Facebook Twitter

¹ბს-380-365(კ-08) 19 ივნისი, 2008წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის

საქმეთა პალატამ

შემადგენლობით:

მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ლევან მურუსიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ც. გ.-ი (მოსარჩელე)

დავის საგანი – დავალიანების ანაზღაურება

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 21 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ც. გ.-მ 2007 წლის 20 სექტემბერს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ და მოითხოვა დავალიანების, სულ _ 1543.78 ლარის ანაზღაურება.

მოსარჩელემ განმარტა, რომ 1995 წლის 12 ივლისის თავდაცვის მინისტრის ¹326 ბრძანებით დაინიშნა ... ჰოსპიტალში ...-ის განყოფილებაში განყოფილების უფროსად, საიდანაც 1999 წლის 20 ივლისიდან გადაყვანილი იქნა ამავე განყოფილებაში ...-ად. 2001 წლის 13 მარტს იგი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ ასანაზღაურებელი დარჩა დავალიანება, სულ _ 1543 ლარისა და 78 თეთრის ოდენობით; კერძოდ, ხელფასი 551,19 ლარი, კვების კომპენსაცია 667,65 ლარი, კვარტალური ჯილდო 249,11 ლარი და მატერიალური დახმარება 75,83 ლარი. მოსარჩელემ მიუთითა, რომ მის მიმართ მოპასუხის დავალიანების არსებობას და თანხის ოდენობას ადასტურებს საქართველოს შეიარაღებული ძალების ჯარების ლოგისტიკური დეპარტამენტის მიერ გაცემული ¹3-11/... ცნობა.

მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სარჩელი არ ცნო და იგი მიიჩნია ხანდაზმულად.

ს. ფ. 54-ზე წარმოდგენილია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის საბიუჯეტო სამმართველოს უფროსის 2007 წლის 12 დეკემბრის ¹9/4160 პასუხი ც. გ.-ის მიმართ, სადაც მითითებულია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტში განხილული იქნა ც. გ.-ის მიმდინარე წლის 10 დეკემბრის ¹9-... წერილი. იქვე აღნიშნულია, რომ მიუღებელი სახელფასო დავალიანების ანაზღაურება განხორციელდება ამ მიზნებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში; საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ამ ეტაპზე მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს მისი თხოვნა, მაგრამ შესაბამისი წყაროს არსებობის შემთხვევაში კვლავ დაუბრუნდება დავალიანების ანაზღაურების საკითხის განხილვას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა მოსარჩელე ც. გ.-ის სასარგებლოდ დავალიანების სახით _ 1543 (ათასხუთასორმოცდასამი) ლარისა და 78 (სამოცდათვრამეტი) თეთრის გადახდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგ მოტივებს:

სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ საქმეში წარმოდგენილი საქართველოს შეიარაღებული ძალების ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის ნ. ძ.-ის და საფინანსო განყოფილების უფროსის დ. მ.-ის მიერ 2007 წლის 1 აგვისტოს გაცემული ¹3-11/... ცნობით დასტურდება, რომ მოსარჩელე ც. გ.-ის მიმართ გასაცემი დავალიანება შეადგენს სულ 1543 (ათასხუთას ორმოცდასამი) ლარს და 78 თეთრს, მათ შორის ხელფასი 551,19 ლარი, კვების კომპენსაცია _ 667,65 ლარი, ჯილდო _ 249,11 ლარი, მატერიალური დახმარება _ 75,83 ლარი.

სასამართლომ ც. გ.-ის სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანად მიიჩნია "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 4-ე, 14-ე და 37-ე მუხლების შესაბამისად. სასამართლომ გამოიყენა "სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტი და მიუთითა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ვალდებული იყო სრულად გაეცა მოსარჩელეზე არსებული დავალიანება.

სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება ც. გ.-ის მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე, რადგან ჩათვალა, რომ მოცემულ საქმეზე გამოყენებული უნდა იქნას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი ხანდაზმულობის 10 წლიანი ვადა, რომელიც მოსარჩელეს გაშვებული არა აქვს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 21 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატა სრულად დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ასევე სასამართლოს მოტივაციას სარჩელის საფუძვლიანობის შესახებ.

პალატამ ვერ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე იმის გამო, რომ ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის მიერ მოსარჩელის სახელზე გაცემული ცნობით ირკვევა, ც. გ.-ის მიმართ ხელზე გასაცემი დავალიანება შეადგენს 1543,74 ლარს; ეს დავალიანება მოიცავს ხელფასს, კვების კომპენსაციას, ჯილდოს და მატერიალურ დახმარებას. სასამართლომ ჩათვალა, რომ ამ დოკუმენტით მოხდა თავდაცვის სამინისტროს მიერ ც. გ.-ის მიმართ 1543,78 ლარის დავალიანების არსებობის აღიარება. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა მითითებული დოკუმენტის შინაარსზე. თავდაცვის სამინისტრო 2007 წელს გაცემული ცნობით არ უარყოფს მოსარჩელის მიმართ დავალიანების გაცემის ვალდებულებას მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო; უფრო მეტიც, კვლავ აღიარებს მოსარჩელის წინაშე იმ გარემოებას, რომ თავდაცვის სამინისტროს გააჩნია მისი კუთვნილი, ხელზე გასაცემი დავალიანება. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის 2007 წლის 12 დეკემბრის წერილით ასევე დადგენილია, რომ მოპასუხე აღიარებს მოსარჩელის წინაშე ვალის არსებობას და გამოხატავს ნებას შესაბამისი წყაროს არსებობის შემთხვევაში კვლავ დაუბრუნდეს დავალიანების ანაზღაურების საკითხის განხილვას. სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილები და მოსარჩელის მოთხოვნა არ მიიჩნია ხანდაზმულად.

სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია იმით, რომ მოსარჩელე ც. გ.-მ მოითხოვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის 1998-2001 წლების სახელფასო თანხის დაკისრება; კასატორი თვლის, რომ სასარჩელო მოთხოვნა ხელფასის, კვების კომპენსაციის, ჯილდოს და მატერიალური დახმარების ნაწილში ხანდაზმულია, რადგან ამგვარ მოთხოვნებზე ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა, თუმცა სასამართლოს კანონის ეს ნორმა არ გამოუყენებია. "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მე-14 მუხლით, საქართველოს შრომის კანონმდებლობა მოხელეებსა და დამხმარე მოსამსახურეებზე ვრცელდება ამ კანონით განსაზღვრულ თავისებურებათა გათვალისწინებით. საჯარო სამსახურთან დაკავშირებული ის ურთიერთობა, რაც ამ კანონით არ წესრიგდება, რეგულირდება შესაბამისი კანონმდებლობით. კასატორი თვლის, რომ შრომითი ურთიერთობების მოწესრიგებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმები.

კასატორს მიაჩნია, რომ მოსარჩელესა და თავდაცვის სამინისტროს შორის არსებული ურთიერთობა სახელშეკრულებო ურთიერთობაა.

კასატორი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ "სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მეოთხე პუნქტიდან ირკვევა, "დანამატის" სტატუსი მინიჭებული აქვს მხოლოდ ფულად თანხებს, რომელიც გაიანგარიშება ნამსახურების წლების მიხედვით. რაც შეეხება ჯილდოს, კვების კომპენსაციას და მატერიალურ დახმარებას, "სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მეორე და მესამე პუნქტებიდან გამომდინარე, "დანამატის" სტატუსი არ აქვს მინიჭებული. ამიტომ კასატორს მიაჩნია, რომ კვების კომპენსაცია, ჯილდო და მატერიალური დახმარების თანხები არ წარმოადგენენ "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 37.1 მუხლით გათვალისწინებულ ხელფასში შემავალ დანამატებს და ისინი ხელფასისაგან დამოუკიდებელ ფულად გასაცემელს წარმოადგენს.

კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ საქმეში არსებული სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ გაცემული ცნობები ვერ ჩაითვლება მოპასუხის მხრიდან ვალის აღიარებად, რადგან მასში არ არის მითითებული ჯილდოს, კვების კომპენსაციის და მატერიალური დახმარების ვალის აღიარებისა და მისი გადახდის დაპირებაზე. აღნიშნული ცნობა ინფორმაციული ხასიათისაა და გაცემულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ინფორმაციის თავისუფლების ფარგლებში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი ც. გ.-თვის ხელფასის, ჯილდოსა და მატერიალური დახმარების თანხების ანაზღაურების ნაწილში არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი ც. გ.-თვის ხელფასის, ჯილდოსა და მატერიალური დახმარების თანხების ანაზღაურების ნაწილში არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ ამ ნაწილში საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რაც არსებითად იმოქმედებდა საქმის განხილვის შედეგზე და განაპირობებდა ამავე ნაწილში არასწორი განჩინების მიღებას. კასატორი საკასაციო საჩივარში ამ ნაწილში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი დასახელებულ ნაწილში არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ამ ნაწილში არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის ამავე ნაწილში განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო ასევე მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი ც. გ.-თვის კვების კომპენსაციის _ 667,65 ლარის ანაზღაურების ნაწილში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მიჩნეულ უნდა იქნეს დასაშვებად შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში არსებობს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძველი, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს განჩინება ამავე ნაწილში განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი ც. გ.-თვის კვების კომპენსაციის _ 667,65 ლარის ანაზღაურების ნაწილში განსახილველად უნდა იქნეს დაშვებული და განხილულ იქნეს ზეპირი მოსმენის გარეშე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი ც. გ.-თვის ხელფასის, ჯილდოსა და მატერიალური დახმარების ანაზღაურების ნაწილში მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი ც. გ.-თვის კვების კომპენსაციის _ 667,65 ლარის ანაზღაურების ნაწილში მიჩნეულ იქნეს დასაშვებად;

3. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაშვებულ ნაწილში განხილულ იქნეს ზეპირი მოსმენის გარეშე;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.