის განყოფილებიდან 45 ლარის ოდენობით. 2003 წელს შეიტყო, რომ პენსია უნდა დანიშნოდა თავდაცვის სამინისტროს ხაზით, რაც იყო გაცილებით მეტი. მოსარჩელემ მიმართა სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს, ხოლო, ვინაიდან 2004 წლის 1 იანვრიდან 2006 წლის 1 იანვრამდე სამხედრო მოსამსახურეთა პენსიის დანიშვნა შეჩერებული იყო პრეზიდენტის ბრძანებულებით, პენსია დაენიშნა 2005 წლის დეკემბრიდან. მოსარჩელე ო. ჯ-ემ მიმართაA სოცუზრუნველყოფის ფონდს მიუღებელი პენსიის კომპენსაციის თაობაზეც, რაზედაც უარი ეთქვა.

სარჩელის სამართლებრივი საფუძვლები მითითებული არ არის.

საქალაქო სასამართლოს სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა თ. ჯ-ემ სარჩელს მხარი დაუჭირა და მოითხოვა მოსარჩელეს 1993 წლის 9 სექტემბრიდან 2005 წლის 1 დეკემბრამდე აუნაზღაურდეს კუთვნილი პენსიის მიუღებელი თანხა. თ. ჯ-ემ განმარტა, რომ ინვალიდობის ჯგუფის დანიშვნის შემდეგ სოცუზრუნველყოფის სამსახური ვალდებული იყო სრულად მიეცა პენსია ო. ჯ-ის /იხ. ს.ფ. 25-26/.

საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ო. ჯ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც საქალაქო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:

საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის თელავის ფილიალის 2006 წლის 10 აგვისტოს ¹420 ცნობის თანახმად, ო. ჯ-ეს, როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში მიღებული ჭრილობების შედეგად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს, სოცდაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის თელავის ფილიალიდან 1993 წლის 15 სექტემბრიდან დანიშნული ჰქონდა პენსია 9410 კუპონის ოდენობით, ხოლო 1998 წლის 1 იანვრიდან 2006 წლის 1 იანვრამდე 45 ლარის ოდენობით. პენსია შეუწყდა 2006 წლის 1 იანვრიდან თავდაცვის სამინისტროს ხაზით პენსიის დანიშვასთან დაკავშირებით, პირადი განცხადებისა და სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის საპენსიო განყოფილების 2005 წლის 6 დეკემბრის ¹814 მომართვის საფუძველზე. ო. ჯ-ეს საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის 2006 წლის 11 ივლისის ¹გ.05/05-8700 წერილით განემარტა, რომ პენსია, მისი 2005 წლის 6 დეკემბრის განცხადების შემდეგ, დაენიშნა 2005 წლის დეკემბრიდან “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე მუხლის საფუძველზე.

საქალაქო სასამართლოს განმარტებით, ო. ჯ-ის მოთხოვნა 1993 წლის 15 სექტემბრიდან 2005 წლის დეკემბრამდე პერიოდის მიუღებელი პენსიის ანაზღაურების შესახებ იყო უსაფუძვლო, რამდენადაც ყოფილ სამხედრო მოსამსახურეთა (მათ შორის მოვალეობის შესრულებისას დაინვალიდებული პირების) საპენსიო უზრუნველყოფის საკითხები რეგულირდება 1996 წლის 16 ოქტომბრის კანონით “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონით. აღნიშნული კანონის 2005 წლის 23 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-17 მუხლის მიხედვით სამხედრო მოსამსახურეებს დაენიშნებათ ინვალიდობის პენსია, თუ ისინი დაინვალიდნენ სამხედრო სამსახურის პერიოდში. ამასთან, ამავე კანონის 48-ე მუხლით დადგენილია პენსიის დანიშვნის ვადები, კერძოდ, 48-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად პენსიის დასანიშნად დაგვიანებით მიმართვის შემთხვევაში პენსია დაინიშნება მასზე უფლების წარმოქმნის დღიდან და გაიცემა არა უმეტეს გასული 12 თვისა, რომელიც წინ უსწრებს პენსიის დანიშვნის საკითხზე მიმართვის დღეს.

სასამართლოს დასკნით, ზემოაღნიშნული ნორმა, დაგვიანებით მიმართვის შემთხვევაში, გამორიცხავდა წინა პერიოდის პენსიის მიღების შესაძლებლობას და პენსიის დანიშვნის აუცილებელ პირობას წარმოადგენდა დაინტერესებული პირის მიმართვა შესაბამის საპენსიო ორგანოში. დადგენილი ფაქტობრივი გარემოების თანახმად და არც მოსარჩელე – ო. ჯ-ე ხდიდა სადავოდ, მან მხოლოდ 2005 წლის დეკემბერში მიმართა სოცდაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს ამ კანონის შესაბამისად პენსიის დანიშვნის მოთხოვნით და მას დაენიშნა კიდევაც პენსია ზემოაღნიშნული კანონის შესაბამისად 2005 წლის დეკემბრიდან. ამასთან, მითითებული კანონის 63-ე მუხლის შესაბამისად, ამ კანონის მე-17 მუხლის, 48-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 50-ე და მე-60 მუხლების მოქმედება შეჩერებული იყო 2004 წლის 1 იანვრიდან 2006 წლის 1 იანვრამდე, ანუ ამ პერიოდში შეჩერებული იყო სამხედრო სამსახურში დაინვალიდებულ პირთა პენსიის დანიშვნა და გაცემა. შესაბამისად, ო. ჯ-ის მიმართვის შემთხვევაშიც მასზე ვერ გავრცელდებოდა 12 თვის უკან დახევით პენსიის მიღების უფლება. ამდენად, სარჩელი არ ექვემდებარებოდა დაკმაყოფუილებას /იხ. ს.ფ. 25-26/.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელე ო. ჯ-ემ, რომელმაც მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება, იმავე ფაქტობრივი და სამართლებრივ საფუძვლებით, რაც მითითებული ჰქონდა საქალაქო სასამართლოში შეტანილ სარჩელში /იხ. ს.ფ. 28-30/.

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი ო. ჯ-ე.

სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა არ ცნო აპელანტის მოთხოვნა და მიუთითა, რომ თავდაცვის სამინისტროს ხაზით ინვალიდობის პენსია წარმოადგენს განსხვავებულ პენსიას, სამოქალაქო ხაზით ინვალიდობის პენსიისაგან, ხოლო აპელანტი ინვალიდობის პენსიას იღებდა სამოქალაქო ხაზით. თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ხაზით ინვალიდობის პენსია ინიშნებოდა საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ცენტრალურ განყოფილებაში შესაბამისი განცხადებისა და დოკუმენტების სრულად წარმოდგენის შემდეგ. ო. ჯ-ე სადავოდ არ ხდიდა, იმ გარემოებას, რომ მან საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს მიმართა 2005 წლის დეკემბერში და პენსია დაენიშნა, ამდენად სარჩელი იყო უსაფუძვლო /იხ. ს.ფ. 41-42, სხდომის ოქმი/.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებით ო. ჯ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული გაჩინების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

სააპელაციო პალატა სრულად დაეთანხმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება კანონიერია და შესაბამისად, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები /იხ. ს.ფ. 46-48/.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ო. ჯ-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება, შემდეგი მოტივით:

კასაციის მოტივი:

სასამართლომ გამოიყენა “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” 48-ე მუხლის მე-3 პუნქტი, რომლის თანახმად, პენსიის დასანიშნად დაგვიანებით მიმართვის შემთხვევაში პენსია დაინიშნება მასზე უფლების წარმოქმნის დღიდან და გაიცემა არა უმეტეს 12 თვისა, რომელიც წინ უსწრებს პენსიის დანიშვნის დღეს. აღნიშნული კანონის 63-ე მუხლის შესაბამისად, ამ კანონის მე-17 მუხლის, 48-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 50-ე და მე-60 მუხლების მოქმედება შეჩერებული იყო 2004 წლის 1 იანვრიდან 2006 წლის 1 იანვრამდე, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ პერიოდში შეჩერდა სამხედრო სამსახურში დაინვალიდებულ პირთა პენსიის დანიშვნა და გაცემა.

2005 წლის დეკემბერში ო. ჯ-ემ მიმართა სოცდაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს პენსიის დანიშვნის მოთხოვნით და მას დაენიშნა კიდევაც პენსია ზემოაღნიშნული კანონის შესაბამისად 2005 წლის დეკემბრიდან, მაგრამ დღემდე არ მიუღია პენსიის ის თანხა, რაც კანონით მას ეკუთვნის, რადგან აღნიშნული კანონის მოქმედება შეჩერებული იყო. შესაბამისად, კასატორმა მოითხოვა სასამართლო გადაწყვეტილებით პენსიის იმ მიუღებელი თანხის გადახდა, რაც გათვალისწინებულია კანონით /იხ. ს.ფ. 99-100/.

საკასაციო სასამართლოს 2008 წლის 19 თებერვლის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.3. მუხლის “გ” პუნქტის საფუძველზე ო. ჯ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად /იხ. ს.ფ. 115-118/.

საკასაციო სასამართლოს სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარის სოციალური სუბსიდიების სააგენტოს წარმომადგენელმა არ ცნო ო. ჯ-ის საკასაციო საჩივარი და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა /იხ.ს.ფ სხდომის ოქმი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ო. ჯ-ის საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 26 თებერვლის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას დაირღვა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, კერძოდ, სსსკ-ის 393.2, 394 “ე” მუხლების მოთხოვნები. სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება არ მისცა საქმის მასალებს, განჩინება იურიდიული თვალსაზრისით დაუსაბუთებელია.

სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას დაირღვა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, კერძოდ, სსსკ-ის 393.2, 394 “ე” მუხლების მოთხოვნები. სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, არასწორად განმარტა კანონი, სწორი შეფასება არ მისცა საქმის მასალებს, განჩინება იურიდიული თვალსაზრისით დაუსაბუთებელია. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულ და გადაწყვეტილ იქნა საპროცესო ნორმებით დადგენილი მოთხოვნების უგულებელყოფით, სასამართლო აქტი საერთოდ არ შეიცავს მსჯელობას სააპელაციო საჩივრის მოტივებზე, არ არის გაქარწყლებული აპელანტის მოსაზრებები, ისე არის მიჩნეული დაუსაბუთებლად და კანონშეუსაბამოდ.

სსსკ-ის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის გ) ქვეპუნქტის მიხედვით: სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომლითაც უცვლელად რჩება გასაჩივრებული გადაწყვეტილება და თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მასზე მითითებით.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოს პროცესუალური უფლებამოსილება განჩინებაში გადმოსცეს მოკლე დასაბუთება, არცერთ შემთხვევაში არ უნდა იქნას გაგებული იმგვარად, რომ სააპელაციო სასამართლო მხოლოდ ფორმალური თვალსაზრისით ახორციელებს მართლმსაჯულებას. მითითებული ნორმით დადგენილი პროცესუალური უფლებამოსილების გამოყენება არ უნდა მოვიდეს წინააღმდეგობაში ამავე კოდექსის 377.1 მუხლით განსაზღვრულ სააპელაციო სასამართლოს იურისდიქციასა და კომპეტენციასთან, ვინაიდან სააპელაციო ინსტანციაში მართლმსაჯულების განხორციელების არსი მდგომარეობს სწორედ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით სააპელაციო საჩივრის ფარგლებში შემოწმების ვალდებულების დადგენით. გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების და დასაბუთებულობის შემოწმების ვალდებულება პროცესუალურ-სამართლებრივი დოქტრინის მიხედვით უცილობლად გულისხმობს და მოიაზრებს სააპელაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის შეფასებას.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება, რომელიც აგებულია მხარეთა დისპოზიციურობის და შეჯიბრებითობის პრინციპებზე, სააპელაციო და საკასაციო საჩივარს აკუთვნებს მხარის უფლების დაცვის სამართლებრივ საშუალებებს, ამასთან, სწორედ მხარის ამ საპროცესო უფლების რეალიზაცია თანაზომიერია მხარისავე საპროცესო ვალდებულებასთან _ დაასაბუთოს საჩივარი, კერძოდ, სსსკ-ის 368-ე მუხლის პირველი ნაწილის ე) და ვ) ქვეპუნქტებში მითითებულია თუ რა უნდა იყოს ასახული სააპელაციო საჩივრის შინაარსში. მხარის ამგვარი პროცესუალური ვალდებულება შეიცავს მხარის საპროცესო უფლებრივ გარანტიას, ზემდგომმა სასამართლომ შეაფასოს მისი საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, გაიზიაროს ან უარყოს, გააქარწყლოს ისინი იურიდიულად არგუმენტირებული სახით.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის გ) ქვეპუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილების გამოყენება ზემომითითებული საპროცესო ნორმების ობიექტური შინაარსის კონტექსტის გათვალისწინების გარეშე, სააპელაციო სამართალწარმოების გახდის ზედაპირულს და განაპირობებს მის უკიდურესად ფორმალისტურ ხასიათს, რაც წინააღმდეგობაში მოდის სააპელაციო სამართალწარმოების არსსა და მართლმსაჯულების პრინციპებთან.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საპროცესო ნორმა შეუძლებელია გამოყენებულ იქნას მხარის პროცესუალური უფლების შეზღუდვის თვალსაზრისით, ასეთ შემთხვევაში სასამართლოს პროცესუალური უფლებამოსილება უნდა შეიზღუდოს, რათა არ მოხდეს მხარის საპროცესო უფლების იგნორირება, უკიდურეს შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ კანონით გათვალისწინებული საპროცესო ზედამხედველობა განუხორციელებელი დარჩება.

სსსკ-ის 407.2. მუხლის შესაბამისად, საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია, საკასაციო სასამართლო იზიარებს კასაციის მოტივს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, კერძოდ, საქმის მასალების თანახმად, ო. ჯ-ეს საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის 2006 წლის 11 ივლისის ¹გ.05/05-8700 წერილით განემარტა, რომ პენსია მისი 2005 წლის 6 დეკემბრის განცხადების შემდეგ დაენიშნა 2005 წლის დეკემბრიდან “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე მუხლის “გ” პუნქტის საფუძველზე.

საკასაციო სასამართლო “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ მითითებული ნორმით განსაზღვრულია საპენსიო უზრუნველყოფის მქონე პირთა წრე, კერძოდ, კანონის “ი” პუნქტის თანახმად, ამ კანონით დადგენილი პირობებით, ნორმებითა და წესებით საპენსიო უზრუნველყოფას ექვემდებარებიან სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილი, საქართველოში მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეობის მქონე სამხედრო სამსახურის დროს დაინვალიდებული ვადიანი სამხედრო სამსახურის მოსამსახურეები, თადარიგიდან სამხედრო ან სპეციალურ შეკრებებზე გაწვეული პირები (გარდა ოფიცრებისა) და მათი ოჯახის წევრები მარჩენლის დაკარგვის შემთხვევაში.

“სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის 48-ე მუხლი ადგენს პენსიის დანიშვნის ვადებს, კერძოდ, კანონის 48.2. “ა” მუხლის თანახმად, დაგვიანებით პენსია შეიძლება დაინიშნოს ინვალიდობის დადგენისას, სამსახურიდან დათხოვნის დღიდან სამი თვის გასვლის შემდეგ ან სამსახურიდან დათხოვნის შემდეგ უბედური შემთხვევის ან დაავადების შედეგების მიხედვით ინვალიდობის დადგენისას _ ინვალიდობის დადგენის დღიდან.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის 48-ე მუხლის “გ” პუნქტი, რომელიც მითითებულია სააგენტოს წერილში მოსარჩელეზე პენსიის დანიშვნის სამართლებრივ საფუძვლად, განსაზღვრავს სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახის წევრების დაგვიანებით პენსიის მიღების შესაძლებლობის უფლებას, მაშინ, როცა მოცემულ შემთხვევაში, როგორც მოსარჩელე მიუთითებს, მას ინვალიდობა მინიჭებული აქვს ომში მიღებული ჭრილობების გამო, რის საფუძველზეც ითხოვს პენსიის დანიშვნას.

ინვალიდობით პენსიის მიღების უფლების მქონე სუბიექტთა წრე განსაზღვრულია “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მესამე თავში. კანონის მე-17 მუხლის თანახმად, ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილ სამხედრო მოსამსახურეებს ინვალიდობის პენსია დაენიშნებათ, თუ ისინი დაინვალიდნენ სამხედრო ან ოპერატიული სამსახურის პერიოდში, ან არა უგვიანეს სამი თვისა სამსახურიდან დათხოვნის შემდეგ, ან ამ ვადაზე უფრო გვიან, მაგრამ სამსახურის დროს მიღებული ჭრილობების, კონტუზიის, დასახიჩრების ან დაავადების გამო.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას სსსკ-ის 105-ე მუხლის საფუძველზე სარწმუნოდ უნდა დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, მისცეს მათ სამართლებრივი შეფასება და გამოიტანოს დასკვნა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ, მოცემულ შემთხვევაში კი სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვისას საქმის ფაქტობრივი გარემოება დადგენილ იქნა არასრულყოფილად, შესაბამისად, სახეზეა სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვისას მითითებული ნორმით დადგენილი პირობების დარღვეულად მიჩნევის პროცესუალური საფუძვლები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას უნდა გამოარკვიოს, თუ “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის რომელი ნორმის საფუძველზე დაენიშნა ო. ჯ-ეს პენსია, რამდენადაც იმ პირობებში თუ მოსარჩელეს პენსია დანიშნული ჰქონდა “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის 48-ე მუხლის საფუძველზე, მითითებული ნორმის მე-3 ნაწილის თანახმად, პენსიის დასანიშნად დაგვიანებით მიმართვის შემთხვევაში, პენსია დაინიშნება მასზე უფლების წარმოქმნის დღიდან და იგი გაიცემა არა უმეტეს გასული 12 თვისა, რომელიც წინ უსწრებს პენსიის დანიშვნის საკითხზე მიმართვის დღეს. აღნიშნული გარემოების დადგენის მიზნით, სააპელაციო სასამართლომ უნდა ისარგებლოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებით მინიჭებული უფლებამოსილებით, მოიპოვოს მტკიცებულებები, კერძოდ, სოციალური სუბსიდიების სააგენტოდან გამოითხოვოს ო. ჯ-ის საპენსიო საქმე, რათა სარწმუნოდ დადგინდეს საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსსკ-ის 412.2 მუხლის შესაბამისად, სახეზეა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების პროცესუალური და სამართლებრივი საფუძვლები, რის გამოც სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელია. შესაბამისად, სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენებით, კანონიერი და ობიექტური გადაწყვეტილების დადგენის მიზნით, სრულყოფილად უნდა გამოიკვლიოს ზემომითითებული გარემოებები და დავა გადაწყვიტოს მოქმედი საპროცესო და მატერიალური სამართლის კანონმდებლობის შესაბამისად.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსსკ-ის 53.4. მუხლის შესაბამისად, სასამართლო ხარჯები უნდა გადანაწილდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების დადგენისას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 257-ე, 372-ე, 390-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ო. ჯ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 26 თებერვლის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. სასამართლო ხარჯები გადანაწილდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების დადგენისას;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.